პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აქვთ თუ არა წიგნებს სქესი

წიგნების მაღაზიებში წიგნებს სქესის მიხედვით ყიდიან. აქ ნახავთ პალიტრა L-ის მიერ გამოცემულ წიგნს „ამბები ბიჭებისათვის”, რომელიც აერთიანებს მოთხრობებს საიდულო ამბებისა და თავგადასავლების შესახებ. აქ აღწერილია ისტორიები მკვლელობებზე, უცნობ მიწებზე, გმირობებსა და ომებზე. იმავე გამომცემლობის მიერ გამოცემულ წიგნში „ამბები გოგონებისათვის”  ნაწარმოებების უმრავლესობა მარტივი პრინციპით აურჩევიათ და ისინი დაუბეჭდავთ, რომლის სათაურებში ან მთავარ გმირად მდედრობითი სქესის წარმომადგენელი გვევლინება. აქ ნახავთ ისტორიებს წიგნებზე „პატარა პრინცესა”, „ელისის თავგადასავალი სარკისმიღმეთში”, „ალქაჯი ქვის ნავში”, „გოლიათი დები და ვერცხლის გედი”, „ჯეინ ეარი”, „ამბავი მეფის ასულისა და შვიდი გოლიათისა”.

წიგნების სერიები – „ამბები გოგონებისთვის” და „ამბები ბიჭებისთვის”  გამომცემლობამ პირველად 2012 წელს გამოსცა. მკითხველთა მაღალი ინტერესის გამო, წიგნები განმეორებითაც დაბეჭდეს. კრებულებში ნაწარმოებების ამონარიდები შევიდა და არა მთლიანი ტექსტები. პალიტრა L-ში განმარტავენ, რომ მათი მიზანი ამონარიდებით მკითხველის დაინტერესება იყო, შემდეგ კი ისინი თავად მოიძიებდნენ მათ სრულ ვერსიას.

ეს ადაპტირებული მეთოდი გახლავთ და არაერთი ცნობილი გამომცემლობა ადგენს ამგვარი სახის კრებულებს. გამოცემები გოგონებისა და ვაჟების საკითხავ ლიტერატურად იმიტომაა დაყოფილი, რომ ერთგვარი დაწერილი თუ დაუწერელი კანონის თანახმად, გარკვეულ ასაკში, გოგონებისა და ვაჟების საკითხავი ლიტერატურა თემატურად ერთმანეთისგან განსხვავდება. ლიტერატურის შერჩევა ნამდვილად დიდად საპაუხისმგებლო საკითხია. მთელი წლის განმავლობაში შეუსვენებლივ ვეცნობით ახალ გამოცემებს, ვთარგმნით ტექსტებს, რომელთაც დრო ვერაფერს აკლებს, ვიგონებთ ახალ, განსხვავებულ სერიებსა და ცალკეულ პროექტებს. – ამბობს პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი ნინო დეკანოსიძე.

საქართველოს ინტელექტკლუბის წევრი ზურაბ ფარჯიანი თავისი შვილისთვის, თორნიკესთვის წიგნებს სქესის მიხედვით არ არჩევს. ამბობს, რომ ყოველთვის იმ წიგნს ყიდულობს, რასაც თორნიკე ითხოვს. 
– ადრე ვყიდულობდით წიგნებს, სადაც ანბანის ასოები იყო და შესაბამისი სიტყვები. ახლა უკვე სამგანზომილებიან (3D) წიგნებსა და ილუსტრირებულებზე გადავედით. ყველა წიგნი, მისივე ინიციატივითა და სურვილით მიყიდია.
ჩემი აზრით, წიგნების სქესის მიხედვით დიფერენცირება ბავშვებს გარკვეულ სტერეოტიპებში მოაქცევს.  ისინი თავადაც მშვენივრად არჩევენ რა უნდათ – წარწერების – “ბიჭებისათვის” ან “გოგოებისათვის” გარეშეც.

ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე მიიჩნევს, რომ რეალურად, საზღვარი ბიჭებისა და გოგონების ლიტერატურას შორის უხილავია. გამომცემლობები კი – მკაცრი მენტორების როლში გვევლინებიან და მშობლებს სტერეოტიპული გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებენ: „ხშირად გამომცემლობა სტერეოტიპული მიდგომით ახარისხებს გამოცემებს. ერთმანეთისგან გამოჰყოფს „გოგოურ” და „ბიჭურ” გარეკანებს და ამით ქმნის ხელოვნურ „საცერს” ბავშვის ცხოვრებაში – რისი წაკითხვაა უმჯობესი და რისი – არა. გამომცემელი ხდება ცენზორი, რომელიც თავისი სუბიექტური გადაწყვეტილებით კარნახობს მშობლებს დასაშვებ და დაუშვებელ ლიტერატურას. დასაშვებია: გოგოსთვის ვარდისფერიყდიანი წიგნი მეფის ასულზე, დაუშვებელია – გოგოსთვის ლურჯყდიანი წიგნი მეკობრეებზე. ასეთი პატარ-პატარა, საბაზრო ეკონომიკით გამართლებული ცენზურა ადამიანის ინდივიდუალური არჩევნის გაკეთების, განსაკუთრებული გემოვნების ჩამოყალიბებისა და შემოქმედებითად აზროვნების უნარზე უარყოფითად მოქმედებს. გზის დასაწყისიდანვე პატარას თავს ვახვევთ ნაკარნახევ, კოლექტიური წესებით ცხოვრებას (თემი გოგოები და თემი ბიჭები). ეს პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომლებიც თვითდმაკვიდრებისა და თავისუფლებას განაპირობებს.” – ამბობს ფსიქოლოგი. 

სოფო დათუაშვილი, რომელიც შვილებისთვის წიგნებს ყოველკვირეულად ყიდულობს, ადასტურებს, რომ სქესის მიხედვით დიფერენცირებული წიგნები თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში უნახავს.
არასოდეს ვყიდულობ მათთვის მსგავს გამოცემებს, ჩემი შვილები თავად ამბობენ ეს არასწორიაო. მარიამი და გიო ერთად თამაშობენ კონსტრუქტორებით თუ პონებით. ორივეს ვასწავლი, რომ არ არსებობს ბიჭის და გოგოს ფერები, თამაშები, საქმეები. ეს ბავშვობიდანვე უნერგავს ადამიანს გენდერულ სტერეოტიპებს – გოგო სუსტია, ნაზია, უნდა გაიპრანჭოს, თოჯინებით ითამაშოს, მაშინ, როცა ბიჭს საპირისპიროს ვეუბნებით –  უნდა იყოს ძლიერი, იაზროვნოს ანალიტიკურად. აი, მაგალითად, ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟი გოგოები ტოლს არ უდებენ ბიჭებს არაფერში. წააკითხეთ ბავშვებს ასეთი გამოცემები. 

წიგნების სქესის მიხედვით დიფერენცირება გავლენას ახდენს გენდერული როლების აღქმასა და გადანაწილებაზე. ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე განმარტავს, რომ გენდერული სტერეოტიპები, უმეტესად, ხელოვნურად არის შემოტანილი და ბავშვობიდანვე უნებლიედ გვეხვევა თავს: „სწორედ ასეთი მარკეტინგული ხრიკებით განისაზღვრება ხელოვნური ღირებულებები – რა არის გოგოსთვის შესაფაფერისი/შეუფერებელი და რა არის ბიჭისათვის მისაღები/მიუღებელი. შესაბამისად, გამომცემელი უფრო დიდი ფინანსური სარგებლის ხარჯზე, ბავშვებს თავში გაუმართლებელ სტერეოტიპებს ულექავს. გაიხსენეთ ბავშვობისდროინდელ საყვარელი წიგნები: კარლსონი კარლსონია ბიჭისთვის, გოგოსთვის, უფროსისთვის, ფრანგისა და ქართველისათვის. ზუსტად ასეთი, მონეტარული ინტერესებისათვის სუბიექტურად შექმნილი პროდუქტები ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს და უბიგებთ გოგოებს უარი თქვან მათემატიკოსობაზე, გეოლოგობაზე, ასტრონავტობაზე და ბიჭებს უმყარებთ აზრს, რომ არ შეიძლება ისინი გამოვიდნენ მასწავლებლები თუ ბიბლიოთეკარები.

როგორც აღმოჩნდა, სქესის მიხედვით წიგნების დიფერენციაცია არც სხვა გამომცემლობებისთვის, მაგალითად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისთვისაა უცხო. წიგნის მაღაზიებში შეგიძლიათ ნახოთ მათი გამოცემები: „ბიჭების წიგნი”, „პატარა ბიჭების წიგნი”, „პატარა გოგონების წიგნი”. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი