პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კუდიანებზე ნადირობა წითელ სცენაზე

ართურ მილერის „სეილემის პროცესი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის აფიშაზე – თავდაპირველ დაბნეულობას სიხარული ცვლის, სიხარულს – დაეჭვება: არ გაუჭირდებოდა თეატრს თავისი განსაკუთრებული მაყურებლებისთვის ისეთი სპექტაკლის შეთავაზება, როგორიც მათ გულსა და გონებას დიდი ხნით დაიპყრობდა? ართურ მილერი უდავოდ დიდი სახელია, ეს პიესაც პირველად არ იდგმება ქართულ სცენაზე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს მოზარდებისთვის, უფროსკლასელებისთვის, საერთოდ, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყველგან და ყველაფერში რაღაც სათავისოს ეძებენ? შორეული წარსულის არცთუ იოლად აღსაქმელი ამბებით მათი დაინტერესება, ერთი შეხედვით, საკმაოდ რთული ამოცანა უნდა იყოს.

1692 წელი, მასაჩუსეტსი. სალემში ხმები დადის, ვიღაც-ვიღაცები სატანას შეკვრიან და მისი ბნელი საქმეების თანამონაწილეებად ქცეულანო. ყველაფერს გაფაციცებით აკვირდებიან, ყველა ხის უკან ავი სულები და კუდიანები ელანდებათ. პურიტანული საზოგადოების ჩახუთულ სივრცეში გადამდები სენივით სწრაფად ვრცელდება შიში და ისტერია. არაჯანსაღი ატმოსფერო ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყოველგვარი სიბრიყვის დასაჯერებლად და უგუნური ნაბიჯების გადასადგმელად. სწორედ ამ დროს ქალიშვილები, რომლებსაც თავშესაქცევი ბევრი არაფერი აქვთ, მალულად იკრიბებიან და ცეკვას იწყებენ…

პიესას ორიგინალში „The Crucible“ ჰქვია, რაც შეგვიძლია „მკაცრ გამოცდად“ თუ „მძიმე განსაცდელად“ ვთარგმნოთ. მისი წერისას ართურ მილერი ნამდვილ ამბავს დაეყრდნო, მთავარი გმირების სახელებიც კი უცვლელად დატოვა. 1692-93 წლებში სალემში მართლაც იმართებოდა სასამართლო პროცესები, სადაც ადგილობრივ მოსახლეებს კუდიანობაში სდებდნენ ბრალს და აღიარებით ჩვენებებსაც იღებდნენ. მთელი დასახლება მასობრივმა ისტერიამ მოიცვა. საბოლოოდ, ოცი ბრალდებული ჩამოახრჩვეს, მათ შორის – თოთხმეტი ქალი. რამდენიმე „კუდიანი“ ჩამოხრჩობამდე, საპყრობილეშივე გარდაიცვალა.

სცენა ერთიანად გადაწითლებულია. სისხლი, სისხლის წყურვილი, მოუთოკავი ვნებები… მესმის, რასაც ემსახურება მთელი ეს სიწითლე, მაგრამ მაინც გადამეტებული მგონია – სწორხაზოვნად მიმანიშნებელი იმაზე, რაც ჩვენ თვალწინ უნდა გათამაშდეს. ასეთივეა დასაწყისის მუსიკაც. თითქოს ვიღაც გვეუბნება: უნდა შეგაშინო, უნდა დაგზაფრო, საზარელი სანახაობა გელის, თვალი და ყური უნდა შეაგაჩვევინოო.

დარბაზში ოცდაათი-ორმოცი მაყურებელია. უმრავლესობა უფროსკლასელია – სანამ შუქი ჩაქრება, ხმამაღლა იცინიან, სელფებს იღებენ, სკოლის ამბებს არჩევენ. მათი ყურადღებისა და ენერგიის სცენისკენ მიმართვა ადვილი ნამდვილად არ იქნება.

– არ დავინახო, ტელეფონებში იყუროთ, შეინახეთ და სცენას უყურეთ, – მესმის მასწავლებლის ხმა.

პირველი მოქმედების დაწყებისთანავე ვხვდები, რატომ უნდა იყოს გამართლებული ამ სპექტაკლზე უფროსკლასელების წამოყვანა. ის, რასაც ვხედავ, მნიშვნელოვანია სწორედ აქ და ახლა: კუდიანებზე ნადირობის ვნებას სიმძაფრე არც ჩვენს საუკუნეში დაუკარგავს, რელიგიური ფანატიზმისა თუ „ახალი პურიტანიზმის“ საფრთხეც ხელშესახებია, განუსჯელად დადანაშაულების, საქმის არსში გაურკვევლად დასკვნების გამოტანის, საყოველთაო ისტერიას აყოლის მრავალი შემთხვევა გვახსოვს. მერე რა, თუ „სეილემის პროცესში“, ისევე როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის სხვა სპექტაკლებში, შესაძლოა მოგეჩვენოს, რომ მეტისმეტად ნათლად ჩანს რეჟისორის ჩანაფიქრი, შემაჯამებელ სენტენციებსაც ხელისგულზე გვიდებენ…

– გმადლობთ, ნანა მას! – ეს სიტყვები პირველი მოქმედების დასრულებისთანავე გავიგონე.

გოგოს ხმა იყო. უხაროდა, რომ ნანა მასწავლებლის არჩევანმა გაამართლა; რომ თეატრში წამოვიდა სხვებთან ერთად, მე-17 საუკუნის ამერიკაში მოხვდა, და რომ წინ მთელი მეორე მოქმედება ელოდა. გადამდები სიხარული იყო – გულით გავიზიარე, თუმცა კი თავი არ მიმიბრუნებია და მოსწავლე-მასწავლებლის სახეები არ დამინახავს.

ართურ მილერმა „სეილემის პროცესი“ 1953 წელს დაწერა, იმ პოლიტიკური ვითარების საპასუხოდ, რომელიც იმხანად სუფევდა მის სამშობლოში. მაკარტიზმი, კომუნისტად შერაცხილთა დევნა, კომუნისტობაში ეჭვმიტანილთა გასამართლება, ჯაშუშებისა და მოღალატეების ისტერიული ძებნა… პიესის წარმატებას უდავოდ განაპირობებს ისიც, რომ ყოველ ეპოქას თავისი „კუდიანები“ ჰყავს – ყოველთვის მოიძებნება ის, ვისზეც ჯოხი უნდა გადატყდეს. და დღეს ვის ვდევნით? ვის გასამართლებას მოვითხოვთ? ვისი გვეშინია?

„აღიარება ან სიკვდილი!“ – ამ სიტყვებით მიმართავენ სეილემის თავგზააბნეულ მკვიდრთ ისინი, ვისაც სიმართლის გარკვევა სულაც არ აინტერესებთ. მთავარია, ვიღაც უმკაცრესად დაისაჯოს. სიცოცხლის შესანარჩუნებლად ბევრი გადაწყვეტს, აღიაროს, რომ კუდიანია, რომ ბნელ ძალას ემსახურება, რომ ღამღამობით დაფრინავს ხოლმე… ყველაზე მამაცი და მომხიბვლელი გმირი, ჯონ პროქტორიც კი შეყოყმანდება ერთხანს. და მე და შენ როგორ მოვიქცეოდით? აქვს თუ არა აზრი უსამართლობასთან დაპირისპირებას მაშინ, როცა ბრძოლა იმთავითვე წაგებულია? რა ამართლებს მათ თავგანწირვას, ვინც სახრჩობელა აირჩია?

კითხვას კითხვა მოჰყვება. პასუხების საძებნელად დიდი დრო გვაქვს.

არც ეს დაგვავიწყდეს: ყველაფერი ქალიშვილების ყოვლად უწყინარი ცეკვით დაიწყო.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი