შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

კრიტიკული პედაგოგიკა სკოლამდელი და დაწყებითი განათლების საფეხურზე

გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა უთანასწორობებით, სტერეოტიპული დამოკიდებულებებით და დისკრიმინაციული ქმედებებით ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ: ქალების საშუალო შემოსავალი მამაკაცებისას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებს, აგრეთვე სოფლებში მცხოვრებ ბევრ ადამიანს არ ეძლევა სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სერვისებით სრულფასოვნად სარგებლობის საშუალება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს არ აქვთ საჭირო პირობები განათლების მისაღებისა და დასაქმებისთვის. გავრცელებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური დამოკიდებულებების გამო სექსუალური უმცირესობები იძულებულნი არიან დამალონ საკუთარი იდენტობა და ყოველდღიურად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხის ქვეშ იცხოვრონ. ზოგიერთი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები და უკიდურესად ღარიბი მოსახლეობა სრულიად მარგინალიზებულია საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან; ქალებისა და ბავშვების მიმართ გავრცელებული ძალადობა ხშირად იგნორირებულია საზოგადოების მიერ; მმართველი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები შეურაცხყოფს და ღირსებას ულახავს ადამიანთა ზოგიერთ ჯგუფს და ა.შ. 

უთანასწორობა და დისკრიმინაცია, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ხშირად შეუმჩნეველი რჩება მათთვის, ვინც უშუალო მსხვერპლი არ არის. მეტიც, ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, ავი განზრახვის გარეშე, უთანასწორობისა და დისკრიმინაციის რეპროდუქციას ახდენს ინდივიდუალურ დონეზე. კრიტიკული პედაგოგიკის ამოცანაა დისკრიმინაციის „გაუბრალოების” და უთანასწორობის მიმღეობის პრობლემატიზება და აქტიური მოქმედება სოციალური სამართლიანობის მიღწევისთვის. 

დისკრიმინაცია გულისხმობს ადამიანთა არათანაბარ მოპყრობას, იმის მიხედვით თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი. შეგვიძლია სამი ტიპის დისკრიმინაციის გამოყოფა: ინდივიდუალური, ინსტიტუციური და სტრუქტურული. ინდივიდუალური დისკრიმინაცია გულისხმობს ერთი ჯგუფის წევრის მიერ მეორე ჯგუფის წევრის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ აქტს. განათლებაში ინდივიდუალური დისკრიმინაციის მაგალითია, როდესაც შშმ ბავშვს დირექტორი უარს ეუბნება სკოლაში მიღებაზე. ინსტიტუციური დისკრიმინაცია გულისხმობს დისკრიმინაციულ პოლიტიკურ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ  სისტემას, ხოლო სტრუქტურული დისკრიმინაცია, გულისხმობს ისეთ პოლიტიკასა და საკანონმდებლო სისტემას, რომლის პირდაპირ მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაცია, მაგრამ არსებული რეალობების გამო უარყოფითი შედეგები მოაქვს ადამიანთა ზოგიერთი ჯგუფისთვის. 

უთანასწორობა ჩვენი საზოგადოების მწვავე პრობლემაა. რეალობაა, რომელშიც ბავშვები იბადებიან, იზრდებიან და სიცოცხლის მანძილზე განიცდიან მის შედეგებს. სკოლამდელ და დაწყებით სასკოლო ასაკში ბავშვი ყველაზე ინტენსიურად ვითარდება, უყალიბდება დამოკიდებულებები განსხვავებული ადამიანების მიმართ. სწორედ ამიტომ ეს მეტად მნიშვნელოვანი პერიოდია როგორც უთანასწორობის შედეგების შემცირებისთვის, ასევე დისკრიმინაციული დამოკიდებულებების და ქმედებების გამრავლების შეწყვეტისთვის.

თანასწორობა არ ნიშნავს იგივეობას; ის არ გულისხმობს ერთნაირ ქმედებას, ერთნაირი რესურსების გამოყენებას განსხვავებული ადამიანებისთვის, ვინაიდან მათ განსხვავებული საჭიროებები აქვთ. მაგალითისთვის ავიღოთ რამდენიმე ბავშვი. პირველი ბავშვი მასტიმულირებელ ოჯახურ გარემოში იზრდება, აქვს კარგი კვებისა და მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა;  მეორე ბავშვი შინ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, სკოლაში კი – ქართულად სწავლობს; მესამე – შინ ბევრს შრომობს ოჯახის დასახმარებლად; მეოთხე – ხშირად ოჯახური ძალადობის მომსწრეა; მეხუთე – პირველკლასელი ბიჭუნაა, რომელსაც მოსწონს თოჯინებით თამაში, რის გამოც თანატოლები დასცინიან, ზრდასრულები კი საყვედურობენ. ამ ბავშვებს განსხვავებული საჭიროებები და ინტერესები აქვთ და იმისათვის, რომ თითოეულს საუკეთესო დასაწყისი ჰქონდეს, საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში, პედაგოგმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სწორედ ის უნდა მისცეს მათ, რაც ყველაზე უკეთ უპასუხებს მათ საჭიროებებს. 

განსხვავებული საჭიროებების მიმართ სენსიტიური და მზრუნველი პრაქტიკა აუცილებლად გულისხმობს დისკრიმინაციასთან აქტიურ ბრძოლასაც. მასწავლებლებს ხშირად მიაჩნიათ, რომ დისკრიმინაციის საკითხის წამოწევა უმცროსი ასაკის ბავშვებთან უადგილოა, რადგან ბავშვებს ერთმანეთს შორის განსხვავებები ნაკლებად აინტერესებთ, ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები და ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით ხელოვნურად შევუქმნით დისკრიმინაციის შესახებ წარმოდგენებს. მაგრამ ეს ასე არ არის. ბავშვები არ იზრდებიან იზოლირებულ, სტერილურ გარემოში; მათ მუდმივად ესმით ვინ არის პრივილეგირებული, ვინ ითვლება „უკეთესად”, ვინ ფლობს მეტ ძალაუფლებას და ა.შ. ამ „მესიჯებთან” აქტიური ბრძოლის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია უთანასწორობის მუდმივად რეპროდუცირებადი ციკლის გარღვევა. კვლევები ადასტურებს, რომ უკვე სამი-ოთხი წლის ასაკიდან ბავშვები ამჩნევენ გენდერულ, რასობრივ, ფიზიკურ და ენობრივ განსხვავებებს და უყალიბდებათ სტერეოტიპული დამოკიდებულებები საკუთარი ან სხვათა იდენტობების მიმართ. 

კრიტიკული პედაგოგიკა, პირველ რიგში, გულისხმობს განსხვავებულობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით მასწავლებლის მიერ საკუთარი დამოკიდებულებების გაანალიზებას. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ არ ვართ ნეიტრალურნი; ჩვენ გარკვეული კულტურის, დამოკიდებულებების და ღირებულებების მატარებლები ვართ, მათ შორის შესაძლოა სტერეოტიპული წარმოდგენებისაც. ყოველივე ეს ზეგავლენას ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე, ბავშვებთან და მათ ოჯახებთან ურთიერთობაზე. თვითრეფლექსია პირველი და ალბათ ყველაზე რთული ნაბიჯია ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნის გზაზე. 

კრიტიკულ თვითრეფლექსიასთან ერთად მნიშვნელოვანია ღიად მივიღოთ განსხვავებები ბავშვებსა და ოჯახებს შორის. განსხვავებულობა ერთი შეხედვით შესაძლოა საშიშად და მიუღებლად მოგვეჩვენოს, მით უმეტეს თუ ის საფრთხეს უქმნის ჩვენს დომინანტურ პოზიციას – ძალაუფლებას, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, როგორც სხვა, „ძლიერი” ჯგუფის წევრები. მაგრამ მრავალფეროვნება – სიმდიდრეა, რომელსაც შეუძლია თითოეული ჩვენგანის ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოს, მრავალფეროვნების გარეშე ძნელად წარმოსადგენია განვითარება. მისი მიღება და შესწავლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პედაგოგმა შეძლოს განსხვავებულთან დიალოგი (რამდენადაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას) და თავდაჯერებული მოქმედება, როდესაც კლასში თუ კლასს გარეთ დისკრიმინაციის პირისპირ აღმოჩნდება. 

იმისათვის, რომ თითოეულ ბავშვსა და ოჯახს პატივს სცემდნენ, თითოეულის იდენტობა დაფასებული იყოს და ყველა ჯგუფის თანასწორ წევრად გრძნობდეს თავს, მნიშვნელოვანია, ყველა სტერეოტიპული შენიშვნა და დისკრიმინაციული ქმედება უპასუხოდ არ დარჩეს. თუმცა, კონკრეტულ ინციდენტებზე რეაგირება ანტიდისკრიმინაციული განათლების მხოლოდ ერთი მხარეა. მასწავლებელი მუდმივად, საგანმანათლებლო პროცესის დროს, ხელს უწყობს კლასში განსხვავებული იდენტობების წახალისებას, თითოეული ბავშვის ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებას, ეხმარება მოსწავლეებს კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი დამოკიდებულებები სხვების მიმართ, ხელს უწყობს მათ თვითრწმენასა და უვითარებს უნარ-ჩვევებს, რათა ბავშვებმა დამოუკიდებლად შეძლონ წინააღმდეგობა გაუწიონ უსამართლო მოპყრობას (მათ მიმართ თუ სხვების მიმართ). 

ანტიდისკრიმინაციული საგანმანათლებლო გარემო და პროცესი უმნიშვნელოვანესია სოციალური ცვლილებებისთვის, ახალი რეალობისთვის, რომლებიც ბავშვებს, მიუხედავად მათი იდენტობისა მაქსიმალურად თანასწორ (და არა იგივე) შესაძლებლობებს მისცემს სწავლისთვის, განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. სოციალური სამართლიანობის იდეალის მქონე პედაგოგისთვის ყოველდღიურ პრაქტიკაში დღის წესრიგში უნდა იდგეს კომუნიკაცია და დიალოგი განსხვავებულთან, კრიტიკული რეფლექსია და პრობლემური საკითხების განსხვავებული შეხედულებებიდან განხილვა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მრავალფეროვან გარემოში სადაც განსხვავებული კულტურები და იდენტობები იკვეთებიან, შეგვხვდება უთანხმოებაც, რომელიც უკუგდების ან უმცირესობის ჩაგვრის ნაცვლად, მასწავლებლების, ბავშვებისა და მშობლების  მიერ სწავლისა და გამოსავლის ძიებით, ეთიკურ პროცესად უნდა იქცეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი