პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კონსტრუქტივისტული შეხედულებები სწავლაზე

კონსტრუქტივიზმი ფართო ცნებაა, რომელსაც იყენებენ ფილოსოფოსები, სასწავლო გეგმის შემდგენლები (კურიკულუმის დიზაინერები), ფსიქოლოგები, განათლების სპეციალისტები და სხვები. ერნსტ ფონ გლესერსფელდი მას უწოდებს „თანამედროვე ფსიქოლოგიის, ეპისტიმოლოგიისა და განათლების უზარმაზარ და დამაბნეველ არეალს”. კონსტრუქტივისტული შეხედულებები ეყრდნობა პიაჟეს, ვიგოტსკის, გეშტალტფსიქოლოგიას, ბატლერისა და ბრუნერის კვლევებს, ისევე როგორც ჯონ დიუის ფილოსოფიას.

არსებობს არაერთი კონსტრუქტივისტული თეორია, მაგრამ კონსტრუქტივისტთა უმრავლესობა იზიარებს ორ ძირითად თვალსაზრისს: 1. შემსწავლელები აქტიურნი არიან საკუთარი ცოდნის აგებაში და 2. სოციალური ინტერაქციები მნიშვნელოვანია ცოდნის კონსტრუირებისათვის. კონსტრუქტივისტები სწავლას აღიქვამენ როგორც გაცილებით მეტს, ვიდრე მასწავლებლისგან ან სახელმძღვანელოდან ინფორმაციის მიღება და გადამუშავებაა. მათი აზრით, სწავლა არის ცოდნის აქტიური და პიროვნული კონსტრუირება. ამრიგად, კოგნიტური მეცნიერების არაერთი თეორია მოიცავს ამა თუ იმ სახის კონსტრუქტივიზმს, რადგან, ამ თეორიების თანახმად, ინდივიდი თავად ეწევა საკუთარი კოგნიტური სტრუქტურების კონსტრუირებას, როცა განსაზღვრულ სიტუაციებში მიღებული თავისივე გამოცდილების ინტერპრეტაციას ახდენს. არსებობს კონსტრუქტივისტული მიდგომები მეცნიერების სხვადასხვა დარგში: მათემატიკაში, განათლების ფსიქოლოგიასა და ანთროპოლოგიაში, ასევე –  კომპიუტერზე დაფუძნებულ განათლებაში. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი იყენებს ტერმინს „კონსტრუქტივიზმი”, ისინი ხშირად სხვადასხვა რამეს გულისხმობენ.

კონსტრუქტივისტული შეხედულებების ორგანიზების ერთ-ერთი გზაა საუბარი კონსტრუქტივიზმის ორ ფორმაზე: ფსიქოლოგიურ და სოციალურ კონსტრუქტივიზმზე. მარტივად რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიური კონსტრუქტივიზმი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, როგორ იყენებს ინდივიდი ინფორმაციას, წყაროებსა და სხვების დახმარებას მენტალური მოდელებისა და პრობლემათა გადაჭრის სტრატეგიების კონსტრუირებისა და გაუმჯობესებისთვის. ამისგან განსხვავებით, სოციალური კონსტრუქტივისტები სწავლას განიხილავენ როგორც ჩვენი შესაძლებლობების ზრდას სხვებთან ერთად ისეთ საქმიანობებში მონაწილეობით, რომლებიც მნიშვნელოვანია კულტურისთვის. 
უფრო ახლოს გავეცნოთ კონსტრუქტივიზმის თითოეულ ტიპს. 
ფსიქოლოგიური/ინდივიდუალური კონსტრუქტივიზმი. ფსიქოლოგიურ კონსტრუქტივისტებს აინტერესებთ, როგორ აშენებენ ინდივიდები თავიანთი კოგნიტური და ემოციური ინსტრუმენტების ელემენტებს. ეს კონსტრუქტივისტები დაინტერესებულნი არიან ინდივიდუალური ცოდნით, რწმენით, მე-კონცეფციითა და პიროვნებით, ამიტომ მათ ზოგჯერ ინდივიდუალურ ან კოგნიტურ კონსტრუქტივისტებსაც უწოდებენ. ისინი კონცენტრირებას ახდენენ ადამიანის შინაგან, ფსიქოლოგიურ სამყაროზე.

ამ სტანდარტების გამოყენებით ყველაზე თანამედროვე ინფორმაციის გადამუშავების თეორიები კონსტრუქტივისტულია. სწავლის ინფორმაციული გადამუშავების მიდგომები ადამიანის გონებას სიმბოლოთა გადამამუშავებელ სისტემად აღიქვამს. ეს სისტემა სიმბოლოთა სტრუქტურაში (წარმოდგენები ან სქემები) დებს სენსორულ შინაარსს და შემდეგ ისე გადაამუშავებს ამ სიმბოლოთა სტრუქტურას, რომ ცოდნა მეხსიერებაში შეინახოს და მისი აღდგენა შეძლოს. გარე სამყარო დანახულია როგორც შინაარსის წყარო, მაგრამ როგორც კი შეგრძნებები აღიქმება და შედის მუშა მეხსიერებაში, მიიჩნევა, რომ ინდივიდის „თავში” იწყება მნიშვნელოვანი სამუშაო. თუმცა ზოგ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ინფორმაციის გადამუშავება „ტრივიალური” ანუ “სუსტი” კონსტრუქტივიზმია, რადგან ამ პროცესში ადამიანის ერთადერთი ღირებული შენატანია გარე სამყაროსგან ზუსტი წარმოდგენების შექმნა.

ამისგან განსხვავებით, პიაჟეს ფსიქოლოგიური (კოგნიტური) კონსტრუქტივიზმის მიდგომა ნაკლებადაა კონცენტრირებული „ზუსტ” წარმოდგენებზე და უფრო მეტად დაინტერესებულია ინდივიდის მიერ კონსტრუირებული მნიშვნელობით. პიაჟემ შემოგვთავაზა კოგნიტური საფეხურების თანმიმდევრობა, რომელსაც ყველა ადამიანი გადის. ყოველ საფეხურზე აზროვნება დაეშენება წინა დონეს და ხდება უფრო ორგანიზებული, ადაპტური და კონკრეტულ მოვლენებზე ნაკლებად დამოკიდებული. პიაჟეს განსაკუთრებით აინტერესებდა იმ უნივერსალური ცოდნის ლოგიკა და კონსტრუირება, რომლის სწავლაც უშუალოდ გარემოდან შეუძლებელია, მაგალითად, კონსერვაცია და შექცევადობა. ასეთ ცოდნას არ ქმნის გარე სინამდვილე, ის ჩვენივე შემეცნების ან აზრების რეფლექსიისა და კოორდინირებისგან მომდინარეობს. პიაჟე სოციალურ გარემოს განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად აღიქვამს, მაგრამ, მისი აზრით, სოციალური ურთიერთობები არ არის აზროვნების ცვლილების ძირითადი მექანიზმი.

განათლებისა და განვითარების ზოგიერთმა ფსიქოლოგმა პიაჟესეულ კონსტრუქტივიზმს „კონსტრუქტივიზმის პირველი ტალღა” ან „სოლო კონსტრუქტივიზმი” უწოდა, რითაც ხაზი გაუსვა ინდივიდის წვლილს. 

ინდივიდუალური კონსტრუქტივიზმის უკიდურესი ფორმაა რადიკალური კონსტრუქტივიზმი. ამ მიდგომის მიხედვით, სამყაროში არ არსებობს რეალობა ან ჭეშმარიტება. არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური აღქმები და რწმენები. თითოეული ჩვენგანი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე აგებს ცოდნას, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ ან ვიცოდეთ სხვათა რეალობა. ამ პოზიციის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ რელატივიზმის კიდეზე ყველა ცოდნა და რწმენა ერთნაირი აღმოჩნდება, რადგან ყოველი მათგანი ვალიდურ ინდივიდუალურ აღქმებს წარმოადგენს. ამგვარი აზროვნება პრობლემებს უქმნის განათლების სპეციალისტებს, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ პროფესიული ვალდებულება, ხაზი გაუსვან განსაზღვრულ ღირებულებებს, ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, პატიოსნება და სამართლიანობა და არა არატოლერანტულობა და სიცრუე. ყველა აღქმა და რწმენა თანაბარი როდია. მასწავლებლები, როგორც წესი, სთხოვენ მოსწავლეებს, გულდასმით იმუშაონ, რათა ისწავლონ. თუ სწავლა ვერ უზრუნველყოფს გაგებას და რაკი ყოველგვარი გაგება თანაბრად ღირებულია, მაშინ, როგორც დევიდ მოშმანმა თქვა, „ჩვენ შეგვიძლია, თავი დავანებოთ მოსწავლეებს და მივცეთ უფლება, სჯეროდეთ ყველაფრის, რისიც სჯერათ”. თანაც აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი სახის ცოდნას, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა თვლა და ურთიერთცალსახა შესატყვისობა, კონსტრუირება არ სჭირდება – ის უნივერსალურია. ურთიერთცალსახა შესატყვისობა ადამიანის არსის ნაწილია.
ვიგოტსკის სოციალური კონსტრუქტივიზმი. ვიგოტსკის სჯეროდა, რომ სოციალური ურთიერთობა, კულტურული ინსტრუმენტები და საქმიანობა განაპირობებს ინდივიდუალურ განვითარებასა და სწავლას. სხვებთან ერთად საქმიანობის ფართო სპექტრში მონაწილეობით შემსწავლელები ითვისებენ (იშინაგანებენ) ერთად მუშაობის შედეგებს. ეს შედეგები შესაძლოა მოიცავდეს როგორც ახალ სტრატეგიებს, ისე ახალ ცოდნასაც. სწავლის სოციალურ და კულტურულ სფეროში მოქცევა არის „კონსტრუქტივიზმის მეორე ტალღა”. 

ვინაიდან ეს თეორია სწავლის ასახსნელად მეტწილად ეყრდნობა სოციალურ ურთიერთობებსა და კულტურულ სფეროს, ფსიქოლოგთა უმრავლესობა ვიგოტსკის თეორიას სოციალურ კონსტრუქტივიზმს უწოდებს. იმის გამო, რომ თავდაპირველად ვიგოტსკი დაინტერესებული იყო ადამიანის ინდივიდუალური განვითარებით, ზოგი თეორეტიკოსი მას ფსიქოლოგიური კონსტრუქტივიზმის მიმდევრადაც მოიხსენიებს. ამ თვალსაზრისით, ვიგოტსკი ორივე თეორიის მიმდევარია. სწავლის მისეული თეორიის ერთი უპირატესობა ის არის, რომ საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ როგორც ფსიქოლოგიური, ისე სოციალური ფაქტორები: ის ორივე ბანაკს აკავშირებს. ამის მაგალითია ვიგოტსკის კონცეფცია უახლოესი განვითარების ზონის შესახებ. უახლოესი განვითარების ზონა ის ზონაა, სადაც ბავშვს შეუძლია პრობლემის გადაჭრა უფროსის ან უფრო გაწაფული მოსწავლის დახმარებით. მხარდაჭერა, სკაფოლდინგი – ეს ისაა, სადაც კულტურა და შემეცნება ერთმანეთს აყალიბებს. კულტურა ქმნის შემეცნებას (როცა უფროსი იყენებს კულტურულ ინსტრუმენტებს) და გამოცდილებას კულტურიდან (ენა, რუკები, კომპიუტერი, მუსიკა) ბავშვების იმ მიზნებისკენ მისამართავად, რომლებსაც კულტურა აფასებს (კითხვა, წერა, ცეკვა). შემეცნება ქმნის კულტურას, როცა უფროსი და ბავშვი ერთად ეწევიან ახალი გამოცდილებისა და გადასაჭრელი პრობლემების გენერირებას, რათა დაურთონ ის კულტურული ჯგუფის რეპერტუარს. ინდივიდუალური და სოციალური კონსტრუქტივიზმის ინტეგრირების ერთი გზაა ცოდნის როგორც ინდივიდუალურად კონსტრუირებულისა და სოციალურად განპირობებულის გააზრება.
კონსტრუქციონიზმი. სოციალური კონსტრუქციონისტები ყურადღებას არ ამახვილებენ ინდივიდუალურ სწავლაზე. მათ აინტერესებთ, როგორ არის კონსტრუირებული ზოგადი ცოდნა ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკა, ეკონომიკა ან ისტორია. ამ სახის აკადემიური ცოდნის მიღმა კონსტრუქციონისტებს აინტერესებთ ყოველდღიური იდეები და რწმენები, აგრეთვე – ადამიანებისა და მსოფლიოს შესახებ სოციოკულტურული ჯგუფის ახალ წევრების მიერ გამოთქმული ჩვეულებრივი მოსაზრებები. დასმული კითხვები შესაძლოა ეხებოდეს სხვადასხვა თემას, დაწყებული იმით, ვისი განსასაზღვრია, რამ უნდა შეადგინოს ისტორია, რომლებია საზოგადოებაში ქცევის სწორი წესები და დამთავრებული იმით, როგორ გახდე პრეზიდენტი. ყოველი ცოდნა სოციალურად კონსტრუირებულია და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზოგ ადამიანს სხვებზე მეტი ძალაუფლება აქვს იმის განსასაზღვრავად, რა შეადგენს ამ ცოდნას. ურთიერთობები მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ოჯახებსა და საზოგადოებას შორის ცენტრალური საკითხებია; წახალისებულია თანამშრომლობა სხვადასხვა შეხედულების გასაგებად და ცოდნის ტრადიციული ფორმები ხშირად საფრთხის წინაშეა. ჟაკ დერიდასა და მიშელ ფუკოს ფილოსოფიები კონსტრუქციონიზმის მნიშვნელოვანი წყაროებია. ვიგოტსკის თეორიას თავისი აქცენტებით იმის შესახებ, როგორ ქმნის შემეცნება კულტურას, საერთო ელემენტები აქვს კონსტრუქციონიზმთან. 

განსხვავებული მოსაზრებები კონსტრუქტივიზმის შესახებ ზოგად კითხვებს წამოჭრის. განსხვავებულია მათზე გაცემული პასუხებიც. ამ საკითხების საბოლოოდ გადაჭრა შეუძლებელია, რადგან სხვადასხვა თეორიას მათ მიმართ სხვადასხვა პოზიცია აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი