პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„სწორი პასუხების“ ტყვეობაში

ზოგიერთ მოსწავლეს ეშინია შეცდომების.

მოსწავლეებს ეშინიათ არასწორი პასუხების და დაბალი ქულების.

მათ ეშინიათ შეუსრულებელი დავალებების ან ისე შესრულებული დავალებების ხმამაღლა კითხვის, რომლებიც მასწავლებლებს და თანაკლასელებს შეიძლება არ მოეწონოთ.

მათ, რატომღაც ოდესღაც ჩაუნერგეს, რომ არსებობს ერთი სწორი პასუხი. ან მხოლოდ ისეთი, როგორიც სახელმძღვანელოშია მოცემული…

ვფიქრობ, ეს ტიპური სიტუაცია ბევრი ჩემი კოლეგისთვის იქნება ნაცნობი.

რამდენად მართებულია მხოლოდ საუკეთესო შედეგზე და შეფასებაზე ორიენტირება?

აქვს თუ არა საკუთრივ პროცესს მეტი მნიშვნელობა?

შეცდომა – განაჩენია თუ მოტივაციის დამატებითი ფაქტორი? ეს კითხვები თითოეული მასწავლებლისთვის აქტუალურია და მათზე გაცემული პასუხები კი ჩვენი მეტად მნიშვნელოვანი საქმის განმსაზღვრელი.

ახლახან ერთ-ერთ საიტზე სტუდენტი ნილს ბორის და პროფესორი რეზერფორდის უჩვეულო შეხვედრის შესახებ დაწერილ პატარა სტატიას გავეცანი. არავინ იცის, ნამდვილად მოხდა თუ არა ეს შეხვედრა, სკეპტიკოსები ამ ამბავს ანეკდოტადაც კი მიიჩნევენ. ასეა თუ ისე, საკუთრივ ამბავი საკმაოდ საინტერესოა. საინტერესოც და თვალსაჩინოც იმ პრობლემატიკის კონტექსტში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რადგან ეს არის ისტორია ერთ ამოცანაზე და ამ ამოცანის გადაწყვეტის რამდენიმე ხერხზე. აგრეთვე იმაზე, რომ სულაც არ არის აუცილებელი, არსებობდეს ერთადერთი და ჭეშმარიტი პასუხი, რადგან ამ პასუხამდე მისასვლელი გზა თავისთავად უკვე ღირებულებაა. პასუხის შემოქმედების პროცესი კი შედეგზე არანაკლებ შემეცნებითი და მნიშვნელოვანი.

რამდენჯერ გავღიზიანებულვართ, როცა „ასჯერ ახსნილი” საკითხის შესახებ მოსწავლის შეკითხვა მოგვისმენია?
რამდენჯერ შეგვიფასებია არა მცდელობა, არამედ მხოლოდ საბოლოო შედეგი?

რას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ – დავალების რვეულში სუფთად და უშეცდომოდ გადაწერილ წერით დავალებას თუ მონდომებით გადახაზულ სტრიქონებს?

საერთოდ, ვინტერესდებით რას და რატომ ხაზავენ ( სვამენ ფრჩხილებში ან შლიან კორექტორით) ჩვენი მოსწავლეები?

რამდენად სასარგებლო და საერთოდაც, დასაშვებია ოდენ გარეგანი მოტივაციით განპირობებული სწავლა-სწავლების პროცესი?

ბოლოს, როდის მოვისმინეთ მოზარდებისგან, რომ მათ ისიამოვნეს დავალებაზე მუშაობის პროცესით?

ეს კითხვებიც ჩვენი ყოველდღიური მუშაობის მუდმივი თანმდევია და, ცხადია, არც მათზე არსებობს ერთი და სწორი პასუხი. თუმცა, დაფიქრებად ნამდვილად ღირს. სიამოვნებით მოვისმენდი კოლეგების შეხედულებებს ამ ყველაფერზე.

ჩემი მხრიდან კი ამ ერთი ლეგენდად ქცეული ამბით შევეცდები საკუთარი დამოკიდებულების ჩვენებას და „წასაშლელად განწირული არასწორი პასუხების” გამოსარჩლებას.

უნივერსიტეტში სწავლის დროს ნილს ბორს ფიზიკის ლექტორი მაღალ ნიშანს არ უწერდა. მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ სტუდენტი ფიზიკის ელემენტარულ ცოდნასაც კი ვერ ამჟღავნებდა. ნილს ბორი არ ეთანხმებოდა პროფესორის „განაჩენს” და დაუღალავად ასაჩივრებდა. საბოლოოდ, მხარეებმა მესამე, არადაინტერესებული პირის ჩართვით გადაწყვიტეს დავის გადაჭრა.

პროფესორმა თავის კოლეგას, გამოჩენილ ბრიტანელ ფიზიკოსს, ნობელის პრემიის ლაურეატს, ერნესტ რეზერფორდს სთხოვა დახმარება. რეზერფორდი დასთანხმდა არბიტრობას და „საქმის დეტალებში” გარკვევა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ ლექტორის მიერ დასმულ კითხვას შენობის სიმაღლის ბარომეტრის მეშვეობით გაზომვასთან დაკავშირებით ბორმა თავისებურად, ორიგინალურად უპასუხა.

„ავალთ შენობის სახურავზე, ბარომეტრს გამოვაბამთ თოკს და დავუშვებთ მიწამდე, ამის შემდეგ კი გავზომავთ თოკის სიგრძეს, რომელიც ზუსტად შენობის სიმაღლის ტოლი აღმოჩნდება”. ფაქტია, ამოცანა ამოხსნილი იყო. მეთოდის გამოყენებით მართლაც შეიძლებოდა შენობის სიმაღლის ზუსტად გაზომვა, ოღონდ პრობლემა ის გახლდათ, რომ მასში ფიზიკის კანონების ცოდნა არ ჩანდა. გამოცდა კი სწორედ ამ დისციპლინაში ბარდებოდა.

რეზერფორდმა გონებამახვილ სტუდენტს ხუთი წუთი და სუფთა ფურცელი მისცა მოსაფიქრებლად და სწორი პასუხის გასაცემად. ხუთი წუთი მიილია, ფურცელი კი კვლავ ცარიელი რჩებოდა. „ნებდებით?” – იკითხა პროფესორმა . „რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესოს ვარჩევ”, – იყო პასუხი.

შემდეგ კი დაიწყო:

„ავწონოთ ბარომეტრი, ავიდეთ ამ შენობის სახურავზე, გადმოვაგდოთ ბარომეტრი, დავნიშნოთ დრო, რომელიც ბარომეტრს მიწაზე დაცემამდე დასჭირდება და ფორმულის გამოყენებით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს”.
კიდევ:

„შეგვიძლია გამოვიდეთ მზიან ამინდში შენობასთან, გავზომოთ ბარომეტრის სიგრძეც და მისი ჩრდილიც, ასევე შენობის ჩრდილიც. შემდეგ კი შევადგინოთ მარტივი პროპორცია და სიმაღლე გამოვთვალოთ”.
კიდევ:

„ვიღებთ ბარომეტრს ხელში, ავდივართ კიბეზე და თან კედელზე კიბის გასწვრივ ბარომეტრს ვადებთ, ვაკეთებთ ნიშნულებს. შემდეგ ვითვლით ამ ნიშნულებს და ვამრავლებთ ბარომეტრის სიგრძეზე. ვიღებთ შენობის სიმაღლეს!”

დესერტად ნილს ბორმა კიდევ ერთი მეთოდიც გაანდო კმაყოფილებისგან ახითხითებულ პროფესორს.
„ამ ამოცანის ამოხსნის ყველაზე მარტივი ხერხი კი ისაა, რომ ამავე ბარომეტრით ხელში მივადგეთ სახლისმმართველს და უბრალოდ ვუთხრათ – ნახეთ, რა მშვენიერი ბარომეტრი მაქვს. ის თქვენი გახდება, თუ შენობის ზუსტ სიმაღლეს მეტყვით”.

საინტერესოა, როგორ შევაფასებდით დღეს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდის პირობებში ამგვარ „არასწორ პასუხებს”?

საინტერესოა, რამდენი „ნილს ბორი” გვეწინააღმდეგება, გვეკამათება და გვეპასუხება ან ცდილობს თავისებურად გადაიაზროს ჩვენთვის ძვირფასი, ღირებული, კარგად ნაცნობი და შეთვისებული „ ჭეშმარიტებები” ყოველდღიურად გაკვეთილზე…

საინტერესოა, რამდენად ფ ო რ მ ალურია ფორმალური განათლება დღესდღეობით და რა ფორმის ყალიბს თუ ყალიბებს გვთავაზობს…

პ.ს.
გადავხედე დასრულებულ სტატიას და პასუხებზე მეტი… კითხვის ნიშანი შევნიშნე.

თუმცა, თუ შევთანხმდებით, რომ კითხვის ნიშანი ახალი იდეების, ახალი შეხედულებების, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და საინტერესო თვალსაზრისების გენერირების საუკეთესო საშუალებაა და თუ იმაზეც შევთანხმდებით, რომ სწავლა-სწავლების პროცესში ჩვენ, მასწავლებლები მხოლოდ „ცოდნის გამცემები” კი არა, „მიმღებებიც” ვართ და თვალსაწიერიც საკმაოდ ფართო უნდა გვქონდეს, მაშინ საგანგაშო არაფერია.

სტატიის გამოქვეყნებისთანავე კი მონიტორთან მოვკალათდები და პასუხებისა და საინტერესო მსჯელობისთვის მოვემზადები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი