მასწავლებლის საგნობრივი ცოდნა და ცოდნა საგნის სწავლებისთვის

თავიდანვე ვაცხადებ – ამ სტატიის მიზანი ის არ არის, რომ მასწავლებლებმა თავიანთ საგანში ბევრად მეტი საკითხი ისწავლონ პროფესიული განვითარების კურსებსა თუ საგამოცდოდ მოსამზადებელ ტრენინგებზე, ვიდრე ამჟამად იციან და იყენებენ. ჩემი მიზანი ის გახლავთ, რომ მოსწავლეებმა უკეთესად ისწავლონ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მასწავლებლებმა ხელი შეუწყონ მოსწავლეებს აღიჭურვონ შესაფერისი კომპეტენციებითა და სწავლის გამოცდილებით. სწორედ ამიტომ ვეხები საკითხს მასწავლებლის იმ საგნობრივი ცოდნის შესახებ, რომელიც მას საგნის სწავლებისთვის სჭირდება.

როგორი საგნობრივი ცოდნა უფრო წაადგება მასწავლებელს დასახული მიზნის მიღწევაში: ის, რომელსაც მოსწავლე ეუფლება (მაგალითად, მათემატიკა საშუალო სკოლის ფარგლებში)? ის, რომელსაც ამ საგნის აკადემიური მკვლევარი ფლობს (მაგალითად, მეცნიერი-მათემატიკოსი)? ის, რომელსაც იყენებს მომიჯნავე საგნის სპეციალისტი ამ საგნიდან (მაგალითად, ინჟენრის ან ეკონომისტის მათემატიკური ცოდნა)? იქნებ რაიმე სხვა ცოდნაც არსებობს, რომელიც სპეციფიკურია მასწავლებლისთვის და არ მოეთხოვებათ სხვა  პროფესიის წარმომადგენლებს?

თუ ამ საკითხებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და სწავლის პოზიციიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ საყოველთაოა პრინციპი: საგნის ცოდნა მისი სწავლებისთვის ნიშნავს იმის ცოდნას, თუ როგორ წარმოიქმნება, განივრცობა, ღრმავდება, შეკავშირდება და ვითარდება საგნობრივი სასწავლო შინაარსი მისი შესწავლის პროცესში. ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც ჯონ დიუი ამბობდა საუკუნეზე მეტი ხნის წინ, სწავლებისთვის განკუთვნილი ცოდნა ორგანიზებული უნდა იყოს როგორც ლოგიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც: უნდა ჩანდეს, როგორ შეიძლება დასტრუქტურდეს და დაუკავშირდეს ერთმანეთს იდეები ცოდნის ამ სფეროში, როგორ განეფინება ისინი დროში მოსწავლეების ზრდისა და მომწიფების კვალობაზე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საგნობრივი ცოდნის მზა დიდებული შენობის აგებულებისა და შემადგენელი ელემენტების ზუსტი და სრული აღწერილობის ცოდნა საკმარისი არ არის მისი სწავლებისთვის, რადგან ამ აღწერილობის გადაცემით მოსწავლე ვერც სრულ შენობას და ვერც მის ცალკეულ ფრაგმენტებს ვერ ააგებს თავის თავში. შენობის მისთვის განკუთვნილი, ასაკობრივად შესაფერისი ნაწილის კონსტრუირებისთვის მას სჭირდება ასაგები მასალა (მაგალითად, წინარე ცოდნა), კონსტრუირების გამოცდილება (მაგალითად, წინარე ცოდნაზე სააზროვნო მოქმედებების შესრულების წარმატებული მცდელობის შედეგად შერჩეული ნაბიჯები სწორი თანმიმდევრობით) და მის ენაზე, მისი აზროვნების თავისებურებების შესაბამისად დასახული მკაფიო მიზანი (მაგალითად, სპეციალურად შერჩეული, გამოწვევის შემცველი, მაგრამ დაძლევადი დავალება, რომელიც შეაძლებინებს, აქტუალური განვითარების ზონიდან უახლოესი განვითარების ზონაში გადაინაცვლოს).

კონსტრუირების დროს მოსწავლე დაუშვებს შეცდომებს და ეს გამოცდილების მიღების თანმხლები გარდაუვალი პროცესია, მაგრამ ამ შეცდომების დანახვა და მათი მყისიერად აღკვეთა შენების მომდევნო ეტაპებზე შესაძლოა თვითონ ვერც შეძლოს. მაშასადამე, მასწავლებელი მხოლოდ კი არ უნდა აცნობიერებდეს ყოველი საკითხის აგება-ათვისებისთვის საჭირო წინარე ცოდნას, არამედ უნდა ფლობდეს კიდეც ყველა მოსალოდნელი ტიპური შეცდომის ნუსხას მოცემულ სასწავლო საკითხთან დაკავშირებით, ჰქონდეს მათზე სწორი რეაგირების ოსტატობა, ფლობდეს ხარაჩოების შეშველების გზით პრობლემის დაძლევის სტრატეგიებს და ხარვეზების გათვალისწინებით შემდგომი სწავლების წარმართვის კომპეტენციას. მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეს მისი თავისებურებების გათვალისწინებით შედგენილი შესაფერისი დავალებები, პრობლემის წარმოშობისთანავე ისე დააკვალიანოს, რომ აღმოუფხვრელი ხარვეზები არ დაუტოვოს და ოპტიმალური ტრაექტორიით წაიყვანოს მისი განვითარების პროცესი.

რაკი მასწავლებელი ერთ შეგირდთან კი არ მუშაობს, არამედ ერთდროულად ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსწავლეს ამეცადინებს, მან საგნობრივი სასწავლო შინაარსის იდეები მრავალი ფორმით უნდა წარმოაჩინოს, მრავალნაირად გახსნას საკითხი, შეარჩიოს ცნების (მოსწავლეებისთვის) ყველაზე შესაფერისი განსაზღვრება, მოიყვანოს ეფექტური მაგალითები ცნების მნიშვნელოვნების ხაზგასმისთვის, დააკავშიროს ცნება სხვა ცნებებთან იმავე საგანსა თუ მომიჯნავე საგნებში, მოიხმოს საყოფაცხოვრებო სიტუაციები, სადაც ცნება ნაყოფიერად გამოიყენება.

მასწავლებელმა უნდა შეამოწმოს და შეაფასოს მოსწავლის კომპეტენცია და მისცეს მას კონსტრუქციული უკუკავშირი, რომლის შედეგადაც მოსწავლე უფრო მიზანდასახულად იმუშავებს კომპეტენციების დახვეწაზე სავსებით განსაზღვრული, კონკრეტული მიმართულებით, ხოლო მასწავლებელი შეძლებს მისი პროგრესის და წარმატების გაზომვას. ამისთვის მან ზუსტად და სრულად უნდა ამოიცნოს კომპეტენციის დაუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილია მოსწავლის ნამუშევარში, მათ საფუძველზე ერთმანეთისგან გამიჯნოს დავალების შესრულების არსებითად განსხვავებული დონეები.

ზემოთ ჩამოთვილი კომპეტენციები თან საგნობრივია და თან პედაგოგიური, ეს არის ერთგვარი საგნობრივ-მეთოდოლოგიური ცოდნა, რომელიც მხოლოდ საგნის მასწავლებელს მოეთხოვება და არა ნებისმიერი სხვა სპეციალობის პროფესიონალს, რომელიც მოცემულ დისციპლინაში აწარმოებს კვლევას ან იყენებს მის იდეებს ყოველდღიური რუტინული სამუშაოის შესრულებისას.

ეს საგნობრივ-მეთოდოლოგიური ცოდნა ყველა საგანში სპეციფიკურია და თან შერწყმულია ბავშვთან მასწავლებლის ურთიერთქმედების თავისებურებებთან. ამიტომ, მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელმა მათემატიკა ცოტა უკეთესად მაინც უნდა იცოდეს, ვიდრე მის მოსწავლეებს მოეთხოვებათ, მაგრამ ბევრად მეტიც რომ იცოდეს, ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვებს ასწავლოს. საჭიროა, მას მოსწავლეებისთვის განკუთვნილი მათემატიკის ფარგლებში მაინც შეეძლოს ყველა იმ პედაგოგიურ-მათემატიკური მოქმედების შესრულება, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

შესაძლებელია თუ არა, მასწავლებელს ვასწავლოთ ყველა საჭირო პედაგოგიური თუ ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური დისციპლინა და შემდეგ მან თავად მოახდინოს მიღებული ცოდნა-გამოცდილების პროეცირება რომელიმე სასწავლო საგანზე? ანუ თავად მიხვდეს და გამოიყენოს საგნობრივ-მეთოდოლოგიური ცოდნა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით? ერთეულ შემთხვევებში, ალბათ კი, მაგრამ არა მაშინ, როდესაც საქმე მასწავლებელთა მთელ 60 000-იან კორპუსს ეხება. ამჟამად მოქმედ მასწავლებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სპეციალური საგნობრივ-მეთოდოლოგიური მომზადება უნდა გაიაროს ზუსტად ისევე, როგორც გადიან ცალკე საგნობრივ და ცალკე პედაგოგიურ თუ ფსიქოსოციოლოგიურ მომზადებას.

მასწავლებელთა ე.წ. ზოგადი პედაგოგიური უნარები წმინდა სახით არ არსებობს – საკლასო მენეჯმენტიც კი საგნობრივად ძალიან სპეციფიკურია და მას მშობლიური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებიდან ავტომატურად, უცვლელი სახით ვერ გადმოვიტანთ სოციალურ-პოლიტიკურ დისციპლინებში, მით უმეტეს – ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში. არსებობს მასწავლებელთა საგნობრივ-მეთოდოლოგიური უნარები, რომელთა დასაუფლებლად ოთხივე სახეობის ცოდნაა საჭირო – ზოგადი პედაგოგიურიც, ფსიქოსოციოლოგიურიც, „წმინდად“ ანუ აკადემიურად საგნობრივიც და პედაგოგიურ-საგნობრივიც.

მაგალითს კვლავ მათემატიკის სწავლებისთვის მოვიყვანთ (Deborah Loewenberg Ball, Mark Hoover Thames, Geoffrey Phelps, Content Knowledge for Teaching, Journal of Teacher Education 59 (2008) 389–407.). მათემატიკის სწავლებისთვის საჭირო მათემატიკური ცოდნის არეებია:

  1. ზოგადი საგნობრივი ცოდნა – სწავლებისგან განსხვავებულ ვითარებებში გამოყენებადი მათემატიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები. მაგალითად, ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების ალგორითმი;
  2. სპეციალიზებული საგნობრივი ცოდნა – სწავლებისთვის სპეციფიკური/უნიკალური მათემატიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები. მაგალითად, როგორ არის დაკავშირებული ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების ალგორითმი რიცხვების ჩაწერის პოზიციურ სისტემასა და გამრავლების განრიგებადობის თვისებასთან; ან კიდევ, ჯუფთებადობის თვისების სწავლების დროს მოცემული თვისების საჭიროების წარმოსაჩენად უფრო შესაფერისია (387+950)+50 მაგალითის მოყვანა და არა (387+950)+5;
  3. საგნობრივი თვალსაწიერის შემქმნელი ცოდნა – იმის ცოდნა, თუ როგორ არის დაკავშირებული სასწავლო მათემატიკური საკითხები კურიკულუმის სხვა საკითხებთან. მაგალითად, როგორ უკავშირდება ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების ალგორითმი ორი მრავალწევრის გამრავლებას;
  4. საგნობრივი შინაარსისა და მოსწავლეების მიმართების ცოდნა – ეს არის ცოდნა, რომელშიც კომბინირებულია მოსწავლეების სააზროვნო თავისებურებებისა და მათემატიკის ცოდნა, რომლის საფუძველზე მასწავლებელი წინასწარ განჭვრეტს, რას გაიფიქრებენ მოსწავლეები და რა იქნება მათთვის დამაბნეველი. მაგალითად, ცოდნა იმისა, რომ ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების დროს მოსწავლეებმა მოსალოდნელია შეცდომა დაუშვან მეორე საშუალედო შესაკრების ერთი თანრიგით მარცხნივ წანაცვლებასთან დაკავშირებით; ან დავალებაში „იპოვეთ ტოლობის უცნობი წევრი 5+7 = ?+8“ ცოდნა იმისა, რომ პასუხები 12 ან 20 მოსალოდნელია მაღალი ალბათობით, რადგან ტოლობის ნიშანს მოსწავლეები აღიქვამენ მოქმედების, ამ შემთხვევაში – შეკრების, შესრულების სიგნალად;
  5. საგნობრივი შინაარსისა და კურიკულუმის ცოდნა – მოსწავლეთა განათლების მოცემულ ეტაპზე გამოსადეგი სასწავლო მასალებისა და რესურსების ცოდნა და მათი ისეთი მახასიათებლების გაცნობიერება, რომელთა საფუძველზეც შეიძლება შეირჩეს კონკრეტულ ვითარებაში სასარგებლო თუ შეუფერებელი რესურსები. მაგალითად, იმის ცოდნა, თუ რომელი სასწავლო მასალებია ხელმისაწვდომი ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების სწავლება/სწავლისთვის, როგორ მეთოდოლოგიურ მიდგომებს ეფუძნება ეს მასალები და რამდენად ეფექტურია ისინი.

სწავლებისთვის საჭირო მინიმალური/აუცილებელი საგნობრივი ცოდნის გარკვევის პრობლემის არასაკმარისი თუ არაჯეროვანი გააზრების შედეგია საგნობრივი კომპეტენციების დამადასტურებელ გამოცდებზე მასწავლებლების და უფრო მეტად საერთაშორისო თუ სახელმწიფო შეფასებებში მოსწავლეთა უაღრესად დაბალი შედეგები. ცხადია, რომ მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადებისა თუ პროფესიული განვითარების საბაზო საგნობრივი პროგრამები ზუსტად და სრულად უნდა ასახავდეს გონივრულ მიდგომებს მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციების განვითარებაში. კურიკულუმების, სილაბუსების, მოდულებისა თუ სესიებისთვის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რომ გაგვიჩნდეს ეჭვი: არსებობს კი ეს გონივრული მიდგომები მკაფიოდ ფორმულირებული სახით? და თუ არსებობს, იციან მათ შესახებ მასწავლებელთა საწყისი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მესვეურებმა, პროფესორებმა, ექსპერტებმა და ტრენერებმა? მასწავლებელთა საგნობრივი სტანდარტები და საგამოცდო პროგრამები ხომ არ არის გადასასინჯი? ეგებ ამ დოკუმენტებშია ძაღლის თავი დამარხული; მაშინ რას ვერჩით მათ, ვინც ამ საფუძველმდები დოკუმენტების შესაბამისად ამეცადინებს მომავალ თუ მოქმედ მასწავლებლებს და ატარებს მათ გამოცდებს? და პირიქით, თუ მასწავლებელთა საგნობრივ სტანდარტებსა და საგამოცდო პროგრამებში ყველაფერი რიგზეა, მაშინ რატომ არ იღებენ შესაბამის ზომებს მასწავლებელთა საწყისი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მესვეურები, პროფესორები, ექსპერტები და ტრენერები თავიანთი პროგრამების გასაუმჯობესებლად?

აქ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ მასწავლებლის საგნობრივი სტანდარტები აშკარად დასახვეწია, თუნდაც ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებული ვერსიის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოქმედი რედაქციაც შეიცავს აქცენტებს მასწავლებლის საგნობრივი ცოდნის იმ ელემენტებზე, რომლებზეც ზემოთ გავამახვილეთ ყურადღება. ყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკაში მათი იმპლემენტაციის მხრივ კი აღსანიშნავია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მიერ გაწეული ძალისხმევა და „მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში მასწავლებლებისთვის ჩატარებული საგნობრივ-მეთოდოლოგიური ტრენინგები. ეს მხოლოდ კარგი დასაწყისია სწორ გზაზე სამოძრაოდ; მას განმტკიცება, განვრცობა და გაძლიერება ჭირდება, თანაც დაუყოვნებლივ და მთელი ქვეყნის, სასკოლო განათლების ყველა საფეხურისა და ყველას საგნის მასშტაბით.

კომენტარები

comments