შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ემპათიის მოკრძალებული ხიბლი

ტერმინი „ემპათია” (empathy) ფსიქოლოგმა ედვარდ ტეტჩენერმა 1909 წელს შესთავაზა ინგლისურ ენას გერმანული Einfühlung-ის სანაცვლოდ, რომელსაც ესთეტიკურ გამოცდილებასთან მიმართებით იყენებდნენ. მაგალითად, ეს ცნება შეესაბამებოდა მსახიობს, რომელიც საკუთარივით განიცდიდა თავისი პერსონაჟის განცდებს ან მაყურებელს, რომელიც მთელი არსებით იყო ჩართული იმაში, რასაც უყურებდა, ნახატი იქნებოდა ეს თუ თეატრალური წარმოდგენა. ემპათია არის უნარი, წარმოიდგინო თავი სხვის ადგილას, გაიგო მისი გრძნობები, სურვილები, ქმედებები. როცა ვინმეს თანავუგრძნობთ, ვცდილობთ მივხვდეთ, რას გრძნობს ის ამა თუ იმ მომენტში ან წარმოვიდგინოთ, თავად რას ვიგრძნობდით, როგორ მოვიქცეოდით მის ადგილას.

იმისთვის, რომ გავუგოთ და მხარი დავუჭიროთ სხვა ადამიანს, მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს ჩვენივე გრძნობებისთვის სახელების დარქმევა და საკუთარი ემოციების მართვა. ახალშობილები სხვა ბავშვის ტირილის პასუხად თავადაც იწყებენ ტირილს. შესაძლოა, ეს ემპათიის პრიმიტიული რეაქცია იყოს (Dondi, Simion & Caltran, 1999). დაახლოებით ორი წლისთვის ბავშვები იწყებენ იმის გაგებას, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან გონებით, სურვილებით, ემოციების გამოხატვით; მათ უკვე შეუძლიათ, თანაუგრძნონ სხვის მწუხარებას და ხანდახან მის შემსუბუქებასაც კი ცდილობენ. მაგალითად, ჩაეხუტებიან ან ტკბილეულს უნაწილებენ მტირალ დედას. ამ დროს უფროსებს შეუძლიათ, დაეხმარონ მათ სხვისი განცდების აღწერით: „ნახე, ნინო მოწყენილია, იმიტომ რომ ბურთი დაკარგა”. ეს ბავშვებს საკუთარი და სხვისი განცდების გაცნობიერებაში შეუწყობს ხელს.

მეტყველების განვითარებასთან ერთად ბავშვები უფრო და უფრო მეტად ცდილობენ სხვის დამშვიდებას სიტყვებით, რაც ემპათიურობის უფრო მაღალ დონეზე მიგვანიშნებს. რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელს მოედო 4 წლის ბავშვის ამბავი. მან დაინახა, რომ მეზობელი, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა, ტიროდა, შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა, მერე კი თავისი საქციელი ასე ახსნა: „მე მას ტირილში მივეხმარე”. ადრეული სასკოლო ასაკის განმავლობაში ემპათია იზრდება, რადგან ბავშვებს ესმით სულ უფრო მეტი ემოცია და სულ უფრო მეტ ფაქტორს ითვალისწინებენ სხვათა გრძნობების შეფასებისას. ამავე დროს, თანაგანცდა უნდა იყოს ბუნებრივი, სპონტანური და გულწრფელი. მაგალითად, თუ მასწავლებელი სთხოვს ბავშვს, დაეხმაროს მტირალ თანატოლს დანგრეული კუბებისგან კოშკის აშენებაში, ყურადღება უნდა გაამახვილოს დახმარების საჭიროებაზე: „გიორგი ტირის, რადგან კოშკი დაენგრა. მოდი, ხელახლა აშენებაში დავეხმაროთ”. გვიანდელი ბავშვობისა და სიყმაწვილის პერიოდში ბავშვები წუხილს გამოხატავენ ადამიანის არა მხოლოდ მოცემულ მომენტში ცუდად ყოფნის, არამედ მისი ყოველდღიური ცხოვრების გამოც. მაგალითად, ამ ასაკში მათ შესაძლოა მოაფიქრდეთ, საკვები გაუგზავნონ თანატოლებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვი, რომელიც შინაურ ცხოველს უვლის, უფრო ემპათიურია.

ბავშვები, რომლებიც კარგად აკონტროლებენ ემოციებს, უმეტესად ცდილობენ მათ დახმარებასა და დამშვიდებას, ვისაც უსიამოვნება შეემთხვა, ემოციის ცუდი რეგულაციის მქონე ბავშვები კი ნაკლებ თანაგრძნობასა და პროსოციალურ ქცევას ამჟღავნებენ. მშობლებისადმი თბილი დამოკიდებულება ხელს უწყობს ემოციურ გამოხატვას, ამიტომ ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვები უფრო ემპათიურები არიან და ეს ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ. სხვისი გრძნობების გაგებასთან ერთად მშობლებს შეუძლიათ აუხსნან შვილებს სიკეთის მნიშვნელობა და ასწავლონ თანაგრძნობის გამოხატვა საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობის მეშვეობით. ზედმეტად მკაცრი აღზრდა ხელს უშლის ადრეულ ასაკში ემპათიისა და სიმპათიის ჩამოყალიბებას. ერთ-ერთი გამოკვლევის დროს მკვლევარები აკვირდებოდნენ ახალფეხადგმულ ბავშვებს, რომლებსაც უხეშად ეპყრობოდნენ. ეს ბავშვები მოწყენილი და სევდიანი მეგობრების მიმართ ნაკლებ თანაგრძნობას გამოხატავდნენ, ვიდრე ნორმალურ პირობებში გაზრდილი მათი თანატოლები. პირიქით, მათი რეაქცია შიში, ბრაზი და ფიზიკური შეტევა იყო (Klimes-Dougan & Kistner, 1990). ბავშვების რეაქცია მათივე მშობლების ქცევას ჰგავდა, რომლებსაც, თავის მხრივ, არ აინტერესებდათ სხვისი გასაჭირი („ვფიქრობ, თანაგანცდის უნარი ყველას გვაქვს; შესაძლოა, არ გვყოფნიდეს სიმამაცე მის გამოსახატავად”, – მაია ანჯელოუ).

ემპათია ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი ძირითადი უნარია. ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ დააკვირდნენ, მოუსმინონ და გაიგონ საკუთარი და სხვისი ემოციები, წარმატებას აღწევენ. დანიელ გოლმანი ამბობს: „თუ თქვენი ემოციური უნარები არ გემორჩილებათ, არ გაგაჩნიათ თვითშეგნება, არ შეგიძლიათ საკუთარი დისტრესული ემოციების მართვა, ემპათიის გამოხატვა და ეფექტური ურთიერთობა, მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენად ჭკვიანი ხართ – შორს ვერ წახვალთ”.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, გახდნენ უფრო ემპათიურები?

◦ მიეცით ემპათიის მაგალითი. საჭიროა, ბავშვებისთვის ემპათიის მაგალითად მშობლები, მასწავლებლები და გარშემო მყოფი ადამიანები იქცნენ, ამისთვის კი საჭიროა, ისინი თავად იყონ ემპათიურები. როდესაც ბავშვს დახმარება სჭირდება, მოერიდეთ გაცვეთილ და არაფრისმთქმელ სიტყვებს, მაგალითად, ასეთს: „ყველაფერი კარგად იქნება”. ნაცვლად ამისა, მიეცით ემპათიურობის მაგალითი და დაწვრილებით გამოჰკითხეთ მისი განცდებისა და სურვილების შესახებ.

◦ დაეხმარეთ ადამიანის ემოციების უსიტყვოდ ამოცნობაში. გამოიყენეთ გამომხატველობითი ფოტოები, ნახატები და ნახატებიანი წიგნები, რათა არავერბალური ენის გაგებაში ავარჯიშოთ. უთხარით, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები. ეს მათ გამოხატვისა და აზრის თავისუფლების განცდას გაუჩენს.

◦ დაარქვით ემოციებს სახელები. ხმამაღლა გამოხატეთ თქვენი განცდები. გამოიყენეთ ემოციის გამომხატველი სიტყვები ნანახი ან წაკითხული ამბის მოყოლისას.

◦ გამოიცანით ემოციები. ჰკითხეთ ბავშვებს, რას გრძნობენ ზღაპრის გმირები ამა თუ იმ მომენტში, მაგალითად, წითელქუდა მგელთან შეხვედრისას. აახსნევინეთ, რატომ ჰგონია ასე.

◦ მათთან ერთად გაითამაშეთ დამხმარის როლი. მოიფიქრეთ ისტორია, სადაც გმირს თქვენი დახმარება სჭირდება. ეს ბავშვებს ალტერნატივის მოძიებისკენ უბიძგებს.

◦ დაუჭირეთ მხარი. წაახალისეთ, როცა ერთმანეთს ეხმარებიან. კონფლიქტის შემთხვევაში ალაპარაკეთ საკუთარი გრძნობების შესახებ და შესთავაზეთ გამოიცნონ, რას განიცდის მოწინააღმდეგე, როგორ იმოქმედა მასზე მათმა სიტყვებმა ან საქციელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი