შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჩემი მოსწავლის მოგზაურობა 1924 წელს დამარცხებულ საქართველოში

1924 წლის აგვისტოს აჯანყება დამარცხდა. ამ აჯანყების დამარცხებასთან ერთად დამარცხდა საქართველოც.

უკვე რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნე იმ საინტერესო დაკვირვებების შესახებ, მე და ჩემი მოსწავლეები რომ წავაწყდებით ხოლმე კვლევით ესეებზე მუშაობის პროცესში. წელს ორი მოსწავლის ხელმძღვანელი ვარ. არცერთს არ ვასწავლი ქართულ ლიტერატურას (ამ ბავშვებს ჩემს მოსწავლეებს იმიტომ ვეძახი, რომ მათ ცოდნის თეორიას ვასწავლი). როგორც წესი, სანამ დასამუშავებელ თემას ავირჩევდეთ, ჯერ ვარკვევ, რომელი ავტორები, რა საკითხები, რომელი ჟანრი, პერიოდი იტაცებთ ბავშვებს. არ მინდა, რამე დავაძალო რომელიმეს, მირჩევნია, მათი ინტერესები მე გავითვალისწინო და არა – პირიქით. დაკვირვებული ვარ, რომ ბავშვებთან ერთად მეც ვიზრდები და ვვითარდები, იმდენ ახალს ვიგებ, ვერაფრით რომ ვერ წარმოვიდგენდი მანამდე.

ლაშა კობაიძეს რომ შეხვედრა დავუნიშნე, ვთხოვე, ფურცელზე ჩამოეწერა საყვარელი ნაწარმოებები ქართული ლიტერატურიდან. გამიკვირდა და ცოტათი გავბრაზდი კიდეც, როცა, სიის ნაცვლად, ფურცელზე ერთადერთი სათაური, „ღვთაებრივი კომედია“ დამხვდა – ქართველი მწერლის ნაწარმოების ნაცვლად ლაშას დანტე ალიგიერის ნაწარმოების სათაური დაეწერა ფურცელზე… ლაშა არ გავაწბილე და უკან არ გავაბრუნე, თუმცა ერთი წამით კი გამიელვა თავში, ახლა ამ მატრაბაზს (მართლა ასე ვუწოდე) უარს ვეტყვი და აღარ ავიყვან-მეთქი, მაგრამ მაშინვე მოვერიე ჩემს თავს და ლაშას საუბარი გავუბი. საუბარში აღმოვაჩინე, რომ ლაშა იმაზე გონიერი და ნაკითხი იყო, მანამდე რომ მეგონა. გასაგები იყო, რატომაც მოსწონდა დანტე ალიგიერი და შევეკითხე, რას იტყვი, მოგზაურობაზე შექმნილი ნაწარმოები რომ ავირჩიოთ თემად, თუნდაც ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“-მეთქი. ეს შეთავაზება ჩემგან იმიტომ წამოვიდა, რომ მას ანტისაბჭოური ისტორიებიც აინტერესებდა. ამ რომანის შესახებ ლაშას არც სმენოდა (ფილმი „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაც“ არ ჰქონდა ნანახი), ამიტომაც უსიხარულოდ დამთანხმდა, სხვა გზა მაინც არ ჰქონდა, კვლევით ესეს თუ არ დაწერდა, დიპლომს ვერ აიღებდა. ლაშასთან ერთად მეც შევუდექი რომანის კითხვას. არ ვიცი, კარგ მეხსიერებას („ბორიაყი“ წლების წინ მქონდა წაკითხული) დავაბრალო თუ ინტუიციას, მაგრამ სასიამოვნო აღმოჩენა იყო, როცა ნაწარმოებში არაერთგზის იყო ნახსენები დანტე ალიგიერი და მისი მოგზაურობა საიქიოში. ახლა კი იმ დაკვირვების შესახებ მოგითხრობთ, რომანის კვლევისას რომ გავაკეთეთ. იმედია, თქვენც დაინტერესდებით და ჩვენსავით კმაყოფილი დარჩებით. მიუხედავად იმისა, რომ ლაშას კვლევითი ესე ჯერ არ გაგვიგზავნია შესაფასებლად, მიმაჩნია, რომ არასწორად არ ვიქცევი, როცა ჩვენს მიგნებებს წინსწრებით ვაქვეყნებ. სადისერტაციო ნაშრომის დაცვამდე მკვლევრებიც ხომ თავიანთ მოსაზრებებს ჯერ სტატიებად აქვეყნებენ ხოლმე ჟურნალებში, მკითხველის სამსჯავროზე გამოაქვთ ნაშრომები. რჩევები და კრიტიკა ხომ არასოდესაა ზედმეტი.

1924 წლის აჯანყებაზე საბჭოთა პერიოდში რომ გაჭირდებოდა ნაწარმოების გამოქვეყნება, ავტორს, დაფასების ნაცვლად რომ დასჯიდნენ, ცხადია. ამიტომაც ოთარ ჩხეიძემ გამოსავალი მოძებნა და რომანი „ბორიაყი“ ისე ააგო, ნაკლებად მოედავებოდი მწერალს. რომანი შეთქმულთა დამარცხების შემდგომ პერიოდს ასახავს. ახალგაზრდა მუსიკოსი (ნიკუშა ჩაჩანიძე) ფოლკლორულ ექსპედიციას დაგეგმავს გორის რაიონის სოფლებში, მარშრუტის ულაზათო მონახაზს, ერთგვარ რუკას შეადგენს და, მიუხედავად მისი პროფესორის, კომპოზიტორ გიორგი ყანჩაველის გაფრთხილებისა, ცუდი დრო არისო, მაინც გაეშურება საშური საქმის (მივიწყებული ხალხური სიმღერების ჩაწერა) აღსასრულებლად. ეს ულაზათო რუკა აღმოჩნდება მტკიცებულება და ნიკუშას მასპინძელ ოჯახებს, არისტოკრატული გვარის წარმომადგენლებს, ააწიოკებენ, დააპატიმრებენ, შემდეგ კი სიკვდილითაც დასჯიან. მანამდე კი ახალგაზრდა მუსიკოსს 1924 წლის აჯანყებაში დამარცხებული შეთქმულები, უკვე სასოწარკვეთილი გვარიშვილები, მხსნელად, თბილისიდან მოვლენილ შიკრიკად მიიჩნევენ. ამ გაუგებრობის გამო ნიკუშა უხერხულ სიტუაციაშია და მუდმივი თავის მართლების რეჟიმში იმყოფება. გმირად მიჩნეული ახალგაზრდა კომპოზიტორი ცრუგმირი აღმოჩნდება. მისი სტუმრობის ბრალი გახდება რამდენიმე ოჯახის – ხეთერელების, კათარელების, იტრიელების, არჯევნელების და კიდევ ცალკეული ადამიანების – პეტრე ვარაზნელის, გიგა მაბკურელის, ლეკო თათაშელის – ამოწყვეტა. თუმცა ეს ერთი შეხედვით. ნიკუშა ჩაჩანიძე ერთი შეხედვითაა დამნაშავე. სინამდვილეში ნიკუშა ჩაჩანიძე უდანაშაულოა, რადგან მისი მასპინძლები ისედაც განწირულები არიან.

გავიხსენოთ ერთი ამონარიდი საქართველოს კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სიტყვიდან: „ჩვენთან საქართველოში, ექვსი პროცენტი იყო თავადაზნაურობაო, …და უნდა გაუწყოთო, საზეიმოდ უნდა გაუწყოთ: უკვე ერთ პროცენტზე დავიყვანეთ, ერთზე, ერთადერთზე, და შემდეგ სხდომაზე ბედნიერება მექნება მოგახსენოთ: ნოლი იქნებაო” (https://maiajaliashvili.blogspot.com/2011/03/blog-post.html). ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ ახალმა მთავრობამ მიზანში ამოიღო კონკრეტული გვარის ადამიანები. აწი მათ აღარავინ დაინდობდა. სწორედ იმიტომ რომ ახალგაზრდა მუსიკოსის მასპინძლებმა შესანიშნავად უწყიან ეს, იციან, რომ მათზე ნადირობაა გამოცხადებული ახალი რეჟიმის მხრიდან, ისინი ცოტა პირქუშად ხვდებიან სტუმარს, თითქოს დავიწყებული აქვთ სტუმარ-მასპინძლობის უკვდავი წესები. ისინი უკვე ისეთ ალყაში მოუქცევიათ მონადირეებს – პარტიის ერთგულ ფინიებს – რომ ალყიდან თავის დაღწევის არანაირი გზა არ არსებობს. ამიტომაცაა სრულიად უდანაშაულო ნიკუშა ჩაჩანიძე, მისი რუკა მხოლოდდამხოლოდ საბაბია: არ იქნებოდა რუკა, იქნებოდა სხვა საბაბი. ის კი არა, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ თავადაზნაურობა უკვე შეგუებია ხვედრს, მზადაა სიკვდილისთვის და გამოემშვიდობა კიდეც სიცოცხლეს. ისინი ამ სამყაროს კი არა, უკვე იმ სამყაროს ბინადრები არიან.

თუკი ნაწარმოების წაკითხვისას ამ მოსაზრებას მივიჩნევთ ამოსავლად და მას ამ პერსპექტივიდან წავიკითხავთ, მაშინ ნიკუშა ჩაჩანიძის მოგზაურობა გორის რაიონის სოფლებში დაკარგავს გეოგრაფიულ საზღვრებს და ეს მოგზაურობა კატაბასისად იქცევა. კატაბასისი ბერძნული სიტყვაა და ის, პირველადი მნიშვნელობით, ქვეყნის შიგნიდან ზღვისკენ მგზავრობას აღნიშნავს, თუმცა ამ სიტყვის მეორეული მნიშვნელობა ცოცხალი ადამიანის (მითოლოგიური პერსონაჟის ან ლიტერატურული ნაწარმოების გმირის) საიქიოში გამგზავრებაა. ტექსტებს კი, რომლებიც კატაბასისს აღწერენ, კატაბატიკური ჰქვიათ (მაგ. მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟების ოდისევსის ან ენეასის ვიზიტი მიცვალებულებთან, მითოლოგიური პერსონაჟების ჰერაკლეს, ორფევსის სტუმრობა ჰადესში, დანტეს მიერ საიქიოს მონახულება). ოთარ ჩხეიძის რომანის პერსონაჟის მოგზაურობა ცნობილ კატაბასისებს არ წააგავს, რადგან იქ პერსონაჟებს კონკრეტული  მისია აქვთ (გარდაცვლილის მონახულება სხვადასხვა მიზნით. მაგ. გარდაცვლილის გამოყვანა საიქიოდან, წარუმატებელი მოგზაურობა, მაგრამ მაინც მოგზაურობა.  არცერთი გარდაცვლილი არ დაბრუნებულა ამ სამყაროში; მომავლის გაგება). თუმცა ოთარ ჩხეიძის რომანის პერსონაჟის მოგზაურობა კატაბასისიცაა მისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ელემენტებით. როგორ უნდა მოხვდეს პერსონაჟი ირეალურ სამყაროში? ყველა სხვადასხვაგვარად ახერხებს ამას. ერთი ხომალდით მიდის კონკრეტულ ადგილას, მერე გარკვეულ რიტუალებს ატარებს, მეორე ოქროს შტოს ეძებს, მესამე სამყაროთა გამყოფ მდინარეზე გადადის. ნიკუშა ჩაჩანიძე კი ბორიაყისგან შეწუხებული რუსთან გაჩერდება მტვრის ჩამოსაბანად. თუკი ბორიაყი ქართლელებისთვის ზაფხულის ქარია, მტვერს რომ აყენებს ჰაერში, რომანში ბორიაყი კატაბატიკური ქარი აღმოჩნდება; საიქიოს და სააქაოს მდინარე ყოფს, რომანში კი ასეთი გამყოფი რუ არის; სააქაოდან გასულს მეგზური სჭირდება, ასეთი მეგზური ნიკუშასაც გამოუჩნდება. ის (ლეკო თათაშელი) უგონოდაა, რუში ისე გაწოლილა, თავი ერთ მხარესა აქვს, ფეხები კი მეორე მხარეს; საიქიოს დარაჯები, მცველები ჰყავთ. მათ მარტო აქედან იქით უდროოდ წასულისგან კი არ უნდა დაიცვან ის სამყარო, არამედ იქიდან გამოსვლის მსურველიც არ უნდა გამოატარონ. რომანში ასეთი ქოფაკები სასახლეს არ ატოვებინებენ ახალგაზრდა კომპოზიტორს; „ბორიაყის“ პერსონაჟი გადადის უცნაურ სამყაროში, იქ, სადაც იმქვეყნად მალე გასამგზავრებლები, სიკვდილის განაჩენგამოტანილები ისე ცხოვრობენ, თითქოს უკვე იმქვეყნად გასტუმრებულები იყვნენ. მათ უხალისო სახეები აქვთ, არც სტუმარი უხარიათ, არც ახალი ამბები იციან, ისინი დროში გაყინულან, მათთვის დრო შეჩერებულა. მათი საცხოვრებლებიც ბნელში გახვეულა. რაღაცით ოთარ ჩხეიძის რომანის პერსონაჟი ზღაპრის გმირს წააგავს, რომელიც უეცრად, ისე რომ თვითონაც არ უნდა, აღმოჩნდება ირეალურ სამყაროში; ან იმ ზღაპრის გმირს, რომელმაც არც კი უწყის წესიერად, სად იმყოფება; ან იმ ზღაპრის პროტაგონისტს, რომელიც ახალი ცოდნით აღჭურვილი გამობრუნდება რეალურ სამყაროში. ასე რომ ნიკუშა ჩაჩანიძე, გმირად (რომანის დასაწყისში ასე უყურებენ მას დამარცხებული აჯანყების მონაწილეები) აღქმული ცრუგმირი (რომანის სიუჟეტის განვითარებასთან ერთად თითქმის ყველა ხვდება, რომ ნიკუშა ის არაა, ვინც თავდაპირველად ეგონათ, ის არაა თბილისიდან მოვლენილი შეთქმულთა შიკრიკი, მომავალი ახალი აჯანყების ორგანიზატორი) კი არ არის, არამედ ნამდვილი გმირია, რომელიც ისეთ ცოდნას შეიძენს, მანამდე რომ არც დაესიზმრებოდა, რომელიც უკან ბრუნდება „რეალურ სამყაროში“ (თბილისში) და უკვე გაცნობიერებული აქვს თავისი ახალი მისია. რა მისიაა ეს?

ცხრა გვარის წარმომადგენელი უნდა დაღუპულიყო, ზოგი გვარიდან მეტი, ზოგიდან – ნაკლები. ესენი იყვნენ ხეთერელები, კათარელები, ოცხელი, მაბკურელი, ვარაზნელი, არჯევნელები, იტრიელები, თათაშელი და ნიკუშა ჩაჩანიძე. რატომ ცხრა? შესაძლოა იმიტომ, რომ დანტეს ჯოჯოხეთში ცხრა კარია. ან, შესაძლოა, ეს ციფრი არაფერ შუაში არ იყოს დანტეს რომანთან. უბრალოდ ჯოჯოხეთი იყო ამ გვარის წარმომადგენელთა ყოფაც, უსიცოცხლო სიცოცხლე, განაჩენს დამორჩილებული და ბედს შეგუებული. ახლა კი, ფიზიკური გაწყვეტის შემდეგ მათ ჯოჯოხეთიდან საიქიოში გადაინაცვლეს, იქ, სადაც, როგორც ამბობენ, სამოთხეც არსებობს. დაიმსახურეს ამ ადამიანებმა – რა ცოდვაც არ უნდა ჩაედინათ სიცოცხლეში, როგორებიც არ უნდა ყოფილიყვნენ მანამდე – სამოთხე, თუნდაც იმიტომ, რომ აქაური სამყარო მათთვის ჯოჯოხეთზე უარესი გამოდგა. ამ პერსპექტივიდან ნიკუშა ჩაჩანიძე მოგზაურობს გორის რაიონის სოფლებში, რომლებიც სინამდვილეში ამქვეყნიურ ცხრაკარიან ჯოჯოხეთად უქცევია ახალ ხელისუფლებას. ნიკუშა მოინახულებს ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს. ახლა უკვე გასაგები ხდება, რატომ აფრთხილებდნენ ყველანი ნიკუშას, მორიდებოდა მოგზაურობას, ცუდი დრო არის, თბილისს როგორც კი გასცდები, ულმობელ ამბებს გადაეყრებიო. ნიკუშა ვერ განახორციელებს დაგეგმილს, ვერ შეასრულებს თავის მისიას (დაკარგვის პირას მყოფი ხალხური სიმღერების ჩაწერა), მაგრამ ნიკუშა უკვე ახალი მისიით დაბრუნდება თბილისში.

თუკი რომანის დასაწყისში მწერალი ამბობდა, მოგზაურობა ათასგვარი არის და ვინ რა იცის, ვის რას მოუტანსო, რომანის ბოლოს გასაგები ხდება, რომ ამ მოგზაურობამ ნიკუშას ის მოუტანა, რომ მან გარეთ გამოიტანა ჯოჯოხეთის ამბები. აწი უკვე ახალ თაობებს მოამბე, მთხობელი ეყოლებათ. რაც შეეხებათ თავადური გვარების წარმომადგენლებს, ისინი გადაინაცვლებენ ამ ქვეყნიდან (სულ ერთია, ცხრაკარიან ჯოჯოხეთს დავარქმევთ თუ მოსაცდელს) იმ ქვეყანაში, მალე მათ ისინიც მიეწევიან, წირვა რომ გამოუყვანეს დიდგვაროვნებს ჯერ კიდევ სიცოცხლეში და იმქვეყნიურ ცხრაკარიან ჯოჯოხეთში მოძალადენი და ნამდვილი დამნაშავეები დაიტანჯებიან, ხოლო ისინი, ვისთვისაც აქაურობა მათ გამო ჯოჯოხეთად გადაქცეულიყო, წმინდანების გვერდით დაიმკვიდრებენ სასუფეველს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი