შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სასექტემბრო ციებ-ცხელება ანუ როგორ დავძლიოთ თავისუფლების დაკარგვით გამოწვეული სტრესი

ზაფხული ბავშვების სეზონია. სოფლის მშვიდი ცხოვრების ტემპი, თანატოლებთან ერთად თავგადასავლის ძიებაში დაღამებული დღეები, უშფოთველი ძილი, თავისუფლებით გაჟღენთილი ჰაერი… ეს ყველაფერი სამი თვის განმავლობაში მოზარდთა ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილს, მათი რუტინული ყოფის სასიამოვნო ჩანაცვლებას წარმოადგენს, შემოდგომის მოახლოება კი მის დასასრულს ნიშნავს. ის მოსწავლეებიც კი, რომლებიც სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობენ, „ბორკილების დადებას“ მძაფრად განიცდიან.

განგაშის გრძნობა, რომლის დაძლევა ზრდასრულებსაც კი უჭირთ, ერთიანად მოიცავს ბავშვის ფსიქიკას და წინააღმდეგობის სურვილს წარმოშობს. ეს განცდა ალბათ ყველასათვის ნაცნობია. მე ის დღემდე შემომრჩა სხვა, ასევე დაუძლეველ (წარუმატებლობის, დამცირების, გაურკვევლობის) შიშებთან ერთად და ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ისევ ვემსგავსები „ხუთოსან მოსწავლეს“, რომელიც მოშვებას, დინების მიმართულებით სვლას იმიტომ ვერ ბედავს, რომ ყველაფერი, რასაც არ მართავს, მის ქვეცნობიერს საფრთხედ ეჩვენება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, პატარებს შეძლებისდაგვარად გავუმარტივოთ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სირთულეები.

მიუხედავად იმისა, რომ მშობელს მთელი დღის განმავლობაში შვილზე ზრუნვა აღარ მოუწევს, სასწავლო წლის დაწყება მისთვისაც სტრესია. როცა ბავშვი დედ–მამის მზრუნველ თვალს მოეფარება, ახალი შიში იჩენს თავს: ვაითუ რომელიმე მოსწავლემ დაჩაგროს, ან მასწავლებლის ყოვლისმხედველ თვალს გამოეპაროს კლასიდან მისი გარიყვის/დაჩაგვრის ფაქტი, იჩხუბოს, მასწავლებლის საყვედური დაიმსახუროს, პროგრამას ჩამორჩეს… მშობლებს მღელვარებას ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესშიც (სასკოლო ნივთების შეძენა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, მშობელთა შეხვედრაზე გადაჭარბებული აქტიურობა, კლასის დამრიგებელთან ხშირი კონტაქტი და ა.შ.) შეატყობთ. სამწუხაროდ, მშობლების ემოციური მდგომარეობა ბავშვზე დიდ გავლენას ახდენს.

ადაპტირების პროცესს განსაკუთრებით სკოლის დატვირთული რეჟიმი ართულებს. უპირველეს ყოვლისა, მშობელმა შვილის ძველ რეჟიმზე ეტაპობრივად გადაყვანა სწავლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა დაიწყოს. ზაფხულობით ბავშვები უფროსებთან ერთად გვიანობამდე სხედან ტელევიზორთან, დადიან სტუმრად, სალაშქროდ ან სოფელში, სადაც ბებია-ბაბუები მონატრებული შვილიშვილებისთვის სასურველ დღის წესრიგს არასდროს აპროტესტებენ. ასეთი თავისუფლების ერთბაშად შეზღუდვამ შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. ამიტომ არასასურველ ცვლილებებთან შეგუება ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა მოხდეს (15 წუთით ადრე დაძინება/გაღვიძება, მეცადინეობის ხანგრძლივობის ნელ-ნელა გაზრდა და სხვ.). აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადრე ადგომა და აკადემიური ვალდებულებების შესრულება ბავშვისთვის სასურველ აქტივობას/ბონუსს უნდა უკავშირდებოდეს და არ გადაიქცეს წამზომად, რომელიც გამუდმებით არდადეგების დასასრულის მოახლოებას შეგვახსენებს.

სასურველია, მოსწავლე სწავლის დაწყებამდე გაეცნოს სასკოლო დღის რეჟიმს, გაიგოს, რა სიახლეები ელოდება ამ წელს. თუ გსურთ, ბავშვი თავისი შიშის შესახებ ხმამაღლა გესაუბროთ, მოუყევით, რას გრძნობდით მის ასაკში, თან შეეცადეთ, ხაზი გაუსვათ სკოლაში წასვლის პოზიტიურ მხარეებსაც – თანაკლასელების ნახვას, ახალი მეგობრების შეძენას, საინტერესო აკადემიურ სიახლეებში ჩართვის შესაძლებლობას.

ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ნებისმიერი წარუმატებლობის შემთხვევაში მიიღებს მშობლის/მასწავლებლის მხარდაჭერას (მაგალითად, ჩანთაში აღმოჩენილი კეთილი სურვილებით სავსე ბარათი პატარებს აუცილებლად გაამხნევებს და სირთულეების დაძლევას გაუადვილებს). მიუხედავად იმისა, რომ მშობელთან განშორება ხშირად ცრემლების წვიმით მთავრდება, პირველ დღეს სკოლაში ოჯახთან ერთად მისვლა მაინც მნიშვნელოვანია. თანაკლასელებთან სწავლის დაწყებამდე შეხვედრაც სასკოლო ატმოსფეროს მოსწავლისთვის უფრო სასურველს და საინტერესოს გახდის.

ალბათ ყველა ბავშვის ოცნებაა, დიდი და დამოუკიდებელი გახდეს. ახალი სასწავლო წლის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულება შესაძლოა შეიცვალოს, თუ იგრძნო, რომ პასუხისმგებლობიან, სანდო პიროვნებად აღიქვამენ (შეარჩიოს სასკოლო ჩანთა, ტანსაცმელი და სხვა ნივთები, გაესაუბროს დამრიგებელს სასწავლო დეტალების გარკვევის მიზნით და ა.შ.).

მოსამზადებელი და პირველი კლასების მოსწავლეებს ხშირად აძლევენ საყვარელი სათამაშოს სკოლაში მიტანის და თავისუფალ დროს მასთან თამაშის უფლებას, რაც სახლში ცოტა ხნით დაბრუნების განცდას წარმოშობს. ამ ტრადიციას თუ საინტერესო აქტივობით გავამდიდრებთ და მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან ნივთს სასკოლო ცხოვრების ნაწილად ვაქცევთ, ამით ადაპტირების პროცესსაც დავაჩქარებთ და ბავშვებს განსაზღვრულ აკადემიურ უნარებსაც განვუვითარებთ. მაგალითად, მოსწავლე თანაკლასელებს უყვება თავისი საყვარელი სათამაშოს ისტორიას: ვინ აჩუქა, სად შეიძინეს, რითი სჯობს სხვა სათამაშოებს და სხვ. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები ზეპირმეტყველების უნარს დახვეწენ, ასეთი აქტივობის დროს მყუდროდ და დაცულადაც იგრძნობენ თავს. ამავე მიზეზით ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ ოჯახის თემაზე პრეზენტაციის მომზადების დროსაც.

ზოგიერთი მოსწავლე ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ჰიპერაქტიური ქცევით გამოირჩევა, რაც ქმნის ილუზიას, რომ ჯერ არ დაღლილა და მშობელი/მასწავლებელი დამატებითი დავალებებით ცდილობს გადაჭარბებული აქტიურობის განეიტრალებას. სინამდვილეში მოზარდების ზემოხსენებული მდგომარეობა ხშირად ემოციურ-გონებრივი გადაღლის შედეგია. ამავე მიზეზით მოსწავლეებს უჭირთ მობილიზება და ისეთ შედეგს ვერ აღწევენ, როგორსაც მისგან მოელოდნენ. ამიტომ უმჯობესია, თავი შევიკავოთ უარყოფითი კომენტარებისგან, არ დავსვათ აქცენტი მოსწავლის სიზარმაცეზე და ცოტათი მოვადუნოთ კონტროლის მექანიზმი. სასურველია, მოსწავლე პირველი ორი კვირის განმავლობაში მაინც არ შეფასდეს განმსაზღვრელი შეფასებით.

ბავშვებს შეგვიძლია ვურჩიოთ, მოშვებული, არაორგანიზებული გონების მობილიზებისა და ეფექტურად ამუშავების მიზნით ყოველდღიური საქმიანობის ამსახველი გეგმები შეადგინონ (თვალსაჩინოების სახით შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენი ორგანაიზერი). ეს მეთოდი სწავლის პროცესის უკეთ ორგანიზებაშიც დაეხმარება და მათ მიღწევებსაც თვალსაჩინოს გახდის, რაც, თავის მხრივ, მოტივაციის ამაღლებას უზრუნველყოფს.

იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ასე დაწვრილებით ვისაუბრე, მასწავლებლებს ვურჩევდი, ახალი სასწავლო წლის პირველი კვირის გაკვეთილები სასკოლო გარემოსთან შეგუებასა და საგაკვეთილო პროცესისადმი დადებითი განწყობის მოპოვებაზე ორიენტირებული აქტივობებით გაემდიდრებინათ. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ერთ-ერთი „პირველი გაკვეთილი“, რომელიც უკვე მეხუთე წელია პატარა მსმენელების მოშინაურებაში მეხმარება:

 

ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი: III

თემა: „შორიდან მოსული მოსწავლე“

ხანგრძლივობა: 2 საგაკვეთილო საათი

 

აქტივობა N1 – მოტივაცია

  • შესავალი: ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემაა „გზა სკოლისაკენ“. მოგიყვებით, რა გზას გავდივარ ყოველ დილით სკოლამდე მისასვლელად. თქვენ როგორ/რითი მოდიხართ სკოლამდე?
  • აქტიური მოსმენა: მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს სასწავლო მასალას – „შორიდან მოსული მოსწავლე“, სადაც მოთხრობილია, რა რთული გზის გავლა უწევს მოთხრობის მთავარ პერსონაჟს სკოლამდე მისასვლელად.
  • პრეზენტაცია: სამწუხაროდ, მსოფლიოში დღესაც ბევრია ისეთი ქვეყანა, სადაც მაღალმთიანი რეგიონების ბავშვებს საკმაოდ რთული გზის გავლა უწევთ სკოლამდე მისასვლელად (თემატური პრეზენტაცია რეალური ფაქტების ამსახველი ფოტომასალის დამოწმებით).

აქტივობა N2 – მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტების შედარება

  • შესავალი: მასწავლებელი არიგებს ადაპტირებულ სტატიას: „გუდამაყარი – ხეობა, სადაც სასკოლო ავტობუსს ჯერ არ მიუღწევია“ (თინათინ მოსიაშვილი, 02.22). ეს ტექსტი შორიდან მოსულ ქართველ მოსწავლეებზეა. მასში მოთხრობილია, როგორ უჭირთ საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებს სკოლამდე მიღწევა. შინაარსთან ერთად მოსწავლეები ამბის გადმოცემის ფორმასაც უნდა დააკვირდნენ.
  • ექსპერიმენტისთვის მზადება: ტექსტის კითხვის პროცესში დაფაზე დახაზული ვენის დიაგრამაც ნელ-ნელა ივსება. მასწავლებელი სვამს კითხვებს ლიტერატურულ და პუბლიცისტურ ტექსტს შორის მსგავსება-განსხვავების დაფიქსირების მიზნით, მაგალითად:
  • რა საერთოს ხედავთ ამ ორ ტექსტს შორის? (ავტორი, თემატიკა, მსგავსი პრობლემა…)
  • უტრანსპორტობის გარდა, კიდევ რა პრობლემაა ასახული სტატიაში?
  • რა სირთულეებს აწყდებიან სკოლისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ბავშვები?
  • ვინ იცის, რა ჰქვია სტატიაში და ლიტერატურულ ტექსტში მოხსენიებულ ადამიანებს? (რესპონდენტი, პერსონაჟი)
  • როგორ ფიქრობთ, ინფორმაციის რომელ წყაროს იყენებენ ლიტერატურული ტექსტისთვის და რომელს – პუბლიცისტურისთვის?! თანამედროვე და აქტუალური თემები, რეალური/ისტორიული ფაქტები, ლეგენდები, მწერლის ფანტაზია…
  • რა გზითაა მოძიებული სტატიაში აღწერილი ამბავი? ჩანს თუ არა, სად მოიძია მხატვრული ტექსტის ავტორმა ინფორმაცია? და სხვ.

 

აქტივობა N3 – ექსპერიმენტი

  • სასწავლო მასალის გამოყენებით მარტივი რეპორტაჟის მომზადება.

 

აქტივობა N4 – საშინაო დავალება

  • რეფლექსი თემაზე „მე-მოსწავლე“

 

პირველი კვირისთვის “ყინულის გასალღობ“ აქტივობებს, საგნის მასწავლებლებთან ერთად, კლასის დამრიგებლებიც იყენებენ, ამიტომ მათაც შევთავაზებ ერთ მათგანს, რომელსაც პირობითად „სარეცხს“ ვუწოდებთ. მისი დახმარებით მოსწავლეები ზაფხულში გატარებული სასიამოვნო დღეების შთაბეჭდილებებს საინტერესო ფორმით გაუზიარებენ თანატოლებს.

აქტივობის შინაარსი: ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეებს ვურიგებთ სასურველი ფერის ქაღალდს და ვთხოვთ, გამოჭრან მათი საყვარელი საზაფხულო სამოსი, რომელიც არდადეგებთან დაკავშირებულ ყველაზე ძვირფას მოგონებას ინახავს. ბავშვებმა სწორედ ამ ქაღალდის მაისურებსა თუ კაბებზე უნდა დაწერონ ყველაზე მნიშვნელოვანი საზაფხულო თავგადასავალი, რომელიც აღნიშნულ ტანსაცმელს უკავშირდება. შეგიძლიათ, მოსწავლეთა ნამუშევრები დეკორატიული სამაგრებით „გაფინოთ“ საკლასო ოთახის საპრეზენტაციო კუთხეში სახელდახელოდ გაჭიმულ თოკზე, თუმცა აჯობებს, ამ ნამუშევრების ნახვის საშუალება სხვა კლასის მოსწავლეებსაც მიეცეთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი