შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ბედნიერება, სტრესი და მასწავლებლობა

ყველას აკვიატებულ იდეად გვაქვს ფიქრი იმის შესახებ, როგორ გავხდეთ ბედნიერი. ჩვენ, მიწის არსებები, ვისახავთ მიზნებს და ველოდებით იმ სანატრელ წამს სიზიფეს ლოდს რომ მივიტანთ მთის წვერზე, წვეთ-წვეთად ჩამოსულ ოფლს მოვიწმენდთ შუბლიდან, ღრმად ამოვისუნთქებთ და დაველოდებით, გული როგორ აგვევსება სანატრელი ნეტარებით. აი მოვიდა, დადგა დრო! მე ლოდინის ნიჭი აღმომაჩნდა და ბედნიერი ვარო რომ ვიტყვით, მივაღწიე იმ დიად მიზანს, რაც მინდოდაო. მაგრამ მთის წვერზე ვხედავთ, რომ მის უკან უფრო დიდი მწვერვალია ჩვენი სურვილების, მოთხოვნილებების, განცდების. მოდი ახლა აქ ავიდეთ, და აი ამ უფრო მაღალ მწვერვალზე ნამდვილად განვიცდი იმ ნეტარებას, რასაც ბედნიერება ჰქვიაო ვფიქრობთ და ისევ იწყება დიდი აღმართი, მომავლის მოლოდინის აღმართი. 

განათლებას თუ განვიხილავთ, როგორც ღირებულებას და არა სისტემას, მაშინ მისი უპირველესი დანიშნულება ადამიანისათვის ბედნიერების მინიჭება უნდა იყოს უთუოდ. კითხვაზე, თუ რა არის ბედნიერება, ამ წერილით ვერ გავცემთ პასუხს, თუმცა დასაწყისისთვის სხვების განმარტებების მოშველიება შეგვიძლია. ანტიკური სამყაროს ეთიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ პრინციპს ადამიანის ცხოვრების მთავარ მიზნად ბედნიერების ძიება წარმოადგენდა. განმანათლებლები თავის მხრივ თვლიდნენ, რომ ბედნიერება სხეულის, გონებისა და სულის ჰარმონია იყო. თუმცა ალბათ ბედნიერების განმარტებაც იმდენნაირი შეიძლება იყოს, რამდენი მოაზროვნე ინდივიდიც არსებობს დედამიწაზე.

სხვადასხვა ქვეყანაში მასწავლებლის პროფესია და ბედნიერება სხვაგვარად არის დაკავშირებული. ჟურნალ „Forbes”-ის 2011 წლის გამოკითხვით მასწავლებლობა მეექვსე ადგილს იკავებს ყველაზე ბედნიერ პროფესიათა შორის. საინტერესო შედეგებს აქვეყნებს გერმანული გამოცემა “Spiegel”-ი. კვლევის შედეგად გამოკითხული მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ ისინი საკუთარი პროფესიით საშუალოდ კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ. ბედნიერების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ქალებთან შედარებით მამაკაც მასწავლებლებს ჰქონდათ. გამოკითხულთა 59% უჩიოდა სტრესს, დროის ნაკლებობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი თავს „სტრესის ქვეშ ბედნიერად და კმაყოფილად” თვლიდნენ, რადგან ხედავდნენ მუშაობის შედეგს.

ვერავინ იტყვის არსებობს თუ არა ბედნიერების რეცეპტი, მაგრამ სტრესი რომ მისი ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, ამაზე შეთანხმება ნამდვილად შეიძლება. გამოფიტვა, გადაღლა, მუდმივი გაღიზიანება, უძილობა, დეპრესია – როგორც გერმანული გამოცემები გვარწმუნებენ, არცერთი სხვა პროფესიის წარმომადგენლები არ იტანჯებიან მსგავსი სიმპტომებით ისე ხშირად, როგორც მასწავლებლები – მიუხედავად სფეროსადმი მათი დამოკიდებულებისა. კვლევებში ასევე იკვეთება საინტერესო ტენდენცია – პროფესიული გადაღლა და სტრესი საერთო ხვედრია როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები მასწავლებლისათვის. სტრესის გამომწვევ მიზეზებად სახელდება შემდეგი:

მიზეზი 1 – მასწავლებლებს ყველაზე ხშირად უწევთ განსხვავებულ სიტუაციაში ყოფნა და იძულებულები არიან, მასზე სწრაფი რეაქცია ჰქონდეთ. ყველა მოსწავლე განსხვავებული შესაძლებლობის მქონე და ინდივიდუალურია. აქედან გამომდინარე, ყოველი გაკვეთილიც შეიძლება არასტანდარტული სიტუაციებით იყოს სავსე, რაც ხშირად სტრესთან არის დაკავშირებული. მასწავლებლები პასუხისმგებლები არიან, შექმნან თითოეულ კლასში ჯანსაღი მიკროკლიმატი და ამასთან, ეფექტური კომუნიკაცია დაამყარონ მშობლებთან. ბევრ განსხვავებული შესაძლებლობის, ინტერესებისა და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანთან ურთიერთობა ხშირად ემოციურ გადაღლასა და სტრესს იწვევს.

მიზეზი 2 – სტრესის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად მკვლევრები სასკოლო გარემოს ასახელებენ. სასკოლო კულტურა დიდ გავლენას ახდენს როგორც მოსწავლეებზე, ასევე მასწავლებლებზე. სასკოლო თემში დაძაბული და სტრესული გარემო უარყოფით ემოციებთან ერთად, დემოტივაციასა და გადაღლილობას იწვევს, დაბლა წევს შრომის ნაყოფიერებას და პიროვნების კმაყოფილებას. აღნიშნულში დარწმუნება თავადაც შეგვიძლია, თუ მასლოუს საჭიროებების იერარქიას გავიხსენებთ – ფიზიოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ სოციალური გარემო (მეგობრობა, თანამშრომლობა, სიყვარული, მიკუთვნებულობა), დაფასება და თვითრეალიზაცია მთავარ ადგილებს იკავებენ. ამას ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელობას კვლევებიც ადასტურებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანები ხშირად უარს ამბობენ შედარებით მაღალ ხელფასსა და სამუშაო ადგილის ცვლილებაზე, თუ უკვე არსებულ სამსახურში თავს ბედნიერად და აღიარებულად გრძნობენ.

მიზეზი 3 – მასწავლებლებს შორის სტრესი ხშირად იმ ფაქტორითაა გამოწვეული, რომ მათ თავიანთი სამუშაოს ნაწილის შესრულება სახლში უწევთ. ერთი მხრივ, ძნელია ბალანსის შენარჩუნება სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის, მეორე მხრივ, მასწავლებლებს აქვთ, ე.წ. „არასრული სამუშაო დღე”, გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას ამ კუთხით.

როგორ გამოვიცნოთ, გვაქვს თუ არა სტრესი და ვართ თუ არა პროფესიული გადაწვის საფრთხის წინაშე? სპეციალისტები მარტივ კითხვარს გვთავაზობენ. გსურთ, გაარკვიოთ დგახართ თუ არა ემოციური დაძაბულობის ან დეპრესიის საფრთხის წინაშე? ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებებზე პასუხის გასაცემად აარჩიეთ შემდეგი: 1) არასოდეს; 2) წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად; 3) თვეში ერთხელ; 4) თვეში რამდენიმეჯერ; 5) კვირაში ერთხელ; 6) ყოველდღიურად.

„ემოციური დაძაბულობის” დონის შემოწმების კითხვარი

ა) ჩემი სამსახური ემოციურად მფიტავს;
ბ) გაკვეთილების ჩატარების შემდეგ თავს გადაღლილად ვგრძნობ;
გ) დილით, როდესაც ვიღვიძებ და ვემზადები სკოლაში წასასვლელად, უკვე სუსტად და დაღლილად ვგრძნობ თავს;
დ) მთელი დღის სკოლაში გატარება ჩემთვის დიდ დაძაბულობასთან ასოცირდება;
ე) სამსახურის გამო თავს სულიერად გაღატაკებულად ვგრძნობ;
ვ) სამსახურის გამო იმედგაცრუებული ვარ;
ზ) ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ;
თ) სამსახურში ვალდებული ვარ ახალგაზრდა და განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან ერთად ვიმუშაო, რაც ძალიან მღლის;
ი) ვფიქრობ, რომ ამ სამსახურში ჩემი თავი ამოვწურე.

„დეჰუმანიზაციის” დონის შემოწმების კითხვარი

ა) ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს ხშირად დამამცირებლად მივმართავ;
ბ) მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ვარ, ჩემი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ უარყოფითი გახდა;
გ) ვშიშობ, რომ ამ სამსახურმა ჩემი ემოციები გააუფერულა;
დ) საერთოდ არ მაინტერესებს, რა დაემართება ჩემს ზოგიერთ მოსწავლეს;
ე) განცდა მაქვს, რომ მოსწავლეები საკუთარი პრობლემების გამომწვევ მიზეზად ხშირად მე აღმიქვამენ.

თუ პირველ კითხვარში მე-4, მე-5 და მე-6 პასუხები ჭარბობს, მაშინ ეს ნიშანია იმისა, რომ დასვენება და სიმშვიდე გესაჭიროებათ. რაც შეეხება „დეჰუმანიზაციის” დონის შემოწმების კითხვარს, აქ მე-4, მე-5 და მე-6 პასუხების სიჭარბე ადამიანში დეპრესიული ფონის არსებობაზე მიუთითებს. სტრესის გამომწვევ ზემოაღნიშნულ მიზეზებთან გასამკლავებლად გერმანული გამოცემები ჯანსაღ გარემოს, პირად და სამსახურებრივ ცხოვრებას შორის მკაცრი საზღვრების დაწესებასა და ფსიქოლოგთან კონსულტაციას გვირჩევენ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ისინი ყურადღებას ამახვილებენ არა მხოლოდ მასწავლებლებზე, არამედ განათლების სფეროში დასაქმებულ სხვა პირებზეც: საბავშვო ბაღის აღმზრდელებზე, სკოლის ადმინისტრაციასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალზე. როგორც ბავარიის ეკონომიკური გაერთიანების მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშშია ასახული, საგანმანათლებლო სისტემაში სტრესი და დაძაბულობა მოქმედებს სწავლების ხარისხზე და იწვევს პერსონალის დემოტივაციას. აქედან გამომდინარე აღნიშნული ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. კვლევის ანგარიშში ასახულია, რომ სტრესს აქვს ეფექტი როგორც ინდივიდუალურ, ასევე ინტერპესონალურ და ინსტიტუციურ დონეზე. ასეთ შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაციას ფსიქოლოგის დახმარებით შეუძლია სასკოლო თემზე დაკვირვებით კვლევის ჩატარება და სტრესის ალბათობის ხარისხის გამოვლენა ორგანიზაციის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის.

საქართველოში ჯერ არ გამოქვეყნებულა კვლევის ანგარიში, რომელიც დაადგენდა, რამდენად კმაყოფილები არიან მასწავლებლები საკუთარი პროფესიით და რამდენად გრძნობენ თავს ბედნიერად ამ მხრივ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ პროფესიის არჩევის წინაპირობებზე – რა არის დღეს (ან რა იყო წარსულში) ადამიანისათვის მოტივაცია აირჩიოს მასწავლებლის პროფესია? დღეს ამ მხრივ ქვეყანა რთულ ვითარებაში იმყოფება. ახალგაზრდები ხშირ შემთხვევაში მასწავლებლის პროფესიას არ ირჩევენ დაბალი ანაზღაურებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივის არარსებობის გამო. ასეთი ვითარებაში სახელმწიფოს მიზანმიმართულ პოლიტიკას სფეროს წახალისების მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა სტრესისაგან არც მოტივირებული და სფეროსათვის თავდადებული მასწავლებელია დაზღვეული. ქართული რეალობის ანალიზს სტატიის მომდევნო ნაწილში შევეცდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი