ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პირიქითა გაკვეთილები, ანუ ერთი დღე შებრუნებულ საკლასო ოთახში

ამ წერილში მინდა ვისაუბრო სწავლების ერთ-ერთი ინოვაციური მეთოდის შესახებ, რომელიც  ბოლო რამდენიმე წელია სკოლებში, კოლეჯებსა თუ უნივერსიტეტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხარისხის ნიშანს წარმოადგენს.

ჯერ გადავხედოთ ,,შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდის განმარტებას. სწავლა-სწავლების ზემოაღნიშნული მიდგომა გულისხმობს მასწავლებლისა და მოსწავლის როლების შეცვლას, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეზე ორიენტირების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ინტერაქტიული სწავლება გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში ახალი სტრატეგიების, მიდგომებისა და შეფასების ხერხების დანერგვას, აქედან გამომდინარე, იცვლება სწავლების მიზანიც. უხეშად რომ ვთქვა, გაკვეთილის ახსნა-დასწავლა-ჩაბარების ჯაჭვს ენაცვლება ახალი მასალის დამოუკიდებლად გააზრება და კლასში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით განმტკიცება.

ტრადიციულ გაკვეთილზე მოსწავლეს უმეტესად ენიჭება პასიური მსმენელის როლი. ახსნილი მასალის გაგების ხარისხი საშინაო დავალების შემოწმების ან გამოკითხვის დროს იზომება. თუ მოსწავლის მომზადების დონე არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება, შესაძლოა, მან დაბალი შეფასება დაიმსახუროს და თან უყურადღებობისთვისაც უსაყვედურონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსწავლეთა სიმრავლის გამო, მასწავლებელს ინდივიდუალური მიდგომების განსახორციელებლად დრო არასდროს რჩება. სწორედ მსგავსი სიტუაციიდან თავის დასახსნელად შეგვიძლია გამოვიყენოთ შებრუნებული საკლასო ოთახის ფორმატი, სადაც პედაგოგი თითოეულ მოსწავლესთან უშუალო კონტაქტს შეძლებს. რაც მთავარია, შებრუნებული გაკვეთილის მთავარ მიზანს ცოდნის მიღებასთან ერთად მრავალმხრივი უნარების გამომუშავება წარმოადგენს.

ინტერაქტიური სწავლების მომხრენი მიიჩნევენ, რომ გაკვეთილი მოსწავლისთვის სიახლის გაცნობით უნდა იწყებოდეს, რადგან თუ ის გაკვეთილის დასაწყისშივე გაერკვევა მისთვის უცნობ საკითხებში, ფაქტებსა თუ მონაცემებში, მისი მოტივაცია სიღრმისეული სწავლის თვალსაზრისით აუცილებლად გაიზრდება. ასე რომ, აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგნის მიმართ შემეცნებითი ინტერესისა და მოტივაციის გაღვივებისთვის.

სასურველია, მოსწავლე მარტო არ დარჩეს უცნობ მასალასთან მუშაობის დროს, ამიტომაც ჯგუფური აქტივობები ინტერაქტიური გაკვეთილის განუყოფელი ნაწილია. ამას გარდა, თანამშრომლობითი სწავლის უნარების განვითარების უკეთეს მიზეზს ვერც წარმოიდგენთ.

აღნიშნული მეთოდით გაკვეთილის დაგეგმვა შეიძლება ხშირად ვერ შევძლოთ, თუმცა მისი ძირითადი ხედვა, რომ მივცეთ მოსწავლეს ახალი მასალის ინდივიდუალურად გაცნობის და საკუთარი დამოკიდებულების გაჩენის საშუალება, ჩემი აზრით, ყველა ახალი საკითხის გავლისას უნდა გავითვალისწინოთ. რაც არ უნდა რთულად ასათვისებელი იყოს მასალა, მასწავლებელი უნდა შეეცადოს, მოსწავლეს მზა პასუხის ნაცვლად მისკენ მიმავალი გზა დაანახოს.

შებრუნებული გაკვეთილის შედეგიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად არიან მომზადებული მოსწავლეები მსგავსი გამოწვევისთვის. სანამ მათ გაკვეთილის მართვის სადავეებს გადავცემდეთ, საჭირო უნარები უნდა გამოვუმუშაოთ, მაგალითად: გავაცნოთ კლასს ახალ მასალაზე მუშაობის სხვადასხვა ხერხი, განვიხილოთ და ერთობლივად შევასრულოთ ამა თუ იმ ტიპის დავალება და სხვ.

კარგია, თუ გაკვეთილს ტექნიკური მიმართულებითაც გავამდიდრებთ. დავალების შესრულებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ მრავალფეროვანი ინსტრუმენტები: თემატური ვიდეოგაკვეთილები (უკვე არსებული ან, საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ მიერ შექმნილი), საგანმანათლებლო საიტები (buki.ge; kargiskola.ge;  ka.khanacademy.org, britishcouncil.ge/english/online და სხვ.), მინიტესტების ელექტრონული ვერსია, რომელთან წვდომა მოსწავლეებს თავიანთი სმარტფონებითაც შეეძლებათ; ხმის მიცემის მობილური აპლიკაციები, რომელიც საგაკვეთილო თემის თუ ფორმატის არჩევაში დაეხმარებათ. მოსამზადებელ პერიოდში მოსწავლეებს სავარაუდოდ დასჭირდებათ: საძიებო სისტემა (google); საოფისე პროგრამები: Word, PowerPoint, ელექტრონული ლექსიკონი (ena.ge) თემატური ვიდეომასალებისთვის – youtube.com და სხვ.

სასურველია, თუ შევძლებთ ახალი ინფორმაციის მოსწავლის პირად გამოცდილებასთან (სასკოლო, ცხოვრებისეული) დაკავშირებას. შეგვიძლია მოსწავლეებთან ერთად დავგეგმოთ ცალკეული აქტივობები: გამოჰკითხეთ, რომელი კონკრეტული უნარის (მაგ., პრეზენტაციის აწყობა) განვითარება სურთ,  ან რა ტიპის ჯგუფური თუ ინდივიდუალური სამუშაოს შესრულება იქნება მათთვის საინტერესო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეგიძლიათ შეადგინოთ მინი კითხვარი სასურველი საგაკვეთილო თემის არჩევის მიზნით ან თავად შესთავაზოთ აუდიტორიას სადისკუსიო თემები და საკვლევი საკითხის განხილვის ფორმატი. ახალი პრობლემების ერთობლივი ძალებით გადაჭრა, პროექტებით/ექსპერიმენტებით სწავლა და სხვა მსგავსი დინამიური სასწავლო პროცესი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების და არსებულ სოციუმში თვითდამკვიდრების პროცესს ერთმნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ინტერაქტიური გაკვეთილის დამაგვირგვინებელ აქტივობას წარმოადგენს შეცდომების და წარმატების ჯგუფური (ზეპირი) და ინდივიდუალური (თვითშეფასების ბარათები) ანალიზი. შეფასების დროს სჯობს, მასწავლებელმა აქცენტს გააკეთოს მოსწავლეთა წარმატებაზე, რადგან აღნიშნული გაკვეთილები საგნით დაინტერესებაზე, თანამშრომლობასა და ჩართულობაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე – მასალის ათვისების ხარისხის განმსაზღვრელი შეფასებით გაზომვაზე.

რაც შეეხება წესებს, რომელიც გაკვეთილის მსვლელობის რეგულირებისთვის გვჭირდება, მისი დაცვა ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს და მოსწავლეებთან ერთად უნდა შემუშავდეს. თუ საგაკვეთილო პროცესის თითოეულ წევრს კარგად ექნება გააზრებული აქტივობების წარმატებით წარმართვისთვის საჭირო ქცევის წესების დაცვის მნიშვნელობა, მაშინ არც სადამსჯელო ღონისძიების ჩატარება მოგვიწევს. თუ მაინც იჩინა თავი პროცესის დამაბრკოლებელმა მოვლენებმა, მაშინ ე.წ. მეამბოხეს შეგვიძლია მაყურებლის როლი შევთავაზოთ, ანუ ჩამოვაშოროთ საინტერესო აქტივობებს.

მოსწავლეს თავიდანვე კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ის თავად არის გაკვეთილის თანაავტორი – სასურველი მიმართულებით წარმართავს პროცესს, მის ხელშია ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების ბერკეტები, რაც გამბედაობას და მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღების უნარს მოითხოვს. გაკვეთილებზე, სადაც მასწავლებლის როლი შესუსტებულია და მისი ჩართულობა მხოლოდ მოსწავლის ინიციატივის ხელშეწყობით შემოიფარგლება, როგორც წესი, დისციპლინური პრობლემები ნაკლებად იჩენს თავს.

მოსწავლეებს სასწავლო მასალა მიეწოდებათ დისტანციურად. ისინი მოიძიებენ/კითხულობენ დამხმარე მასალას, უყურებენ მითითებულ ვიდეოებს, ხვდებიან ერთმანეთს სკოლაში/ სკოლის გარეთ ან აწყობენ ონლაინ-დისკუსიას და ჯგუფურად ამუშავებენ, საგაკვეთილო რესურსს საშინაო დავალების ფორმატში. საკლასო შეხვედრები კი მრავალფეროვან ჯგუფურ აქტივობებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ეთმობა. გაკვეთილზე მასწავლებელს გაცილებით მეტი დრო რჩება, რათა დაეხმაროს და დააკვირდეს მოსწავლეებს, დროულად გამოავლინოს ახალ მასალასთან დაკავშირებული სირთულეები და განმარტოს გაუგებარი საკითხები.

ახალ ფორმატზე გადასვლა საკმაოდ რთული პროცესია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მისი მშობლებისთვის. გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად სჯობს, დროულად უზრუნველყოთ მათი ინფორმირება თქვენ მიერ დანერგილი სიახლის შესახებ. წერილში ასევე განიხილეთ ზემოაღნიშნული საგაკვეთილო ფორმატის უპირატესობა სტანდარტულ სწავლა-სწავლებასთან შედარების გზით.

შებუნებული საკლასო ოთახის მოდელს უმეტესად უნივერსიტეტებში იყენებენ, თუმცა აღნიშნული მიმართულების გამარტივება და სასკოლო სივრცეში დანერგვა დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.

ქართული ენის გაკვეთილებისთვის მოსამზადებლად მცირე რაოდენობის, თუმცა ვიდეოგაკვეთილების გარკვეული ბაზა მაინც არსებობს მაგალითად,

თუმცა სასწავლო საფეხურიდან გამომდინარე, მოსწავლეებს შებრუნებული გაკვეთილისთვის მოსამზადებლად უმეტესად ტექსტურ მასალას ვაწვდი. დავალების შინაარსი შედგება მკაფიო ინსტრუქციებისგან, ახალი მასალის გააზრების ხარისხს კი საგნის ფორმატის შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობებით ვამოწმებ.

მინდა გაგიზიაროთ ზემოაღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით ჩემ მიერ დაგეგმილი ერთ-ერთი გაკვეთილი:

გაკვეთილის გეგმა 

 

ქართული ენა და ლიტერატურა

(გაკვეთილის გეგმა)

გაკვეთილის თემა ბუნება და ადამიანი
სასწავლო საფეხური დაწყებითი საფეხური,  V კლასი
მასწავლებელი თ. დოლიძე
მოსწავლეთა რაოდენობა 16 (კლასში არ ირიცხება სსსმ მოსწავლე)
გაკვეთილის მიზანი

 

ახალი სასწავლო მასალის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცება, ორიენტირებული კითხვის და წერითი აზროვნების უნარების დახვეწა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება, სიმბოლოებით აზროვნების, მოვლენებზე დაკვირვების და სათანადო დასკვნების გამოტანის, ურთიერთთანამშრომლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.
სავარაუდო შედეგი

 

 

 

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ბუნების (მცენარის) მნიშვნელობის გააზრება, ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულების დაფიქსირება, ადამიანის მხრიდან გამოჩენილი გულგრილობის მაგალითების და ამ დამოკიდებულებით გამოწვეული  სავალალო შედეგების გახსენება-დასახელება. მათ დამოუკიდებლად უნდა მოახერხონ სასწავლო მასალების დამუშავება და მიღებული ცოდნის/გამოცდილების ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ აქტივობებში გამოყენება.
კავშირი სხვა საგნებთან ბუნებისმეტყველება, თემა: მცენარეები

სამოქალაქო განათლება, თემა: მოქალაქე, მისი როლი და პასუხისმგებლობა

წინასწარი ცოდნა მოსწავლეებმა IV კლასში იმუშავეს ქართული ენისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლების მიერ ორგანიზებულ ინტეგრირებულ პროექტზე ,,პატარა ხევის დიდი პრობლემა“ (თემა – ,,ჩვენი ხევი“; კონტექსტი – თბილისის წყალდიდობა 2015 (საზოგადოებრივი დაუდევრობა და ბუნებრივი კატაკლიზმები: წყალდიდობა, წყლის დაბინძურება და სხვ.))
გაკვეთილისთვის მზადება

 

მოსწავლეებს სკოლის ელექტრონული ჟურნალის დახმარებით მიეწოდებათ დასამუშავებელი მასალები (ტექსტური და ვიდეომასალა), მათ ასევე უნდა გადახედონ თემატურ სიახლეებსაც, მაგალითად: მოიძიონ ან მივაწოდოთ ტელერეპორტაჟები საქართველოს ტყის მასივში 2017 წლის ზაფხულში გაჩაღებული ხანძრების შესახებ (ვიდეომიმოხილვა), პორტუგალიაში ხანძრისგან წარმოქმნილი ცეცხლოვანი ტორნადოების ამსახველი კადრები და სხვ. ამას გარდა, სასურველია მოსწავლეებმა ზოგადი ინფორმაცია მოიძიონ ,,პარტიზანული მებაღეობის“ და  თბილისში ახალგაზრდა ხეების უკანონო ჭრის შესახებ.

რადგან დასამუშავებელი მასალა საკმაოდ დიდია, რამდენიმე მიზნობრივი ჯგუფის შექმნა დაგვჭირდება. მოსწავლეებს ეძლევათ გარკვეული დრო (მაგ., ერთ კვირა) მასალებზე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად სამუშაოდ. ერთი გუნდი დაამუშავებს მხატვრულ ტექსტებს. მეორე – ანიმაციურ, მესამე  – საინფორმაციო ვიდეო მასალებს ნახავს და მათში წარმოდგენილ შესასწავლ თემასთან დაკავშირებულ პრობლემებს გააანალიზებს. მეოთხე ჯგუფი კი თემატურ სიახლეებს შეისწავლის.

რესურსი მიზნობრივი ტექსტები:  სასწავლო მასალა – ,,მუხა“ (რევაზ ინანიშვილი), პარალელების გავლებისთვის დამატებითი საკითხავი:  ,,ვაშლის ხე და ბიჭი“  (შელ სილვერსტაინი),  ,,შურიანი კაცის ამბავი“ (ერლომ ახვლედიანი); ვიდეომასალა: ,,ვაშლის ხე“,  ,,მწვანე ტოტი“,  ,,сказка старого дуба“ და მოსწავლეთა მიერ მოძიებული ტელერეპორტაჟები; საკანცელარიო მასალა: ფურცელი (ფლიპჩარტი), წებოვანი ქაღალდი, კალამი, მარკერი; ტექნიკური მხარდაჭერა: ნოუთბუქი, პროექტორი, პრინტერი, ინტერნეტი, USB ფლეშ მეხსიერება.
აქტივობა N1

(20 წთ.)

პრეზენტაცია (ჯგუფური) – ჯგუფების მიერ მასალების დამუშავების ფაზაში მომზადებული მინი პრეზენტაციების წარმოდგენა.

შენიშვნა:  პრეზენტაციას რიგრიგობით წარმოადგენს ჯგუფის ყველა წევრი.  აღნიშნული აქტივობის მსვლელობისას შეფასდება ინფორმაციის ფლობა, გუნდურობა და დროის ლიმიტის დაცვა (თითოეულ გუნდს ეთმობა 5 წუთი). გუნდების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მთავარ ნიუანსებს მასწავლებელი აფიქსირებს დაფაზე/ფლიპჩარტზე.

აქტივობა N2

(10 წთ.)

დისკუსია (საკლასო) – მოსწავლეები აჯამებენ პრეზენტაციების მოსმენის შედეგად მიღებულ საერთო სურათს საკვლევ საკითხთან დაკავშირებით და გამოაქვთ დასკვნა.
აქტივობა N3

(10-15 წთ.)

 

 

 

 

 

 

 

პერსონაჟზე დაკვირვება (ჯგუფური) – აღნიშნული აქტივობის შესრულების დროს სასურველია გამოვიყენოთ კოგნიტური რუკა, მაგალითად:

აღნიშნული აქტივობის შესასრულებლად ჯგუფები მუშაობენ სხვადასხვა პერსონაჟის დახასიათებაზე, მაგალითად, პირველი ჯგუფი წარმოადგენს მონადირეს ან მუხას (,,მუხა“), მეორე – ბიჭს (,,ვაშლის ხე და ბიჭი“), მესამე – ვაშლის ხეს (,,ვაშლის ხე და ბიჭი“), მეოთხე კი – ერლომ ახვლედიანის ,,შურიან კაცს“. შემდეგ კი აუდიტორიას თავიანთ ნამუშევრებს გააცნობენ.

ზემოაღნიშნული აქტივობა შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იმავე მიზნის მატარებელი მინი პროექტით, რომელიც ასევე ჯგუფებში მუშაობას მოითხოვს.

გუნდებს ვურიგებთ  ფურცლებს, რომლებზეც სხვადასხვა ჯიშის ხის (მუხა, ვაშლის ხე, ზეთისხილის ხე)  კონტურია დატანილი. მოსწავლეებმა  ფოთლის ფორმის წებოვან ფურცლებზე მათთვის დამახასიათებელი თვისებები უნდა ჩამოწერონ და მცენარეთა ტოტები  შეავსონ.

საშინაო დავალება მოსწავლეები წერენ არგუმენტირებული ესეს თემაზე – ,,ადამიანად რომ არ დავბადებულიყავი…“

შენიშვნა: ესეს წერის დროს მოსწავლეებმა უნდა დაასაბუთონ თავიანთი არჩევანი  (ადამიანად რომ არ დაბადებულიყვნენ, რომელ მცენარედ ყოფნას აირჩევდნენ და რატომ?!). თუ სკოლა სარგებლობს ელექტრონული ჟურნალით, შეგვიძლია მოსწავლეებს ზემოაღნიშნული დავალების დეტალური ინსტრუქცია წერილობითაც მივაწოდოთ.

შეფასება მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ კომენტარებს (შეგვიძლია გამოვიყენოთ  გაკვეთილის შეფასების/თვითშეფასების კითხვარებიც) პრეზენტაციის, დისკუსიის თუ ჯგუფური მუშაობის დროს, იგი აკვირდება თითოეულ მოსწავლეს, აფასებს მის ინდივიდუალურ წვლილს და ჩართულობის ხარისხს. მოსწავლეებს ასევე მოეთხოვებათ დროის ლიმიტის დაცვა.

 

და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიდეო გაკვეთილები/პრეზენტაციები და დამხმარე ტექსტური თუ აუდიო-ვიდეო მასალა მხოლოდ რესურსია. მიუხედავად, იმისა რომ მასზე მუშაობა საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას წაგვართმევს, მთავარი ყურადღება მაინც საკლასო ოთახში განსახორციელებელი აქტივობებისკენ უნდა მივმართოთ, რადგან ინტერაქტიური სწავლა-სწავლების მთავარ მიზანს სწორედ მოსწავლესთან პირისპირ შეხვედრისთვის გამოყოფილი დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება წარმოადგენს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი