პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მაპატიე, მე შეცდომა დავუშვი!

ჩემთვის ყველაზე რთულად სათქმელი ეს სიტყვებია. ეს სწორედ ის ბურთია ყელში რომ გეჩხირება, დღენიადაგ გახრჩობს, ერთი სული გაქვს როდის მოიცილებ, როდის გადაყლაპავ, გულზე დადებულ ლოდს გაალღობ და გათავისუფლდები. დღე–ღამეში 24 საათი და მეტი ოცნებობ ამ წამზე, თავისუფლების განცდის წამზე. თუმცა გეძლევა თუ არა შანსი, დაუფიქრებლად უშვებ ხელიდან და მერე იმაზე ფიქრი გტანჯავს, როგორ დაკარგე ძვირფასი დრო, წუთები, რომელიც არასოდეს განმეორდება. რამდენჯერ გვიღიარებია შეცდომები საკუთარი თავისა და სხვების წინაშე? ჩემს შემთხვევაში ეს ალბათ ბევრჯერ არ მომხდარა. ზრდასრულ ასაკში, როცა ნამდვილად ვაცნობიერებ, რომ ვინმეს ჩემი საქციელის გამო გული ეტკინა, შეცდომის აღიარება ნაკლებად მიჭირს. საკუთარი თავის წინაშე აღიარება პირველი და ყველაზე რთული ეტაპია. ამ დროს ძლიერი დარტყმა ადამიანის თვითშეფასებას ადგება. შეცდომის დაშვებამდე თავი სრულყოფილება თუ არა, მასთან მიახლოებული მაინც გგონია. ფიქრობ, რომ ადამიანურ სისუსტეებზე მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში ჰყვებიან, ეს სადღაც შენი ცხოვრების მიღმა ხდება და თავად არასოდეს აღმოჩნდები არასასურველ სიტუაციაში. ამ სამყაროს პატარა ნაწილი რომ ხარ, მხოლოდ მაშინ აღმოაჩენ, როდესაც უკვე დაგვიანებულია და დრო მხოლოდ საკუთარი ნაბიჯების ანალიზისთვის გრჩება.

რაც თავი მახსოვს, პირველად შეცდომის აღიარების სიმძიმეს პირველ კლასში წავაწყდი. მაშინ, როდესაც ბებომ ჩემი მათემატიკის რვეული გადაფურცლა, სადაც ამოცანის მოკლე პირობის ჩაწერისას გულმოდგინედ მქონდა ჩაგვირისტებული – „მოსწავლეს ჰქონდა ათი ვაშალი”. მეც იხტიბარი არ გავიტეხე და მთელი საღამო ვამტკიცებდი – ზუსტადაც რომ სწორი ფორმა „ვაშალია” და არა „ვაშლი”-მეთქი. „შ” და „ლ” თანხმოვნებს შორის არის კიდევ ერთი ხმოვანი „ა”, რომელიც თქვენ არ გესმით და, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მე მესმის-მეთქი. მეტი არგუმენტაციისათვის ვცდილობდი ისე გამომეთქვა ეს სიტყვა, რომ ყველა დამერწმუნებინა ჩემს სიმართლეში. განა არ ვიცოდი, რომ ვცდებოდი, უბრალოდ მიჭირდა იმის აღიარება, რომ შემეშალა. მეორე მოგონება შეცდომაზე, რომელმაც უკვე სხვა ადამიანი დააზარალა, ისევ დაწყებით კლასებს უკავშირდება. სკოლაში სწავლა 1990–იან წლებში მიწევდა და სანთლის შუქზე ნასწავლ გაკვეთილებსა და ნავთქურით გამჭვარტლულ საკლასო ოთახზე ბევრს არ ვისაუბრებ. მსგავსი ფაქტები ყველა ჩვენგანის მეხსიერებაშია ჩარჩენილი. ეს ის პერიოდია, მასწავლებელი ნახევარ გაკვეთილს შეშის ღუმელის ანთებაში რომ ატარებდა. ჩემს რაოდენიმე კლასელს რევმატიზმების პრობლემები რომ დაეწყო ნესტიანი საკლასო ოთახის გამო, ნახევარ ქალაქს ფეხით რომ გავდიოდით ქალაქის ცენტრში ჯერ კიდევ სასწაულებრივად შემორჩენილი უფასო წრეებისათვის და ჩემს ნახევარ კლასთან ერთად ცეკვის ანსამბლიდან გამოსვლა რომ მომიწია თვეში 5 ლარის გადაუხდელობის გამო. სწორედ ამ პერიოდში, ჩემთან ერთად ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი სწავლობდა. თინეიჯერობისას მახსოვს მუდმივად ვცდილობდით მის დაცვას სხვების აგრესიისაგან, მაგრამ პირველი კლასიდან თინეიჯერობამდე ბევრი წელი გავიარეთ ერთად. იგი მუდმივად მარტო იჯდა ბოლო მერხზე და მის გვერდით დაჯდომა სირცხვილად ითვლებოდა. ჩვენც სტიგმის მსხვერპლი ვიყავით და არც არავის გამოუთქვამს სურვილი, ოდესმე მასთან გაეზიარებინა მერხი. მე, პატარა აღნაგობის გამო წინ ვიჯექი, დაფა რომ უკეთ დამენახა. საინტერესოა, ისიც პატარა აღნაგობის იყო, მაგრამ მაინც უკან იჯდა მუდმივად. არ ვიცი, რატომ. როგორც ჩანს რამდენჯერმე ყურადღება გამოვიჩინე ჩემი ნამდვილად განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე კლასელის მიმართ და მანაც იგივე საქციელით მიპასუხა. ერთ დღესაც ბავშვებთან მორიგი კამათისას ხმამაღლა განაცხადა – თამთა კარგი გოგოა, ნუ ეჩხუბებით, თავი დაანებეთო. ეს ფაქტი არავის გამოპარვია. მას შემდეგ რამდენიმეჯერ მოვისმინე დამცინავი სიტყვები, რომ ჩემზე ერთი კლასელი შეყვარებულია და ეს სწორედ „ის” გახლდათ – ბოლო მერხზე, მუდმივად ჩუმად მჯდარი განსხვავებული ბიჭი. ახლაც მახსოვს, როგორ შემრცხვა ჩემი კლასელების წინაშე. ეს ხომ წარმატებული ბავშვების სოციალური ჯგუფისთვის მიუღებელი გარემოება იყო. ისიც კარგად მახსოვს როგორ უარვყოფდი მასთან კონტაქტს, ვიცავდი თავს პერიოდული დამცინავი რეპლიკებისგან და მათ თვალწინ მეტი დამაჯერებლობისათვის როგორ შევაქციე ზურგი ჩემზე ვითომ შეყვარებულ ბიჭს. არც „დაჭერობანა” ვეთამაშე, არც „დამალობანა” –გამარჯვებული სახით, წარბაწეული მოვშორდი. მის მერე აღარასოდეს გვითამაშია ერთად. ალბათ როგორ ეტკინა მაშინ, ემწარებოდა ნამდვილად. მაშინვე, წამის მეასედში მივხვდი რომ შევცდი, და ეს უკვე უბრალოდ „ვაშალი” აღარ იყო – ეს ბრძოლა იყო გადარჩენისთვის. მივხვდი შეცდომას, თუმცა დღემდე არ მიღიარებია და არც პატიება მითხოვია.

სოციალური გარემოს მნიშვნელობაზე მრავალი კვლევა და თეორია საუბრობს. მოსწავლეებში სტრესისა და არასასურველი ქცევის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად კლასში/სკოლაში არსებული გარემო შეიძლება დასახელდეს. მოსწავლეებში იღვიძებს თვითდამკვიდრებისა და თვითგადარჩენის ინსტიქტები, რომლის შედეგადაც საერთო ნიშნით დაახლოებული ბავშვები ერთ ჯგუფად ერთიანდებიან. დამრიგებლის უპირველეს ფუნქციას სწორედ კლასში არსებული ჯანსაღი მიკროკლიმატის შექმნა წარმოადგენს, რადგან სასკოლო გარემო წარუშლელ კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქიკასა და მის შემდგომ ემოციურ განვითარებაზე. ეს ერთობ რთული დავალებაა პედაგოგისთვის, მას ხომ განსხვავებული შესაძლებლობებისა და ინტერესების მქონე მოსწავლეებთან უწევს ურთიერთობა. პრობლემის გასაღები კი ემპათია და ბავშვებში ამ გრძნობის გაღვიძებაა. რა თქმა უნდა, მოსწავლეები ვერასოდეს შეძლებენ ყოველთვის ისე მოიქცნენ, რომ სხვებს გული არ ატკინონ, თუმცა ფაქტის გააზრება და მისი აღიარება ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მთავარია დავეხმაროთ მათ, სწორად გააანალიზონ საკუთარი საქციელი და ისწავლონ შეცდომებზე.

ემპათიასა და ბავშვებში ამ გრძნობის გაძლიერებაზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტები კეთდება როგორც განათლების თეორეტიკოსების, ასევე პრაქტიკოსი მასწავლებლების მხრიდან. ისინი აღნიშნავენ, რომ მოსწავლის ემოციურ განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც სასკოლო გარემოს, ასევე ოჯახს. გერმანული გამოცემები სამომავლო წარმატების ერთ–ერთ გასაღებად გრძნობის ადრეულ ასაკში განვითარებას ასახელებენ. კვლევებში სკოლასა და ოჯახს შორის პასუხისმგებლობა თანაბრადაა განაწილებული. გერმანული გამოცემები მშობლებს მოუწოდებენ, საკუთარი გულწრფელი გრძნობები დაანახონ ბავშვებს და ამგვარად გააღვივონ მათში ემპათია. მაგალითად, არასასურველი ქცევის დროს, ნაცვლად დასჯისა, ისინი ურჩევენ მშობლებს საკუთარ ემოციებზე ელაპარაკონ შვილებს და წინადადებები დაიწყონ შემდეგნაირად: „შენ რომ ასე მოიქეცი, ძალიან მეწყინა, გული მეტკინა, იმიტომ რომ…” ისინი ასევე არწმუნებენ მშობლებს, რომ მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობაშიც გამოიყენონ, რადგან წყვილის ურთიერთდამოკიდებულება გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვის აღზრდასა და მისი ფსიქიკის ფორმირებაში. პატარები ყოველთვის ცდილობენ მიჰბაძონ მშობლებს და გაუცნობიერებლად იმეორებენ მათ სიტყვებს, საქციელს, ემოციებს.

დამრიგებლებს სადამრიგებლო საათის ჩატარებისას სხვადასხვა მეთოდების გამოყენება შეუძლიათ, რაც დაეხმარება მათ კლასის გუნდად გადაქცევაში. ეს შეიძლება იყოს როგორც სასკოლო, ასევე სკოლის გარეთა აქტივობები – ექსკურსია, სხვადასხვა სათემო/სასკოლო/საკლასო პროექტების განხორციელება, შეჯიბრებებსა და ვიქტორინებში მონაწილეობა. მთავარია ბავშვებს საერთო მიზანი აერთიანებდეთ.

სტატიის შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ სხვადასხვა აქტივობებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, რაც კლასში არსებული გარემოს გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

დღეს, ჩემი ქცევების ანალიზისას ვხვდები, რამდენად შეიძლებოდა შევცვლილიყავი თუნდაც მცირედი დახმარებით. ყველა რიგითმა მასწავლებელმა მთავარია გააცნობიეროს, რომ მათ პიროვნებების შეცვლა და ჩამოყალიბება შეუძლიათ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ალბათ მეც შეიძლებოდა არ შემექცია იმ დღეს ზურგი ჩემი მეგობრისათვის, და წლების შემდეგ, ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” მეშვეობით არ მეთხოვა პატიება მისთვის და არამხოლოდ მისთვის. არ მეთქვა ხმამაღლა – მაპატიე, შევცდი-მეთქი. არ მეღიარებინა საქციელი, რომელიც დღემდე მახსოვს და მას ალბათ უკვე დაავიწყდა. იქნებ, საერთოდაც ვერ გამიხსენოს, ვინ იცის.
 
 
 
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი