შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ადამიანთა მრავალფეროვნება განათლებაში-„ვისი გორისა ვართ“

ხშირად მიფიქრია, რომ უნდა არსებობდეს სახელმძღვანელო პატარებისთვის, რომელიც მოუთხრობდა, როგორ პლანეტაზე ცხოვრობენ, რატომ არ ცვივდებიან დედამიწიდან, სავარაუდოდ რამდენი ხნით არიან დედამიწაზე, როგორ ერიდონ შხამიან სუროს და ასე შემდეგ…  ვისურვებდი ესაუბრათ მათთან კულტურის ფარდობითობის შესახებ. სხვა კულტურების შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ კოლეჯში არ დავიწყე სწავლა, არადა პირველ კლასშივე უნდა მესწავლა. პირველკლასელმა უნდა იცოდეს, რომ მისი კულტურა, არ არის რაციონალური გამოგონება; რომ არსებობს ათასობით სხვა კულტურა; რომ ყველა კულტურა ფუნქციონირებს რწმენის და არა ჭეშმარიტების საფუძველზე; რომ არსებობს ჩვენი საზოგადოების უთვალავი ალტერნატივა. კულტურის ფარდობითობა მომგებიანი და მიმზიდველია. ის იმედის წყაროც არის. ის ნიშნავს, რომ თუკი არ მოგვწონს, არ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ვცხოვრობთ.

კურტ ვონეგუტი

ამას წინათ სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობდი. ქალბატონი ამოვიდა, მძღოლს მადლობა გადაუხადა, მალე ჩავდივარო და კიბეებთან მორიდებულად გაჩერდა. მალევე ჩავიდა. ჩავიდა და აღარ გაჩერდა წინა სკამზე მჯდარი ქალბატონი: „რას ამოდიოდა საერთოდ, რას გავს ეს უპატრონო, ნახე რა აცვია, ნახე-ნახე როგორ მიდისო…” კარგა ხანს გესლავდა შუქნიშანზე გაჩერებული სამარშრუტოდან ფეხით მიმავალს. თან გვერდით მჯდომ მამაკაცს ხელს ჰკრავდა, მისმინეო… 

ადამიანთა განსხვავებულობის ცნობილი მკვლევარი კენეტ კუშნერი გვთავაზობს წყაროებს, რომელიც ინდივიდის კულტურულ იდენტობას („ვისი გორისაა”) უდევს საფუძვლად. მისეული თორმეტი წყარო სხვადასხვა ადამიანზე, სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს. მაგალითად, ადამიანმა შესაძლოა საკუთარი თავი ასე დაახასიათოს: „ახალგაზრდა, შეძლებული, სპორტული აღნაგობის მამაკაცი გერმანიიდან, რომელიც საქართველოს სოფელში მასწავლებლად მუშაობს”.

ასეთი დახასიათება პიროვნების კულტურული იდენტობის აღწერისთვის რამდენიმე წყაროს იყენებს: 

Øახალგაზრდა (ასაკი);
Øშეძლებული (სოციალური კლასი);
Øსპორტული (უნარი);
Øგერმანელი (ეროვნება);
Øმამაკაცი (სქესი);
Øმასწავლებელი (სოციალური სტატუსი);
Øსაქართველოს სოფელი (გეოგრაფია).

თავის ცნობილ წიგნში „ადამიანთა მრავალფეროვნება განათლებაში: ინტერკულტურული მიდგომა” (მე-8 გამოც. McGraw-Hill, 2014), თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს კულტურული იდენტობის წყაროებს.
ყოველი წყაროს ფარგლებში სოციალიზაციის სხვადასხვა „აგენტები” გვეხმარებიან საკუთარი თავის, როგორც ინდივიდების თვითგანსაზღვრაში. ისინი სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენენ თითოეულ ჩვენგანზე. კულტურის განსხვავებული წყაროები სხვადასხვა ხარისხით ყალიბდება სოციალიზაციის აგენტების სხვადასხვა კომბინაციით. 

გთავაზობთ ორ მაგალითს: 

1.ოჯახი (აგენტი) და საზოგადოება (აგენტი) შესაძლოა სოციალიზაციის მთავარი აგენტები იყოს, რომლებიც გვეხმარებიან საკუთარი კულტურის განსაზღვრაში. ოჯახსა და საზოგადოებას შესაძლოა გარკვეული წარმოდგენები ჰქონდეს, როგორ უნდა ვილაპარაკოთ (ენა, როგორც წყარო) სახლში და საზოგადოებაში, რას ნიშნავს სოფლელობა და ქალაქელობა (გეოგრაფიული საცხოვრებელი). სავარაუდოა, რომ ოჯახი და საზოგადოება აყალიბებს ჩვენს დამოკიდებულებას როგორც ენის, ისე გეოგრაფიული ადგილის მიმართ.  

2.სოციალიზაციის თავდაპირველი აგენტები შესაძლოა, მედია და ეკლესია იყოს. მედიის საშუალებით ჩამოგვიყალიბდება წარმოდგენა, რას ნიშნავს იყო ახალგაზრდა, სპორტული და გერმანელი. სავარაუდოდ, ჩამოგვიყალიბდება დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც კეთილდღეობასა და სოციალურ სტატუსს (აგენტები) დავუკავშირებთ ბედნიერებასა და წარმატებას. ეკლესიამ შესაძლოა პირველადი აგენტის როლი შეასრულოს და დაგვეხმაროს წარმოდგენების განსაზღვრაში, რა არის ფასეული სექსუალური ორიენტაციის (წყარო) თვალსაზრისით.
აგენტების ზემოქმედება, კუშნერის (Cushner, K., McClelland, A., & Safford, P. Human diversity in education: An integrative approach, 4th ed., 2003, Boston: McGraw-Hill) სქემის გარკვეული ადაპტაციით, ასე შეიძლება წარმოგვიდგინოთ:
სქემაზე ნათლად ჩანს, რომ სხვადასხვა აგენტები ზემოქმედებენ როგორც ინდივიდზე, ისე ერთმანეთზე. ეს ზემოქმედება რთული და მრავალმხრივია, თანაც დროში ცვალებადი. მისი შემყურე შეიძლება შიშმაც შეგვიპყროს და, გარკვეული თვალსაზრისით, სიმშვიდემაც. შიში იმ პასუხისმგებლობის გამო, რომელიც ერთმანეთის წინაშე გვაკისრია ცალკეული „სააგენტოების” აგენტებს; როგორ შეიძლება ვერ ვიგუოთ ერთმანეთი განსხვავებულობის გამო და ერთი ხელის მოსმით მოვსპოთ.
ისე გავაბრაზოთ შემოქმედი, რომ Delete ღილაკზე ხელის დაჭერა ვაფიქრებინოთ….
სიმშვიდე კი იმის გამო, რომ „სააგენტოების” აგენტები ერთმანეთს ვყავართ – შეგვიძლია მხარში დავუდგეთ, დავეხმაროთ, გზა გავუნათოთ, დედამიწელობის ტვირთი შევუმსუბუქოთ, მრავალფეროვნების სიკეთით დავტკბეთ და გავძლიერდეთ: 

იმედია, მესამე კლასიდან სამოქალაქო განათლების სავალდებულო კურსის – „მე და საზოგადოება” – შეტანა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში იმ სახელმძღვანელოს როლს შეასრულებს, რომელიც კურტ ვონეგუტს ჰქონდა მხედველობაში. კიდევ, იმედია, მალე გამოვნახავთ სახსრებს, რომ უფრო პატარებსაც ვასწავლოთ დედამიწელობის წესები… 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი