პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თავისუფალი წერილი როგორც ცოდნის დიაგნოსტიკის საშუალება

მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებისა და დიაგნოსტიკის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ ორიგინალურობითა და შემოქმედობითობით გამოირჩევა თავისუფალი წერილის (Freewriting) მეთოდი.

ის პირველად პიტერ ელბოუმ (Peter Elbow) აღწერა წიგნში „Wraiting without teachers“ (1973). წიგნს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო ნატალი გოდბერგმა ხსენებული მეთოდი ძენ-ბუდიზმის პრინციპებთან გააერთიანა და მიიღო ე.წ. წერის პრაქტიკა, რომელიც გადმოსცა კიდეც თავის წიგნში „Writing down the bones“ (1986). განსაკუთრებული პოპულარობა თავისუფალი წერილის მეთოდმა XX საუკუნის 90-იან წლებში მოიპოვა. მეთოდი საკმაოდ მარტივია, საჭიროა მხოლოდ ცარიელი ფურცელი, კალამი (ცხადია, შეიძლება კომპიუტერის გამოყენებაც) და დროის საზომი. წერა მიმდინარეობს შეუჩერებლად გარკვეული ხნის განმავლობაში, ადამიანი წერს ყველაფერს, რაც თავში მოსდის, ისე, რომ არ ფიქრობს სტილსა და ორთოგრაფიულ შეცდომებზე.

მოცემული ტექნიკა გამოადგება ყველას, ვისაც საქმე აქვს სიტყვასთან, მწერალი იქნება, ბლოგერი, რიგითი სტუდენტი თუ მოსწავლე. ამიტომ იყენებენ მას ფართოდ სასკოლო პრაქტიკაშიც.

რითია სასარგებლო თავისუფალი წერილის მეთოდის გამოყენება სასწავლო პრაქტიკაში?

მეთოდის საფუძველია იდეა, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც სათქმელი ნებისმიერ თემაზე (კოტექსტური ცოდნა), მაგრამ არსებობს სუბიექტური ფაქტორები: შფოთვა, კრიტიკის მიმართ შიში, აპათია და ფრუსტრაციის მომენტები, – რომლებიც არ გვაძლევს გახსნის საშუალებას. თავისუფალი წერილი ის გზაა, რომლითაც მოსწავლე თავის თავში აღმოაჩენს ახალ იდეებს, წარმოდგენებს, შესაძლებლობებს, ასე ვთქვათ, გაარკვევს, „რა იცის“ და „რა აინტერესებს“, ესაუბრება საკუთარ თავს, შესაძლოა გაუჩნდეს რაიმე ახლის წაკითხვის ან გაკეთების სურვილი, ან თუნდაც წარმოიდგენს, რას და როგორ დაწერს მომავალში, ხოლო მასწავლებლებს უფრო ახლოს გააცნობს მოსწავლეებს, დაეხმარება მათ მიერ აღმართული კედლების დანგრევაში (ვიწრო გასასავლელის პოვნაში მაინც, რომელიც მათ მოსწავლესთან უფრო მეტად მიახლოების საშუალებას მისცემს).

თავისუფალი წერილი ეხმარება მოსწავლეებს:

  • ლექსიკური მარაგის განვითარებაში;
  • აზრებისა და წინადადებების ფორმულირებაში;
  • შეფასების მიმართ შიშის დაძლევაში;
  • საკუთარი თავით სწავლაში;
  • საკუთარი აზრების გამოხატვაში;
  • ფანტაზიის, რეალიზმისა და წარმოსახვის განვითარებაში;
  • დროის დაფასებასა და სწორ გამოყენებაში;
  • თემის კონტექსტის გააზრებაში;
  • რთული ტექსტის დამუშავებაში;
  • პრეზენტაციის მომზადებაში;
  • საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვაში;
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში;
  • კრეატიულობაში;
  • ცოდნის კონსტრუირებაში;
  • იმპროვიზაციაში;
  • თამაშში.

თავისუფალი წერილის წესები გაკვეთილზე:

  1. დავალებას ეთმობა განსაზღვრული დრო, უმეტესად – 10-20 წუთი;
  2. იწერება ყველაფერი, რისი მოფიქრებაც შეიძლება მოცემული თემის შესახებ (ან უბრალოდ რაც მოსწავლეს თავში მოუვა);
  3. თემა წარმოდგინილია მთლიანობაში, მისი ყველა ნაწილი დაკავშირებულია ერთმანეთთან, არ იწერება ცალკეული თეზისები;
  4. ტექსტთან დაბრუნება, მისი ჩასწორება არ ხდება, რჩება ისე, როგორც დაიწერა;
  5. წერა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მოსწავლეს არავითარი აზრი არ მოსდის თავში; მან უნდა აიძულოს თავი, წეროს მანამდე, სანამ თემას არ დაუბრუნდება;
  6. წერისას ორთოგრაფიას ყურადღება არ ექცევა;
  7. მთავარია პროცესი და არა შედეგი;
  8. თუ მოსწავლე ცუდ გუნებაზეა, უმჯობესია, ესეც აღწეროს წერილში (მაგალითად: „რატომ მიკანკალებს ხელი წერისას?“, „რატომ ვნერვიულობ?“, „რას ვგრძნობ ახლა?“ – და ა.შ.);
  9. შეიძლება შევთავაზოთ ნაწერის ხმამაღლა წაკითხვა ჯგუფის ან კლასის წინაშე, მაგრამ ეს უნდა იყოს ნებაყოფილობითი;
  10. სურვილის შემთხვევაში შეიძლება ჯგუფურად წერაც.

თავისუფალი წერილის ერთ-ერთი ვარიანტია კონკრეტულ თემაზე წერილის დაწერა (focused freewriting), რომლის დროსაც მოსწავლე:

  • დამოუკიდებლად ირჩევს თემას (მაგალითად, რაიმე პროექტის ან გაკვეთილის შესახებ წერს, ან თავისუფალ თემას ამჯობინებს, თუნდაც „როგორ გავატარე არდადეგები“;
  • მოსწავლეს მიეცემა განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც ის წერს ყველაფერს, რაც თავში მოუვა, ყურადღებას არ აქცევს ტექსტის შინაგან ლოგიკას, სტილისტიკას და ა.შ.;
  • შეუძლია, დაწერილი ტექსტი გადაიკითხოს, გამოყოს ძირითადი იდეა, ჩაამატოს ან ამოაკლოს რამე, ახლებურად შეხედოს პრობლემას, იპოვოს ჩიხიდან გამოსავალი.

თავისუფალი ან ფოკუსირებული წერილის დაწერა შეგვიძლია შევთავაზოთ მოსწავლეს გაკვეთილის დასაწყისში ან ბოლოს, რეფლექსიის ეტაპზე, გაზოგადებისა და გამეორების გაკვეთილებზე, „კლასის საათზე“ და ა.შ., მაგრამ განსაკუთრებით ეფექტურია დიაგნოსტიკისთვის, რომლის დროსაც მოსწავლის ცოდნის შემოწმება ხდება სრულიად უშფოთველად, ძალდატანებისა და შეფასების შიშის გარეშე. წერის პროცესში აქტიურდება მოსწავლის გონება, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მოცემული მასალები საშუალებას მისცემს მასწავლებელს, გამოიტანოს დასკვნა მოსწავლის ცოდნის შესახებ და თავადაც დაისახოს კლასთან მომავალი მუშაობის გეგმა.

მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზე მასწავლებელმა კლასს შეიძლება შესთავაზოს დაწერა რომელიმე ეპოქაზე, ბავშვთა უფლებებზე, ტექნიკური სიახლეების გამოყენებაზე, ან წერილის მიწერა ისტორიული პირებისთვის და სხვ. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე რენესანსის ეპოქაზე ფოკუსირებული წერილის დაწერისას მეშვიდეკლასელებმა ნიმუშად გამოიყენეს საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ურთიერთობები, ინტერესები და ისე ააგეს თხრობა, რომ გამოჩნდა, რა იცოდნენ რენესანსზე, იდმროინდელი ადამიანების ოცნებებზე, საზოგადოებრივ ჯგუფებზე, ქვეყანაზე, ქალაქზე, საცხოვრებელი სახლებისა თუ სასახლეების სტილზე, რა შესაძლებლობები ჰქონდათ მიზნების მისაღწევად იმდროინდელ ადამიანებს და ა.შ.

რაც შეეხება „თავისუფალ წერილს“, მაგალითად გთავაზობთ მეცხრეკლასელის ნამუშევარს (სურ.1.):

„მასწავლებელმა – ფრაირაიტინგიო… რად მინდა ფრაირაიტინგი? რას მომცემს ახალს? რაც ვიცი, ისედაც ვიცი, რაც არ ვიცი და რას მოვიგონებ?.. ან რაში მჭირდება ახლა რაიმეს წერა?.. როსტომ ხანზე ვისაუბრო თუ ქართლ-კახეთის გაერთიანებაზე? რამეს შევცვლი თუ რა?.. რა უნდა გავიხსენო ახლა ისეთი, სამომავლო მაგალითად რომ გამომადგეს?.. ოცდამეერთე საუკუნეში ხმალი და შუბი რაიმე ცოდნის მომცემია?.. დროს ვკარგავთ და მეტი არაფერი… ან ესენი, ჩემი კლასელები რას წერენ ნეტავ? თავისუფალი წერა მესმის ლიტერატურის გაკვეთილზე, ისტორია რა შუაშია?.. ან იქნებ შუაშია?.. პრინციპში ყველაფერი ხომ ისტორიის ნაწილია, ლიტერატურის გაკვეთილებიც კი… რა ვილაპარაკო ახლა? მოდი გაკვეთილს დავწერ, რაც დღეს გვქონდა… მაგრამ ამდენ მასალას რა დაწერს, თანაც 10 წუთშიო… ამხელა გაკვეთილის დაწერას 10 წთ. ვერ მოვასწრებ… ერთი თავი რომ დავწერო?. ერთი თავის დაწერასაც რა აზრი აქვს, რა უნდა გაიგოს ადამიანმა ერთი ქვეთავით… ცოტა-ცოტა რომ ყველაფერი დავწერო?.. ოოო, ახლა ყველაფერი თუ დავწერე 10 წუთი რას მეყოფა… ნეტავ ჰეროდოტე ისტორიის წიგნის წერას რამდენ ხანს მოუნდა?.. აუ, ახლა ვინმეს რომ მისთვის წამზომი ჩაერთო, ალბათ გადაიფიქრებდა დაწერას… ოჰ, არაფერსაც არ დავწერ, თუ ზეპირად მკითხავს, მაშინ ვუპასუხებ… ასე უბრალოდ, უმიზნოდ რა უნდა დავწერო.. ისე ჰეროდოტე იმდენ რამეს წერდა, ზოგჯერ სასაცილოებსაც, მგონი ისიც თავისუფალ წერილს წერდა.. გაუმარჯოს ჰეროდოტეს… ისე წარმოგიდგენიათ ხალხო? კაცი თურმე 25 საუკუნის წინ წერდა თავისუფალ წერილს და მე 21 საუკუნეში ვერ დამიწერია… ჰმ, ამიტომ არის ის „წინ“ და მე – უკან… რანაირად შეიძლება 21 საუკუნე იყოს უკან და ჰეროდოტეს დრო – წინ?.. ოოო, აღარ მინდა ეს წერილი, რომელი მწერალი მე ვარ… ბოდიშს გიხდით მასწავლებელო“.

 

სურ. 1.

 

ასეთი დავალებები მასწავლებელს წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლის მდგომარეობაზე – რა და როგორ იცის, რას და როგორ აღიქვამს, რა აინტერესებს და აღელვებს, რა აოცებს, რითია დაკავებული, როგორი პიროვნებაა და ა.შ., რაც დაეხმარება მომავალში სასწავლო მიზნების დასახვაში, მიღწევაში და მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის ამაღლებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი