შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

პრომეთეს სასწავლო სასწაული

ხშირად ექსკურსია სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლის არაფორმალური ურთიერთობის გამყარებისთვის იგეგმება. ის სასწავლო პროცესისგან განტვირთვის ფუნქციასაც ითავსებს. თუმცა, კარგად დაგეგმილი ექსკურსია, დაუვიწყარ დროსტარებასთან ერთად, ზოგიერთი საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის და შემოქმედებითი აქტივიზაციის განვითარების გზადაც შეიძლება იქცეს.

ამჯერად, ერთ-ერთ უქმე დღეს წელიწადის დროის მიუხედავად, ულევი პოზიტიური შთაბეჭდილების მისაღებისა და კულტურულ-შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებისთვის, „პრომეთეს მღვიმეში“ ექსკურსიას გავუწევდი რეკომენდაციას.

თბილისელი მოსწავლეებისთვის „პრომეთეს მღვიმის“ უპირატესობა მის გეოგრაფიულ მდებარეობაშია – თბილისიდან რამდენიმე საათის სავალზეა, წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში, იმერეთის დაცულ ტერიტორიაზე. „პრომეთეს“ გარდა, მსგავსი ექსკურსიის მოწყობა სათაფლიას აღკვეთილშიც შეიძლება, თუმცა ახლა პირველზე შევჩერდები.

გარდა იმისა, რომ პრომეთეს მღვიმე საქართველოს ჭეშმარიტი სავიზიტო ბარათია, ის ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს – ყოველწლიურად მის მოსანახულებლად 150 ათასზე მეტი ვიზიტორი ჩამოდის.

„პრომეთეში“ სტუმრობა შესანიშნავი იდეაა არა მხოლოდ კლასის დამრიგებლისთვის, არამედ რამდენიმე საგნის მასწავლებლისთვის – ისტორიის, ქიმიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის. „პრომეთეს“ კეთილმოწყობილი სივრცე, რომელიც მხოლოდ მღვიმეს, ვიზიტორთა ცენტრს და სუვენირების მაღაზიას არ მოიცავს, იდეალურია ღია გაკვეთილის ჩასატარებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა კვალიფიციური გიდი გეხმარება.

მაგალითად, გეოგრაფიის მასწავლებელმა „პრომეთესთან“ დაკავშირებით, შეიძლება აქცენტი იმაზე გააკეთოს, რომ უხსოვარი დროიდან ადამიანი მღვიმეს, როგორც საცხოვრისს, თავშესაფარს ან სამალავს იყენებდა. წყალთან ახლოს შერჩეული მღვიმე მშრალი, ნათელი და  უცხო ტომებისთვის თუ მტაცებელი ცხოველებისთვის ძნელად შესამჩნევ-მიუდგომელი იყო. საქართველოში არსებული მღვიმეების უმეტესობა სწორედ ასეთ ტერიტორიებზე მდებარეობდა და მდებარეობს.

ბიოლოგიის მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ადგილობრივი ფლორა-ფაუნა გააცნოს. „პრომეთეს“ შესასვლელი საკმაოდ ეგზოტიკურია, მისკენ დაღმართიანი კიბით მიიწევ და ხედავ ტყეს, სადაც ტენის მოყვარული გვიმრები – ჩადუნა, მდედრობითი გვიმრა, ეწრის გვიმრა, ირმის ენა, ხავსები, ლიქენები და სოკოები – ხარობს. თავად მღვიმეში წყალმცენარეების 19 სახეობა გვხვდება. მღვიმიდან ბუნებრივი გვირაბის გავლით გამოდიხარ და ეს ფინალური აკორდი მართლაც რომ ძალიან ეგზოტიკურია.

რაც შეეხება ფაუნას, მღვიმეში შესწავლილია უხერხემლო ცხოველების 21, მწერების 3, მრავალფეხიანების 2, ნიადაგის ტკიპების 3, მოლუსკების 4, კოლემბოლების 9 და ობობების 1 სახეობა.

მღვიმეში ჩასვლამდე სტუმრები ხშირად კითხულობენ ხოლმე, სახლობენ თუ არა იქ ღამურები. ღამურები „პრომეთეში“ იშვიათად გვხვდება. პერიოდულად ისინი ღლიანას მღვიმიდან შემოფრინდებიან. მათ შორის არის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები: დიდი, მცირე და სამხრეთული ცხვირნალები.

მღვიმის წყლიან და ბნელ ნაწილში მობინადრე ცხოველების ჯგუფიდან აღსანიშნავია ღორთავა. „პრომეთეს მღვიმეში“ ასევე ნაპოვნია მღვიმური დათვის ჩონჩხის ფრაგმენტები და ცარცული პერიოდის ზღვის ვარსკვლავები და მოლუსკები.

„პრომეთეს მღვიმესთან“ დაკავშირებული ამბები ულევია. მაგალითად, ქიმიის მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს განუმარტოს, საიდან ჩნდება აქ უჩვეულო მღვიმური ფორმები.

მღვიმური ფორმების – სპელეოთემების წარმოქმნა დედამიწის ზედაპირზე იწყება. უფრო დეტალური განმარტება ასეთია: წყლის წვეთი ჯერ ჰაერში, შემდეგ ნიადაგის ფენაში გადაადგილებისას ნახშირორჟანგით მდიდრდება. ნიადაგში მოძრაობისას წყლის მჟავიანობა მატულობს და, ძირითადად, ქანებში ჟონვისას მის მიერ კალციტის გახსნა ხდება. კალციტით გაჯერებული ხსნარი მღვიმის სიცარიელეში მოხვედრისას ნაწილობრივ ორთქლდება – კარგავს ნახშირორჟანგს, გამოყოფს კალციტს და საკუთარი სიმძიმით ძირს ეცემა. მოწყვეტის ადგილზე უმნიშვნელო ნაწილი ილექება, თავდაპირველად იგი ცომისებურია, შემდეგ მკვრივდება და კრისტალდება.

მღვიმური ფორმების ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია მღვიმეში შემდინარე წყლის რაოდენობაზე, ძირითადი ქანის მინერალურ შემადგენლობასა და წყალხსნარის მჟავიანობაზე.

„პრომეთეს“ მღვიმეში მოხვედრისთანავე მცირე თუ უფროსი ასაკის ადამიანს საოცარი განცდა იპყრობს. გარემო ზღაპრულ ადგილს ჰგავს, სადაც თითქოს ირეალური არსებებიც უნდა ცხოვრობდნენ… სხვადასხვა ფერებით ამონათებული მღვიმის დარბაზები სუნთქვას გიკრავენ. რასაკვირველია, ცოტა გულდასაწყვეტია, რომ მღვიმეში მკვეთრი განათებით ფოტოგადაღება დაუშვებელია, მაგრამ წესებს უნდა დავემორჩილოთ. ასევე, დაუშვებელია  ხმამაღალი გადაძახილები და სტალაგმიტებისთვის ხელის ხლება. „პრომეთეს მღვიმე“ „ცოცხალი“ მღვიმეა.

„პრომეთეში“ საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 1420 მეტრია, სანაოსნო მონაკვეთის – 380 მეტრი, კიბის საფეხურთა რაოდენობა – 880 და, რაც საინტერესოა, აქაური ტემპერატურა, რომელიც არც იკლებს და არც იმატებს – 14-15 გრადუსია. თუ სითბოს მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ოდნავ დათბილული სამოსი წამოიღოთ, მაგრამ იქაური ტენიანობისგან მაინც ვერაფერი დაგიცავთ. საშუალო ტენიანობა მღვიმეში 96%-ია, ჟანგბადი – 20,9%,  ნახშირორჟანგი – 0,06%.

თუ საგნის მასწავლებელს მღვიმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია დასჭირდა, ამ პრობლემას ადგილობრივი გიდი მოაგვარებს. ის გიამბობთ, თუ რით განსხვავდება  სტალაქტიტი სტალაგმიტისგან.

სტალაქტიტი მღვიმეში ჭერიდან ვერტიკალურად ჩამოზრდილი სხვადასხვა სიგრძისა და დიამეტრის ნაღვენთი ფორმაა, სტალაგმიტი კი მღვიმის ფსკერიდან აღმართული ნაღვენთი ფორმა. ზოგჯერ სტალაქტიტები და სტალაგმიტები ერთმანეთს ხვდებიან, ეზრდებიან და წარმოქმნიან კოლონებს.

მღვიმეში გადაადგილებისას გელოდებათ „გაქვავებული ჩანჩქერები“, „ჩამოკიდებული ქვის ფარდები“, პელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები.

თუ მილაკებივით ნაღვენთს დაინახავთ, იცოდეთ, ეს თხელკედლიანი  სითხის საწრუპავი მილაკების მსგავსია. ანთოდიტები კი, რომლებსაც მღვიმის ყვავილებსაც უწოდებენ, ყვავილის ფორმის ნაწვეთი ფორმებია. ისინი აგებულია კალციტისა და არაგონიტის მონაცვლეობით.

პირადად, აღფრთოვანებული დავრჩი ფარდების მსგავსი მღვიმური ფორმებით, რომლებიც  წარმოიქმნება დახრილ ჭერზე წყლის წვეთების უწვრილესი ნაკადების სახით დაფერილ ზედაპირზე დენისას. ძალზე მომხიბვლელია ქვის ჩანჩქერის ფორმებიც, გაყინული კასკადის იერს რომ იმეორებენ.

„პრომეთეს“ მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკიც კი შთამბეჭდავია – 60-70 მილიონი წელი.

სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბუნება მბრძანებელია, რომ მას აქვს სრულიად უსაზღვრო შესაძლებლობები და ჩვენგან მოფრთხილებას საჭიროებს.

„პრომეთეს მღვიმეში“ აღმოჩენილია 22 დარბაზი, რომელთაგან ტურისტებისთვის ჯერ მხოლოდ 6-ია ღია.

უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენიმე წლის წინ დიდი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ეს ადგილი დასათვალიერებლად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მიუხედავად მისი სიდიადისა, მღვიმის შესახებ გასული საუკუნის 80-იან წლებამდე არაფერი იცოდნენ.

1982 წელს ამიერკავკასიაში საბჭოთა კავშირის ჯარების სარდლობამ ისეთი მღვიმეების ძიება დაიწყო, სადაც ატომური ომის დროს მოსახლეობის დაცვა იქნებოდა შესაძლებელი. ამ მიზნით გეოგრაფიის ინსტიტუტში შედგა ჯგუფი ჯუმბერ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით, რომელსაც დაევალა სამხედრო მიზნებისთვის მღვიმეების აღმოჩენა და შესწავლა. 1983 წლის 15 ივლისს ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექპედიციის წევრებმა: ჯუმბერ ჯიშკარიანმა, ამირან ჯამრიშვილმა, ვახტანგ კაპაძემ და თამაზ ქობულაშვილმა – სოფელ ყუმისთავთან ახალი მღვიმე აღმოაჩინეს. თავდაპირველად მღვიმის კვლევა მხოლოდ მშრალი მონაკვეთებით შემოიფარგლებოდა. წყლიანი მონაკვეთების კვლევის პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. მდინარის შესწავლის პარალელურად მიმდინარეობდა სამუშაოები შემოვლითი გზითაც. ერთ-ერთი ასეთი დათვალიერების შედეგად, ჯგუფმა მოახერხა მოზრდილი ძაბრის პოვნა,   საიდანაც 40 მეტრის გავლის შემდეგ მღვიმეში შეაღწია. მღვიმეს წყალტუბოს სახელი მიენიჭა. მაშინვე გაჩნდა მღვიმის ტურისტულ ობიექტად მოწყობის იდეა. 1984 წელს დაიწყო მღვიმის ტურისტულად განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა.

1990 წლამდე მღვიმეს თავისი მნახველები ჰყავდა, მაგრამ არეული პერიოდის შემდეგ  ყველანაირი სამუშაო შეწყდა. მის ერთადერთ დარაჯად ენთუზიასტი გიორგი ტყაბლაძე დარჩა, რომელმაც ამ ტერიტორიას 27 წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ უპატრონა. რამდენიმე დღის წინ, მედიის მღვიმეში სტუმრობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგოლავასთან საუბრის შემდეგ, ბატონი გიორგი პრეზიდენტის პრემიაზე იქნა წარდგენილი, რამაც უსაზღვროდ გაგვახარა.

მღვიმე ვიზიტორებს 2011 წლიდან მასპინძლობს. 2014 წელს აქ ახალი დარბაზები აღმოაჩინეს. „პრომეთეს“ კვლევა ინტენსიურად გრძელდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.

ერთი კვირის წინ კი მღვიმის ვიზიტორთა ცენტრში, თანამედროვე საგამოფენო სივრცე მოეწყო. ახლა მნახველებს იმერეთის მღვიმეების შესახებ დამატებით ინფორმაციის მიღება ინტერაქციულ რეჟიმში შეუძლიათ. ახალი ექსპოზიცია ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით მოეწყო. მოსწავლეებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, საგამოფენო სივრცეს საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციაც შეემატა.

დარბაზში გამოფენილია დაცული ტერიტორიების ამსახველი მასალა, დამონტაჟებულია ინტერაქტიული მონიტორი საქართველოსა და იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შესახებ. აქვე ნახავთ მღვიმეებში აღმოჩენილი ნამარხი ფაუნის, მინერალებს, ქვისა და ძვლის იარაღებს, ცხოველთა კბილებისგან და ნიჟარებისგან დამზადებულ სამშვენისებს.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი