პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ეკონომიკის გაკვეთილები- რა? როგორ? ვისთვის?

კონცეფციები: ეკონომიკური სისტემები; ეკონომიკის ძირითადი კითხვები.

მიზანი: გააცნობიერონ ეკონომიკური სისტემა როგორც წარმოების ორგანიზაციისა და საქონლისა და მომსახურების გაცვლის საშუალება; შეძლონ ნებისმიერი ეკონომიკის სამი მთავარი კითხვის ფორმულირება და ახსნა: რა ვაწარმოოთ? როგორ ვაწარმოოთ? ვისთვის ვაწარმოოთ?

მოკლე შინაარსი: ეკონომიკური სისტემა განსაზღვრავს, როგორ ახორციელებს ესა თუ ის საზოგადოება საქონლისა და მომსახურების წარმოებას, განაწილებასა და მოხმარებას. თითოეული ეკონომიკური სისტემა პასუხობს ეკონომიკის სამ მთავარ კითხვას: რა? როგორ? ვისთვის? საზოგადოების ეკონომიკური სისტემის რაგვარობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პასუხობს საზოგადოება ამ სამ კითხვას.

კაცობრიობის ისტორიამ ეკონომიკური სისტემების სამი ტიპი იცის – ტრადიციული, საკომანდო და საბაზრო (ფასებით რეგულირებადი). ეს სისტემები ეკონომიკის სამ მთავარ კითხვას სხვადასხვაგვარად პასუხობენ. ტრადიციულ ეკონომიკურ სისტემაში გადაწყვეტილებები ძველი გამოცდილების საფუძველზე მიიღება. საკომანდო ეკონომიკაში წარმოებისა და მოხმარების შესახებ გადაწყვეტილებებს ცენტრალური საგეგმო ორგანო ანუ მთავრობა იღებს. საბაზრო სისტემა ეკონომიკის მთავარ კითხვებს ბაზარში პასუხობს. მასში საქონლის, მომსახურებისა და რესურსების გაცვლა ხდება საოჯახო მეუონეობებსა და ფირმებს შორის. ეკონომიკათა უმრავლესობას სამივე ამ სისტემის ცალკეული ნიშნები აქვს, რადგან ამ ნიშნების შერევა ყველაზე უკეთ პასუხობს საზოგადოების ისეთ ეკონომიკურ მიზნებს, როგორებიცაა  ეკონომიკური თავისუფლება, თანასწორობა და  ეკონომიკური უსაფრთხოება.

მასალები: გაზეთები, მაკრატლები, მარკერები (ფლომასტერები), სტეპლერები, რკინის სამაგრები, სახაზავები.

საჭირო დრო: ამ თემას შეიძლება ორი გაკვეთილი დაეთმოს.

გაკვეთილის მსვლელობა: აუხსენით მოსწავლეებს, რომ ისინი ეკონომიკური სისტემის მონაწილეები არიან. ისინი შეისწავლიან, თუ რა არის  ეკონომიკური სისტემა და რომელ სამ კითხვას უნდა უპასუხოს თითოეულმა  ეკონომიკურმა სისტემამ. ისინი იმუშავებენ პატარა ჯგუფებში, რომელიც  ეკონომიკური სისტემების ერთგვარი მოდელი იქნება. ჯგუფები მიიღებენ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, რა საქონელი აწარმოონ არსებული რესურსებით, როგორ აწარმოონ და ვინ მიიღებს საბოლოო პროდუქტს.

  1. 1. დაყავით კლასი 4-5–კაციან ჯგუფებად, დაარიგეთ გაზეთები, სახაზავები, სტეპლერები, რკინის სამაგრები და მაკრატლები. მიეცით ბავშვებს საკმარისი დრო, რათა გადაწყვიტონ, რა საქონელი აწარმოონ მათ ხელთ არსებული რესურსებით (შეიძლება გამოიყენონ გადაწყვეტილების მიღების 5–საფეხურიანი პროცესი). სხვა რესურსების გამოყენება მათ არ შეუძლიათ.
  2. 2. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სთხოვეთ ჯგუფს, შექმნას საქონლის ერთი ნიმუში. ახლა მან უკვე ის უნდა გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს არჩეული საქონელი.
  3. 3. აჩვენეთ დამზადებული მოდელები მთელ კლასს და უთხარით, რომ ახლა საკმარისი დრო ექნებათ არჩეული საქონლის საწარმოებლად.
  4. 4. მიეცით დამატებითი ნედლეული გაზეთების სახით, მაგრამ არ მისცეთ დამატებითი სახაზავები, სტეპლერები, მაკრატლები ან მარკერები.
  5. 5. გამოუყავით 10-15 წუთი საქონლის საწარმოებლად და დაუსახეთ ამოცანა – აწარმოონ რაც შეიძლება მეტი საქონელი მოცემულ დროში. არ დაეხმაროთ და ნუ შეუშლით ხელს კონკურენციას (ეს კარგი საშუალებაა შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად).
  6. 6. საწარმოო პერიოდის დასრულების შემდეგ შეაგროვეთ მასალები და მზა ნაკეთობები დაალაგეთ მაგიდაზე ყველას დასანახად. საქონლის თითოეული ჯგუფის სახელი დაწერეთ დაფაზე და ქვეშ მიუწერეთ დამზადებული ერთეულების რაოდენობა.
  7. 7. უთხარით მოსწავლეებს, რომ გაჩნდა პრობლემა: არც ერთი ჯგუფის მიერ წარმოებული საქონელი არ არის საკმარისი ყველა მსურველის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მაგ., ერთმა ჯგუფმა დაამზადა 20 ცალი ქაღალდის თვითმფრინავი, თვითმფრინავის შეძენის მსურველთა რიცხვი კი 25-ია.
  8. 8. იმსჯელეთ მათთან ერთად, როგორ უნდა განაწილდეს წარმოებული პროდუქცია (მივცეთ საქონელი ყველაზე მაღლებს, ყველაზე ჭკვიანებს, ყველაზე ღირსეულებს, საუკეთესო მეგობრებს, მდიდრებს, გაჭირვებულებს და ა.შ.) მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა გამოთქვან თავიანთი, თუნდაც პრაქტიკულად განუხორციელებელი, მოსაზრებები. ჩამოწერეთ ისინი დაფაზე.
  9. 9. აუხსენით, რომ ეს წარმოებული საქონლის განაწილების გზებია.
  10. 10. მიეცით დრო იმის მოსაფიქრებლად, განაწილების რა მეთოდი გამოიყენონ. თითოეულმა ჯგუფმა უნდა გააცნოს კლასს არჩეული მეთოდი (აქაც შეიძლება გამოიყენონ გადაწყვეტილების მიღების 5–საფეხურიანი მოდელი). მათ უნდა მოიფიქრონ ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც გაანაწილებენ საქონელს. იმსჯელეთ:

* ვინ მოიგებს და ვინ წააგებს განაწილების თქვენეული მეთოდით?

* მიგაჩნიათ თუ არა, რომ განაწილების ერთი მეთოდი უფრო სამართლიანია, ვიდრე მეორე?

* არის თუ არა სხვა საშუალება, დავაკმაყოფილოთ ყველა მსურველის მოთხოვნა, გარდა იმისა, რომ ვაწარმოოთ საქონლის მეტი რაოდენობა?

* რომელ სამ კითხვას უპასუხა თითოეულმა ჯგუფმა?

  1. 11. აუხსენით მოსწავლეებს, რომ როცა ისინი პასუხობდნენ კითხვებს „რა? როგორ? ვისთვის?“, თითოეულმა ჯგუფმა ეკონომიკური სისტემა ჩამოაყალიბა. მიეცით ეკონომიკური სისტემების განსაზღვრება.

 

თემის განვრცობა

საზოგადოებასთან კავშირი. მოიწვიეთ კლასში ეკონომისტი და სთხოვეთ, უამბოს მოსწავლეებს რომელიმე ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაზე.

მეტყველებასთან კავშირი. სთხოვეთ მოსწავლეებს, რამდენიმე წინადადებით ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, განაწილების რა საშუალებები შეიძლება გამოვიყენოთ საქონლის შეზღუდული რაოდენობის პირობებში. ხაზი გაუსვით, რომ მნიშვნელოვანია პასუხი კითხვებზე: ვინ დარჩება მოგებული და ვინ – წაგებული განაწილების არჩეული სისტემით; განაწილების რომელი ფორმაა უფრო სამართლიანი და რატომ.

პრესასთან კავშირი. მოძებნონ სტატიები ქვეყნებზე, რომლებმაც გადაიტანეს ეკონომიკური სისტემის შეცვლის რთული პროცესი (მაგ., ყოფილი სსრკ რესპუბლიკების შესახებ) და იმსჯელეთ პრობლემებზე, რომლებსაც ისინი შეეჯახნენ.

 

წყარო: Caulson E., McCorkle S., (1996). Master Curriculum Guide in Economics Teaching Strategies 5-6, National Council on Economic Education

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი