შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ანეტ ბრე: მოაწონეთ თავი მოსწავლეებს

ანეტ ბრეს მიერ თოდ უაიტეკერთან ერთად გამოცემული წიგნი „10-წუთიანი ტრენინგები მასწავლებლებისათვის. 40 სწრაფი ტრენინგი ეფექტური სწავლებისათვის” მრავალი ქვეყნის დარგობრივმა მკითხველმა 21-ე საუკუნის მასწავლებლისთვის საჭირო წიგნად აღიარა.

სასწავლო წლის დასაწყისში კარგი იქნება, ჩვენც გავეცნოთ ერთ ამონარიდს ამ წიგნიდან სახელწოდებით „იმიტომ, რომ მე შენ მომწონხარ!” აქ თითქოს უცხოს და ახალს ვერაფერს წავიკითხავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ყველაფერს მოსწავლეებთან ურთიერთობის შესახებ.

ალბათ, შეგხვედრიათ სიტუაცია, როცა ვიღაცისთვის დახმარება გითხოვიათ და პასუხად უთქვამთ: „ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ მე თქვენ მომწონხართ!”

ასეთი ახსნა, რომ „მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ შენ მომწონხარ”, ნამდვილად შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილს პედაგოგებისათვის, რაც ხშირად მათი ყურადღების მიღმა რჩება. არადა, სისტემატურად ვართ მოწმე იმისა, რომ ადამიანები მზად არიან გააკეთონ თითქმის ყველაფერი მათთვის, ვინც მოსწონთ. თუმცა ჩვენს გარემოცვაში არ გაგვიჭირდება აღმოვაჩინოთ კოლეგები, რომლებიც იტყვიან: „მასწავლებლობა ეს არ არის კონკურსი პოპულარულობაში. ჩემთვის სულ ერთია, მოვწონვარ თუ არა მოსწავლეებს”. სამწუხაროდ, ამ მოსაზრების მქონე კოლეგები ღრმად ცდებიან – პედაგოგობა გარკვეულწილად პოპულარობის კონკურსიცაა. თუ თქვენ არ მოსწონხართ მოსწავლეებს, ნაკლებად სარწმუნოა, მათ თქვენგან რაიმე სასარგებლო ისწავლონ. მასწავლებლის კარგ თუ ცუდ ურთიერთობაზე მოსწავლეებთან დამოკიდებულია მათ მიერ ათვისებული ცოდნის ოდენობა.

დაიწყეთ კოლეგებთან საუბარი წინა აბზაცის ხმამაღლა გამეორებით და თქვენ აუცილებლად მიიქცევთ ყურადღებას. შემდეგ ჩამოშალეთ აბზაცი პუნქტებად და იმსჯელეთ თითოეულზე:

1.უთქვამთ თუ არა თქვენთვის როდისმე „მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ შენ (თქვენ) მომწონხართ?

2.როცა მოსწავლე იყავით, განა თქვენ განსაკუთრებულად არ ცდილობდით იმ საგნების სწავლას, რომლის პედაგოგებიც მოგწონდათ?

3.ვაღიარებთ თუ არა, რომ ჩვენ გამორჩეული მოთმინებით ვიტანთ იმ ადამიანების ნაკლოვანებებს, რომლებიც მოგვწონს?

4.გვყავს თუ არა თითოეულ ჩვენგანს ერთგული მეგობრები, რომლებიც თითქმის ყველაფერს გააკეთებენ ჩვენთვის, რადგან ჩვენ მოვწონვართ?

5.შეგხვედრიათ თუ არა მასწავლებელი, რომელიც ამბობს: „ჩემთვის სულ ერთია, მოვწონვარ თუ არა მოსწავლეს” და თვლით თუ არა ასეთ მიდგომას არასწორად?

6.თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება?

7.თქვენი აზრით, გაყიდვების სფეროს ეფექტური სპეციალისტები რატომ ცდილობენ უმნიშვნელო თემებზე საუბრით დაიმსახურონ თქვენი კეთილგანწყობა, სანამ საკუთარი პროდუქტის შეძენას შემოგთავაზებენ?

8.როგორ აღწევენ ცნობილი ტრენერები, რომ საშუალო შესაძლებლობის სპორტსმენები საუკეთესო შედეგებზე გაიყვანონ?

9.როგორ აღწევს ზოგიერთი მასწავლებელი, რომ თითქმის ყველა მოსწავლეს გააკეთებინოს ის, რაც საჭიროა?
დიახ, პედაგოგობა მართლაც კონკურსია პოპულარობაში. მოსწავლეებისაგან საუკეთესო შედეგების მისაღწევად მასწავლებელი მოსწავლეებს უნდა მოსწონდეთ. მასწავლებლებს ამოცანად უნდა დავუსახოთ, რომ გახდნენ უფრო საინტერესო, მიმზიდველი ადამიანები მოსწავლეებისათვის. თუ ამ მიმართულებით სიძნელეები შეიმჩნევა, დავიხმაროთ ასეთი ჩამონათვალი:

რჩევები მოსწავლეებთან თქვენი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად:

·ხშირად გაიღიმეთ;
·უკეთ გაიცანით თქვენი მოსწავლეები;
·აგრძნობინეთ მათ, რომ ენდობით;
·წაახალისეთ ისინი;
·გამოხატეთ თანაგრძნობა მოსწავლეების მიმართ;
·რამდენადაც შეგიძლიათ, შეეცადეთ გამოიყურებოდეთ ყველაზე სასიამოვნო ადამიანად;
·რამდენადაც შეგიძლიათ, შეეცადეთ გამოიყურებოდეთ ყველაზე კეთილგანწყობილ ადამიანად;
·დახმარება აღმოუჩინეთ ჩამორჩენილ მოსწავლეებს;
·იყავით ყურადღებით და აკონტროლეთ საკუთარი ქმედებები;

ასეთია ანეტ ბრესა და მისი თანაავტორის მიერ შემოთავაზებული ერთი ათწუთიანი ტრენინგის პროგრამა, რომელიც პედაგოგმა თავისი პროფესიული უნარების გასააქტიურებლად წარმატებით შეიძლება გამოიყენოს და კოლეგებსაც გაუზიაროს ერთობლივი განსჯისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი