ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ცოდნის აგების პროცედურები ანუ  რა სურთ მოსწავლეებს

რამდენად განსხვავებულია ან მსგავსია მოსწავლეთა სურვილები სწავლასთან მიმართებაში?  რაზეა დამოკიდებული ეს მსგავსება ან განსხვავება? რას ამბობს კვლევები და როგორია რეალური ისტორიები?

 

მოსწავლეთა შესაძლებლობები, სწავლის სტილი და ღირებულებები სხვადასხვაა, მაგრამ კვლევებით დგინდება, რომ სწავლა-სწავლების პროცესში  მოსწავლეებს მოსწონთ  ისეთი მიდგომა, რაც შემდეგი  ოთხი პრინციპის თანმიმდევრულ დაცვას გულისხმობს:

პირველი პრინციპია  – რთული საკითხების/ ახალი  თემების შესწავლა  მარტივი აქტივობებით დაიწყოს მასწავლებელმა.   სწავლების მარტივი საფეხურიდან დაწყება   არ ნიშნავს, რომ  მოსწავლეთა ცოდნა, უნარები ან გამოცდილება და შესაძლებლობები დავაკნინოთ. ეს ნიშნავს  ინკლუზიური გარემოს შექმნის მნიშვნელოვან დასაწყისს ანუ ამით  მოსწავლეთა ცოდნის აგების პროცესის „ათვლის წერტილი ფიქსირდება“.   მოსწავლეებს მოსწონთ კონკრეტული მაგალითები.  ანალოგიების გამოყენებაც ძალიან  ეფექტურია.

 ბიოლოგიის  მასწავლებელი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას –    „ სისხლის მიმოქცევის სისტემის ახსნამდე გამოვიყენე შემდეგი ანალოგია: სისხლის მიმოქცევა  მდინარის  სისტემას ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ ის ორივეს, საკვებსაც და ნაგავსაც ატარებს და მისი გადატვირთვა და არასწორად გამოყენებაც ერთნაირად არის შესაძლებელი.  ვიცოდი რომ  ჩემმა მოსწავლეებმა გასულ სასწავლო წელს შეისწავლეს  მდინარეთა სისტემები და  პროექტიც დაამუშავეს და ამიტომ  ამ კუთხით  მსგავსი მაგალითით მე  მათ სისხლის მიმოქცევის შესახებ ელემენტარული წარმოდგენა შევუქმენი”

მეორე პრინციპი –  საკითხის ახსნისას კონკრეტული მაგალითების გამოყენებაა. ეს ნიშნავს, რომ  მასწავლებელი სწავლებისას იყენებს  მასალებს, სიმულაციებს, მოდელებს ან არტეფაქტებს, რომლებიც  შესასწავლი საკითხის/ ცნების ან განზოგადების ილუსტრირებას ახდენს, რასაც იმ დროს ასწავლის მასწავლებელი.

მესამე პრინციპი – სწავლებაში საკითხის  თანდათანობით გართულებაა. ამის გაკეთება ხდება  დამატებითი მახასიათებლების შემოტანით, ახალი კრიტერიუმების წარმოქმნით ან კონკრეტული გაკვეთილის შინაარსსა და სხვა შინაარსს შორის კავშირის დადგენით. მაგალითად, სისხლის მიმოქცევაზე მსჯელობისას შეიძლება გულის, ღვიძლისა და სისხლის მიმოქცევაში ჩართული სხვა ორგანოების ფუნქციებიც განვიხილოთ. ამით თემა გაცილებით რთულდება; თითოეულ ახალ ორგანოს, რომელსაც მოსწავლეებს ვაცნობთ, ემატება ფუნქციებიც და  შეიძლება  მასწავლებელს  საწყის (ანალოგიასთან) ან მეორე ეტაპზე  განხილულ   საკითხებთან  დაბრუნება დასჭირდეს.

მეოთხე პრინციპი –   აბსტრაქტული ცნებების შემოტანას გულისხმობს. მაგალითად, კითხვა – `როცა ავად ხართ, რატომ იწყებს ექიმი თქვენს გასინჯვას წნევის გაზომვით და გულისცემის დათვლით? მოსწავლეს უბიძგებს საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით მოახდინოს საკითხის აბსტრაგირება და არგუმენტირებულად დაასაბუთოს პასუხი.

შედეგი – მოსწავლეებს მოსწონთ სასწავლო პროცესი თუ  მასწავლებელი  თანამიმდევრულ ციკლებად დაყოფისისას დაიცავს  ოთხ პრინციპს:

  1. დაიწყეთ მარტივი საფეხურით;
  2. გამოიყენეთ კონკრეტული მაგალითები;
  3. გაართულეთ გაკვეთილი;
  4. შემოიტანეთ აბსტრაქტული ცნებები.

აქვე უნდა აღინიშნოს: ზოგიერთი საკითხი იმდენად რთულია, რომ შეიძლება წლები დასჭირდეს ოთხივე პრინციპის გამოყენებას, რათა მისი გააზრება და საბოლოოდ დაუფლება მოხერხდეს.

მაგალითად, შეუძლებელია დემოკრატიის ცნების  რამოდენიმე გაკვეთილზე ამომწურავად შესწავლა. დემოკრატიის არსის შესწავლა სკოლაში შესვლამდე იწყება, მიმდინარეობს  სკოლამდელ, სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მანძილზე და ყოველ მომდევნო დონეზე  უფრო რთულდება და აბსტრაქტული ხდება.

ზოგჯერ კი, შეიძლება ოთხივე პრინციპი ერთ გაკვეთილზე გამოიყენოთ, როგორც ეს, მაგალითად, სისხლის მიმოქცევის ახსნისას  ან კვადრატული განტოლების ამოხსნის  სწავლებისას ხდება.  ყოველ საგანს თუ სფეროს მსგავსი ძირითადი ფაქტები, ცნებები და განზოგადებები აქვს, რითაც გაჟღენთილია მთელი სასწავლო გეგმა. ჩვენი სურვილია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ამ ოთხი პრინციპის ურთიერთქმედების გააზრება მასწავლებელს სწავლებაში ეხმარება.

რა ეხმარება მასწავლებელს ამ ოთხი პრინციპის დაცვაში?

ფაქტები. ინფორმაციის ყველაზე მთავარი, არსებითი ნაწილია ფაქტი, რომელიც გამოვლინდება და არსებობს ან ხდება აწმყო დროში. ფაქტი არ გვეხმარება სხვა ფაქტების პროგნოზირებაში და მისი შესწავლა უმეტესად დაკვირვებით ხდება. ქვემოთ მოტანილი წინადადებები ფაქტების მაგალითია:

  1. ოლიმპია ვაშინგტონის შტატის დედაქალაქია.
  2. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ტეხასის შტატის გუბერნატორი იყო.
  3. დღეს მზე 4 საათსა 15 წუთზე ჩავიდა.

იმის გამო, რომ ფაქტების ცოდნას არ მივყავართ სხვა ფაქტების პროგნოზირებისკენ, მათი შესწავლა, უმთავრესად, დამახსოვრებით ხდება. ფაქტის შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გზაა ზეპირი გამეორება. მისი დამახსოვრება ადვილია, თუ სხვა შინაარსსაც უკავშირდება.

 

ცნება/კონცეფცია: ცნება/კონცეფცია გამოთქმაა, რომელიც, ჩვეულებრივ ერთი ან ორი სიტყვისა თუ აზრისგან შედგება და   საერთო თავისუბერებები აქვთ.  ხშირად  კონცეფცია/ცნება განმარტებულია,  როგორც კატეგორიის მიმანიჭებელი სიტყვა, რომელსაც საგნების და  იდეების დასაჯგუფებლად იყენებენ.

როგორც ჩანს, ადამიანის ტვინში ცნების/კონცეფციის ფორმირება ბუნებრივი პროცესია. მაგალითად, ბავშვები ნაცნობ ცხოველებზე, ვთქვათ, ძაღლებსა და კატებზე დაკვირვებით აყალიბებენ წარმოდგენას მათ შესახებ. ბავშვები ძაღლისა და კატის გარჩევას მათთვის დამახასიათებელი ყეფისა თუ კნავილის, ქცევის განსხვავებული ფორმებისა თუ სხვა თავისებურებების საშუალებით სწავლობენ. ისინი მხოლოდ ერთ მახასიათებელს, მაგალითად, ზომას, არ ენდობიან. თუ ბავშვი ხედავს, რომ კონკრეტული ძაღლი კონკრეტულ კატაზე დიდია, ეს არ არის ის ერთადერთი ფაქტორი, რომლის მიხედვით ის ამ ცხოველებს ერთმანეთისგან განასხვავებს. სკოლაში სწავლის უმეტესი დრო ცნების შესწავლას ეთმობა. მაგალითად, დამწყებ კლასში მეტყველების ნაწილების შესწავლისას მოსწავლე სწავლობს, რომ სახელი არის `პირი/პიროვნება”, `ადგილი” ან `საგანი”. ცნებას ხუთი კომპონენტი აქვს.

  1. 1. სახელი. მაგალითად, არსებითი სახელი ცნების სახელი ან სახელწოდებაა. მათ, ვისაც ცნება აქვთ ნასწავლი, როცა ის გამოიყენება,ესმით, რაზეა საუბარი. სახელი/ სახელწოდება უფრო ქმედითია, ვიდრე ვრცელი განმარტება.
  2. განმარტება. განმარტება განცხადებაა ცნების დამახიათებელ თვისებებზე. მაგალითად, არსებითი სახელი არის პირი, ადგილი ან საგანი.
  3. დამახასიათებელი ნიშნები. ეს ხარისხი, თავისებურებაა, რომელიც აუცილებელია ცნებისთვის, რომ ის გამოყენებული იქნეს. მაგალითად, არსებითი სახელის დამახასიათებელია, რომ ის პირი, ადგილი ან საგანია . მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი უნდა ეხებოდეს  სიტყვას, იმისთვის, რომ ის სახელად იქნეს მიჩნეული. ხოლო სხვა ცნებებისთვის, მაგალითად, “დემოკრატია”, გარკვეული რაოდენობის მახასიათებელია საჭირო.

მაგალითები. მაგალითი საგანთა კლასის წევრია, რომელიც გვიჩვენებს ცნების აუცილებელ დამახასიათებელ ნიშნებს. მაგალითად: `ტომი არსებითი სახელის მაგალითია, როგორც მანქანა და ისლანდია”.

  1. 4. ადგილი იერარქიაში. ცნებათა უმეტესობა განეკუთვნება შინაარსის იერარქიას, რომელიც ცნებას მნიშვნელობას ანიჭებს და სასწავლებლად აიოლებს. იერარქია არსებითი სახელისთვის არის მეტყველების ნაწილი. არსებით სახელთან დაკავშირებული ან კოორდინირებული ცნებებია ზმნა, ზმნიზედა და ზედსართავი სახელი. ქვემდებარე ცნებებია საზოგადო არსებითი სახელი, საკუთარი არსებითი სახელი და ნაცვალსახელი. თქვენ გაეცნობით ცნების ანალიზს;

ცნების შესწავლა ყველა კლასის დონეზე მიმდინარეობს. ბირკილი (2007) განმარტავს, თუ რატომ არის სასურველი კონცეპტუალურად გამართული სასწავლო პროგრამა, სადაც ფაქტები კონცეპტუალურ ჩარჩოებშია მოთავსებული. ამგვარი ჩარჩოების არსებობის პირობებში შესაძლებელია იმ დაბრკოლებების გადალახვა, რომლებიც პირველადი ცნებებისა და რთული საკითხების შესწავლისას გვხვდება მეცნიერებაში, ბუღალტერიაში, ეკონომიკასა და სხვა დისციპლინებში სკოლის შემდგომ, კოლეჯში სწავლის დროს.

  1. განზოგადება. განზოგადება ლოგიკური მსჯელობის შედეგად გაკეთებული განცხადებაა, რომელიც ორ ან ორზე მეტ ცნებას შორის არსებულ კავშირს გამოხატავს. ის ერთზე მეტ მოვლენას ეხება და საწინასწარმეტყველო და განმარტებითი ღირებულებაც აქვს. მაგალითად, “არამწეველებთან შედარებით მწეველთა შორის ფილტვის სიმსივნე უფრო ხშირია”, განზოგადებაა, რომელიც ადგენს კავშირს მოწევასა (ცნება) და ფილტვის სიმსიმვნეს (მეორე ცნება) შორის. ამ განცხადებას აქვს პროგნოზირების უნარი და ეხება ყველას, ვინც ეწევა. განზოგადებების გამოყენების კარგი მაგალითები აქვს მოტანილი ჯეიმს ბენკს თავის წიგნში “სწავლების სტრატეგიები ეთნიკური საკითხებისთვის”.  ბენკსი გვთავაზობს შემდეგ განზოგადებებს ემიგრაციასა და მიგრაციაზე საუბრისას: “ნებისმიერ კულტურაში ხდებოდა ინდივიდისა თუ ადამიანთა ჯგუფების გადაადგილება ერთი რეგიონიდან მეორეში მათთვის უკეთესი და უფრო ხელსაყრელი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური შესაძლებლობების მოძიების მიზნით. თუმცაღა, მათი გადაადგილებები ნებაყოფლობითიც იყო და იძულებითიც.  ამ ზოგადი განცხადების გათვალისწინებით, მოსწავლე, ალბათ, მასწავლებლისგან მოითხოვს უფრო მეტ ინფორმაციას იძულებითი თუ ნებაყოფლობითი გადაადგილების შესახებ, და არა მარტო იმ ქვეყნისას, რომლის განვითარების ისტორიასაც იმჟამად სწავლობს“. მაშასადამე, ბენკსის განცხადებას საწინასწარმეტყველო ღირებულებაც აქვს და ერთზე მეტ მოვლენას ეხება. ეს განცხადება შეიცავს ბევრ სხვა ცნებას, კერძოდ, კულტურებს, ინდივიდებსა და ჯგუფებს, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ შესაძლებლობებს; იძულებითსა და ნებაყოფლობითს. განცხადება ინფორმაციას გვაწვდის იმ კავშირების შესახებ, რაც ამ ცნებებს შორის არსებობს. როცა მოსწავლე ფაქტებიდან ცნებებზე და შემდეგ განზოგადებებზე გადადის, იზრდება ინფორმაციის მოცულობა და ის უფრო რთულიც ხდება. ბლუმის ტაქსონომია რომ მოვიხმოთ,  ფაქტი ცოდნის დონეზეა, ცნება – გაგების და განზოგადება – გამოყენებისა და ანალიზის. მოსწავლეს შეუძლია ფაქტის, ცნების განზოგადებების გახსენება, მაგრამ ფაქტი და ცნება არ არის საკმარისი გამოყენებისა და ანალიზისთვის, რადგან არც ერთ მათგანს არ აქვს საწინასწარმეტყველო ან განმარტებითი ღირებულება.

ანუ როგორია პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვებზე ანუ – რამდენად განსხვავებულია ან მსგავსია მოსწავლეთა სურვილები სწავლასთან მიმართებაში?  რაზეა დამოკიდებული ეს მსგავსება ან განსხვავება? რას ამბობს კვლევები და როგორია რეალური ისტორიები?

მოსწავლეთა გამოკითხვები და  განათლების სფეროში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მთავარია  მასწავლებელმა  ისე წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი, რომ მოსწავლეებს ასწავლოს საკუთარი სწავლის პროცესის მართვის უნარი…  ანუ მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია მეტაკოგნიცია რაც  გულისხმობს სწავლის ეფექტური სტრატეგიების ცოდნასა და გამოყენებას. სწავლის სტრატეგია კი გულისხმობს შემეცნებითი პროცესების მიზანმიმართულად გამოყენებას სწავლის დროს.  ცხადია, მოსწავლეები თავიდან ამგვარი სამუშაოების ჩატარებას დამოუკიდებლად, მასწავლებლის დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ, მაგრამ ეს უნარ-ჩვევა დროთა განმავლობაში ვითარდება. პედაგოგმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისწავლონ მასალა, არამედ გამოიმუშაონ თავიანთი სწავლის პროცესის მართვის უნარები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი