პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რას ითხოვს ჩვენგან მუსიკის გაკვეთილები (I ნაწილი)

 

ვცადოთ გარკვევა, რატომ ანებებს მოსწავლე თავს მუსიკის სწავლას, რატომ უქრება თანდათან ენთუზიაზმი ან თავიდანვე რატომ ამბობს კატეგორიულ უარს. თითქმის ყველა მშობელსა თუ მასწავლებელს სურს, მიიღოს პასუხი კითხვაზე: როგორ დავაინტერესოთ ბავშვი მუსიკით ან როგორ შევუნარჩუნოთ ინტერესი? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა შვილი უცხადებს, აღარ მინდა სწავლა, მომბეზრდაო? აიძულოს თუ არა? ეს საკმაოდ რთული საკითხია. პასუხის გასაცემად ბავშვური „არ მინდას“ ტიპურ მიზეზებში უნდა გავერკვიოთ.

თავდაპირველად მშვიდად და ადეკვატურად შეაფასეთ სიტუაცია და დაკვირვების საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეთ. შეეცადეთ, გაიგოთ ბავშვის „არ მინდას“ ნამდვილი მიზეზი: იქნებ უარი სპონტანური, მყისიერი რეაქციაა სიტუაციაზე, რომელიც მან „აქ და ამწუთას“ აღიქვა როგორც რთული მოვლენა? ნუ აღელდებით, გაღიზიანებული ბავშვი ხშირად იქცევა ასე. მოიფიქრეთ, როგორ მოიქცეთ, რომ ბავშვს კვლავ გაუღვიძოთ მეცადინეობისადმი ინტერესი. აუცილებელი პირობაა ჰუმანური და პოზიტიური რეაგირება. იმედია, თქვენ ის გონიერი მშობელი აღმოჩნდებით, რომელიც საუკეთესო გამოსავალს იპოვის.

საიდუმლო არ არის, რომ ბევრი ზრდასრული ძრწოლით იხსენებს მუსიკალურ სკოლაში სწავლის პერიოდს. რატომ? სინამდვილეში ხომ ადამიანის წარმოდგენათა მთელი სპექტრი იძლევა საშუალებას, მუსიკის გაკვეთილი გატაცებით მიმდინარეობდეს? ამასთან, სწავლების თანამედროვე პროგრამებს აქვს შესაძლებლობა, დიდი წვლილი შეიტანოს მუსიკის საფუძვლების: სმენის, რიტმის გრძნობის, ფურცლიდან კითხვისა და სხვა კომპონენტების, – შესწავლის პროცესში.

სასურველია, ბავშვი მუსიკას დროულად ვაზიაროთ და ეს ადვილია, როცა ის მცირე ასაკისაა. მაგალითად, 2-3 წლის პატარებისთვის მუსიკასთან სიახლოვე შეიძლება სახალისო თამაშად იქცეს. ამ ასაკში ხომ ყველაფერი აინტერესებთ, თან სიმღერისას უხერხულობასაც არ გრძნობენ გარშემო მყოფთა წინაშე და თხოვნის გარეშეც ადვილად მღერიან და ცეკვავენ. „მუსიკასთან თამაში“ ხანმოკლე და საინტერესო უნდა იყოს. ვინაიდან პატარებს ყურადღება საკმაოდ გაფანტული აქვთ, საჭიროა ნათელი და შთამბეჭდავი ატმოსფეროს შექმნა. ამიტომ აჯობებს, მუსიკის შესწავლა თამაშის ფორმით დავიწყოთ. გარდა ამისა, მივცეთ ბავშვს პირადი მაგალითი – ის ხომ ყოველთვის ცდილობს, უფროსებს მიბაძოს. თუ ოჯახში ხშირად ღიღინებენ და მღერიან, რა გასაკვირია, ამან ბავშვსაც გაუღვიძოს სიმღერის სურვილი.

განსაკუთრებით დიდი უპირატესობა აქვს 4 წლიდან სწავლებას. ბავშვი მარტივი მელოდიების შესრულებით არ იღლება. ამ ასაკში მას ბევრი დრო აქვს „პრაქტიკისთვის“. მიუხედავად იმისა, რომ აღქმა ჯერ კიდევ განუვითარებელი აქვს და წინსვლა ძნელი შესამჩნევია, „შრომით თამაშს“ ადვილად ეგუება. 5 წლის ბავშვი შეგვიძლია უფრო მეტხანს და შედარებით რთული დავალებებით დავტვირთოთ. და თუ ამას საინტერესო და სასიამოვნო პროცესად ვაქცევთ, მიწოდებულ მასალას ის აქტიურად აითვისებს. არ დაგვავიწყდეს, საწყის ეტაპზე დავალება მარტივი შესასრულებელი უნდა იყოს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ბავშვმა სწავლის სურვილი და ინტერესი არ დაკარგოს.

ბგერა არ ჩანს და არც მისი შეხებაა შესაძლებელი, ამიტომ ბავშვი მას აბსტრაქტულად შეიმეცნებს. ბგერაზე წარმოდგენის განვითარებაში ნაცნობი ნივთები დაგვეხმარება. მაგალითად, დათვი მძიმედ დადის და ბდღვინავს. ამის გამოხატვა ფორტეპიანოზე დაბალი ბგერების აჟღერებით და მათ შორის დიდი პაუზებით არის შესაძლებელი, ხოლო მსუბუქი და მოძრავი პატარა კურდღლისა – სწრაფად ცვალებადი მაღალი ბგერებით.

ბგერებისა და გამოსახულების კავშირს თხრობასა და მოქმედებასაც თუ დავუმატებთ, ბავშვს მუსიკას „დავანახებთ“. მისთვის განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო იქნება ხმის წარმოქმნის მექანიზმის გაცნობა. ამისთვის, უბრალოდ, კლავიშს თითი დავაჭიროთ და გამოცემული ბგერა მოვასმენინოთ. შემდეგ ავხადოთ პიანინოს სახურავი, დავანახოთ, პატარა ჩაქუჩები სიმებს როგორ ურტყამს და ასე მივახვედროთ, როგორ წარმოიქმნება ბგერა.

მოგეხსენებათ, ფორტეპიანო სათამაშო არ არის, მაგრამ კარგი იქნება, თუ ბავშვი მას სათამაშო საგნად აღიქვამს. მას მოეწონება, თუ რომელიმე ზღაპარს მუსიკალურად გავაფორმებთ ანუ ტექსტის ინტერპრეტაციას ბგერებით მოვახდენთ. ვინაიდან პატარებს ზღაპრები ძალიან უყვართ, მათი გამღერებაც მოეწონებათ. ამგვარი მიდგომით შესაძლოა მათ ადვილად შევაყვაროთ საკრავთან ურთიერთობა.

სასურველია, საბავშვო სიმღერის მელოდია ფორტეპიანოზე რიგრიგობით დავუკრათ და თან ბავშვთან ერთად ვიმღეროთ. სიმღერების სწავლება საჭიროა მონაცვლეობით და შესვენებებით. თუ ნოტებზე რაიმე ნახატია გამოსახული, სიმღერის სწავლებისას ბავშვს ნახატის შინაარსს მოვუყვეთ, ვინაიდან 5-6 წლის ასაკში თვალსაჩინო მაგალითების გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ნორჩი მოსწავლის ინტერესს გამოვიწვევთ, თუ „მაყურებლად“ საყვარელ სათამაშოს დავუსვამთ გვერდით და ვეტყვით, რომ დაკვრა მასაც სურს, მაგრამ არ იცის, როგორ დაუკრას.

ბავშვი ყოველთვის მზად იქნება, მისთვის ძნელად შესასრულებელ საქმეს მოჰკიდოს ხელი, ოღონდ დედასთან ერთად, რადგან მარტო მოსაწყენია. ამიტომ ბავშვს 15-20 წუთი დავუთმოთ მეცადინეობის ეფექტურად ჩატარებისთვის.

დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ აღიქვამს ბავშვი ინფორმაციას და ასრულებს დავალებებს. ვინაიდან მუსიკალური ნიჭი სხვადასხვაგვარია, ერთნი ინფორმაციას სწრაფად აღიქვამენ, მეორენი – ნელა. ზოგიერთი პირველივე წლებში ამჟღავნებს სამ ძირითად უნარს: რიტმის გრძობას, მახვილ სმენას და კარგ მეხსიერებას, რაც მის მუსიკალურობაზე მეტყველებს. ზოგიერთს კი ეს უნარები დაგვიანებით უვლინდება და ძნელად უვითარდება. თუმცა ვინც დავალებას სწრაფად ასრულებს, შესაძლოა ზერელეც იყოს, ნელა შესრულებული დავალება კი ხარისხიანი აღმოჩნდეს. მასწავლებლის ინდივიდუალური მიდგომაც სწორედ ამ განსაკუთრებულობას უნდა ითვალისწინებდეს.

საწყის ეტაპზე ბავშვის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად, იმ თემატიკის სიმღერები ვუმღეროთ და ვასმენინოთ, რომელიც უყვარს. გარდა ამისა, ჩვენ გარშემო სივრცე იცვლება, ჩნდება ახალი ტექნოლოგიები. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ბავშვის ინტერესები, მაგრამ ყოველივე ეს – კლასიკური განათლების საფუძველზე დაყრდნობით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი