შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

დივერგენტული აზროვნება: როგორ შევუწყოთ ხელი კრეატიულობას საკლასო ოთახში (პირველი ნაწილი)

დღევანდელი სამყარო უკვე ძალიან განსხვავდება მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების სამყაროსგან. 21-ე საუკუნის მსოფლიო ინტერნეტის, ხელმისაწვდომი მობილური კავშირის, ციფრული ტექნოლოგიების, პერსონალური კომპიუტერებისა და სულ რამდენიმე წლის წინ წარმოშობილი საინფორმაციო ველებისა და ნაკადების სამყაროა. დღეს ეკონომიკას, ბიზნესს, პოლიტიკას, ხელოვნებასა თუ მრეწველობას ახალი ტიპის მშრომელი ადამიანები სჭირდება. სამწუხაროდ, ამ ნახტომისებურ ცვლილებებს თანამედროვე საზოგადოება და მისი შემადგენელი ნაწილი, სკოლა, იმავე სიჩქარით ვერ მიჰყვებიან. ასეა ჩვენთან და ასევეა დანარჩენ მსოფლიოშიც. ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ადამიანი ახალი ამოცანის წინაშე დააყენა: რა და როგორ ვასწავლოთ ბავშვებს დღეს? რამდენად გამოდგება ის სასწავლო პროგრამები, რომლებითაც დღეს სკოლა ხელმძღვანელობს, 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის? რა ცოდნითა და უნარებით უნდა აღვჭურვოთ სკოლადამთავრებული ახალგაზრდა, რათა მან შეძლოს თავისი ადგილის პოვნა 2025 ან 2030 წლების სამყაროში? რას ითხოვს და რას მოითხოვს სკოლისგან შრომის თანამედროვე და მომავლის ბაზარი?

21-ე საუკუნეში განათლების არსის ამ ცვლილებებმა, ახალმა გარემომ, სწავლების ახალი სტანდარტების შემოღებამ და საზოგადოების ახალმა, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა მოთხოვნილებებმა საჭირო გახადა ახალგაზრდის შემოქმედებითი განვითარებისთვის ახლებური მიდგომების მოფიქრება და შემუშავება. ამ პროცესის გააქტიურება სკოლის მერხიდან უნდა დაიწყოს. როგორც ჩანს, დღევანდელ სკოლაში საჭიროა ბავშვისთვის კრეატიული, შემოქმედებითი გარემოს შექმნა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამ მიმართულებით განვითარება. შრომის ბაზარი, რომელიც დღეს უმეტესწილად განსაზღვრავს ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების აუცილებელ კრიტერიუმებს, ჩვენი შვილებისგან ახალ უნარებსა და ტალანტებს ითხოვს.

აქტუალური ხდება განათლებისთვის ახლებური, არასტანდარტული, დივერგენტული მიდგომების მოფიქრება, რათა შევძლოთ სკოლისადმი თანამედროვე მოთხოვნების სწორად აღქმა, პრობლემის ჩამოყალიბება და მის გადასაჭრელად ძალისხმევის სწორად წარმართვა. განსხვავებული და შემოქმედებითი მიდგომების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ახალი რეალობის გაანალიზება, რომელშიც უკვე ვცხოვრობთ, თუმცა მის შესახებ ბევრი რამ ჯერ არ ვიცით.

ტერმინი „დივერგენცია” ლათინური წარმოშობისაა (divergere – განსხვავების პოვნა) და ძირითადიდან გადახრას ნიშნავს. ტერმინს მრავალი მნიშვნელობა აქვს და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში მათემატიკაში, ბიოლოგიაში, მენეჯმენტსა თუ ენათმეცნიერებაში. 

აქედანვე მომდინარეობს ცნება „დივერგენტული აზროვნებაც”, რომელიც განსხვავებულად აზროვნების უნარის დასახასიათებლად გაჩნდა. დივერგენტული აზროვნება გამოიყენება ამოცანებისა და პრობლემების შემოქმედებითად, არასტანდარტულად გადაჭრისთვის და ბიზნესსა და კორპორატიულ სამყაროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დივერგენტულობას პირდაპირ უკავშირებენ ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების უნარს, მის კრეატიულ შესაძლებლობებს.

კრეატიულობასა და დივერგენციაზე ყურადღება განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში გამახვილდა, როდესაც მსოფლიო ეკონომიკაში დაიწყო წარმოების წესის ცვლილება და ასპარეზზე პოსტინდუსტრიული საზოგადოება გამოვიდა. დღეს პრაგმატული და სწორხაზოვანი გადაწყვეტილებები ისე აღარ ფასობს, როგორც XVIII-XIX საუკუნეებში, მრეწველობის ჩამოყალიბებისა და განვითარების ეპოქაში. ინდუსტრიულ ეპოქაში ბაზარი ითხოვდა იაფ და ორგანიზებულ მუშახელს, საჭირო დონეზე განსწავლულ, კონვეიერული ტიპის სამუშაო ძალას, რაც სტანდარტიზაციას, უნიფორმიზაციას, ერთგვარობას გულისხმობდა. ამ ტიპის ორგანიზებული ენერგია იაფი და ეფექტური წარმოების მთავარი კომპონენტი იყო მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე. 

თანამედროვე კორპორაციებს კი უკვე აღარ სჭირდებათ „კონვეიერის ადამიანი”, რომელიც ერთგვაროვანი, წინასწარ განსაზღვრული მანიპულაციების მეშვეობით შრომობს. ახლა უკვე ისეთებს ეძებენ, რომლებიც რაღაც ახალს, ჯერ არარსებულს, არაორდინარულს, ორიგინალურსა და მიმზიდველს შექმნიან. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მე-20 საუკუნის ბოლოს წარმოშობილი ბიზნესიდეები, რომლებიც ჯერ კიდევ ასაზრდოებს 21-ე საუკუნის წარმოებას და მის „ჰიტებს” წარმოადგენს „სონი ქორპორეიშენის” უოლქმენი (Walkman), მსოფლიო აბლაბუდა – ინტერნეტი, „მაიკროსოფტის” „ვინდოუზის” სისტემა, „ეფლის” აიპოდი და აიფონი, „გუგლის” საძიებო სისტემა და აპლიკაციები, მარკ ცუკერბერგის პირმშო – „ფეისბუქი”, ელექტრონული მაღაზიები „ი-ბეი” და „ამაზონი”. ჩამოთვლილი მაგალითები მოწმობს, რომ დღევანდელი კორპორატიული გიგანტები მხოლოდ ნავთობისა და ქვანახშირის მომპოვებლები თუ ავტომწარმოებლები კი აღარ არიან, არამედ უკვე ციფრული ტექნოლოგიების ვირტუალურ სამყაროში მომუშავე კომპანიებიც. წელს „ეფლის” კაპიტალიზაციამ არნახულ ნიშნულს, 700 მილიარდ დოლარს მიაღწია! შედარებისთვის, ცნობილი ამერიკული „ექსონ მობილის” კაპიტალი 438 მილიარდია, „გუგლისა” – 375 მილიარდი, „შევრონისა” – 220 მილიარდი, „კოკა-კოლასი” კი – 170 მილიარდი.

„ეფლისა” და „მაიკროსოფტის” შემქმნელების, სტივ ჯობსისა და ბილ გეითსის გონებამ, მათი კომპანიების შემოქმედებითმა ჯგუფებმა და, საზოგადოდ, აზროვნების დივერგენტულმა სტილმა მათ საშუალება მისცა, წარმოსახვით შეექმნათ და „დაენახათ” ის, რაც ბუნებაში მანამდე არ არსებობდა. ყველაფერი ჩამოთვლილი (აიპოდი, კომპიუტერის დისპლეი, ვირტუალური მაღაზია თუ ქსელი) მხოლოდ ადამიანის აზროვნების შედეგია და თვალნათლივ გვიჩვენებს, რამდენად ფასეულია დღეს კრეატიული, არასტანდარტული, შემოქმედებითი და დივერგენტული აზროვნება. 

დღეს ადამიანის გონების ამ დაფარული რესურსის – კრეატიულობისა და დივერგენტულობის უნარების – შესწავლის მიზანია ადამიანის თანდაყოლილი ნიჭის, კერძოდ, მისი ინტუიტიური, არალოგიკური, არასწორხაზოვანი აზროვნების განვითარება. ასეთი ნიჭის მქონეთ შეუძლიათ, სხვაგვარად შეხედონ ამოცანას, დაივიწყონ გავრცელებული სტერეოტიპები და განსხვავებულად განიხილონ, აღიქვან ნებისმიერი საკითხი, პრობლემა, სიტუაცია თუ იდეა.

დიდ კორპორაციებს უკვე შემუშავებული აქვთ სპეციალური ტესტები, რომლებიც ადამიანის დივერგენტულ უნარებს ავლენს. მაგალითად, კანდიდატს სთხოვენ მოიფიქროს, რამდენნაირი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ჩვეულებრივ ნივთებს: აგურს, პირსახოცს, თოკს, მუყაოს ნაჭერს. ჩვეულებრივი ადამიანი ამგვარი საგნების გამოყენებისთვის თავისუფლად მოიფიქრებს 12-30 სიტუაციას, ხოლო დივერგენტულად მოაზროვნეებს, ექსპერიმენტების თანახმად, შეუძლიათ, ამ საგნების გამოყენება ას, ორას ან მეტ შესაძლო სიტუაციაში წარმოიდგინონ. 

ამერიკელი ფსიქოლოგი ელის პოლ თორენსი კრეატიულობის რამდენიმე კრიტერიუმს გამოყოფს: 1) აზროვნების სიმარდეს – მრავალი იდეის გენერირების უნარს; 2) მოქნილობას – პრობლემის გადასაჭრელად მრავალფეროვანი სტრატეგიის გამოყენების უნარს; 3) ორიგინალურობას – უცნაური, არასტანდარტული იდეების მოფიქრების უნარს; 4) დამუშავების ნიჭს – უნარს, დეტალურად განიხილო და წარმოიდგინო ახალი იდეები; 5) წინააღმდეგობას – უნარს, გათავისუფლდე, გვერდი აუარო სტერეოტიპებს და გაიხსნა ახალი ინფორმაციის მისაღებად პრობლემაზე ფიქრისას; 6) სახელდების აბსტრაქტულობას – უნარს, სიღრმისეულად ჩასწვდე პრობლემის არსს და მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან გამიჯნო, სახელი დაარქვა იმ ინფორმაციას, რომლითაც იდეას კვებავ, გარდაქმნა მიღებული ინფორმაცია და მას სიტყვიერი ფორმა მისცე.

სკოლაში დივერგენტული აზროვნების უნარების განვითარების გასააზრებლად გთავაზობთ კალიფორნიელი ხელოვნების მასწავლებლის, მხატვრისა და პუბლიცისტის სტეისი გუდმანის მოგონებას: 

„ერთხელ მე-11 კლასს ვუჩვენე ფილმი, სახელად Ma Vie En Rose („ჩემი ცხოვრება ვარდისფერში”). ფილმი აღწერს 7 წლის ბიჭის ლუდოვიკის ისტორიას, რომელსაც მიაჩნია, რომ გოგონაა. მას აქტიური წარმოსახვის უნარი აქვს, თოჯინებით თამაშობს და კაბებს იცვამს. ამ უცნაურობის გამო ლუდოვიკს უფროსები და სხვა ბავშვები ხშირად დასცინიან, საყვედურობენ და უბრაზდებიან. ამ ფილმმა და არასტადარტულმა ისტორიამ ჩემს მოსწავლეებს საშუალება მისცა, გაეფართოებინათ თავიანთი წარმოდგენა სქესსა და იდენტობაზე. ფილმის შემდეგ, დისკუსიის დროს, წარმოიშვა საინტერესო კითხვა, რომელიც ჩვენი წარმოსახვის საზღვრებს შეეხებოდა. იმ საზღვრებს, რომლებიც გვაიძულებს ვიყოთ ის, ვინც სინამდვილეში არ ვართ.

მსგავსი სიტუაციაა აღწერილი ფილმში „დივერგენტი” (სცენარი შექმნილია ვერონიკა როთის რომანების მიხედვით), რომელშიც მთავარ გმირს აიძულებენ, აირჩიოს თავის იდენტობა. ამ ფილმში, მომავლის უტოპიურ საზოგადოებაში, ადამიანები პიროვნული თვისებების მიხედვით 5 ფრაქციად არიან დაყოფილნი. ახალგაზრდები იძულებულნი არიან, აირჩიონ თავიანთი ჯგუფი (ფრაქცია), რათა ზრდასრულის სტატუსი მიიღონ. მთავარმა გმირმა გოგონამ, ტრისმა, იცის, რომ იძულებითი არჩევანის გამო შესაძლოა სამუდამოდ დასცილდეს თავის ოჯახსა და მეგობრებს. ტრისი გრძნობს, რომ იგი არც ერთ შემოთავაზებულ ჯგუფს არ მიეკუთვნება. როგორც ლუდოვიკი, ტრისიც იძულებულია დამალოს თავისი აზრები და საფრთხე ააცილოს საყვარელ ხალხს. ტრისმა ისიც იცის, რომ მის საზოგადოებაში ყველაზე საშიშ ადამიანებად ისინი მიიჩნევიან, ვინც თავისუფლად აზროვნებს და ვისი კატეგორიზაციაც ძნელია. უტოპიურ დიქტატურაში მათ დივერგენტებს ეძახიან”.
დივერგენტული აზროვნების შესახებ

დივერგენტული აზროვნების განმარტებისას მეტწილად საუბრობენ „განსხვავებულ მიდგომაზე” ან „განსხვავებული მიმართულებით აზროვნებაზე”. დივერგენტული აზროვნება ნიშნავს ისეთი მიმართულებით სიარულს, როდესაც გონებაში წარმოშობილი იდეები არ ეთანხმება საკითხის შესახებ მოლოდინებს, გამორიცხავს რუტინულ აზროვნებას ან ნასწავლის გამეორებას. ამერიკულ ინგლისურში არსებობს გამოთქმა „thinking outside the box – აზროვნება ჩარჩოების გარეთ”, რომელიც კრეატიულობასთან, ორიგინალური იდეების გენერირებასთან ასოცირდება. კონვერგენტული აზროვნება კი ისეთი აზროვნების სტილს გულისხმობს, რომელიც მოითხოვს იდეებისა და აზროვნების შესაბამისობას „სწორ” მიმართულებასთან ან პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზის პოვნას.

ხანგრძლივი და მრავლფეროვანი კვლევების თანახმად, ბავშვებში დივერგენტული აზროვნება თითქმის 100%-ს უდრის. ბავშვებს გენიოსის დონეზე შეუძლიათ განსხვავებულად აზროვნება, მაგრამ დროთა განმავლობაში, ზრდასრული ასაკის მიღწევისას, ჩვენი დივერგენტული ხედვისა და ფიქრის უნარი დრამატულად მცირდება. შესაძლოა, ასეც უნდა იყოს; ალბათ ძნელი წარმოსადგენია, საშუალო სკოლის 10-15 წლის მოსწავლეებს ისეთივე წარმოსახვა ჰქონდეთ, როგორიც 3-4 წლის ბავშვებს. თუმცა ბევრი მასწავლებელი და განმანათლებელი ეჯახება იმ სასტიკ რეალობასაც, როდესაც მოსწავლეებს არ შეუძლიათ შემოქმედებითად აზროვნება. მრავალი მკვლევარი (მათ შორის – სერ კენ რობინსონიც, ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი) იმასაც ამბობს, რომ კრეატიულობას და წარმოსახვის უნარს ბავშვებს სწორედ სკოლა უკლავს.

დივერგენტულ ქცევას სკოლებში ძირითადად ეწინააღმდეგებიან. მოსწავლეებს ხშირად ეშინიათ „არასწორი რაღაცეების” თქმის. არ არის გასაკვირი, რომ მასწავლებლები და მოსწავლეთა ჯგუფი სკოლაში ხშირად ისეთ გარემოს ქმნიან, რომელშიც შეუძლებელია განსხვავებული, არასწორი თუ შეუფერებელი საქციელი ან აზროვნება.
სკოლების აშკარად კონვერგენციულ (დამსგავსების, ერთგვარობის) სისტემას საფუძველს უმაგრებს ცოდნის ნიშნებით შეფასება. ცუდი ნიშნებით სჯიან იმ მოსწავლეებს, რომლებიც „არასწორად” აზროვნებენ; სკოლის სამყარო ხელს უწყობს მათ გარიყვას, ვინც არანორმატიულად იქცევა ან სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამს გარემოს. თუ შემოქმედებითი ნიჭის საფუძველი დივერგენტული აზროვნებაა, მაშინ ნათელია, რატომ ითრგუნება ხშირად უცნაური იდეები და აქტიური წარმოსახვა მოსწავლეთა შორის.

უნდა ითქვას, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამო სასკოლო სისტემა დივერგენტულობას ებრძვის. დივერგენტული მიდგომა ყველა იდეას თანასწორად აფასებს, მიუხედავად კონტექსტისა თუ მათი გამოყენებისა. იგი უგულებელყოფს კრიტერიუმებს, ინსტრუქციებსა თუ შეფასების პროცესს, რაც კონვერგენტულობის მთავარი ელემენტია. გარდა ამისა, არსებობს სიტუაციები, როცა დივერგენტულმა საქციელმა შესაძლოა ვინმეს ფიზიკური ზიანი მიაყენოს (მაგალითად, ქიმიის გაკვეთილზე ან ეზოში თამაშისას). გარდა ამისა, ზოგიერთი მასწავლებლისთვის დივერგენტული ტიპის აზროვნება საკლასო ოთახში შესაძლოა გამოწვევად იქცეს – მოსწავლეები ცუდად იქცევიან, არ ემორჩილებიან წესებს ან ამჟღავნებენ ისეთ თვისებებს, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს. ასეთი არანორმატიული მოსწავლეები, ზემოთ ნახსენები ლუდოვიკის მსგავსი ბავშვები, რომელიც ან ტრანსგენდერია, ან თავს, ვთქვათ, ათეისტად მიიჩნევს, ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება დივერგენტებად ჩაითვალონ. ჩვენი, სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების, გადასაწყვეტია, როგორ შევაფასებთ მოსწავლის საქციელს და შევძლებთ თუ არა, ჩვენი შეფასება, თუ აუცილებელია, თანამედროვე სოციალური ნორმების ჩარჩოებიდან გავიდეს და მოსწავლეთათვის ის გავაკეთოთ, რაც სასარგებლოა მათი სულისთვის, საზოგადოდ, ჰუმანურობისა და სკოლასთან მათი ერთობისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი