პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მომავლის გადასარჩენად

ამას წინათ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა კიდევ ერთი შემზარავი ამბავი – დონეცკში ორი ბავშვი მოკლეს. მანამდე კი იყო ასურელი ბავშვების მიერ ნაამბობი ომის ქრონიკები, რომლებიც მსოფლიოსგან მხოლოდ სიცოცხლის უფლებას ითხოვდნენ.

ახლა, როცა მე ამ  წერილს ვწერ, ალბათ სირიაში კიდევ ერთი ბავშვი გამოასალმეს სიცოცხლეს.  თუმცა არც მშვიდობიან ქვეყნებში იცავენ ზედმიწევნით ბავშვის უფლებათა კონვენციას. შეუძლებელია გქონდეს უკეთესი მომავლის იმედი, როცა ირღვევა ყველაზე მთავარი – სიცოცხლის უფლება, რადგან სანამ დედამიწის თუნდაც ერთ წერტილში ბავშვებს კლავენ, იქამდე მსოფლიოს არ აქვს მომავალი.

ისმის კითხვა: ნუთუ ოცი საუკუნე, ორი მსოფლიო ომი, უამრავი შიდა და გარე კონფლიქტი არ აღმოჩნდა საკმარისი გაკვეთილი საზოგადოებისთვის?! ვის აძლევს ხელს ძალადობა?! 

ომებს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებაში ძალადობის თემა ისევ ტაბუირებულია, მასზე მხოლოდ ფატალური დასასრულის შემთხვევაში თუ საუბრობენ. დღესაც ბევრ ოჯახშია მიღებული უფროსი ადამიანის მხრიდან უპირატესობის დაფიქსირება, ჩხუბის, დაყვედრების, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მეშვეობით ბავშვის დამორჩილება. თავის მხრივ, ბავშვები თანატოლების ჩაგვრით იოხებენ გულს, ძალადობა ხომ გადამდებია.

ბავშვებმა არ იციან თავიანთი უფლებები, ამიტომაც ვერ იცავენ თავს. მათი მეურვე, რომელიც ვალდებულია დაიცვას მასზე მონდობილი პატარა, ხშირად თავად ხდება მოძალადე. მშობლები შვილზე ფიზიკურ ძალადობას ერიდებიან, მაგრამ  ემოციური ძალადობის შედეგებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ისინი ვერც მოზარდთა შორის კონფლიქტის კონტროლს ახერხებენ, რადგან ბავშვები ძალადობის ფაქტებს მალავენ.

აგრესიის გამომწვევი მიზეზები ერთი ან რამდენიმეა:  ე.წ. მემკვიდრეობითი ძალადობა, სტრესი, ნერვული აშლილობა, სოციალური სიდუხჭირე…

ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ყველაზე ხშირად მაინც განათლების უქონლობას უკავშირდება. ბევრმა მშობელმა არ იცის ის აუცილებელი საკითხები, რომელიც საჭიროა ბავშვის ემოციური და ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის. ძალადობის ხელისშემწყობი ფაქტორებია: ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება, ფსიქიკური პრობლემები, სიღარიბე, დაბალი თვითშეფასება, კონფლიქტური (სტრესული) გარემო, მწარე გამოცდილება (ძალადობის მსხვერპლი მშობლები), განქორწინება, კარჩაკეტილობა და სხვა.

გარდა იმისა, რომ ძალადობის მსხვერპლის ფსიქიკა სამუდამოდ ზიანდება, ჩნდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც. ძალადობის ყველაზე თვალსაჩინო  ,,სიმპტომად” სოციოფობიას მიიჩნევენ. მოზარდთა შორის სუიციდის შემთხვევების მიზეზადაც ყველაზე ხშირად ძალადობა სახელდება. თუ უკიდურესი ზომების მიღებას გადავურჩით, იწყება პრობლემები სკოლაში: ბავშვი ვერ კონცენტრირდება სასწავლო პროცესზე, ვერ ვითარდება პიროვნულად, აქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება… 

ძალადობა თითოეული ბავშვის მომავალს სამუდამოდ ამახინჯებს. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დასძლიონ შიში, ბრაზი, სირცხვილი, შეინარჩუნონ ჯანსაღი განსჯის უნარი და, რაც მთავარია, არ გაიმეორონ იგივე.

როგორც ცნობილია, ძალადობის მსხვერპლთა მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება მესამე მხარეს, ანუ სახელმწიფოს სოციალური დაცვის სამსახურებს,  რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არიან. ერთ-ერთ მთავარ წინაღობად ძალადობასთან ბრძოლის საქმეში საზოგადოების ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება რჩება. გადაუჭრელი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საზოგადოება, ასე ვთქვათ, ემოციურად კასტრირებულია. 

 

მსოფლიოს ისტორიაში მრავლად მოიძებნება ბავშვებზე ძალადობის და მეტიც, მასობრივი განადგურების შემთხვევები. შიმშილობას, ჰოლოკოსტს, სხვადასხვა ეპიდემიას გადარჩენილები გამტაცებლების, პედოფილების, სულიერად დაავადებული ადამიანების მსხვერპლნი არაერთხელ გამხდარან. მსოფლიოს ახლაც ახსოვს მეოცე საუკუნის დასაწყისში, ე.წ. ანგელოზების ქალაქში,  Wineville-ს საქათმეში დატრიალებული ტრაგედია, როცა 20 ბავშვი გამოესალმა სიცოცხლეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სულიერად დაავადებული მამაკაცი დროულად არ აღმოჩნდა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ლოს-ანჟელესის მკვლელობების შემდეგ თითქმის ერთი საუკუნე გავიდა, მაგრამ ეს ისტორია დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ სერიულ მკვლელობად ითვლება აშშ-ში. მასზე მხატვრული ფილმიც არის გადაღებული („changeling” 2008).

მსოფლიოს ერთ-ერთი უახლესი და მოუშუშებელი იარა ბესლანის ტრაგედიაა. ის დღე, როცა  ჩრდილოეთ ოსეთის ერთი პატარა ქალაქში, N1 საშუალო სკოლის შენობაში ტერორისტებმა მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მძევლად აიყვანეს.  მათ ტყვეობაში სამი საშინელი დღე გაატარეს,  3 სექტემბერს კი ტერორისტებმა  334 მძევალი მოკლეს, მათ შორის – 186 ბავშვი. უკვე ათ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ბესლანის ტრაგედია ერთ-ერთ ყველაზე მწვავე განხილვის თემად რჩება, თუმცა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც მოსწავლეობისა და სიცოცხლის უფლება ერთად ჩამოართვეს, ფეტვისა და ხორბლის გადარჩევა უკვე დაგვიანებულია. ,,ანგელოზების ქალაქში” ჯერ კიდევ 2004 წლის პირველი სექტემბერია.

  

ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით კი გამოუცდელმა და დაუცველმა არსებამ უნდა იცოდეს მისი უფლებები. ჩემი აზრით, ვალდებულებიც კი ვართ, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციის ძირითადი პუნქტები პატარებსაც გავაცნოთ და დიდებმაც კარგად დავისწავლოთ. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო, მაგრამ ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა. კონვენცია მოიცავს 54 მუხლს, რომელთაგან 42 ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. კონვენციაში საუბარია თითოეული მოზარდის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებებსა და აღსაზრდელზე პასუხისმგებელი პირების  უფლება-მოვალეობაზე. იმასაც დეტალურად განიხილავენ, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. 

კონვენცია  193 ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორისაა საქართველო, რომელიც ბავშვთა უფლებების დამცველი ქვეყნების სიას 1994 წელს შეუერთდა. აქვე მინდა შემოგთავაზოთ ბავშვების მიერ გამარტივებული, თანატოლებისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემული დოკუმენტის ის ძირითადი პუნქტები, რომლებიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ირღვევა მეურვის, სახელმწიფოსა თუ საზოგადოების მხრიდან, მათ შორის, კონვენციის მეგობარ ქვეყნებშიც.

„ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის განვითარებაზე. 

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ბავშვის უფლება – რელიგიის, ეროვნების, კანის ფერისა და სხვა განსხვავებების მიუხედავად. 

ბავშვს უფლება აქვს, იცხოვროს მშობლებთან ერთად და განცალკევების შემთხვევაში, ურთიერთობა ჰქონდეს მათთან, თუ ეს არ არის მისთვის საზიანო.  სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ქვეყნიდან ბავშვების არალეგალური გაყვანა. 

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვის აზრისა და რწმენის თავისუფლება და პატივი სცეს მას. 

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი მშობლის, მეურვის ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ძალადობისაგან. 

სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და შეუქმნას მათ ოჯახური გარემო. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უფლება აქვს, მიიღოს სპეციალური განათლება, რათა შეძლოს ღირსეულად ცხოვრება. 

ბავშვს აქვს უფლება, სარგებლობდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით, ჰქონდეს სრულფასოვანი კვება და უსაფრთხო გარემო, რათა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა.                             

ბავშვს უფლება აქვს, უფასოდ მიიღოს დაწყებითი განათლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაც.  

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ბავშვის მოტაცება ან გაყიდვა. 

სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ბავშვებზე, რომლებიც საომარ ზონაში ცხოვრობენ. 

ბავშვმა, რომელმაც კანონი დაარღვია, უნდა მიიღოს სამართლებრივი და სხვა სახის დახმარება. მისი დაპატიმრება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს…”

***

ამას წინათ, მეოთხე კლასში ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან ,,კუკარაჩა” ერთ-ერთი ნაწყვეტი წავიკითხეთ. შემდეგ არასრულწლოვან დამნაშავეებზე, კანონის დამცველებსა და კონსტიტუციის მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ. ჩემდა გასაკვირად, მოსწავლეთა უმრავლესობა დაინტერესდა, თუ რატომ არ  დაისაჯნენ კანონის მთელი სიმძიმით პატარა მეთევზეები. ამიტომაც, შემდეგი გაკვეთილი ბავშვთა უფლებების კონვენციას მივუძღვენი. ყველა მუხლი სათითაოდ განვიხილეთ, თვალსაჩინოებისთვის კანონების კრებულიც შევადგინეთ. მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით თუ ვიმსჯელებთ, ეს გაკვეთილი ყველაზე დასამახსოვრებელ დღედ ჩაიბეჭდა მოსწავლეების გონებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ გაკვეთილის შემდეგ კიდევ ბევრი საინტერესო მასალა გავიარეთ, ამ თემას მაინც ხშირად უბრუნდებიან. ზოგი კითხვებით მომმართავს, ზოგი კი კედელზე გამოკრულ დოკუმენტთან დგას და თითოეულ მუხლს, როგორც კედელს მიყრდნობილი ბავშვი სიმაღლის გაზომვისას, ისე ეტოლება.

ბავშვთა უფლებებზე საუბრისას არც იანუშ კორჩაკი დაგვვიწყებია. ვისაუბრეთ მოზარდთა სასამართლოსა და ბავშვების მეფეზე. პოლონელმა მასწავლებელმა ის მაინც შეძლო, თავისი აღსაზრდელები მათიუშებად გაეზარდა. 

მას ჰქვია მალალა

2012 წლის 9 ოქტომბერს პაკისტანელ სკოლის მოსწავლეს, მალალა იუსაფზაის შეიარაღებულმა თალიბმა თავში ესროლა იმის გამო, რომ იგი საჯაროდ იცავდა განათლების მიღების უფლებას. გოგონა სიკვდილს გადაურჩა და დღეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატია. მალალას ასევე გადაეცა ,,მსოფლიოს ბავშვთა პრემია”,  რომელსაც  ნობელის ბავშვთა პრემიასაც უწოდებენ.

 

2008  წლის მიწურულს ადგილობრივი თალიბანის ლიდერმა შემზარავი გაფრთხილება გაავრცელა, რომლის თანახმად ქალთა ყველა სკოლას მუშაობა ერთ თვეში უნდა შეეწყვიტა. იმ დროისათვის მალალა 11 წლის იყო, თუმცა კარგად ხვდებოდა, რომ ბევრი რამ შეიძლება შეცვლილიყო. გოგონამ განათლების უფლების დასაცავად ბრძოლა გადაწყვიტა. ასე შეიქმნა პაკისტანელი გოგონას დღიურები, რომელიც BBC-ის ბლოგი იყო ურდუს ენაზე. ბლოგზე მალალა აქვეყნებდა ქრონიკებს, რომლების ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, სკოლის მოსალოდნელ დახურვასა და სვატის ხეობის მომავალს ეხებოდა. ნელ-ნელა მალალა მიხვდა, რომ ბლოგის საშუალებით ბევრი გულშემატკივარი გაიჩინა და თანდათან უფრო გათამამდა. 

 ,,მე მსურდა ჩემს უფლებებზე საუბარი. არ მინდოდა, მთელი ცხოვრება ოთხ კედელში გამომწყვდეულს, საჭმელების მომზადებასა და ბავშვების გაჩენაში გამეტარებინა.”

მართალია, ბლოგის ავტორი ანონიმურობას ინარჩუნებდა, მაგრამ მალალას საკუთარი მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირება არ აშინებდა და 2009 წლის თებერვალში პაკისტანის ტელევიზიის ერთ-ერთ (ჰამიდ მირის) შოუში მიიღო მონაწილეობა.

ვერავინ იფიქრებდა, რომ თალიბების სამიზნე ბავშვი გახდებოდა.  მაგრამ  მალალას ხმა იმ პერიოდში ყველაზე გავლენიანი ხმა იყო სვატში. რადგან თალიბების სამიზნე გოგონათა სკოლა და მათი განათლება იყო, მათი მიზნისკენ მისაღწევი გზა კი მალალას მიერ გაკვალულ ბილიკს გვერდს ვერ აუვლიდა. 

თალიბებმა აქტივისტის ლიკვიდაცია სკოლის ავტობუსში, მოსწავლეთა თვალწინ სცადეს. თავში დაჭრილი გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით გავრცელდა. პაკისტანის მთავრობა იძულებული გახდა ჩართულიყო მალალას გადარჩენის აქციაში და გოგონა ქვეყნის საუკეთესო კლინიკაში მოათავსა. ურთულესი ქირურგიული ოპერაციებისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესის გავლის შემდეგ პაკისტანელი გოგონა ოჯახს დაუბრუნდა. 

გასროლიდან 9 თვის შემდეგ, 2013 წლის 12 ივლისს, მალალა გაერთიანებული ერების მთავარ შტაბბინაში, სპეციალურად მოწვეული ახალგაზრდების ასამბლეაზე გამოჩნდა. თექვსმეტი წლის უფლებადამცველის გამოსვლას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადასცემდნენ.

,,ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და კალამს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა”

 

ნუ გეშინიათ! ასწავლეთ ბავშვებს მათივე უფლებები, შეეკითხეთ მათ, რა სჭირდებათ, როგორ გარემოში სურთ ცხოვრება… ისინი დაგეხმარებიან, გახდეთ ბევრად უკეთესები, ვიდრე ხართ, რადგან მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ დაგვაჯერონ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. 

 ნუ, ნუ მოკლავთ მომავალს! ნუ მოიჭრით გასაფრენად გაშლილ ფრთებს! 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი