ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ნარკომანია – დაავადება თუ დანაშაული?

ეს თემა ყოველთვის მაშინებდა. ამ კითხვის პასუხიც: ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოწვეულია ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით. ნარკომანია გავრცელებულია 35 წლამდე ასაკის ქალაქის მცხოვრებ მამაკაცებში, თუმცა მომხმარებელი ქალთა რიცხვის ზრდაც შეიმჩნევა. მათი უმეტესობა 25 წლამდე ასაკისაა… სტატისტიკის თანახმად, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რაოდენობა, დღითიდღე იზრდება. საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა  რიცხვი 200 000-ს აღწევს! შემაშფოთებელია ნარკოსტატისტიკა მოზარდებს შორის: უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ამ ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა. ნარკომანია მემკვიდრეობით არ გადადის, მაგრამ ფაქტია, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა შვილი უფრო მეტად ეტანება “წამალს”.

გლობალური პრობლემების განხილვისას მე და ჩემი მოსწავლეები ამ საკითხს ჩავუღრმავდით. ნარკომანიაზე უამრავი ინფორმაცია მოვიძიეთ, გაგიკვირდებათ და პროპაგანდასაც წავაწყდით.

 გთავაზობთ ჩვენს მიერ შეკრებილ მასალას.

ცნობები ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ, რომელიც გასული საუკუნიდან პრობლემად იქცა, ისტორიულ წყაროებში უხსოვარი დროიდან მოიპოვება.

ნარკომანია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს: “ძილს”, „გაშტერებას”, „სიგიჟეს”, „ლტოლვას”, „მიდრეკილებას”. იგი ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. სამწუხაროდ, ნარკომანია მხოლოდ დაავადება არ არის, იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს, – ვკითხულობთ ვიკიპედიაში.

კანაფის პირველი მოხმარება დაფიქსირდა ტაილანდში 10000 წლისწინ. მარიხუანა ნახსენებია ინდურ ისტორიულ წყაროებში 2700 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ასირიაში 650 წ. ჩვ.წ.აღ-მდე. ასევე იყო ნახსენები „გერმანულრელი ქვიებში” ჩვ.წ.აღ-მდე 500 წ. 1930 წლამდე მარიხუანა ადვილად მოსაპოვებელი იყო უმრავლეს დასავლურ ქვეყანაში.

კანაფის სამშობლო ცენტრალური აზიაა. ვარაუდობენ, რომ სწორედ აქედან მოხდა მისი გავრცელება აღმოსავლეთით, ინდოეთსა და ჩინეთში.

ინდოეთიდან კანაფი გავრცელდა სამხრეთ აფრიკასა და ესპანეთში, საიდანაც ზღვაოსნების მეშვეობით მოხვდა ამერიკაში.

კანაფის შესახებ ინფორმაცია აღმოსავლურ კულტურაშიც მოიპოვება. ძველ ჩინეთში ჰაშიში გამოიყენებოდა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. იგი შეტანილია ჩინეთის იმპერატორის შენ-ნუნის (2737 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) წამლების კრებულში, როგორც ხველებისა და ფაღარათის სამკურნალო საშუალება.

ჩვენს წელთაღიცხვამდე XV საუკუნით თარიღდება ჩინელი ექიმების ჩანაწერები, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანაფით მკურნალობდნენ რევმატიულ ტკივილებსა და ნიკრისის ქარებს. ცოტა მოგვიანებით კანაფს ნერვული აშლილობების დროსაც იყენებდნენ.

ინდოეთში კანაფმა აღიარება მოიპოვა როგორც საკრალურმა ბალახმა. ჰაშიში მოხსენებულია ძველ ინდურ ეპოსში. ას ჰიმნზე მეტი ”რიგვედა” (1500წ.  ჩვენს წელთაღრიცხვამდე) მიეძღვნა კანაფისგან დამზადებულ ცნობილ სასმელს – ”ინდრაცარანას” (ღმერთების სასმელი), რომელმაც შეცვალა ლეგენდარული ”სომი”- რიტუალური ჰალუცინოგენური საშუალება, რომლის შემადგენლობა დღემდე არ არის ცნობილი.

ცნობილი იყო ანტიკურ მსოფლიოშიც. ქირურგი დოსკორიდე, რომელიც კანაფისს ანესთეზიისათვის იყენებდა, ახსენებს მის თვისებას გამოიწვიოს ”სიამოვნების მომნიჭებელი ფანტომი და წარმოსახვა”.

ტკივილის გასაყუჩებლად საჭირო იყო ჰაშიშის ძალიან დიდი დოზა, რომელიც მზადდებოდა კანაფის ფისისგან და იწვევდა ჰალუცინოგენურ თვისებებს.

ჰეროდოტეს დამსახურებით ჩვენამდე მოაღწია სკიფების განწმენდის რიტუალის აღწერამ, რომლის მიხედვით ისინი გახურებულ ქვებზე ყრიდნენ კანაბისის თესლს და შეისუნთქავდნენ მის ორთქლს, რომელიც ”სიხარულს იწვევდა” (IV -V საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე). კანაბისით თრობის შესახებ წერდნენ ასევე დემოკრიტე და გალენი.

ინდური მარიხუანაც უძველესი დროიდან იყო ცნობილი. 
მათ თვისებებს ისტორიკოსი ჰეროდოტეც იცნობდა.
ძველ ეგვიპტეში კი ამ ბალახებს მოიხმარდნენ ფარაონიც და ვაჭარიც, ქურუმიც და ხელოსანიც, ქალიც და კაციც. ყველაზე პოპულარული იყო ჰაშიში – ინდური კანაფის ყვავილებისგან დამზადებული ფხვნილი, რომელიც მოგვიანებით ისე გავრცელდა, რომ ეგვიპტელები თავიანთ დროშებზე კანაფს ეროვნული უბედურების სიმბოლოდ გამოსახავდნენ.
არსებობს აზრი, რომ “მარიხუანა” სულაც არ ვნებს ჯანმრთელობას, პირიქით – სასარგებლოა: დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ განიმუხტები, ბედნიერებისა და მხიარულების “პორციას” მიიღებ. ხელოვანი ხალხისათვის კი, პირდაპირ მისწრებაა – ფერები უფრო მკვეთრი და გრძნობად-აღქმადია, მუსიკა ჯადოსნური მაგიაა… აი, რაც შეეხება აზროვნებას, ისეთ სიღრმეებში შედიხარ და ისე გინათდება გონება. კლასიკურ მაგალითად ხშირად მოჰყავთ ნოსტრადამუსი, რომელიც “მარიხუანას” ეწეოდა, გონება ეხსნებოდა და წინასწარმეტყველებდა. საერთოდ, რამდენი გენიოსი ეწეოდა და შედევრებს ქმნიდაო…

ფ. ნიცშე, რომელიც ავადმყოფობდა, იყენებდა აფთიაქში დამზადებულ კანაფის ნაყენს, რომელიც კრიზისის პერიოდში მისთვის ერთადერთ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენდა.

როგორც ცნობილია, 19 საუკუნის მეორე ნახევარში, პარიზში, სენის სანაპიროზე მდებარეობდა ჰაშიშის მწეველთა კლუბი. ლიტერატორების და მსახიობების საზოგადოება თავს იქცევდა ეგზოტიკური კანაფის სახეობებით. კლუბის წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ და მოიხმარდნენ ჰაშიშს. ესენი იყვნენ სახელოვანი ლიტერატორები: ბოდლერი, ვერლენი, ბალზაკი, დიუმა და სხვები. მათი მეშვეობით ჰაშიში ფართოდ გახდა ცნობილი ევროპულ კულტურულ ტრადიციებში. იმ დროს საზოგადოებას არ შეეძლო სწორად აეხსნა ადამიანზე მცენარის ფსიქოაქტიური გავლენის ფაქტორი.

მხოლოდ მეოცე საუკუნეში, ფართო და ხშირად გაუთვლელმა, ადამიანის გაუთვითცნობიერებელ გამოვლინებათა სპექტრმა ასახვა ჰპოვაფროიდის, იუნგის, ადლერის, რაიხის, მასლოუს, გროფისა და სხვა ცნობილი მეცნიერების ნაშრომებში.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, ამერიკაში კანაფის მოწევა ძირითადად გავრცელებული იყო დაქირავებულ მექსიკელ მუშებს შორის. სწორედ მათგან იღებს სათავეს შემდგომში ფართოდ გავრცელებული სახელი „მარიხუანა”. 
ბევრ რელიგიაში კანაფზე და მის მოხმარებაზე ლეგენდები არსებობს:

შინტოიზმში (იაპონური ეროვნული რელიგია) კანაფი გამოიყენებოდა დასაქორწინებელი წყვილების შესაერთებლად, ბოროტი სულების განსადევნად და ქორწინებაში მხიარულებისა და ბედნიერების დასამკვიდრებლად.

ინდუიზმში კანაფი წმინდა მცენარე იყო, რომელიც შივას ბრძანებით ჰიმალაიდან ჩამოიტანეს ადამიანის „ტკბობისა და განათლებისთვის”.

ბუდიზმში კანაფი ფართოდ გამოიყენებოდა საკვებში, ასევე რიტუალური მიზნებისთვის.

ზარატუსტრას მიმდევრები (პერსიის მაგები V-VI საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე) კანაფის რელიგიური და სამედიცინო მიზნებით გამოყენებაზე პრაქტიკებს ატარებდნენ.

ისლამის მიმდევარი სუფიები, კოპტები (პირველი ეგვიპტელი ქრისტიანები) და ბევრი სხვა რელიგიური მიმდინარეობები, კარგად ფლობდნენ ინფორმაციას ამ მცენარის თვისებების შესახებ.

ამერიკელი მეცნიერების მიერ დადგინდა: თუ ადამიანმა მოწია “მარიხუანა”, მეორე დღეს, მისი აღქმის უნარი სამჯერ კლებულობს. მარიხუანა აზიანებს ნერვულ და იმუნურ სისტემას, იწვევს აღქმის შესუსტებას, კოორდინაციის დარღვევას, ეიფორიას და მოჩვენებით, არაადეკვატურად სამყაროს შეცნობას. ეიფორიის დროს იმატებს სისხლის წნევა. შეიძლება განვითარდეს ტვინში სისხლჩაქცევა და სიკვდილით დასრულდეს. მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იმიტომაა ცხოვრების დონე დაბალი, რომ უმრავლესობა “მარიხუანას” ეწევა. ეს ნარკოტიკი იოლად იწვევს განცხრომას, რაც აბრკოლებს მისწრაფებას განვითარებისაკენ. არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, სამკურნალოდ მისულ პაციენტთა უმეტესობამ “კაიფი” “მარიხუანათი” დაიწყო და შემდეგ, სხვა ძლიერ ნარკოტიკზე გადავიდა. “მარიხუანას” “ნარკომანიის კარიბჭესაც” ეძახიან.
მეორე ნარკოტიკული მცენარე, რომელიც ასევე უხსოვარი დროიდან არის ცნობილი ტროპიკული მცენარე კოკაა, რომლის ფოთლებს ადამიანი ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინათ იყენებდა. მთებში მცხოვრები ინდიელები მას შიმშილისა და სიცივის შეგრძნებათა დასათრგუნავად ღეჭავდნენ. კოკას რეგულარული გამოყენების გამო 30-35 წლის ასაკში ისინი უკვე ღრმა მოხუცებულებს ჰგავდნენ. ამავე პერიოდში კოკას ინდიელები ტრადიციულ სამზარეულოსა და რელიგიურ რიტუალებშიც იყენებდნენ.

ცენტრალური აზიის ხელნაწერებში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000 წლით ადრე ოპიუმის ყაყაჩოც არის ნახსენები. ასირიულმა მედიცინამ იცოდა ოპიუმი უკვე 900-700 წწ.  ჩვ.წ.აღ-მდე. ოპიუმის ყაყაჩოს წვენის თვისებები ჰიპოკრატეს აქვს აღწერილი.

ნაპოვნია ცნობილი ექიმისა და ფილოსოფოსის ავიცენას (XI საუკუნე) მიერ გამოწერილი რეცეპტი ოპიუმის შემცველ სამკურნალო საშუალებაზე, სადაც იგი მიუთითებს, რომ ამ წამლის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება მიჩვევა გამოიწიოს. ეს რეცეპტი, ფაქტობრივად პირველი სამედიცინო დოკუმენტია, რომელიც ამტკიცებს, რომ ექიმები უკვე მაშინ ცდილობდნენ წინ აღდგომოდნენ ოპიუმზე დამოკიდებულებას.

არქეოლოგიური გათხრების დროს ქვის ხანის საცხოვრისებში ნარჩენებს შორის ყაყაჩოს თესლიც აღმოაჩინეს. ჩინეთში ოპიუმის მოხმარებამ დამღუპველი ხასიათი მიიღო. გენერალმა ცზენ ტანმა ოპიუმის მომხმარებლებისთვის ტუჩების მოკვეთა ბრძანა. თუმცა აკრძალვამ შედეგი ვერ გამოიღო. მაშინ ჩინეთის იმპერატორმა ქალმა ცი სინმმა გადაწყვიტა, რომ ყაყაჩო ეკონომიკური სარგებლობისათვის გამოეყენებინა და გლეხებს ნება დართო ყაყაჩო მოეშენებინათ და გაეყიდათ. მოსახლეობის უმეტესობამ ამ საქმეს მიჰყო ხელი. თუმცა მოგების ნაცვლად სახელმწიფო უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნედლეულის ყველაზე აქტიური მომხმარებლები თავად ჩინელები იყვნენ. 

ჩინეთიდან ოპიუმმა ევროპაში შეაღწია.

როდესაც ესპანელები ინკების ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მათი ყურადღება მიიპყრო ადგილობრივ მცხოვრებთა უცნაურმა ჩვევამ – კოკას ფოთლების ღეჭვამ.  მოგვიანებით ესპანელებმა გადაწყვიტეს, რომ ინდიელებისათვის ამ ტრადიციის შენარჩუნება მათთვის მომგებიანი იქნებოდა. ისინი მუშებს ხელფასს კოკას ფოთლებით უხდიდნენ. ინდიელები კოკას ფოთლებს სხვა მცენარეულ ნარჩენებს უმატებდნენ და ასე “დანაყრებულნი” უდრტვინველად ასრულებდნენ უმძიმეს სამუშაოს. მოგვიანებით კოკას ფოთლებიდან გამოყვეს ალკალოიდი, რომელსაც კოკაინი უწოდეს. ექიმებმა სცადეს კოკაინის მორფინიზმის საწინააღმდეგო საშუალებად გამოყენება, მაგრამ ამ გზით გაჩნდა ახალი სახესხვაობა კოკაინიზმი, ბევრად უფრო საშიში, ვიდრე ის, რომელსაც ებრძოდნენ.

კოკაინი მოქმედებს ნეირონებზე, ცვლის ნერვული იმპულსების გადაცემას ტვინის გარკვეულ ნაწილში, ამცირებს ნერვული უჯრედის მემბრანის მგრძნობელობას და ხელს უშლის იმპულსის გადამტანი მოლეკულების დაშლას სიგნალის გავლის შემდეგ. დიდი დოზით იწვევს აღგზნებას, უძილობას, შიშს, გულისცემის გაიშვიათებასა და მოძრაობის შეფერხებას. აზიანებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს სწრაფვას თვითმკვლელობისკენ. ფსიქიკური მიჩვევა იწყება უკვე მეორე მიღებაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დღეს მსოფლიოში 180 მილიონი ნარკომანია, მათ შორის 144 მილიონი კანაბისის მოიხმარს, 14 მილიონი – კოკაინსა და 14 მილიონი – ოპიატებს. 
საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა 250 000 – დან 280 000 – მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე ყოველი 27 – 28 ნარკომანია. შემაშფოთებელი რიცხვია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობა 5 მილიონს არ აღემატება.
და ბოლოს:

·ყაყაჩოს თესლიანი ფუნთუშებისა და საკონდიტრო ნაწარმის აქტიური გამოყენება უსაფრთხო არ არის – შესაძლოა ნარკოტიკზე სისხლის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდეს.

·ნარკომანი დედის მიერ გაჩენილ ახალშობილებს დაბადებისას აღენიშნებათ სხეულის მცირე წონა და ტვინის სხვადასხვა ტიპის დაზიანება.

·ნარკოდამოკიდებულთა 5% პოლინარკომანი – რამდენიმე ტიპის ნარკოტიკის მომხმარებელია.

·ნარკომანთა 5% ცხოვრებას ინვალიდობით ასრულებს.

·ნარკომანთა 42% ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შედეგად იღუპება, დოზის გადაჭარბებით -13%, თვითმკვლელობით ამთავრებს ცხოვრებას 3%.

·საშუალო ასაკი პირებისა, რომლებიც დოზების გადაჭარბების შედეგად იღუპებიან, შეადგენს 25-30 წელს. უშუალოდ ეიფორიის დროს სიცოცხლეს ამთავრებს 7%.

ნარკომანია – დაავადება თუ დანაშაული? მოდით ჩვენს მოსწავლეებთან ერთად გავარკვიოთ. მივცეთ საფიქრად და საკამათოდ. ღირს კი განვითარებადი ქვეყნების რიგში ყოფნა, ღირს კი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება? მაშინ როდესაც ასეთი საინტერესოა ეს სამყარო. ჩვენს მოსწავლეებს ხომ უამრავი კითხვა აქვთ და პასუხს ელიან. თავად განსაჯონ, იფიქრონ და გამოიტანონ დასკვნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი