შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ვინ არის ის, ასეთი უცნაური? (II ნაწილი)

„მე არ მომწონს პოპულარობა.  სახელგანთქმულ ადამიანად ყოფნა მომსახურების მსგავსია“

ბიორკ

მალე გამოიცა მსოფლიო ჰიტების ქავერვერსიების ალბომი ბიორკის სადებიუტო სიმღერითა და დედის მიერ გაფორმებული გარეკანით, სახელწოდებით „Björk“. გარეკანზე ბიორკი არაბი პრინცესას სახით არის გამოსახული – აღმოსავლურ პოზაში შორეული იდუმალი ქვეყნების საგნებით გარემოცული.

 


ისლანდიაში ალბომმა მოულოდნელად პლატინის სტატუსი მოიპოვა. ყოველივე ეს მიანიშნებდა, რომ ბიორკის მომავალი გზა უკვე განსაზღვრული იყო. ბიორკი საკუთარი ქვეყნის საამაყო შვილი გახდა. მუსიკალურმა სამყარომ ის ნაციონალურ პოპვარსკვლავად აღიარა, თუმცა ეს სრულიადაც არ მოეწონა. „მე გავხდი ბავშვი-ვარსკვლავი და ეს ვერ ავიტანე. ალბომის გარეკანზე ჩემი ფოტო იყო აღბეჭდილი, მაგრამ პერსონალურ ალბომად ვერ აღვიქვი, ვინაიდან დისკში სულ ერთი სიმღერა იყო, რომელიც შევქმენი. მასმედია ინტერვიუს მთხოვდა, სკოლის მოსწავლეები ჩემთან მეგობრობას ცდილობდნენ. ყოველივე ამის გამო დანაშაულის გრძნობას განვიცდიდი. ეს საშინელება იყო“, – ამბობს ბიორკი. დებიუტის წარმატების შემდეგ ხმის ჩამწერმა კომპანიამ ბიორკს მეორე ალბომის ჩაწერა შესთავაზა, მაგრამ პატარა მომღერალს საკუთარი გზის წარმართვა უკვე განსაზღვრული ჰქონდა. მისი სურვილი იყო, მუსიკა დამოუკიდებლად ეკეთებინა.
დრო მიდიოდა. მსოფლიო იცვლებოდა. ცხოვრება ერთ ადგილას არ იდგა და ვიდრე უფროსი თაობა ჯერ კიდევ ჯიმი ჰენდრიქს აღმერთებდა და კედლებს მკვეთრ ფერებში ღებავდა, მთელი მსოფლიო მომდევნო ახალმა მუსიკალურმა ტალღამ – პანკურმა სტილმა მოიცვა, რაც, რაღა თქმა უნდა, ისლანდიასაც შეეხო.
„გარკვეული დროის შემდეგ კიდევ ერთი ალბომის შექმნა შემომთავაზეს, რაზეც „Fuck off“ ვთქვი და ჩემი თანატოლებისგან პანკჯგუფი შევქმენი“. ბიორკმა მომავალი პოპმუსიკის კარიერა დათმო და გახდა პანკი. ამ პერიოდის ჰიპურ ბავშვობას – ათგზის ავარიის მიუხედავად, პარაშუტიდან ხტომას, მანქანის ტარებას და სხვა უამრავ ცელქობებს – ბიორკი მომავალში მაინც სიამოვნებით იხსენებს.
ბიორკი სულით ხორცამდე მეამბოხე იყო. მან ზუსტად იცოდა, რა სურდა და ხშირად თავისებურად მოქმედებდა. ისლანდიაში ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც გაღმა ოკეანიდან მოსულმა ახალმა მიმდინარეობამ გაიტაცა.
13 წლის ბიორკმა თმა ნარინჯისფრად შეიღება და პანკჯგუფი „ნერწყვი და წვინტლი“ ჩამოაყალიბა. ჯგუფი მხოლოდ გოგონებით დააკომპლექტა, რომლებსაც ნარინჯისფერი თმები და გაპარსული წარბები „ამშვენებდათ“. ეს იყო ამბოხი სანდომიანი და დამჯერი გოგონების წინააღმდეგ, რომლებსაც მსგავსის გაკეთება არ შეეძლოთ. ჯგუფმა მოკლე ხანს იარსება. გაპარსულ ფერიას პანკობა მობეზრდა და თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ჯაზ-ფიუჟენ კოლექტივი „Exodus“. 16 წლის ასაკში „Exodus“-ის ბას-გიტარისტთან ერთად კვლავ აყალიბებს იმ დროისთვის განსხვავებულ პანკჯგუფს უხამსი სათაურით “Tappi Tíkarrass”. უჩვეულოა ბიორკის საშემსრულებლო სტილი – ყელისმიერი, მყვირალა ხმა. შემორჩენილია ისლანდიური ტელევიზიის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელშიც “Tappi”-ს მიერ შესრულებული კომპოზიციის ფონზე შეკრეჭილ თმიანი ბიორკი გააფთრებულ რიტმში სცენაზე ხელების ქნევითა და ხტუნვით დაქრის.

 


ძიებაში მყოფი ახალგაზრდა ბიორკი ახალ-ახალ მუსიკას ეცნობოდა, დაუღალავად ატარებდა ექსპერიმენტებს, ახდენდა ბგერების სემპლირებას… მონაწილეობდა იმ დროის სხვადასხვა პროექტებში და შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ახალი საინტერესო გამოცდილება მის ბუნებრივ ნიჭიერებას ავითარებდა და საკუთარ სტილს უყალიბებდა. პარალელურად, მუსიკით გატაცებული ბიორკი კაფეებსა და სასტუმროებში მუშაობას ქარხანაში თევზის წმენდას უთავსებდა. სხვათა შორის, მისი პირველი სიმღერები, სწორედ თევზის დამუშავების ინდუსტრიულ ხმაურში დაიბადა. მოგვიანებით ბიორკი სკოლას მიატოვებს.
ჯგუფი „Tappi Tikarras“ ბიორკისთვის ერთადერთი გატაცება არ იყო, ის ბევრ პროექტში მონაწილეობდა. მალე ახირებული ისლანდიელი მეგობრებთან ერთად მომდევნო ჯგუფს „Kukl“ (ჯადოქრობა) აყალიბებს. ჯგუფი ჯერ მეკობრულ რადიოსადგურს ქმნის, შემდეგ, როგორც არტტერორისტები რეიკიავიკის 200 წლის თავთან დაკავშირებულ იუბილეზე მთავარ ადგილობრივ რადიო სადგურს ხელში ჩაიგდებენ და ეთერს ანარქისტული „ჩვენებებით“ და ბიორკის საყვარელი მუსიკით აავსებენ. რეიკიავიკის რადიოში ეს პატარა გადატრიალება, რომელიც პოლიციის ჩარევის გარეშე არ დარჩენილა, მომავალი არტრევოლუციის მომასწავებელი იყო. იმ რევოლუციისა, რომელსაც ათი წლის შემდეგ ბიორკი მოახდენს – მსოფლიო მეინსტრიმულ ეთერში პოპჰიტების ნიღბით ავანგარდულ ტემბრებსა და განახლებულ ეთნორიტმებს დანერგავს. „გარშემო მყოფნი ვერ გვიტანდნენ. ეს სწორედ ის იყო, რაც მე მინდოდა“, – იხსენებს უცნაური მომღერალი, რომელიც მოგვიანებით 1986 წელს „ჯადოქრობას“ „შაქრის ნატეხებად“ – „The Sugarcubes“ გადააკეთებს. ჯგუფი ალტერნატიულ როკს უკრავდა და ამერიკასა და ინგლისში თანდათან სახელს იხვეჭდა.

 

ჯგუფში „The Sugarcubes“ ბიორკი იმ სტილისტურ სახეს იღებს, რომელსაც დღეს ვხედავთ. ადრეულ ნამუშევრებთან შედარებით აქ მეტი ინდივიდუალობა და პიროვნული ხასიათი შეიგრძნობა.

 


მუსიკოსებმა, რომლებიც ახალგაზრდა ბიორკთან ურთიერთობდნენ, მასში თვითგამოხატვისკენ სწრაფვა გააღვივეს. მომღერალი მათთან ერთად შემოქმედებაში თავისუფლების სულ ახალ და ახალ საზღვრებს წვდებოდა. მისი მეამბოხე ბუნება მუსიკაში უფრო ნათლად გამოიხატა კივილით, გოდებით, კვნესით, თავშეუკავებელი სითამამით, რაც გადაიქცა კიდეც მის საფირმო მანერად.
ჯგუფი საეჭვოდ მიიჩნევდა ისლანდიის წარმართულ წარსულს, რითაც საკუთარი რწმენისა და ფილოსოფიის საფუძვლების განმტკიცებას ცდილობდა. მათი მუსიკალური სულისკვეთება სიურრეალისტურ მიმდინარეობებსა და თანამედროვე ტენდენციებს შორის მერყეობდა.
შემოქმედებაში ჩაძირული მუსიკოსები იძულებულნი იყვნენ არსებობისთვის ებრძოლათ, რისთვისაც ზოგი სტუდიაში მუშაობდა, ზოგი ბანკში, ზოგიც სარეკლამო სააგენტოში. თავისუფალ დროს კი სცენაზე ატარებდნენ. ბიორკი თანდათან ხდებოდა ახალი კოლექტივის მომხიბვლელი არაორდინარული სახე: ანარქოპანკით გატაცებული დამწყები არტისტი , განზრახ უგემოვნო კოსტიუმებში გამოწყობილი უმანკო და ამავდროულად თავაწყვეტილი გოგონა, ძნელი წარმოსადგენია ახალგაზრდა დედის როლში.
ფეხმძიმობის მეშვიდე თვეშიც კი ბიორკი ჩვეულებრივ საგასტროლო რიტმს არ ჩამოშორებია. მომღერლის ცხოვრების ეს პერიოდი აღბეჭდილია ისლანდიის ტელევიზიის შოუში, სადაც ბიორკი შვიდი თვის შიშველი მუცლით გამოცხადდა. ბიორკის ამ გამოხდომას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. ერთ-ერთ ქალბატონს თურმე გულის შეტევაც კი დამართია.
სამშობლოში კრიტიკა არ აყოვნებდა და „The Sugarcubes“ ყოველი მხრიდან უტევდა. საზღვარგარეთ კი ჯგუფის გამოსვლების დროს დარბაზები ახალგაზრდებით ივსებოდა. მონაწილეები ინტერვიუებში გაკვირვებით აღნიშნავდნენ: „ჩვენ გაგებაში არ ვართ, რა არის ბრიტანული პოპმიმომხილველების ასეთი მასიური გაგიჟების მიზეზი“.
ხმაურიანი წარმატების მიუხედავად, მონაწილეების სხვადასხვა სახის ამბიციათა გამო ჯგუფი ექვსი წლის შემდეგ მაინც დაიშალა, უკონფლიქტოდ (სხვათა შორის, ამავე 1986 წელს ჯგუფის ერთ-ერთი წევრის თორ ელდონისგან ბიორკს ვაჟი – სინდრი შეეძინა).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი