პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სამუზეუმო განათლება და ინტერდისციპლინარული ინტეგრაცია

კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სამუზეუმო ფონდებშია დაცული. ამ საგანძურის გამოყენებასა და მიზანმიმართულ ჩართულობას სასწავლო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს  საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატებისთვის.  „მუზეუმით  სწავლას” დიდი დახმარება შეუძლია   გაუწიოს მოსწავლეებს სასწავლო პროგრამების ათვისებაში, მეტყველების, სმენის, აზროვნების (კრიტიკული და შემოქმედებითი), სემიოტიკური ინფორმაციის გაგების და ზოგადად კომუნიკაციური უნარების  განვითარებაში,   პიროვნულ ზრდასა  და სწორ თვითშეფასებაში; ის იძლევა გზას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კულტურულ გარემოში, იქ, სადაც ქმნიან და არ ანადგურებენ. 

მუზეუმები წარმოადგენს რა მსოფლიო მემკვიდრეობის მცველებს, ქმნიან უწყვეტ კავშირს წარსულსა და მომავალს შორის. მათი დახმარებით მოსწავლეებს შეუძლიათ  შეაჯერონ ინფორმაცია, გააანალიზონ და  შეაფასონ  მსოფლიოში დღეს მიმდინარე პროცესები, იმსჯელონ გლობალური პროცესებისა და მოვლენების გეოგრაფიულ თავისებურებებზე და  გლობალიზაციის სოციალურ-კულტურულ ასპექტებზეც კი  და ა.შ.

სამუზეუმო  განათლების  საქმეში  თანაბრად მნიშვნელოვანია  სხვადასხვა  ტიპის მუზეუმების ჩართულობა. ზოგადად ესენია:

oისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები;
oმუზეუმ-ნაკრძალები;
o საუნივერსიტეტო მუზეუმები;
oსხვადასხვა პროფილის მუზეუმები;
oხელოვნების მუზეუმები. 

თითოეულ მათგანს თავისი როლის შესრულება შეუძლია სასწავლო საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. მთავარია მასწავლებელთა და მოსწავლეთა გარკვეული ინფორმირება, თუ სად, რა ტიპის და როგორი მუზეუმებია და რას  უნდა მოველოდეთ  მათგან.  საამისოდ მოსახერხებელია მცირე ანოტაციების შემცველი   მუზეუმი-ბარათების გამზადებაც (იხ. სურ.1):  

 


სურ.1

მოსწავლეებს თავადაც შეუძლიათ მსგავსი საინფორმაციო ბლანკების შექმნა   ინტერნეტ-რესურსების გამოყენებით.

სამუზეუმო  ფონდების  აქტიურ  გამოყენებას  სასწავლო პროცესში  გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბში ჩაეყარა  საფუძველი. მისი მიზანი იყო   უმაღ­ლე­სი სკო­ლის, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­სა და  სა­მუ­ზე­უ­მო პრაქ­ტი­კის ერთ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რომელიც   გულისხმობდა და გულისხმობს  ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რული   კვლე­ვების  განსაკუთრებულ  მნიშვნელობას,  სა­დაც ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი ერ­თობ­ლი­ვად გაანა­ლიზ­დე­ბოდა. პრაქტიკული საქმიანობის თვალსაზრისით ამ შედეგის მიღწევას მუზეუმი უზრუნველყოფს მოსწავლეთა  დამატებითი განათლების მეშვეობით.

    

კონკრეტულად, რა სახის საორგანიზაციო სამუშაოს შესრულება შეუძლია მუზეუმებს განათლების სისტემაში?  აღნიშნული  პროცესი გულისხმობს, რომ    

·ყოველ მუზეუმს უნდა ჰყავდეს განათლების სფეროს ერთი სპეციალისტი მაინც, ჩვეულებრივ, მასწავლებელი, რომელიც იცნობს მუზეუმს, მის კოლექციებს და შეუძლია დაეხმაროს ბავშვებს  სწავლაში. ამ ადამიანის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან გამოცდილება ბავშვის ფსიქოლოგიის სფეროში ეხმარება მას რთული ცნებების მარტივად გადმოცემაში;

·ძალზე  მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმმა  კავშირები   დაამყარონ  სკოლებთან, დაწვრილებით განიმარტოს ექსპოზიციები და მათი შესაძლო გამოყენება პედაგოგიური მიზნებით. ამის შემდეგ მასწავლებელს და მუზეუმის განათლების სფეროს მუშაკს შეუძლიათ დაგეგმონ სკოლის ექსკურსია მუზეუმში. აუცილებელია, მუზეუმს პირველ რიგში მასწავლებლები ეწვიონ, რათა ექსკურსიამ ნამდვილად შეარულოს საგანმანათლებლო ფუნქცია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს ნაწილი ჩატარდეს სკოლაში. მუზეუმში მისვლამდე ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა იმაზე, თუ რის ნახვას აპირებენ მუზეუმში და რა სახის სამუშაო ელით;

·მიზანშეწონილია, რომ ყოველ  მუზეუმს  გააჩნდეს  საკმაოდ  დიდი  ფართობის საგანმანათლებლო ოთახი, რათა მასში მოთავსდეს ერთი ჩვეულებრივი ზომის სასკოლო ჯგუფი. ოთახი ბავშვებისთვის უნდა იყოს მოწყობილი, იქ უნდა იყოს საღებავები, ქაღალდი, დაფები, ფანქრები და სხვა სასკოლო ინვენტარი, რათა ბავშვებმა თავი ჩვეულ გარემოში იგრძნონ; გარდა ამისა, ამგვარი გარემო ხელს შეუწყობს მათი წარმოსახვის უნარის განვითარებას. ზედმეტი ფართობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამის მუზეუმის გალერეებში ჩატარება;

·ბავშვებისთვის საჭირო მასალაში იგულისხმება სამუშაო ფურცლები, საინფორმაციო ბუკლეტები, საბავშვო მეგზურები, საფოსტო ბარათები, რეპროდუქციები და სხვა შესაბამისი გამოცემები. სამუშაო  ფურცლებს  და საინფორმაციო ბუკლეტებს უნდა ადგენდნენ  პროფესიონალი მასწავლებლები. ეს მასალა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული და შესრულებული და ბავშვებს უნდა აღუძრას სურვილი, ეწვიონ მუზეუმს და დასვან შესაბამისი კითხვები მუზეუმში არსებულ ექსპონატებთან დაკავშირებით;

·საგანმანათლებლო  პროგრამის  განხორციელების კიდევ  ერთი  საშუალებაა ბავშვებისთვის  ნივთებისა  და  ექსპონატების  ჩვენება და  თხოვნა,  აღწერონ საკუთარი  შთაბეჭდილებები.  ამ გზით ბავშვები სწავლობენ ექსპოზიციაზე ექსპონატების დათვალიერებას და დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას. მათ შეუძლიათ ნანახის შედარება საკუთარ გარემოცვასთან და დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ამასთან, მათ უჩნდებათ კრიტიკული დამოკიდებულება და უვითარდებათ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ იცვლება ყველაფერი თაობიდან თაობამდე. გარდა ამისა, შესაძლებელია ექსპონატების დათვალიერების შემდგომი სამუშაოს სახით საკუთარი ნახატებისა თუ კოლაჟების შესრულება სამუზეუმო ექსპონატებიდან გადმოხატული ასლების გამოყენებით. სამუზეუმო ექსპონატებზე არსებული წარწერები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას იმაზე, თუ რა ექსპონატია ეს, რამდენი ხნისაა, როგორ გამოიყენებოდა და ა.შ., შეიძლება გამოვიყენოთ თამაშებში, სადაც ბავშვები გამოავლენენ კითხვის, აღქმის, კატეგორიებად დაყოფის და ა.შ. უნარს.

სამუზეუმო  განათლების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა   სხვადასხვა საგნობრივი  მიმართულებების  ინტეგრირებული  სწავლებისთვის ხელშეწყობა მუზეუმი-გაკვეთილის ჩატარების გზით, რომლისთვისაც  იგი მის ხელთ არსებულ მდიდარ ფონდებს იყენებს. ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებით დაინტერესებულ პედაგოგებს მუზეუმი სთავაზობს ისეთ სივრცეს, რომელიც გაამდიდრებს მათ გაკვეთილებს ინფორმაციული კუთხით. მაგალითად: 

I –   დაწყებითი განათლების ზედა საფეხურზევე    შეუძლია მასწავლებელს სამი საგნის  – ხელოვნების, ისტორიის და მუზეუმის – ინტეგრირება. მაგალითად,    მუზეუმში სტუმრობისას შეუძლია გამოიყენოს იქ არსებული არტეფაქტები, პირველყოფილი საზოგადოების მახასიათებლები  და ისაუბროს შემდეგ საკითხებზე:

  • იმდროინდელი ადამიანის საქმიანობა;
  • კაცობრიობის უძველესი განსახლების მიმართულებები;
  • მეურნეობის უძველესი ფორმები და პირველყოფილი ხელოვნება;
  • იმდროინდელი მსოფლიოს ბუნებრივ-კლიმატურ თავისებურებები და პირველი ცივილიზაციის შექმნის  პირობები;
და ა.შ. 

 
ამავე დროს ამ საკითხების დამუშავების პროცესში მოსწავლეები გაეცნობიან შესაფერის ლექსიკას, აითვისებენ ტერმინებს, დაუფლებიან  მარტივ სემიოტიკურ ნიშნებს და  განუვითარდებათ ესთეტიკური დამოკიდებულებაც. 
II –  საშუალო საფეხურზე  მასწავლებელს  შეუძლია გააფართოოს ინტეგრაციის ჩარჩოები და უფრო ფართოდ გამოიყენოს „სამუზეუმო გაკვეთილები”. ამ ეტაპზე შესაძლებელია ფართო ინტერდისციპლინარული საქმიანობის წარმართვა, მაგალითად,  სამოქალაქო განათლების კუთხით:

სამოქალაქო  განათლების,   როგორც  ინტერდისციპლინარული  საგნის,  ინტეგრაცია შესაძლებელია ისტორიასთან, ეკონომიკასთან, სამართლთან  და  პოლიტოლოგიასთან.  

·პოლიტოლოგია და სამართალი განსაზღვრავს ინდივიდუალური უფლებების დაცვას, უმრავლესობის მმართველობისა და უმცირესობის უფლებების ბალანსს  და სხვ. თუ როგორ იყო ეს მიმართულებები გაანალიზებული ადრეულ ეპოქებში, როგორ ხდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და სხვადასხვა კონვენციების რეალიზება თანამედროვე ცხოვრებაში და ა.შ. სამუზუმო   ექსპოზიცია   (ქართული  სამართლის ძეგლები, სხვა თვალსაჩინო მასალები)  წარმოდგენას  შეუქმნის  მოსწავლეს   ამ მიმართულებით; 
·ისტორიის  სწავლება უზრუნველყოფს  ქვეყნის წარსულის ცოდნას, გვეხმარება გავაცნობიეროთ ქვეყნის პოლიტიკურ-იურიდიული მიღწევები და წარუმატებლობები და ზემოთ მოყვანილი მოსაზრება  გამყარდება სამუზეუმო ფონდებში დაცული მასალებით;

·ეკონომიკა გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი იყო (ან როგორია)  ქვეყნის სამეურნეო მდგომარეობა,  როგორ  გამოიყენებდნენ  არსებულ  რესურსებს  ადამიანთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უძველესი ხანიდან (მათ შორის დღესაც,    კონსტიტუციური მმართველობის დროს, დემოკრატიულ პრინციპებზე და ინდივიდუალურ უფლებებზე დაყრდნობით) და სამუზეუმო ექსპონატები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ამ მოსაზრებების მართებულობას.

სამუზეუმო  გა­მო­ფე­ნებით  მკა­ფი­ოდ ვაჩ­ვე­ნებთ მოსწავლეებს, რა როლს ას­რუ­ლებ­და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ის­ტო­რი­უ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გზაჯ­ვარ­ედინ­ზე  მყო­ფი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო მსოფ­ლიო  მოვ­ლე­ნე­ბის კონტექს­ტ­ში; რა­ტომ  გად­მოჰ­ქონ­დათ (ან არ გად­მოჰ­ქონ­დათ) სხვა  კულ­ტუ­რე­ბი­დან  გარ­კ­ვე­უ­ლი  მო­დე­ლე­ბი და რა  გა­ნა­პი­რო­ბებ­და ადაპ­ტა­ცი­ას;  რა  მი­მარ­თე­ბა  იყო დომი­ნან­ტურ კულ­ტუ­რა­სა და იმ  კულ­ტუ­რებს შო­რის, რომ­ლებ­თა­ნაც ინ­ტე­რაქ­ტიული ურ­თი­ერ­თო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და;  რა   გავ­ლე­ნა იქო­ნია  ამ პრო­ცეს­მა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის  ფორ­მი­რე­ბა­ზე  და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ეს გა­მოც­დი­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლი, ახა­ლი ქარ­თუ­ლი იდენ­ტუ­რო­ბის  ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში. ჩვენ თით­ქოს ვი­ცით პა­სუ­ხი ამ შე­კითხ­ვებ­ზე, მაგ­რამ  ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი თუ  მხატ­ვ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის  ობი­ექ­ტე­ბი, თუ მათ­ში ღრმა შრე­ე­ბად და­ლე­ქი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­კითხ­ვას შევ­ძ­ლებთ, ხში­რად  გა­ცი­ლე­ბით  მრა­ვალ­ფე­რო­ვან სუ­რათს გვი­ხა­ტავს, ვიდ­რე ეს ერ­თი შე­ხედ­ვით ჩანს.

სადღეისოდ საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურია “გლო­ბა­ლუ­რი მუ­ზე­უ­მის” ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც  გუ­ლის­ხ­მობს მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით მუ­ზე­უმ­თა გლო­ბა­ლუ­რი დი­გი­ტა­ლუ­რი ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ს, რაც უდავ­ოდ დიდ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ლო­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რე­ბის შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და კიდევ უფრო პოპულარულს გახდის სამუზეუმო გაკვეთილების ჩატარებას. 

მუზეუმის სივრცეში მიზანშეწონილია პროექტული სწავლების წარმართვაც.  მაგალითად, განვიხილოთ ფიზიკისა და ხელოვნების ინტეგრაციის მაგალითი –  მუზეუმი-გაკვეთილის  თემაა  ”ხელოვნება  და  ფიზიკა  კაცობრიობის  კულტურის სამსახურში”: 

თუ   გავიხსენებთ  ოპტიკის ზოგად წესებს, ის  გამოდის  ერთი  საგნის  ჩარჩოებიდან და მიმართულია სხვადასხვა დისციპლინის სინთეზისკენ: მასში დასმული პრობლემები მოითხოვენ მეცნიერების და კულტურის  სხვადასხვა მიმართულებების  გათვალისწინებას,  საბუნებისმეტყველო  და ჰუმანიტარული ცოდნის  ინტეგრაციას:  ფიზიკის   კუთხით  აქ  განიხილება სინათლის მიღების წყაროები, სინათლის   სხივის  ფერისა და როლის  გავლენა   ადამიანის  ცხოვრებაზე,  თვალის  აგებულების  და  სხვა საკითხები.   ფერწერაში  ძირითადად  შეისწავლება სინათლის მხატვრული  თვისებები, ფერთა  გამის  კანონზომიერება, პლასტიკა  და ა.შ.  

ფიზიკისა  და  მხატვრული  გამომსახველობის  შეერთებით  კი გამოისახება ცოდნა, აზრები   და   გრძნობები  და  თაობიდან   თაობას  გადაეცემა გამოცდილებად  და  როგორც   კაცობრიობის  შესანიშნავ  ქმნილებებს  ბოლოს  ადგილი  მუზეუმებში მოეძებნებათ და საგაკვეთილო სივრცის ნაწილადაც გამოიყენებიან.

ამიტომ მსგავსი  ინტეგრირებული  გაკვეთილები საჭირო და  აუცილებელია სამყაროს ერთიანობის აღსაქმელად.
მოსწავლეთა რეფლექსია: მუზეუმი-გაკვეთილის შემდეგ პედაგოგს შეუძლია მოსწავლეებს შეავსებინოს ასეთი შინაარსის ბარათები: ”მე დამაინტერესა…., მე  გავიგე ახალი…, მე ვისწავლე…, მე თვითონ გავაკეთებ…., მე ვმუშაობდი მეწყვილესთან ერთად და …., ჩემი  და  ჩემი  ჯგუფის  მუშაობას  მე  შევაფასებდი… ”. 

ამგვარი დამოკიდებულებით სამუზეუმო პედაგოგიკა შეგვიძლია განვიხილოთ  არა  როგორც ცალკე სამეცნიერო დარგი, არამედ როგორც პედაგოგიური ტექნოლოგია, რომლის მნიშვნელობა თანამედროვე საგანმანათლებლო  სივრცეში უფრო და უფრო იზრდება. 

ძირითადი, ფუნდამენტური მეცნიერებების (საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივი, ტექნიკური) ინტეგრირებული სწავლებისთვის ხელშეწყობით სამუზეუმო განათლება შემოქმედებით უნარებს „აღვიძებს” მოსწავლეებში,  „უბიძგებს” თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეერთებისკენ,  ანალიტიკური აზროვნების გააქტიურებისკენ,  იდეების მართვის,  პროდუქტიული საქმიანობის,  გადაწყვეტილებების მიღებისკენ, ხელს უწყობს ერთიანი წარმოდგენის შექმნას სამყაროზე. მისი გამოყენება სასწავლო პროცესში აუცილებელი და მისასალმებელია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი