პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აუტიზმი – რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებმა და ჩვენ

2014 წელს აუტიზმთან დაკავშირებული ორი გლობალური კვლევა დასრულდა. კვლევებმა დაადასტურეს, რომ აუტიზმის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას გარემო ახდენს. ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა 100 მილიონამდე სამედიცინო ისტორია შეისწავლეს. შედეგად კი  დაადგინეს პირდაპირი კავშირი აუტისტურ დარღვევებსა და ახალშობილ ბიჭებში გენეტალიურ დეფორმაციებს შორის, რომელიც ბავშვს დედის მუცლად ყოფნის პერიოდში ტოქსინების ზემოქმედებით უვითარდება. რაც უფრო დიდია ამგვარი დეფორმაციების რისკი, მით უფრო ხშირია აუტიზმით დაავადების შემთხვევები. მეორე, არანაკლებ საყურადღებო კვლევა, რომელიც ის მილიოკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს – ამტკიცებს, რომ აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად იბადებიან ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში.          

 

ეკოლოგიური ფაქტორების გარდა, აუტიზმის განვითარება ორსული ქალის დიეტასაც უკავშირდება. მაგალითად, ქალებს, რომელთა ორსულობის პერიოდში კვების რაციონში რკინა და ფოლიევის მჟავა ჭარბობს, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები ნაკლებად უჩნდებათ.

 

2014 წლის განმავლობაში ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველად გამოავლინეს აუტიზმის განვითარებაზე „პასუხისმგებელი” სპეციფიკური გენი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ სავსებით შესაძლებელია აუტიზმის გამოვლენა გენეტიკური ანალიზის საფუძველზე. სტატისტიკის მიხედვით, აუტიზმის მქონე ბავშვების დები და ძმები ამ დაავადების განვითარების რისკის ქვეშ 10-ჯერ ხშირად ხვდებიან, ვიდრე მათი ბიძაშვილ-მამიდაშვილები.

 

აუტიზმთან დაკავშირებული 2014 წლის აღმოჩენების ჩამონათვალში კიდევ ერთი შესანიშნავი, ადრეულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული ფაქტი მოხვდა. ცნობილია, რომ დაავადების ადრეულ სტადიაზე სწორი დიაგნოსტიკა საგრძნობლად აუმჯობესებს აუტიზმის მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხს. მკვლევრებმა დააფიქსირეს ადრეული დიაგნოსტიკის მარტივი მეთოდი ქცევითი სიმპტომების მიხედვით: აღმოჩნდა, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იშვიათად იღიმიან, აუტზმისადმი მეტად არიან მიდრეკილნი, ვიდრე მათი მოღიმარი თანატოლები.     

 

ფლორიდას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევები ცხადყოფს, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვების მშობელთა როლი გაცილებით მნიშვნელოვანია მათ წარმატებულ მკურნალობაში, ვიდრე მედიკამენტური ჩარევები.  

 

ასევე, 2014 წელს აშშ-ის ეპიდემიოლოგებმა ახალი კვლევები გამოაქვეყნეს. ადრე მიიჩნევდნენ, რომ აუტიზმით ყოველი 90-ე ბავშვი ავადობდა. დღეს დაწყებით კლასებში ყოველი 68-ე ბავშვი აუტისტია (გასული საუკუნის 60-იან წლებთან შედარებით შემთხვევები 4-5-ჯერ არის გაზრდილი). აუტიზმი გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანთა შორის. ის 3-ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში.

 

მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვები განსხვავებულად აღიქვამენ სამყაროს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანატოლებთან ურთიერთობა. ეს პროცესი ორმხრივია. დადასტურებულია, რომ „უჩვეულო ბავშვებთან” ურთიერთობა დადებითად აისახება სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც აუტისტ ბავშვებთან კონტაქტის წყალობით ბევრი ცხოვრებისეული სიატუაციის გადაფასებას ახდნენ.

 

როგორ უნდა შევამზადოთ ბავშვები იმ თანატოლებთან სამეგობროდ, რომლებიც მათთვის უჩვეულოდ იქცევიან? ამისათვის აუტიზმის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ.

 

რა არის აუტიზმი? აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების უნარზე, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გონებრივი განვითარების პროცესებზე.

 

აუტისტური სპექტრის აშლილობების დიაგნოსტიკა არცთუ ადვილია. მისი ნიშნები 18 თვემდე ვლინდება, პრობლემას კი 3 წლამდე ვერ ავლენენ, ვიდრე თვალსაჩინო არ გახდება ბავშვის მეტყველების განვითარებისა და სოციალური ურთიერთობების საკითხები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუტისტი ბავშვი ვინმეზე ცუდია. ის შეიძლება ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი იყოს. აუტისტებს ხშირად აქვთ მუსიკის, ხატვის, ანგარიშის და ფაქტების დამახსოვრების გაძლიერებული უნარები. თანამედროვე სამყაროში არსებობს აუტიზმის კორექციის მრავალი წარმატებული მეთოდი.

 

ჩვენ შეჩვეული ვართ იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ხილულია, მაგრამ აუტიზმის დროს ადამიანი ჩვეულებრივად გამოიყურება. უბრალოდ, მისი ტვინი განსხვავებულად მუშაობს. მას უჭირს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის დამყარება, მოსმენა და გაგება, უჭირს ვინმესთან დამეგობრება. მაგალითად, მასწავლებლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გაარკვიოს, რას აკეთებს აუტისტი ბავშვი ინტერესით, რა სახის მითითებს ასრულებს, რისი გაკეთება შეუძლია დამოუკიდებლად, რა არ მოსწონს, როგორ რეაგირებს ცვლილებებზე, როგორ გამოხატავს ემოციებს – სიხარულს და სიბრაზეს.

 

აუტიზმის მქონე ადამიანი მართლაც სხვაგვარად ხედავს სამყაროს. სხვაგვარად აღიქვამს ყველაფერს: ხმებს, ფერებს, არომატებს, შეხებას. ვიღაცისთვის ქუჩის ხმაური მეორადი ფონია, აუტისტისთვის შესაძლოა ის ისეთივე სიძლიერის იყოს, როგორც გამაყრუებელი სირენა. აუტიზმის მქონეთა დიდ ნაწილს არ მოსწონს ვინმე თუ ეხება. ის ზედმეტად რეაგირებს არომატებზე, რომელიც სხვისთვის შეუმჩნეველია. ამიტომ თუ აუტისტი ბავშვი ითხოვს ყურსასმენების ან სათვალის გაკეთებას, არ გავიკვირვოთ და უარი არ ვუთხრათ. მეორე მხრივ, გამახვილებული მგრძნობელობის გამო აუტიზმის მქონე ბევრი ადამიანი უფრო მკაფიოდ აღიქვამს სამყაროს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ხელოვნებაში ჩანს.          

 

ზოგი აუტისტი ბავშვი არ ლაპარაკობს ან ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ მას სათქმელიც აქვს და ბევრი რამ ესმის კიდეც. ის ყველაფერს აღიქვამს, მაგრამ სიტყვებით საპასუხო რეაგირებას ვერ ახდენს. მაგალითად, საგნებზე ხელით ან სხვა ჟესტებით მიგითითებენ. აუტისტები კარგად კონტაქტობენ სპეციალურნახატებიანი ბარათებით ან ქაღალდზე დაბეჭდილი სიტყვებით. მოთმინებით უნდა დავაკვირდეთ, რომ გავიგოთ რა სურთ.

    

აუტიზმის მქონე ბავშვებს შეუძლიათ უჩვეულო მოძრაობები აკეთონ ან უცნაური ხმები გამოსცენ. ზოგი აუტისტი წინ და უკან იხრება, ზოგი ხელის მტევნებს  ან თავს იქნევს, ფეხებს აბაკუნებს. ასეთი მოძრაობების არ უნდა გვეშინოდეს. ისინი ხშირ შემთხვევაში უნებურად მოძრაობენ, ეს მათ სიამოვნებს, ამშვიდებს და ფიქრში ეხმარება. ხელის უჩვეულო მოძრაობა კი ხშირად იმის ნიშანიცაა, რომ ბედნიერებას განიცდიან.    


ზოგი ბავშვი ჩუმია, ზოგიც ენაწყლიანი და შეუსვენებლად ლაპარაკობს ყველაფერზე, რაც აინტერესებს: მოგზაურობაზე, კოსმოსზე, ცხოველებზე, კომპიუტერზე… საყვარელი თემა ყველას გვაქვს, მაგრამ აუტისტების ინტერესი რაღაცის მიმართ უსაზღვროა. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი მოსაუბრე აღარ ჩერდება, უბრალოდ, უთხარით ამის შესახებ.

 

საუბრის დროს ჩვენ ხშირად ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში. აუტიზმის მქონე ადამიანს კი ეს აფრთხობს, არ სიამოვნებს, ბევრს არც შეუძლია ერთდროულად თვალებშიც გიყუროს და თან ესმოდეს, რას ეუბნები. ამიტომ თუ აუტიზმის მქონე ადამიანს ესაუბრებით და ის თვალებში არ გიყურებთ, ამით უარს არ ამბობს კომუნიკაციაზე. პირიქით, ამ დროს უფრო ყურადღებით გისმენთ.   

 

აუტიზმის მქონე ბავშვს თქვენი სახის გამომეტყველების მიხედვით უჭირს განსაზღვროს, რა გინდათ. სამაგიეროდ კარგად ესმის ნათქვამი, ოღონდ პირდაპირი, ბუკვალური. აუტისტებს მაქსიმალურად ღიად ესაუბრეთ, ხუმრობის და მინიშნებების გარეშე. ჩვენთვის, ვისაც არ აქვს ყოველდღიური ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან, რთულია იმის გაგება, რას და როგორ გრძნობენ, რა უხარიათ და რა სწყინთ. აუტიზმის დროს გარეგანი ემოცია სხვაგვარად ვლინდება ხმის ტონალობასა და სახის გამომეტყველებაში. თუ ადამიანს „უძრავი, გაყინული” სახე და მონოტონური ხმა აქვს, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ამიტომ თუ გაინტერესებთ რა უნდა აუტისტ ადამიანს, უმჯობესია პირდაპირ ჰკითხოთ.

 

შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ აუტისტებს არაფერი აინტერესებთ, მაგრამ ისევე როგორც სხვა ადამიანებისთვის, მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა და მეგობრობა. მათ არ იციან, როგორ უნდა დაიწყონ ურთიერთობა თქვენთან და ამიტომაც შეიძლება გვეგონოს, თითქოს თავს გვარიდებენ ან არიდებენ თანატოლებს. ურთიერთობის დაწყება თქვენ უნდა შესთავაზოთ და ცოტა ხანში მათი სახით  უერთგულეს მეგობრებს შეიძენთ. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია. ნორმებს კი ჩვენ თვითონ ვიგონებთ და ვაკანონებთ. თუ ვისწავლით განსხვავებულის აღიარებას და მიმღებლობას, ადრე თუ გვიან, ესეც ნორმად იქცევა.             


მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი