პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სახე-სიმბოლოს დეკოდირება მხატვრულ ტექსტში და დავარ ქაჯის საიდუმლო „ვეფხისტყაოსანში“

არამცთუ სპეციალისტებმა, უბრალოდ ლიტერატურის მოყვარულებმაც იციან, რომ ყოველი მხატვრული ტექსტი უნიკალური მოვლენაა, მას ავტონომიური სამყარო და სიტყვის მაგია აქვს, ყოველთვის არის დაშიფრული, კოდირებული. არასდროს მწერალი ზედაპირზე არ ყრის მარგალიტებს, ისინი ტექსტის ოკეანის „მარჯნის რიფებშია“ საძიებელი. ხოლო ადამიანს ისე არაფერი ავითარებს, როგორც მხატვრული ტექსტების სრულფასოვანი აღქმა, მათი ანალიზი, სინთეზირება და შეფასება; იდეების, სახეებისა და სტილური თავისებურებების კვლევა.  ვფიქრობ, მოსწავლის მთელი რიგი უნარები, რომლებიც განსაზღვრულია გამჭოლ კომპეტენციებში, ასევე ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში გაწერილი მისაღწევი შედეგებიც უპირველესად სკოლებში ლიტერატურული ტექსტების სწავლებით მიიღწევა. ცხადია, ქართული ლიტერატურის მასწავლებლის მიზანია, მოსწავლეებს გამოუმუშაოს ყველა საჭირო უნარ-ჩვევა მხატვრული ტექსტების ჩხრეკა-გააზრებისთვის. ამ სასიამოვნო კვლევა-ძიების პროცესში უმთავრესია ტექსტების სახეობრივი ანალიზი. ხშირად სახის გახსნაზე (დეკოდირებაზე) მიბმულია ნაწარმოების მაგისტრალური იდეური აქცენტები, რადგან სახე ყოველთვის არის იდეის რეალიზების საშუალება.

ამ მიმართულებითაც „ვეფხისტყაოსანი“ უნივერსალური მოვლენაა, რადგან მისი გმირები ავტორის ოსტატობის წყალობით მარად თანამედროვე არქეტიპებად რჩებიან. პოემის ტექსტი მთლიანად ალეგორიული და მისტიფიცირებულია. პერსონაჟის პორტრეტის გააზრება „ვეფხისტყაოსანში“ არ არის იოლი ამოცანა. გმირები აქ არა მხოლოდ ჰიპერბოლების წყალობით გაცოცხლებული თვალისმომჭრელი პროტაგონისტები არიან, არამედ სიმბოლურ-ალეგორიულ ხატებად გვევლინებიან და მათი სახეების გააზრებაზეა დამოკიდებული პოემის იდეური ქსოვილის ანალიზი. შედარებით იოლია მთავარი გმირების სახეების დეკოდირება, რადგან მათ მიმართ ავტორის განწყობა შეუფარავად იკითხება ტექსტში.

მეორეხარისხოვან პერსონაჟებს შორის უაღრესად საინტერესო სახეა დავარი, რომლის სახელსაც უკავშირდება პოემის საიდუმლო. ერთი შეხედვით დავარი ბრძენი და მზრუნველი მამიდაა, რომელმაც თავი შესწირა ძმიშვილს, მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით პოემის ქვეტექსტებს, მის სახეში ამოვიცნობთ „ღვთისა მტერს“, პოემის ბნელი ძალის – ქაჯების წარმომადგენელს, რომლის ხელითაც უნდა აღსრულდეს ქაჯთა მიზანი: ნესტან-დარეჯანი – კაცობრიობის ახალი მზე, დაფარული, ინიციაციური სიბრძნე წაართვან ინდოეთს – კაცობრიობის ლიდერ ქვეყანას და ამყოფონ ის ქაჯეთის ციხის ბნელეთში.

მცირე ხნით მივყვეთ პოემის სიუჟეტს: ფარსადანი თითქოს გონიერი, ჰუმანური და შორსმჭვრეტელი მეფეა, მაგრამ ინდოეთისთვის საბედისწეროა მისი გადაწყვეტილება ნესტანის აღმზრდელად   დავარის, ხოლო სასიძოდ ხვარაზმშას შვილის არჩევაზე. ტექსტში მრავლად გვხვდება შეფარული მინიშნებები, რომელთა გაშიფვრა დავარის სახის გახსნაში დაგვეხმარება. დავარს რუსთველი სულ რამდენჯერმე ახსენებს: „დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი“… დავარ ქაჯი – „ვინ გრძნებითა ცაცა იცის“… „ქალმან შავმან ვერა არგო“…„მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულება იცის კარგა“…

როცა ტარიელმა სასიძო მოკლა, განრისხებული ფარსადან მეფე დავარს დაემუქრა. მეფის მუქარა მოისმინა ვინმე „ღვთისა მტერმან“ და დავარს ამცნო. ამით აშკარად ცნაურდება, რომ ინდოეთის კარზე ბნელი ძალების მოციქულები მოქმედებენ და რომ ამ კაცის ქმედება კარგად გააზრებული გეგმის ნაწილია. დავარს ვითომ შეეშინდა, მეფე არ დამინდობსო და ნესტანზე ძალადობა დაიწყო. „როსკიპს“ და „ბოზს“ ეძახდა, თმით ათრია, ცემით დაალუჯა, შემდეგ კი დაიბარა ქაჯი მონები და…

„უბრძანა: წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია,

წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია“…

საკვირველია ქაჯი მონების რეაქცია: „მათ გაეხარნეს, ხმამაღლა იყივლეს „იპი-იპია“… რა უხარიათ ქაჯებს? სამუდამოდ ზღვის ჭიპში ქალის გამომწყვდევა? ცხადია, ეს იყო მათი უმთავრესი მიზანი…  მოკლავდნენ, რასაკვირველია, მას რომ მოკვდავი ბუნება ჰქონდეს, მაგრამ ამ თვალისმომჭრელი ქალის მიღმა ფილოსოფიურ პლანში დგას არა ხორცშესხმული არსება, არამედ – კაცობრიობის რენესანსი, ახალი ერა, დაფარული სიბრძნე, კოსმიური, ინიციაციური, მისტიკური აზროვნება, ეზოთერული ცოდნა, რომელიც მხოლოდ რჩეულებს ეძლევათ და რომელიც არ კვდება. მის მოსაპოვებლად ღვთიური და სატანური ძალები ერთმანეთს ებრძვიან ხოლმე. სწორედ ამ ნათლისა და ბნელის ჭიდილში იკითხება „ვეფხისტყაოსნის“ უმთავრესი იდეა, გამოხატული ყველაზე პოპულარულ სენტენციაში: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“…

რა მიუსაჯა დავარმა ნესტანს? ზღვის შუაგულში სამარადჟამო ტყვეობა და წმინდა წყლისგან მოწყვეტა. ზღვა მხატვრულ ტექსტებში, მითოსსა და რელიგიაში ბოროტების საუფლოდ ითვლება, რადგან ის მრისხანე და ბობოქარია, ხოლო მარილიანი წყალი – სასიცოცხლოდ უვარგისი. ზღვის სამყაროში ავსულები ბინადრობენ, ზღვის ღმერთი პოსეიდონიც ბერძნულ მითოსში სამკაპით შეიარაღებული, საშიში ღმერთია… ხოლო წმინდა წყალი სიცოცხლის, ნათლისღების, აღდგომისა და ამაღლების სიმბოლოა… ნესტანმა წმინდა წყალი ვერ უნდა ნახოს. ის ისედაც მუდამ მოფარდაგულშია. როცა მამის მიერ აშენებულ ფაზარის ქვის კოშკში იჯდა, ფარდაგით იყო მუდამ ყველასთვის დაფარული (ჰიპოსტასი ეზოთერული ცოდნისა), შემდეგ ქაჯებმა მოფარდაგულ კიდობანში ჩასვეს და ზღვა-ზღვა დააცურებდნენ. შემდეგ ფატმანს ჰყავდა მოფარდაგულ ოთახში, შემდეგ – მელიქ-სურხავს, ცხრა ხადუმით (საჭურისი მონები) დაცული, ბოლოს ქაჯმა მეკობრე როშაქმა ქაჯეთის ციხეში გამოამწყვდია.

ნესტანის ნამდვილ სახეს კარგად ჩაწვდა ზღვათა სამეფოს მბრძანებელი მელიქ–სურხავი. მან არაფერი იცოდა ნესტანის შესახებ, მაგრამ მისი დანახვისთანავე თქვა, ეს ქალი ხორცშესხმული სულიწმინდა  არისო:

„ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,

არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი,

ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,

სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება-უც, ვითა ტრედი“…

ნესტანის მხატვრული სახის სიღრმეებშია საძიებელი დავარის ბოროტი სულიერი მისიაც. ნესტანის გადაკარგვის შემდეგ დავარმა თქვა: „მქმნელი ამისა ვინ არ დამქოლოს?“.. „სიცოცხლე გასაწყინარდაო“ და…  „დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა“… თუკი დავარი მშიშარა ქალი იყო და ძმის სასჯელის ეშინოდა, როგორღა მოიკლა თავი? როგორც ციტატა გვეუბნება, დავარმა ამოწურა თავისი სულიერი მისია, ნესტანის შემდეგ მის ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა… დავარის სახის ამგვარი გააზრება რუსთველოლოგიაში პირველად შემოიტანა ზვიად გამსახურდიამ რუსთველოლოგთაგან აღიარებულ ნაშრომში „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“.

როგორ უნდა მოქცეულიყო დავარი, ის რომ ინდოეთის პატრიოტი ყოფილიყო? მართალია, უსიამოვნო ამბავი იყო სასიძოს მკვლელობა, მაგრამ ამას ინდოეთი ხომ არ გადაჰყვებოდა? ნუთუ ზეციური გრძნების მცოდნე დავარს გაუჭირდებოდა განრისხებული ძმის დაშოშმინება და დარწმუნება, რომ ტარიელისგან სასიძოს მოკვლა იყო საპასუხო ქმედება ფარსადანის გაუაზრებელი ნაბიჯისა?! ან რატომ არ ენდობოდა გამზრდელ მამიდას ნესტანი? ნესტანს ესმოდა, რომ ხვარაზმელზე გათხოვება ინდოეთის ეროვნულ ინტერესს ეწინააღმდეგებოდა. სამეფო ოჯახის წევრის ქორწინება პოლიტიკური მოვლენაა. ნესტანისა და ტარიელის ქორწინება, გარდა იმისა, რომ წყვილს დიდი სიყვარული აკავშირებდა, მომგებიანი იყო ინდოეთისთვის, რადგან ამით აღდგებოდა ისტორიული სამართლიანობა. ტარიელის შტო ინდოეთის ტახტის მემკვიდრე იყო. ისტორიული სამართლიანობის აღდგენას რომ თავი დავანებოთ, ტარიელზე საიმედო პატრონი სხვა ვინ გამოუჩნდებოდა ქვეყანას? ნესტანი ხვარაზმელებზე ამბობს: „მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“… ისინი გამორჭმულდებიან, გაძლიერდებიან და ჩვენ დავსუსტდებით, რადგან პასუხისმგებლობები დაგვეკისრებაო…

ხშირად საყვედურობენ ტარიელს უდანაშაულო სასიძოს მოკვლის გამო. ამიტომაც ნათლად უნდა აიხსნას, როგორ წავიკითხოთ სასიძოს მოკვლა. როცა ნესტანი ტარიელს სასიძოს მოკვლისკენ მოუწოდებს, ამბობს: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“… „სამართალი მართალი“ ნესტანის ქაჯეთის ციხიდან გამოგზავნილ წერილშიც იხსენიება: „ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად?..“ ეს წყვილი განასახიერებს უზენაეს სამართლიანობას…

ნესტანის და ტარიელის წყვილი მართლაც არის ენიგმატური, მაგრამ ისინი არიან „ედემს რგული ალვა“, ანუ ღვთაებრივი ბუნებისანი, ასეთი გმირი კი არ ცდება, შეუძლებელია ცდებოდეს, განა ოდესმე ცდებიან ღმერთები და წმინდანები? სწორედ ეს არის „ვეფხისტყაოსნის“ ესთეტიკის უმთავრესი ნიშანსვეტი – უზადო, იდეალური ადამიანის ხატის, ადამიანური სრულქმნილების მოდელის შექმნა. როგორ შეიძლება, რომ ადამიანის მოკვლა ღვთაებრივ სამართლიანობად ჩაითვალოს, თუ აქ საქმე არ გვაქვს ალეგორიასთან? სასიძოს მოკვლა უდავოდ სიმბოლურ-ალეგორიული აქტია და არ უნდა გავიგოთ, როგორც კაცის მკვლელობა. ეს რომ ასე იყოს, ნესტანი და ტარიელი მკვლელობის თავიდან ასაცილებლად რამე სხვა გზას გამონახავდნენ, როგორმე მოახერხებდნენ ფარსადანის დარწმუნებას, მაგრამ ფილოსოფიურ პლანში სასიძოს მოკვლას ასე აიხსნება: ვეფხისტყაოსანი ჭაბუკი და ნესტანი – რენესანსი სასიძოს სახით კლავენ ძველი ეპოქის – ფარსადანულ ცნობიერებას. ხვარაზმელი სასიძო რომ ადამიანი არაა, ეს ნათლად ცნაურდება მისი მკვლელობის სცენაში, უბრალოდ გამოცდილი მკითხველი („კაცი ვარგი“) სჭირდება ავტორისეული შიფრ–კოდების გახსნას. ტარიელი ავთანდილს უყვება, რომ სასიძოს გაუმზადა წითელი ატლასის კარავი (სისხლისღვრის სიმბოლო), შემდეგ კი ასი მონის (სიმბოლო ტარიელის სრულქმნილებისა) თანხლებით ხვარაზმელის კარავს მიაშურა. ის ავთანდილს უყვება:

„კარავსა შევე, იგი ყმა ვითაწვა, ზარ-მაც თქმად ენით!

უსისხლოდ მოვკალ იგი, გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენით…

კარვის  კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე,

ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე“…

როგორც ტარიელი ამბობს, მას სასიძო ორთაბრძოლაში უნდა მოეკლა, მაგრამ როცა ყმას დახედა, თავზარი დაეცა, ტოლფერ კაცად ვერ წარმოიდგინა, რომ დუელში გამოეწვია. ტარიელმა ის კაცივით კი არ მოკლა, ნივთივით გააქრო. თითქოს სანაგვეში მოისროლა, ფეხში ხელი წაავლო და სვეტს შეახეთქა… ასე მხოლოდ უსარგებლო ნივთს თუ მოისვრის ადამიანი… ნესტანი ტარიელს ეუბნება, რომ ხვარაზმელთან მისი შეუღლებით „ძოწეული გაფლასდება“, წითელი გაშავდება, ანუ შუასკნელი, სიყვარულისა და ბედნიერების საუფლო ქვესკნელად,  ჯოჯოხეთად იქცევა. ტარიელი გააოგნა ფარსადანის მიუხვედრელობამ. გულდაწყვეტილმა და იგნორირებულმა თათბირზე ფარსადანი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა და შემდეგ ნესტანს გამოუტყდა:

„მიღმა დაშლა რამცა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა?

არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?

ხვარაზმშას ძის მოკვლა ფილოსოფიურ პლანში აღიქმება, როგორც ახალი ეპოქის ადამიანის მიერ წარსულის ნეგატივების ჩამოშორება, ხოლო რაინდული ესთეტიკით რომ შევაფასოთ, სასიძოს მკვლელობის გამო ტარიელს ვერ დავძრახავთ, რადგან ამ ეპოქაში რაინდი მით უფრო ფასობს, რაც მეტ ნაძირალას გაანადგურებს. ყოველი ტექსტის ესთეტიკა უნდა შევაფასოთ ეპოქის პარადიგმების შესაბამისად. ქრისტიანული თვალსაზრისით, მკვლელობა მძიმე ცოდვაა, მაგრამ „ვეფხისტყაოსანი“ არ არის ქრისტიანული თეოზისის გამომხატველი ნაწარმოები, ის ზერელიგიური და ზოგადსაკაცობრიოა და არც 21–ე საუკუნის ძეგლია, რომ ადამიანის უფლებები და სამართალი შუა საუკუნეების რაინდებს ისე ესმოდეთ, როგორც ეს დღეს გვესმის.

დავუბრუნდეთ დავარს და უპირველესად გავიაზროთ მამიდის სახე ქართულ მითოსსა და ყოფით კულტურაში. „ვეფხისტყაოსნის“ სამყარო ნასაზრდოებია რელიგიით, ფილოსოფიითა და მითოსით. აქ ვხვდებით უამრავ ალუზიას ჯადოსნური ზღაპრების სამყაროდან, ბევრ სახე-სიმბოლოში აცოცხლებს ავტორი მითოსურ არქეტიპებს. გავიხსენოთ ცნობილი ხატოვანი თქმა: „მამიდას მგლის სუნი ასდის და დეიდას – დედისო“…  მამიდა-მგლის ხატი ხშირად ცოცხლდება ყოფით კულტურაშიც. დავარის სახის დეკოდირების გზაზე აქ წარმართული აქცენტების პასუხებს ვხვდებით პოემის ფინალში. „ინდოხატაელთა ამბის“ სახელწოდებით ცნობილი ორი თავის რუსთველისეულობა სადავო იყო და პოემის ძველ გამოცემებში ისინი არ გვხვდებოდა, მაგრამ ბოლო რედაქციებში გამთლიანდა მათი გაქრობით გაჩენილი სიუჟეტური ტეხილები და ნათელი მოეფინა ყველა საიდუმლოს. ინდოეთში მობრუნებულ ტარიელს და მის მხლებლებს შაოსანი ვაჭართუხუცესი ნესტანის შესახებ უყვება: „იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა, ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა“, ხოლო დავარის შესახებ ამბობს: „მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა, მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა“…

აი, როგორ აფასებს დავარ ქაჯს ხალხი – გრძნეულმა საშინელება დაატრიალაო, ხოლო მის სიკვდილსაც ვაჭრები ასე აფასებენ: „თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა, იგი ქალი ქაჯთა მისცა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა“… ანუ: გრძნეულმა დავარ ქაჯმა ეზოთერული სიბრძნის მატარებელი ქალღმერთი ქვესკნელში გადაკარგა, „ჟამი კრული“ დააყენა ინდოეთში, აღასრულა ქაჯთა შავბნელი მისია, რასაც თავისი გაუაზრებელი ნაბიჯების წყალობით შეეწირა ფარსადან მეფე… ის უღონოქმნილი ეძებდა ნესტანსა და ტარიელს, ცოტა ხანს გაუძლო სახმილთა გზნებას და „აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა“… ანუ ფარსადანი და მისი მზიური სამეფო იქცნენ მსხვერპლად დავარ ქაჯის „სრვისა და ტკებნის“, ანუ სიკეთის დამხობის წინასწარვე კარგად გათვლილი პოლიტიკისა…

დავარ ქაჯის სახის დეკოდირება მოსწავლეებს დაეხმარებათ რუსთველის პოემის ფილოსოფიური ქვეტექსტების ამოცნობაში. ყველანი ვთანხმდებით, რომ ტექსტის წაკითხვებში მრავალფეროვანი ვარიაციები არსებობს და სწორედ ამით არის ლიტერატურა საინტერესო – ყოველ მკითხველს ახლებურად აღქმის შესაძლებლობა აქვს. ვერასდროს ვერცერთ წაკითხვას ვერ გამოვაცხადებთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, მაგრამ ისიც დაუშვებელია, რომ ტექსტზე დაკვირვებები და კვლევები დიამეტრულად ეწინააღმდეგებოდეს ავტორის კონცეფციებს. ყოველი კვლევა უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ავტორისეულ აქცენტებსა და განწყობებს. მასწავლებლის მისიაა, რომ მოსწავლეებს საღი განსჯისა და სწორი მიმართულებებით კვლევის უნარები განუვითაროს, მით უმეტეს ისეთ ტექსტებთან მიმართებაში, რომლებიც აღიარებულია კლასიკური მწერლობის შედევრებად და ეროვნულ ეთნომენტალობაზე ახდენს გავლენას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი