პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ამირანიანი- სასწავლო პროექტის შექმნისთვის

უცნაურია, როგორ და რატომ ქრებიან ტექსტები თანამედროვე სახელმძღვანელოებიდან. ამას წინათ მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ „ამირანიანი”, ქართველთა ეპოსის ეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ფოლკლორული ნაწარმოები, ჩვენი შვილების სასწავლო წიგნებში აღარ შედის. დაწყებით კლასებში ისწავლება მოკლე ინფორმაცია „ამირანის” შესახებ „პრომეთევსის” მითსა და აკაკი წერეთლის ლექსთან ერთად და სულ ესაა. არადა, ეროვნული კულტურის საფუძველში ნამდვილად დევს ფოლკლორი, ხალხის ნააზრევი, მისი შემოქმედებითი ენერგიის სიტყვიერი გამოხატულება და ფოლკლორის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშის ასე უგულვებელყოფა არაფრითაა მიზანშეწონილი, მით უფრო, რომ ამირანი, როგორც მხატვრული სახე, გასცდა ხალხური შემოქმედების ფარგლებს და გარკვეული ადგილი დაიკავა, როგორც ერის ცნობიერებაში, ასევე ქართველ მწერალთა ნაწარმოებებში.

წმინდა ესთეტიკური ღირებულების გარდა, „ამირანიანი” მშვენიერი მასალაა მოსწავლეებისთვის მხატვრული ტექსტის ანალიზის, ჟანრობრივი განსაზღვრის, პარალელების ძიებისა და, საერთოდ, ლიტერატურის სწავლებისათვის.

რადგან „ამირანიანი” ჩვენს სახელმძღვანელოებში აღარ შედის, ვფიქრობ, ქართველმა პედაგოგებმა ეს ტექსტი უფროს კლასებში პროექტით სწავლებისათვის წარმატებულად შეიძლება გამოიყენონ.

უპირველესი, რაც ქართველი კაცის ცნობიერებაში „ამირანთან” დაკავშირებით ასოცირდება, სწორედ ისაა, რაც დაწყებით კლასებში ზედაპირულად ისწავლება. ამირანი – გმირი, რომელიც დასჯილია და რომელიც ოდესმე „თავს აიშვებს”. რატომღაც, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, გადაფარულია პერსონაჟის ტრაგედიის არსი და მას მხოლოდ ის მეორეული შინაარსი აქვს შერჩენილი, რაც აკაკი წერეთელმა, როგორც პოეტმა და თანაც დამონებული ქვეყნის პოეტმა, თავისი სურვილისამებრ შესძინა. რაღა თქმა უნდა, შემოქმედს სრული თავისუფლება აქვს ფოლკლორის მიღებისა და გადამუშავების, საკუთარი, თუნდაც ძალიან დაშორებული ინტერპრეტაციის შექმნისა. მით უფრო, რომ მას ეს ინტერპრეტაცია ეროვნული მიზნებისთვის სჭირდება, მაგრამ სხვაა ტექსტი და მისი სათქმელი და არა მგონია, ლიტერატურული ძიებისათვის ნაკლებად საინტერესო იყოს.

უფროს კლასებში პროექტის სწავლებისათვის მოსწავლეებს ჯგუფურად შეიძლება დაუნაწილდეს და საკვლევად მიეცეს:

1.„ამირანიანი” – ფოლკლორული ტექსტი;
2.„პრომეთევსი” – ბერძნული მითი;
3.„ამირანი” – აკაკი წერეთლის ლექსი;
4.„ამირანი” – ვაჟა-ფშაველა;
5.„ქართული ფოლკლორი” – ზურაბ კიკნაძე (მონიშნული ადგილები თავებიდან „ესქატოლოგიური ზღაპარი” და „ტრაგიკული ეპოსი „ამირანიანი”);
6.რომელიმე ჯადოსნური (ესქატოლოგიური) ზღაპარი შედარებითი ანალიზისთვის;
7.რომელიმე ქართული მითი შედარებითი ანალიზისთვის;
8.„მიჯაჭვული ამირანი” მიხეილ ჩიქოვანი (მეცნიერული აზრის შედარებითი ანალიზისთვის);
9.„მედეა” – მითი (ყამარის მხატვრულ სახესთან პარალელისთვის);
10.„ვეფხისტყაოსანი” (ყამარისა და ნესტანის ზღაპრული სტრუქტურების ძიებისა და პარალელისთვის).

ამ პროექტის ფარგლებში, გარდა კონკრეტული მხატვრული ცოდნისა, მოსწავლეები შეძლებენ მიიღონ და გაიღრმაონ ფილოლოგიური კვლევის უნარები, რადგან კითხვები, პარალელები, სააზროვნო თემები მრავლადაა და თანაც შესაბამის ლიტერატურასთან ერთად სრულიად დასაძლევია უფროსკლასელთათვის.

უპირველესი კითხვა, რომელიც ტექსტთან მიმართებაში უნდა დაისვას, რაღა თქმა უნდა, მისი ჟანრული კუთვნილებაა. ზ. კიკნაძე „ამირანიანს” ტრაგიკულ ეპოსს უწოდებს და უარყოფს მისი ზღაპრებისა თუ მითებისათვის მიკუთვნებულობას. ზღაპარი, მართალია, „ამირანიანი” მართლაც ვერაფრით იქნება მისი ტრაგიკული დასასრულის გამო, მაგრამ მითთან მიმართებაში მოსწავლეებს დარჩებათ მსჯელობისა და პოლემიკის სივრცე, რადგან თუკი „მითოსი „დაბმულია” განსაზღვრულ სივრცესა და დროზე, სივრცე მითოსში ტოპონიმიზებულია…” (ზ. კინაძე) მაშინ გვრჩება რეალური ანაბეჭდი კავკასიონის სახით. მიაკუთვნებს თუ არა ეს ერთადერთი ტოპონიმი ნაწარმოებს მითოსის ჟანრს, მოსწავლეებს შეეძლებათ თვითონ გადაწყვიტონ.

ასევე საინტერესო იქნება თემა: დრო ზღაპარსა და მითში და დრო „ამირანიანში. თუკი ზღაპრის დრო მისი თხრობის პარალელურად მიმდინარეობს და მარადიულობაში (ქორწილში) გადასვლით სრულდება, მითი რაღაც კონკრეტულ მეტ-ნაკლებად ისტორიულ დროზეა მიბმული. „ამირანიანის” შემთხვევაში მისი დასჯის აქტი აწმყოშიც გრძელდება, ჩვენი დროის პარალელურადაც მიმდინარეობს. ამ ნიუანსებში გარკვევა მოსწავლეებს სამომავლოდ გაცილებით უფრო რთულ ტექსტებში გზის გაკვლევის უნარს მისცემს.

საყოველთაოდ აღიარებულ პარალელს „პრომეთევსის” მითთან საკმაოდ საინტერესო პოლემიკა შეუძლია გამოიწვიოს კლასში. ერთი მხრივ, საერთოა დასჯის ადგილი, მაგრამ სრულიად განსხვავებულია თავად ამ დასჯის მიზეზი, ამირანის ტრაგედია, როგორც ამას ზ. კიკნაძე უწოდებს, გაბუდაყება, ანუ ჰუბრისია. ის შინაარსობრივ მსგავსებას დაცემულ ანგელოზთან უფრო ჰპოვებს, რადგან იმის ნაცვლად, რომ ადგილი მამის წიაღში იპოვოს, თავად ამ მამას უპირისპირდება და თანაც არა ვინმესთვის ან რამისთვის სარგებელის მოსატანად (მისცეს ხალხს ცეცხლი), არამედ საკუთარი პიროვნული ვნების დასაკმაყოფილებლად.

საინტერესო და სწავლებისათვის სასარგებლო იქნება აკაკი წერეთლისა და ვაჟა ფშაველას ლექსების შედარებითი ანალიზი როგორც ერთმანეთთან, ასევე თავად ეპოს „ამირანიანთან”.

რამ გამოიწვია, რომ ღმერთის, საკუთარი ძალის მიმცემის მიმართ აჯანყებული და დასჯილი გმირი აკაკის შემოქმედებაში დატყვევებული საქართველოს („კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭვული ამირანი არის მთელი საქართველო და მტრები კი ყვავ-ყორანი”), ხოლო ვაჟა-ფშაველასთვის ჯვარცმული ქრისტეს სახეა („მუნით ჩამოწვეს ღრუბელი, გაჩნდეს ცეცხლ-სეტყვა ხშირია, იძახდნენ მართლის ჯვარცმულნი: ვაჰმე, რა დიდი ჭირია”)?
 
ყამარის მხატვრული სახის მითოლოგემების ძიებისას ძალზედ საინტერესო და თვალნათელია მისი მსგავსება ნესტან-დარეჯანთან. კოშკში გაზრდის მოტივის, იგივე „მზეთუნახაობის” გარდა, მათ მამისადმი ჯანყიც აერთიანებთ. თუმცა თუკი ნესტანის მხრიდან ეს მხოლოდ ჯანყია და არა ღალატი, ყამარი სასიკვდილოდაც კი იმეტებს მამას. აქვე საინტერესო იქნება მედეას სახეც, როგორც მამასთან დაპირისპირებული და საქმროს მხარეს დამდგარი ქალისა. შეიძლება შეადარონ და იმსჯელონ თავად მამათა სახეებზეც, მათ დანაშაულსა და უდანაშაულობაზე ქალიშვილების მიმართ.

ტექსტზე მუშაობის თვალსაზრისით ძალზედ სასარგებლო იქნება „:ამირანიანის” ეპიზოდებად დაყოფა. ის მიეხმარება მოსწავლეებს ამ ტრაგიკული ეპოსის არსში ჩასაწვდომად და გაუღრმავებს კითხვისა და გაგების უნარს.
ზ. კიკნაძე „ამირანიანში” თექვსმეტ ეპიზოდს გამოყოფს. ესენია: შობა, გადაგდება, ნათლობა, რძეში განბანა, ბობოქარი ბავშვობა, დევებთან ბრძოლა, უკანასკნელი დევი და ცამცუმის კოშკი, შთანთქმა-ამონთხევა, იგრი ბატონის წყალი, ყამარი, ძალის განახლება, გაბუდაყება (ჰუბრისი), უფლის გამოწვევა, მიჯაჭვა, მიჯაჭვული ამირანი, გათავისუფლების მცდელობანი.

საინტერესო იქნება, თუკი ბავშვები თავიანთ ნამუშევარს მეცნიერული კვლევის შედეგს შეადარებენ და იმსჯელებენ მსგავსება-განსხვავებაზე. ეს მათ საკუთარი უნარების უკეთ შეცნობის საშუალებას მისცემს და ვფიქრობ, დაარწმუნებს, რომ სურვილის შემთხვევაში თავადაც შეუძლიათ იკვლიონ ტექსტი.

მიუხედავად იმისა, რომ „ამირანიანი” ზღაპარი არაა, ზედაპირზე ზღაპრულად მარტივია. ამიტომ მის კვლევაში მონაწილეობის საშუალება სხვადასხვა მომზადების დონისა და უნარების მქონე მოსწავლეებს ექნებათ. საკვლევი საკითხები პედაგოგს შეუძლია სწორედ ამ ნიშნის მიხედვით გაანაწილოს. მაშინ ის კლასის მაქსიმალურ ჩართულობას მიაღწევს და შეძლებს, შექმნას გარემო, სადაც ბავშვები ნათლად დაინახავენ, რომ კვლევა საინტერესო და სახალისოა, რომ თავადაც შესწევთ უნარი, იკვლიონ მათთვის საინტერსო ლიტერატურული საკითხები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი