პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ამბების ხიბლი

„-რას ეუბნება კედელი კედელს? “ – სელინჯერის ამ მარადიული კითხვით ბევრჯერ ჩამიგდია საგონებელში ჩემი მოსწავლეები. თავები უმტვრევიათ პასუხისთვის განურჩევლად ასაკისა, სქესისა, კანის ფერისა და აღმსარებლობისა. გავკადნიერებულვარ და ზოგჯერ მეორე დღისთვისაც გადამიდია პასუხი, ძილშიც უფიქრიათ და ღვიძილშიც, დილით საკლასო ოთახში შესვლისთანავე შეუხსენებიათ, პასუხის უამრავი ვარიანტი უთქვამთ, მაგრამ არც ერთხელ სელინჯერის მსგავსი. ეს მხოლოდ მწერლის პასუხია: კუთხეში შევხვდეთ ერთმანეთსო. ნეტავ დაგანახათ, რა სახეებს იღებენ, როცა გაიგებენ – გაოცება, აღფრთოვანება და იმედგაცრუება ( ეს როგორ ვერ გამოვიცანითო) ერთდროულად ეხატებათ სახეზე!

თუმცა მთავარი ეს არ არის, მთავარია ისაა, რომ არც ერთხელ არ დაუსვამთ შეკითხვა, რატომ უნდა ელაპარაკოს კედელი კედელს. ეს ძალიან ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავია მათთვის. და ვერც იმას აცნობიერებენ, ამ კითხვაზე ფიქრით მათსა და დიდ მწერალს შორის დიალოგი რომ იბმება. ცოტა მოიზრდებიან და სხვა კითხვაც გაუჩნდებათ: სად მიდიან იხვები, როცა პარკში ტბა იყინება…

ზოგადად, ბავშვებს უყვართ ახირებული კითხვა- პასუხები, სჭირდებათ დიალოგები, ურთიერთობები, აინტერესებთ ამბები… არ არსებობს ამბავი, რომელსაც ისინი ვერ გაიგებენ, თუკი მათ ენაზე მოვუყვებით.

დედაჩემი ფილოლოგია, მაგრამ აღარ მასწავლებლობს.

ერთხელ ყური მოვკარი, როგორ უყვებოდა ,, სტუმარ – მასპინძელს“ მისთვის გასაგები ენითა და ემოციებით ჩემს 6 წლის შვილს. გავიფიქრე და დავწერე კიდეც: არსებობენ გადამდგარი გენერლები, მაგრამ არ არსებობენ გადამდგარი ფილოლოგები – მეთქი და გამახსენდა, როგორ მიყვებოდა მეც იმავე პოემას პატარაობისას. ზუსტად მახსოვს, როგორ აღმიწერდა აღაზას სილამაზეს და სანამ მართლა წავიკითხავდი ,,სტუმარ- მასპინძელს“, ბევრი წელი გავიდა. კითხვის სწავლამდე ვიცოდი აკაკი წერეთლის ,,ღამურაც“, როგორ დაისაჯა იმისთვის, რომ თაგვობა კი არა, ჩიტობა უნდოდა. კიდევ ბევრი ნაწარმოები მოუყოლია ამბებად.

ამას წინათ სოციალური ფსიქოლოგიის კონსპექტში გადავაწყდი – ჩამოთვლილი იყო ის კომპეტენციები, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს მასწავლებელი. ერთ- ერთი იყო:

,, ყოფითი ამბების, შემთხვევების პრეზენტაცია: იდეების სწავლებისა და გადაცემის საუკეთესო საშუალებაა ყოფითი ამბების, შემთხვევების მოყოლის მეთოდი. ასეთ სიტუაციებს შეჩვეული კლასი ყოველთვის ელის ამბის განვითარებას და თავისთავად ერთვება მასწავლებელთან თანამშრომლობით ურთიერთობაში.“ (გ. ჩაგანავა)

ამბებს დიდი ძალა აქვთ. საოცარი შეგრძნებაა, როცა რაიმეს თხრობას იწყებ და მაშინვე მოგაჩერდებიან დაჭყეტილი თვალებით და დაცქვეტილი ყურებით. სულ რამდენიმე სიტყვა ყოფნით, მოინუსხონ რაიმე ამბით. არადა, გაკვეთილის ახსნისას რამხელა ძალისხმევა გჭირდება, მათი ყურადღება რომ მიიპყრო! თუ რაიმე წამიკითხავს, მინახავს, შემთხვევია და განსაკუთრებით განმიცდია, სულ ამბებად მომიყოლია მათთვის.

ბავშვებმა დიდებივით იციან, რომ ცხოვრებაც ერთი დიდი, საიდუმლოებებითა და მოულოდნელობებით სავსე, ყველაზე ფერადი ამბავია, რომელშიც უთვალავჯერ იკვრება თავგადასავლების კვანძი, უთვალავჯერ აღწევს კულმინაციას და იმდენივეჯერ, მაგრამ სხვადასხვანაირად იხსნება ბოლოს.

კითხვა კარგია, აუცილებელია, ჰაერია, მაგრამ ამბებს თავიანთი ადგილი უჭირავთ მუდამ. თითქმის ყველა მწერალი იხსენებს, როგორ უყვებოდა ვიღაც ბავშვობაში მითებს, ლეგენდებს, საინტერესო თავგადასვალებს და როგორ მოახდინა გავლენა მასზე ამ ამბებმა.

 „ _ ბებო, რამე წამიკითხე, _ ვეტყოდი ხოლმე შემდეგ.

ბებიაც მიკითხავდა გრიმების ზღაპრებს, მიამბობდა ამირანის ამბავს…

ერთხელ «მუმუ» წამიკითხა.

_ ბებო! _ შევშფოთდი, _ დაიხრჩო?

_ დაიხრჩო…

_ მოკვდა?

_ მოკვდა…

_ რატომ დაიხრჩო, ცოდვა არ არი? _ შევაცქერდი ბებიას და ტირილი დავაპირე.

ტირილი ხმამაღალი მიყვარდა. ისეთ ღრიალს ამოვუშვებდი ხოლმე, რომ…

_ დაიცა, დაიცა, _ დაფაცურდა ბებია, _ ჯერ არ დამიმთავრებია. მუმუმ იცოდა კარგი ცურვა, _ განაგრძო «კითხვა» ბებიამ, _ გასცურა მდინარე, მივიდა გერასიმესთან და ახლაც იქ ცხოვრობენ კარგად და ბედნიერად… ფქვილი აქა, ქატო იქა, _ დაუმატა დამაჯერებლობისათვის.

მეც დავუჯერე და ცრემლიანი თვალებით გავუღიმე.“ ( „პირველი კონცერტი“ გ. დოჩანაშვილი) – ჰო, ბებიებს ტყუილიც კი დაეჯერებათ. მე კი მინდოდა, ორი რამ აუცილებლად მეთქვა:

პირველი და მნიშვნელოვანი -არასოდეს დაგეზაროთ ამბების მოყოლა,მათ დიდი ძალა აქვთ. არ დაგენანოთ დრო მბობისთვის, ლიტერატურა ამის ფუფუნებას იძლევა. ამბების მოყოლით პატარა ადამიანები ბევრ რამეს სწავლობენ: როგორ მოუსმინონ სხვებს, როგორ გამოხატონ, რომ უსმენენ, უჩნდებათ სურვილი,თვითონაც მოყვნენ ამბებს.მალევე მიხვდებიან, რომ ადამიანები მხოლოდ მათ უყვებიან ამბებს, ვინც უყვართ და ეს ნდობის დიდი გამოხატულებაა.

და მეორე, არც ისე მნიშვნელოვანი – არ მიყვარს ადაპტირებული წიგნები, არასოდეს ვუკითხავ ჩემს შვილს( არც მოსწავლეებს ) ადაპტირებულ კლასიკას, რადგან ვთვლი, ისედაც საკმარისად თავდაჯერებულს, დააჯერებს, რომ კლასიკაც გადაკითხული აქვს და ინტერესს დაუკარგავს. მაგრამ სამაგიეროდ, მოვუყვები ადაპტირებულ ან თუნდაც ინტერპრეტირებულ ამბებად და იმედს დავიტოვებ, ოდესმე აუცილებლად გადაამოწმებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი