პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლირიკული ტექსტების ანალიზი საბაზო და საშუალო საფეხურზე

სასკოლო ასაკის საბაზო და საშუალო საფეხურზე  შედარებით იოლია ეპიკური ტექსტების გაგება, ანალიზი და შეფასება, რადგან მარტივია ნარატივის სიუჟეტის აღქმა და მასთან პრობლემათა სპექტრის დაკავშირება, ხოლო ლირიკული ტექსტების სწავლება ყოველთვის შეიცავს სირთულეებს და ფილოლოგებს ისღა დარჩენიათ, რომ ლექსის ზეპირად დასწავლა დაავალონ მოსწავლეებს, ტექსტის აღქმა კი ხშირად ბლუმის ტაქსონომიის პირველ დონეს ვერ სცდება (არცთუ იშვიათად ესეც დაუძლეველი ბარიერია). ამას იწვევს პოეტური ტექსტების ლირიზმი, ხშირად ურთიერთდაუკავშირებელი განწყობების ქაოტურად გადმოცემა, ფსიქოლოგიზმი, სათქმელის შეფარვა ტროპული საბურველით, უამრავი სიმბოლო და ღრმად ემოციური ენობრივი ქსოვილი, ევფონიის უამრავი საიდუმლო ხვეული.

რუსთველი მცირე ზომის ლირიკულ ტექსტებს აცხადებდა, როგორც მეორეხარისხოვანს და მდარეს. გავიხსენოთ სტროფი „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგიდან:

„მოშაირე არა ჰქვიან, თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;

თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;

განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი…

მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,

არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა“…

მოგეხსენებათ, „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის მე-12-მე-19 სტროფებში მწყობრად არის ჩამოყალიბებული ავტორის შეხედულებები პოეზიის ბუნებაზე. მოყვანილ ციტატში გამოთქმულია უმნიშვნელოვანესი შეხედულებები: 1. რომ მცირე ზომის ლირიკული ტექსტების ავტორი პოეტად ვერ ჩაითვლება და უმჯობესია პოემის ავტორს თავი არ გაუტოლოს, 2. რომ ლირიკული ლექსის სათქმელი ურთიერთდაუკავშირებელი და უმსგავსოა, 3. რომ „ლექსი ცოტაის“ ავტორებს არ შეუძლიათ გულის გამგმირავი სიტყვების სრულქმნა ანუ ემოციური ზემოქმედება მკითხველზე.

რასაკვირველია, თანამედროვე ლექსთმცოდნეობა რუსთველს ამაში არ დაეთანხმება, რადგან თანამედროვე „ლექსი ცოტაი“ ბევრს იტევს, პოეტს შეუძლია მცირე ფორმის ნაწარმოები დაუვიწყარ მოვლენად აქციოს. ამის დასამტკიცებლად თუნდაც მხოლოდ გალაკტიონის გახსენება საკმარისი იქნებოდა. მას არავინ იცნობს თავისი ლირიკული პოემებით, სწორედ მცირე ზომის ლირიკული ლექსებით იქცა პოეტური სიტყვის მსოფლიო მნიშვნელობის ლეგენდად და თუნდაც „მთაწმინდის მთვარის“ ან „ლურჯა ცხენების“ გარდა სხვა რომ არაფერი დაეწერა, უდიდესი ლირიკოსის სახელის დამკვიდრება მაინც უთუო იქნებოდა, მაგრამ მეოცე საუკუნისგან მკვეთრად განსხვავებულია რუსთველის ეპოქის ესთეტიკა, გემოვნება და გამოსახვის ხერხები. შუა საუკუნეების, რაინდობის ეპოქის თემები და გამოსახვის ფორმები, რასაკვირველია, ვერ იქნება მეოცე საუკუნის ადამიანის აღმქმელობის სადარი. ამიტომ ამ ეპოქების პოეტური ტექსტების გააზრებას განსხვავებული მიდგომაც უნდა მკითხველის მხრიდან. მოკლედ, გვჭირდება „კაცი ვარგი“ – მომზადებული, გემოვნებიანი მკითხველი და ეს „კაცი ვარგი“ ჩვენი საწვრთნელია. საბაზო და საშუალო საფეხურზე ჩვენ ვასწავლით შემდეგ პოეტურ მემკვიდრეობას:

  • აღორძინების ხანის ლირიკა დავით გურამიშვილის ერთადერთი პოეტური კრებულიდან;
  • რომანტიკული პოეზია;
  • რეალისტური პოეტური ტექსტები (ილია, აკაკი, ვაჟა);
  • სიმბოლისტური პოეტური სკოლა (ცისფერყანწელები, გალაკტიონი, გიორგი ლეონიძე);
  • პოსტმოდერნისტული ლირიკა (ოთარ ჭილაძე, მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, შოთა ნიშნიანიძე, მურმან ლებანიძე, მორის ფოცხიშვილი და სხვები).

რა ძირითადი მახასიათებლები აქვთ ამ ლიტერატურული მიმდინარეობების ლირიკულ ნიმუშებს? მასწავლებელს შეუძლია გაკვეთილებზე გააკეთოს ამ შემოქმედებითი სკოლებისთვის დამახასიათებელი სტილური, სახეობრივი და იდეური თავისებურებების სისტემური ანალიტიკური სქემები, სლაიდშოუები, სხვადასხვა ტიპის კომპაქტური  დამხმარე რესურსები, სკაფოლდინგი. ამ რესურსებს სხვა დროს და სხვა ფორმით დავუბრუნდეთ. ახლა კი ლირიკული ტექსტების დეკოდირების  რამდენიმე ისეთი ხერხის შესახებ, რომელთაც ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ და შესაძლოა გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვისაც გამოსადეგი აღმოჩნდეს.

 

პოეტური ტექსტების ლირიკული ჩანახატები

ლირიკული ჩანახატები პოეტური ტექსტის გაგებისა და ანალიზის გზაზე პირველი ნაბიჯია, ბლუმის ტაქსონომიის პირველ საფეხურს მიეკუთვნება (გაგება-აღქმა-გააზრება) და ძალიან გავს ე.წ. მოკლე შინაარსებს, რომელთაც დაწყებით საფეხურზე პროზაული ტექსტების გასაგებად ვაწერინებთ ხოლმე. იმისთვის, რომ მოსწავლეს ანალიზამდე არ გაუძნელდეს ამ ლექსების რთული სახეობრივი და ფსიქო-ემოციური ენობრივი მახასიათებლების გაგება, სასურველია ტექსტის ქცევა ლირიკულ ჩანახატად, დღიურად, მისი გადმოტანა მოსწავლის ენაზე, ტექსტის „მოთვინიერება“, „მოშინაურება“. გარდა ამისა, ლექსის ქცევა ლირიკულ ჩანახატად ითხოვს გარკვეულ სიფაქიზეს, გემოვნებას, ესთეტიზმს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში წერის უნარების დახვეწას. მაგალითისთვის ავიღოთ თითო ნიმუში რომანტიკული და სიმბოლისტური საპროგრამო პოეტური ტექსტებიდან: ნიკოლოზ ბარათაშვილის „ხმა იდუმალი“ და გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიური ეფემერა“.

ნიკოლოზ ბარათაშვილი, „ხმა იდუმალი“: ვისი ხმა მესმის ნეტავი, ესოდენ საკვირველი? რად აუვსია ჩემი გული ჩუმ ნაღველს? მას შემდეგ, რაც პირველად შევიცანი წუთისოფელი და დავტოვე ადგილი, სადაც გავატარე ყმაწვილობის წრფელი ჟამი თვისტომთა შორის, ჩემს სურვილებს გაუყრელად თან სდევს რაღაც იდუმალი, შეუცნობელი ხმა. სიზმრად თუ ცხადად ეს ხმა მკარნახობს: ეძებე, ჭაბუკო, შენი ბედი, იქნებ იპოვო საშენო გზები… მაგრამ ვერაფრით ვაგნებ ჩემს გზა-კვალს და სევდას გულიდან ვეღარ ვიშორებ… ნუთუ ეს ხმა სინდისის უმოწყალო ხმა არის? მაგრამ ჩემში ვერაფერს ვპოულობ საიმისოს, რომ სინდისი მქენჯნიდეს… ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ თუ მაცდური ეშმა? ვინ ხარ, მითხარი! რა მელოდება? რას მიმზადებ? როდის შევიცნობ შენს საიდუმლოს? ნუთუ ოდესმე ვიპოვი ჩემს ბედს ამ წუთისოფელში?

გალაკტიონ ტაბიძე, „მშობლიური ეფემერა“: მშობლიურ ხეებს ვეღარ ვცნობ, ზამთარმა ბილიკები ჩახერგა. ტყეებს ვეკითხები: დიდი ხანია? და ტყე გუგუნით მიდასტურებს, რომ დიდი ხანია ასეა. დახავსებული კლდეების ფონზე ვიღაცის კვნესა მესმის და ტყეებს ვეკითხები: ამირანია? ტყეები თანხმობას მიცხადებენ. ეს კვნესა სიცოცხლეს მიწამლავს, გული საგულეში ვეღარ ეტევა და ისევ ტყეებს მივმართავ: დაკარგულია? ჩემდა საუბედუროდ, ტყე მიდასტურებს, რომ დაკარგულია. თერგის ხმაური მაყრუებს, მზე ჩადის, მაგრამ ბინდი მაინც შორსაა და ჩემი თვალები ხედავენ არა ღამის სიშავეს, არამედ – ფერებს, საოცარ ფერებს, ისინი ირევიან… ვხედავ ლალისფრად ანთებულ ხეივანს, ლილისფერი და შინდისფერი ერთმანეთს ერევა. ყაზბეგის შუბლი ღრუბლებით დაიბურა, ცა კი ალუბლებით აივსო. ო, ღმერთო, საკმარისია! ჩემი თვალები ხედავენ საოცრებას: ციდან ყვავილების კალათებს ცლიან, დარიალიდან კი შემზარავი ხმები ისმის. შეხვედრა წამიერი იყო და ეს იყო განსაცდელი. გული მოგონებებით ივსება… ეს მოგონებები იმ ძვირფას ლანდებს გადაეცი, თერგო!

მომზადებული ლირიკული ჩანახატი, რომელიც შეგვიძლია მოსწავლეს ცნობილ კოგნიტურ სქემაში, ე.წ. კორნელის გრაფაში შევასრულებინოთ, იოლად ამოაცნობინებს მას ტექსტის თემას, საიდანაც უნდა ამოიზარდოს ავტორის იდეები, სათქმელის სწორად ამოცნობა ხომ ლექსის ანალიზისას უმთავრესი ამოცანაა! აქ არ ვგულისხმობთ მრავალფეროვან ინტერპრეტაციებს, განსხვავებულ წაკითხვებს, რაც თავისთავად მუდამ არის ხოლმე ტექსტის განხილვაზე მუშაობისას აქტივობების განუყრელი, თანმდევი ნაწილი. ტექსტის თემა ნიადაგია, „მიწაა“, რომელზეც, როგორც ყვავილი, ამოიზრდება ხოლმე მწერლისეული იდეები, მათ ხორცშესხმად გვევლინება ლირიკული გმირები და სხვა მხატვრული სახე-სიმბოლოები, ბოლოს ვიწყებთ მუშაობას მხატვრული მხარის კვლევაზე. მოსწავლეს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ლირიკულ გმირსა და მხატვრულ სახე-სიმბოლოს შორის. მარტივი ფორმულაა: ყოველი ლირიკული გმირი სახე-სიმბოლოა, მაგრამ ყველა სახე-სიმბოლო არ არის ლირიკული გმირი. ანუ ლირიკულ გმირად ლექსში გვევლინება ხოლმე ერთი-ორი სახე, ხოლო ყველა დანარჩენი სახე-სიმბოლოა. ლირიკული გმირი პროზაული ტექსტის მთავარ გმირს, პროტაგონისტს მოგვაგონებს, ხოლო სახე-სიმბოლო – მეორეხარისხოვან პერსონაჟებს. მთავარი, რაზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი იდეების ამოცნობის დროს, ეს არის ეპოქალური კონტექსტები და ქვეტექსტები, რომლებიც ხშირად ალეგორიულ საბურველშია გახვეული.  ლექსის საანალიზოდ უნივერსალური სქემების შექმნა, რასაკვირველია, აბსურდული იქნებოდა. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ აქ თავისუფალი მიდგომები, სპონტანურობა, ინტუიცია, ტექსტის ემოციის ადეკვატური განწყობით მიღება-გადმოცემა უმნიშვნელოვანესია. ყოველთვის წარმატებულია ხოლმე მოსწავლეთა ისეთი ნაშრომები, სადაც მწერლის ემოცია სწორად არის დაჭერილი და მოსწავლის დაკვირვებებში რეალიზებული. მართალია, ყოველი სქემა უსათუოდ გულისხმობს თავის თავში უამრავ ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ შემოგთავაზებთ სკაფოლდინგის ტიპის, „ხარაჩოს“ ჩემეულ ვერსიას, რომელსაც წარმატებით ვიყენებ ხოლმე საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ლირიკული ტექსტების დეკოდირებისას:

პოეტური ტექსტების ანალიზის ძირითად მიმართულებები:

  1. ეპოქა, პოეტი და ტექსტი (ნაშრომის შესავალ ნაწილში ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად აისახება ეპოქის კონტექსტები ნაწარმოებში, რამდენად ეხმიანება ნაწარმოები პოეტის ცხოვრებას, პიროვნებას, რამდენად არის კავშირში იმ დროს გავრცელებული ლიტერატურული მიმდინარეობის თავისებურებებთან, რამდენად ორიგინალურია ავტორის ხელწერა ან რამდენად განიცდის გავლენებს? თუ ნოვატორულია, რაში გამოიხატება სიახლე?);
  2. ლექსის თემა და იდეა (მსჯელობთ იმ თემებზე, რომელთაც ავტორი ეხება და ამოვიცნობთ იდეებს, აუცილებელია არგუმენტირებული მსჯელობა და ტექსტის დამოწმება. არგუმენტები და ციტატები უნდა იყოს მკვლევრის მსჯელობის ლოგიკური დასაბუთება. პოეტური ტექსტების კვლევისას მიღებული ფორმაა არა სწორხაზოვანი, მტკიცება, არამედ ვარაუდი, ალტერნატიული თვალსაზრისი, კითხვების დასმა, კატეგორიულობა უნდა გამოირიცხოს);
  3. სახისმეტყველება: ლირიკული გმირი/გმირები და მხატვრული სახე-სიმბოლოები. აუცილებელია სახეების დაკავშირება იდეებთან. სახე უნდა გავიაზროთ, როგორც იდეის რეალიზების საშუალება.
  4. ლექსის მხატვრული სამყარო:
  • ტექსტის ენა, ემოცია, ლირიკული განწყობა;
  • სახე-სიმბოლოების ხატვის ოსტატობა;
  • ტროპული სამყარო: შედარება, მეტაფორა, ეპითეტი, გაპიროვნება, ჰიპერბოლა/ლიტოტესი, პეიზაჟი, ალეგორია, ოქსიმორონი, რეფრენი და პოეტური გამეორებები, პოეტური გადატანა;
  • ლექსის ევფონია, სალექსო ფორმები, მარცვალთა რაოდენობა, რითმა და რიტმი (შინაგანი მუსიკალურობა).

 

  1. სინთეზირება (ლიტერატურული პარალელები) და ლექსის მნიშვნელობის შეფასება. დასკვნა-შეჯამება (რეზიუმე).

ნიკოლოზ ბარათაშვილის და გალაკტიონის მოცემული ტექსტების ლირიკული ჩანახატები მოსწავლეს გაუიოლებს ტექსტის სათქმელის აღქმას, ხოლო მათი განსახილველი ნაშრომის წერისას მოცემული სქემა ხელს შეუწყობს მსჯელობის ორგანიზებას, არგუმენტირებას, დასკვნების გამოტანას.

როცა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლის ვაკანსიაზე შერჩევისას საჩვენებელი გაკვეთილი ჩავატარე, ერთ-ერთმა მსმენელმა ასეთი კითხვა დამისვა: წერის თანდაყოლილი უნარები მოსწავლეებს განსხვავებული აქვთ და რამდენად სამართლიანია, რომ ყველას ერთნაირად მოვთხოვოთ გამართული ანალიტიკური ნაშრომების წერა თუნდაც ეროვნულ გამოცდაზე? შესაძლებელია თუ არა წერის უნარების განვითარება და მისი დასწავლა?

ამ კითხვას თამამად შემიძლია ვუპასუხო: დიახ, არიან მოსწავლეები, რომელთაც სწავლებაც არ სჭირდებათ, დამოუკიდებლად ახერხებენ ტექსტების აღქმასა და ანალიზს და გასაოცრად წერენ კიდევაც განხილვებს, მაგრამ მოსწავლეთა იმ ნაწილს, ვისაც ეს უნარები თანდაყოლილი არ აქვს და უძნელდება წერილობითი ანალიზი, სისტემატური ვარჯიშით თავისუფლად შეუძლია ყველა იმ უნარის დასწავლა, რაც გამართული ნაშრომის დასაწერად არის საჭირო. ასეთ შემთხვევაში საკლასო და შემაჯამებელი წერითი სამუშაოები, ასევე ქართული ენის წერითი გამოცდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ იქნება სტრესი და განსაცდელი. მთავარია მასწავლებლის და მოსწავლის მონდომება.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი