პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენ საქართველოსთვის ვასწავლით

„ჩვენ საქართველოსთვის ვასწავლით” – დღეს თუ ვინმეს აქვს ამ სიტყვების ამაყად წარმოთქმის უფლება, უპირველესად, ეს თქვენ ხართ, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილეები. რომ იცოდეთ, რამდენი ხანია ვფიქრობ, როგორ, რა სიტყვებით გამოვხატო საჯაროდ თქვენდამი სიყვარული და პატივისცემა… ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა.

ბედნიერი ვარ, რომ პროგრამის ამუშავების დღიდან თქვენთან ყოველწლიური ურთიერთობის საშუალება მაქვს. ტრენინგების თითოეული თქვენთან გატარებული დღე ჩემთვის დაუვიწყარია. ახლა, როცა იმ დღეების მნიშვნელობას ვაცნობიერებ, ვხვდები, რატომ არის ასე – მე გიყურებდით როგორც მომავალ გმირებს. დიახ, თქვენ, ჩემი აზრით, ნამდვილი გმირები ხართ. განა გმირობა არ არის, მიატოვო ოჯახი, შვილები, ახლობლები, სახლი, ხშირად სამსახურიც და წახვიდე არა უცხოეთში, როგორც მრავალი ჩვენი თანამემამულე, არამედ საქართველოს იმ რეგიონში, სადაც, გაუსაძლისი პირობების გამო, ადგილობრივი მოსახლეობაც კი ვეღარ ჩერდება და დედაქალაქისკენ მოისწრაფვის. თქვენ კი მიდიხართ, რათა იქაური სკოლა დახურვას გადაარჩინოთ. ამბობენ, სოფელი მაშინ კვდება, როცა იქ სკოლა იხურებაო. ალბათ, მომავალში უკეთ გამოჩნდება, რამდენი ქართული სოფლის გადარჩენაში შეიტანეთ თქვენი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი.

რა თქმა უნდა, გმირობა ადვილი არ არის. თქვენც, ბუნებრივია, ღელავდით და ალბათ, ცოტა არ იყოს, გეშინოდათ კიდეც, სანამ გაიგებდით, რომელ რაიონში, რომელ სოფელში მოგიწევდათ წასვლა. კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როცა სკოლების განაწილებისას აუდიტორიაში ერთგვარმა შიშმა და მღელვარებამ დაისადგურა, თქვენი ერთი კოლეგა, ახალგაზრდა გოგონა, წამოხტა და ყველას გამხნევება სცადა: „ხალხო, რა განერვიულებთ, რა გაშინებთ; რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოს რომელ კუთხეში წავალთ, – ყველგან ჩვენი პატარა ქართველები გველიან, ყველგან საქართველოა!” მერე კი ხელმძღვანელს მიმართა: „მე ყველაზე შორეულ სოფელში გამიშვით, იქ, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვთ, მინდა, იქ ვასწავლო ბავშვებს”. მახსოვს, როგორ განმუხტა მისმა სიტყვებმა დაძაბულობა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი შეძახილების გარეშეც პირველ მღელვარებას ყოველთვის მოსდევდა იმ კუთხით დაინტერესება, სადაც განაწილებით ხვდებოდით. ზაფხულშივე ცდილობდით რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოძიებას სოფლის შესახებ, უკავშირდებოდით სკოლის ხელმძღვანელობას. ხშირად იქ ჩასვლასა და მომავალ თანამშრომლებთან, სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრაზეც არ ამბობდით უარს.

დღეს, როცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში თქვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველ ფოტოსურათებს ვათვალიერებ, ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ. თქვენი საქმიანობა თავად თქვენც სიამოვნებას გგვრით და ჩვენი ქვეყნის შორეულ სოფლებში მცხოვრებ პატარა ქართველებსაც დიდ სიხარულს ანიჭებთ.

გმირები საზოგადოებას ყოველთვის სჭირდებოდა, სჭირდება და მომავალშიც დასჭირდება. ისინი აძლევენ ბიძგს ღირებულებათა დამკვიდრებას. ძალიან მინდა, თქვენს გმირობას ყველა ხედავდეს. თქვენ აკეთებთ იმას, რაც ბევრს მხოლოდ სუფრასთან, სადღეგრძელოს წარმოთქმისას ახსენდება. ცდილობთ, თქვენი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ საქართველოს გაძლიერებაში, ხართ იქ, სადაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებით ქვეყანას და თქვენი საქმიანობით ადასტურებთ საქართველოს სიყვარულს. ვიცი, რომ გაცილებით მეტს აკეთებთ იმ სოფლებისთვის, სადაც მოღვაწეობთ, ვიდრე ეს სამსახურებრივად გევალებათ. სხვაგვარად ალბათ ვერც მოიქცეოდით, ვინაიდან გრძნობთ, რომ ამით დიდ სიხარულს ანიჭებთ იქ მცხოვრებ პატარებს.

ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, შევხვედროდი ზოგიერთი იმ სკოლის დირექტორს, სადაც თქვენ საქმიანობთ და მომესმინა მათი შთაბეჭდილებები თქვენ შესახებ. მიხარია, რომ მათში დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გაღვივება მოახერხეთ. ვიცი, ზოგიერთი თქვენგანი პროგრამის დასრულების შემდეგაც რჩება სკოლაში და სიყვარულით აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას, პროგრამის ცალკეული მონაწილეები კი ოჯახებითურთ გადასახლდით საქართველოს შორეულ სოფლებში.

თქვენ ხართ იქ, სადაც საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. მართალია, ძალიან რთულ პირობებში ეწევით საპასუხისმგებლო, საინტერესო და, ამასთან, ძალზე რთულ საქმიანობას, მაგრამ გავა წლები და მერწმუნეთ, ყველაზე დიდი სიყვარულით თქვენი ცხოვრების სწორედ ამ პერიოდს გაიხსენებთ. ისევე როგორც დიდი სიყვარულით გაგიხსენებენ იმ სოფლების მცხოვრებნი. დალოცვილი ყოფილიყავით თქვენ მიერ არჩეულ გზაზე. ეს გზა საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ კეთილშობილური მისიის შესრულებაში. წარმატება ყოფილიყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი. მიყვარხართ, მეამაყებით, მენატრებით.

პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის” 2014 წელს ჩართული პედაგოგების ორი ჯგუფი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი