შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჩვენ ვსწავლობთ ქართულს

არდადეგებზე  მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლაში ბავშვები და პედაგოგები კვირაში ორჯერ  ,,რესურსოთახში” იკრიბებოდნენ. შეკრების მიზანი ქართულის სწავლა და მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრირება იყო. ეს პროექტი პროგრამა ,,მომავლის თაობის” ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია შიბდიროვია. ნათიას კოლეგები: ზამელი მეშველიანი, ინგა თირქია და თეა ნებიერიძე ეხმარებოდნენ. 

სკოლაში 400 მოსწავლეა, მათგან 300 ეთნიკურად აზერბაიჯანელია, 100 _ ქართველი. სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს. ოჯახში აზერბაიჯანელი ბავშვები მშობლიურ ენას იყენებენ, თურქულ და აზერბაიჯანულ ტელეარხებს უყურებენ. ზაფხულის არდადეგები საკმარისი დროა იმისათვის, რომ ქართული სიტყვების მცირე და განუმტკიცებელი  მარაგი დავიწყებას მიეცეს, მით უმეტეს, პატარებში. ახალი სასწავლო წლიდან ისევ თავიდან იწყება ყველაფერი, ბავშვებს სასწავლო ენაზე კომუნიკაციის  პრობლემა უღრმავდებათ, რაც სწავლის ხარისხზე მოქმედებს.

_გაკვეთილზე, როცა ახალ მასალაზე მუშაობ, ან თუნდაც განვლილ საკითხებზე მსჯელობ, თვალნათლივ ხედავ, რომ აზერბაიჯანელ ბავშვებს უჭირთ აზრის გამოთქმა, მსჯელობა, არა იმიტომ, რომ სათქმელი არ აქვთ, ან სხვაზე ნაკლებ შეუძლიათ ანალიზი, შეფასება, არამედ, იმიტომ, რომ უჭირთ ქართულად მეტყველება, ლექსიკური მარაგი ნაკლები აქვთ, ან სიტყვების მნიშვნელობა ბოლომდე არ ესმით. მე თავად ეთნიკურად ასირიელი ვარ და გამოცდილებითაც ვიცი,  თავის დამკვიდრებისთვის, განათლების მიღებისათვის და კარიერული წინსვლისათვის, რამდენად აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა. მინდოდა, ჩვენს მოსწავლეებსაც დავხმარებოდი, რომ ეს ბარიერი დაეძლიათ. ამიტომაც, როცა საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, პროექტი ამ თემაზე მოვამზადე. _ გვიხსნის ნათია შიბდიროვი. 


… სამუშაო დღეს ,,რესურსოთახი” თანდათან ივსება გოგო-ბიჭებით, ზოგს დედა მოსდევს, ზოგს _ ბებია…

_ პროექტით ერთ ჯგუფთან უნდა გვემუშავა, მაგრამ მსურველები იყვნენ, თან ბავშვებმა სხვადასხვა დონეზე იცოდნენ ქართული.  ჩავატარეთ ტესტირება და ცოდნის დონის მიხედვით შევქმენით ორი ჯგუფი.   ვინც ახლოს ცხოვრობს, მეცადინეობაზე მარტო მოდის, სხვებს უფროსები მოჰყვებიან და თავადაც ყურადღებით უსმენენ. აი, ამ ბებიამ ერთი ბავშვი, რომ მოიყვანა და მოგვისმინა, მეორე შეხვედრაზე უკვე უმცროსი შვილიშვილიც მოიყოლა, რომელიც ახლა უნდა მოვიდეს სკოლაში და გვთხოვა ისიც დაგესწრებათო. რა თქმა უნდა, დავთანხმდით. 

ოთახის კედლებზე გამოფენილ  ფერად ნახატებს გვერდით დიდი ზომის შრიფტით დაბეჭდილი ტექსტიც ახლავს. მაგიდაზე ფერადი საბავშვო წიგნებია. ეს რესურსი ძალიან ეხმარება ბავშვებს. სკოლის დირექტორმა ირმა ალანიამ განათლების სამინისტროს კონკურსისათვის მოამზადა პროექტი წიგნიერების დონის ამაღლების ხელშესაწყობად და ეს რესურსიც ამ პროექტით მოიძიეს.  ქალბატონი ირმა ზაფხულის სკოლას აქტიურად უჭერდა მხარს და ხშირად ესწრებოდა მეცადინეობებს.  აქტივობები მრავალფეროვანი ჰქონდათ, მეთოდებსაც ერთმანეთს უნაცვლებენ, რომ სწავლა სახალისო ყოფილიყო.  წინასწარ შერჩეულ ქართულ მულტფილმებს მოკლე-მოკლე ნაწილებად აჩვენებდნენ, ყოველი ნაწილის შემდეგ ჩერდებოდნენ და  კითხვებით აზუსტებდნენ, თუ როგორ გაიგეს შინაარსი ბავშვებმა. რას შეეხებოდა ფილმი, რომელი სიტყვა იყო უცნობი, იქვე ხდებოდა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მერე აგრძელებდნენ… ბოლო კითხვები  კრიტიკული აზროვნების განვითარებას და შემოქმედებითობას უწყობდა ხელს, რადგან მოსწავლეებს თავიანთი მოსაზრებები, შეფასებები და ვერსიები უნდა გაეზიარებინათ. ჩვენი სტუმრობის დღეს ქართული ნახატი ფილმი ,,მტრობა” უნდა ენახათ. პატარა მაყურებლები  დიდ მოლოდინში იყვნენ.

_ კითხვის აქტივობებიც გვაქვს, რომ ბავშვებმა ეს კომპეტენციაც განივითარონ. ვკითხულობთ ზღაპრებს. ყველა ხერხს მივმართავთ, რომ სიტყვები გასაგები გავხადო მათთვის. ერთხელ მარტო ვიყავი და ვერ ავუხსენი რა იყო ,,ცხვარი” და ბოლოს, ხმა გამოვაჯავრე, მაშინვე მიხვდნენ  და თან გამხიარულდნენ, ბევრი იცინეს. პროექტის ეფექტურობას ისიც უწყობს ხელს, რომ ჩემმა კოლეგამ თეა ნებიერიძემ იცის აზერბაიჯანული ენა და ეს ძალიან გვეხმარება. მეცადინეობებში ჩართულია  უფროსკლასელი  ჰეგანა მამედოვა, რომელიც წარმატებული მოსწავლეა და ამასთან ჩვენი სამოქალაქო კლუბ ,,სუფთა მწვანის” ერთერთი ლიდერია. ჰეგანა უთარგმნის ბავშვებს გაუგებარ სიტყვებს და ძალიან ეხმარება მათ. თავიდან  მორცხვობდნენ, ახლა უკვე უცნობ სიტყვაზე მაშინვე კითხულობენ, რას ნიშნავსო… მერე  ერთმანეთს უხსნიან. მონიტორინგისათვის შედგენილი გვაქვს პატარ-პატარა ტესტები, რომ შედეგებს თვალი მივადევნოთ._ გვიამბო ნათიამ.

პატარების სახეებსა და თვალებში, იმდენი განცდა მონაცვლეობდა, როცა ფილმს უყურებდნენ,   სურათებს აღწერდნენ,  კითხულობდნენ თუ ემოციურად უხსნიდნენ უფროსებს, რატომ არის მტრობა ცუდი, რომ დასკვნა იოლი იყო: მრავალმხრივ სასიკეთო საქმე გაკეთდა ამ ზაფხულის  სკოლაში: აზერბაიჯანელი ბავშვების სამოქალაქო ინტეგრაციის, მშობლებთან კომუნიკაციის, სწავლის ხარისხის გაუმჯობესების, პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით და ბოლოს, იმ მიმართულებით, რომ ამ ეგრეთწოდებულ, რესურსოთახში რეალური ნაბიჯები გადაიდგა ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ციხისძირის სკოლა მოსწავლეთა ეთნიკურ მრავალფეროვნებას რესურსად იყენებს.

ნათია შიბდიროვს, დამთავრებული აქვს სულხან-საბას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი; აქვს რვაწლიანი პედაგოგიური გამოცდილება. სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მოუსვენარი და მაძიებელი ადამიანია. სწორად აფასებს სასკოლო თემის საჭიროებებს და პრობლემების მოგვარების გზებსაც ეძებს. ნათიას ინიციატივით, სამოქალაქო კლუბმა ნაადრევი ქორწინების თემა გაააქტიურა სკოლაში. მოიძიეს სტატისტიკა, მოიძიეს ნაადრევი ქორწინების ნეგატიური შედეგები, ჩაატარეს გამოკითხვა თემში და ცნობიერების ასამაღლებლად დაამზადეს ბუკლეტები, ჩაატარეს კონფერენცია, მოიწვიეს ექიმი, სამართალდამცველები, თვითმმართველობა, მშობლები… ანუ პრობლემას კომპლექსურად მიუდგნენ და ახალგაზრდებში ცნობიერების ცვლილებასაც მიაღწიეს. 

_ნათია, როგორ ფიქრობთ,  ზაფხულის სკოლამ  რა შედეგზე გაგიყვანთ?

_  ჩვენ უკვე ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ეს პროცესი პროექტთან ერთად არ დამთავრდება და რესურსოთახი სკოლაში იმუშავებს, ჩვენ ასე ვაპირებთ, რომ შაბათ-კვირას გაგრძელდეს მუშაობა.. შედეგი არის ის, რომ ბავშვები ხალისით მოდიოდნენ, ახლაც მონდომებულები არიან, მიღებული ცოდნა და უნარები ახალი სასწავლო წლიდან ყველა საგანში დაეხმარებათ. ეს ჩვენც გვიმაღლებს მოტივაციას. როცა ამ იდეაზე ფიქრი დავიწყე, იმ პერიოდში  ასურელ ბავშვებს ესროდნენ. მე ჩემი თემის წევრებთან და სხვა მოქალაქეებთან ერთად ვაპროტესტებდი ბავშვებზე თავდასხმებს.   ბევრმა აზერბაიჯანელმა მოსწავლემ  თანაგრძნობა გამომიცხადა და აქციაზე წამოსვლის სურვილიც გამოთქვა. ცხადია, არ მივიჩნიე მიზანშეწონილად ბავშვების მონაწილეობა აქციებში, მაგრამ ერთი ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარული და მზრუნველობა გადაარჩენს ადამიანებს, ურთიერთობებს. ეს მჯერა და ამიტომაც ჩემი ზაფხულის დრო სიამოვნებით დავუთმე ამ პროექტს. მიხარია, რომ დირექტორისგან, კოლეგებისგან სრული მხარდაჭერა მაქვს.   

_ მტრობა ცუდია, ცუდი ამბები მოსდევს, სიყვარული კარგია… _ჩამარცვლით კითხულობს პატარა ბიჭი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი