პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კიბე

მღებავობაზე არასდროს მიოცნებია. აი, დღეს კი ჩემი სოფლის სახლის კიბეს ვღებავ. კიბე ხის არის და მის გარეშე მეორე სართულზე ვერ მოვხვდები. კიბე ბევრის მომსწრე და მნახველია. ბავშვობაში სულ ნაპირ-ნაპირ ავდი-ჩავდიოდი, მოაჯირს ბეჯითად ვეჭიდებოდი და წაქცევა-დაგორების არცერთი მცდელობა არ მქონია. კიბე რაღაცით ცხოვრებას წააგავს. ადამიანები ადი-ჩადიან. სიცოცხლის განმავლობაში ბევრჯერ გვიწევს ასვლა-ჩასვლა, ჰოდა, როგორც აქ, კახეთში იტყვიან, მძიმე-მძიმედ (სტილი დაცულია) ანუ, ფრთხილად უნდა იარო და არ ჩავარდ-დაგორდები. ისიც ვიცით, რომ ბევრი წაქცეული წამომდგარა, მაგრამ, რაც მძიმედ ივლი, არ წაიქცევი და არც წამოდგომაზე დაკარგავ დროსა და ენერგიას.

ჰოდა, იმას ვყვებოდი… კიბეს წითლად ვღებავ. რაც თავი და ეს კიბე მახსოვს, სულ წითელია, უბრალოდ ტონალობები იცვლება, იმის მიხედვით, რა ტიპის საღებავი შემხვდება. თავზე „მალიარების“ ქუდი მახურავს. ხომ იცით, როგორიცაა? გაზეთისგან კეთდება სამკუთხა ფორმის. რაღა დაგიმალოთ და ხელს უფრო მიშლის, მაგრამ  მღებავის ქუდის გარეშე კიბე როგორ შევღებო?

თუმცა სანამ ღებვას დავიწყებდი, საღებავი შევიძინე. აქვე, ახლო-მახლო მომიწია ყიდვა და რაღაცნაირი აგურისფერი გამომადგა. წასმიდან რამდენიმე საათში კი მუქი წითელი გახდა. გამყიდველს ვკითხე,  თქვენი საღებავი ალდეჰიდებს შეიცავს-მეთქი? რასო?… თვალები შუბლზე აუცოცდა. არაფერს, ბატონო, მოგესმათ-მეთქი, დავამშვიდე. და მართლაც, რა იცის ახლა ამან, რას შეიცავს მისი საღებავი. თუ უალდეჰიდო და სუფთა მინდოდა, კეთილი მენება და თბილისში მომეძებნა. ახლა აქ კი,  რაც არის, იმას შევიძენ.

ვინმე იფიქრებს, ამდგარიყავი და შემადგენლობა თავად წაგეკითხაო. ეგეც მართალია, ოღონდ თავი აღარ დავიმძიმე, იქნებოდა შიგნით ალდეჰიდი, ნამდვილად იქნებოდა. თან კიბე გარეთ არის და არა სახლის შიგნით, ამიტომ ერთი პატარა კოლოფი ალდეჰიდიანი საღებავი არაფერს ცუდს არ იზამს.

აი, სხვა საქმეა, სახლში კიბე რომ ყოფილიყო…

სახლის კლიმატი მნიშვნელოვანია და შედგენილობა მხოლოდ მის მფლობელზეა დამოკიდებული. სტერილური და ხაზგასმით სუფთა მდგომარეობა მხოლოდ საავადმყოფოების საოპერაციოებშია (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს). სხვაგან სულ მცირე მტვერი მაინც იქნება. თქვენთან მტვერი არ არის? რას ბრძანებთ, ეს თქვენ გგონიათ ასე, თორემ ჰაერის ანალიზი მტვრის თუნდაც მცირე რაოდენობის არსებობას უმალ დაადასტურებს. აქ თქვენი ბრალი არაფერია, ყველაფერი იმ გარემოზეა დამოკიდებული, სადაც სახლი დგას.  სიცხის დროს, მტვერი უფრო მალე გროვდება. ფანჯრები გექნებათ ხშირად ღია და იმიტომ. სახლში  ჰაერზე გავლენას ახდენს მომზადებული საჭმელიც და მომზადების სიხშირეც. გაზქურა, სადაც ამზადებთ და კიდევ გამწოვის არსებობა-არ არსებობა. სახლის ჰაერზე გავლენას ახდენს მასალა, რომლისგანაც სახლია აგებული. რა არის გამოყენებული? აგური, ბეტონის ბლოკები, ქვა, ხე, სხვადასხვა პლასტმასი თუ  მეტალი?

სახლში არსებული ჰაერი მნიშვნელოვანია, ამიტომ, მოდით სათქმელი უფრო კარგად გავშალოთ.

პირველი, რაც სახლში ჰაერზე ახდენს გავლენას, ის გარემოა, სადაც სახლი მდებარეობს. როგორი მოძრაობაა, რამდენი ტრანსპორტი დადის, რა რაოდენობის გამწვანებაა, ეს ყველაფერი სახლზე უეჭველად იმოქმედებს. ოზონის წარმოქმნა ფოტოქიმიური პროცესია, რომელიც ულტრაიისფერ გამოსხივებას საჭიროებს. ასე რომ, მისი არსებობა სახლში შეუძლებელია (გამონაკლისს, სპეციფიური ელექტროხელსაწყოები წარმოადგენენ და მათი სახლში ქონის  შემთხვევაში, ძალიან მცირე რაოდენობით  წარმოიქმნება). გარეთ, როგორც წესი, ოზონის დონე მერყეობს 5-15µg m-3-ის ფარგლებში და მაქსიმალური მაჩვენებლის შემთხვევაში, ის მცირე რაოდენობით სახლის შიგნითაც დაფიქსირდება.

და თუ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყე იწვის?… ეს ხომ ჩვენს დღევანდელობაში სამწუხარო რეალობაა. მაშინ სახლში არსებულ VOCs-ებს (მათზე ოდნავ ქვემოთ იხილეთ), ე.წ. PAHs (polyaromatic hydrocarbons) პოლიარომატული ნახშირწყალბადები დაემატება, აღარაფერს ვამბობ კვამლში შემავალი  ნახშირჟანგის და ნახშირორჟანგის მომატებულ რაოდენობაზე.

მეორე ფაქტორი, სახლის განიავების, ანუ ჰაერის ცვლის სიხშირის ფაქტორია. ეს კვლავ იმ გარემოზეა დამოკიდებული, სადაც სახლი დგას. ასევე, მნიშვნელოვანია სახლის დიზაინიც, ანუ რამდენად კარგად ნიავდება თითოეული კუთხე-კუნჭული.

მესამე ფაქტორი ისაზღვრება მასალით, რომელიც სახლის აგებისას ან შიგნით რემონტისას გამოიყენეს. რა საღებავით შეღებეს, რა წებო გამოიყენეს „შპალერის“ გაკვრისას, როგორი პარკეტი თუ ლამინატი დააგეს, რისგან დამზადებული ავეჯით გააწყვეს და ა.შ. ხშირ შემთხვევაში თანამედროვე პოლიმერების, ან საღებავების გამოყენება ალდეჰიდის ემისიას უწყობს ხელს, რომელიც ნელ, თუმცა სტაბილურად მიმდინარე ქიმიურ პროცესებში მონაწილეობს (იხ. სტატია „სურნელოვანი ნივთიერებები“ https://mastsavlebeli.ge/?p=13156).

დაბოლოს, მეოთხე ფაქტორი სახლში მიმდინარე აქტივობებზეა დამოკიდებული. რას ამზადებენ, როგორ გაზქურაზე ამზადებენ (ელექტროზე თუ ჩვეულებრივ, ღია ცეცხლით). თუ ღია ცეცხლის გაზქურაა სახლში, არის თუ არა გამწოვი და ა.შ.

სამზარეულოს, ოთახებს, სააბაზანოს და ტუალეტს რა საშუალებებით წმენდენ. რა სიმძლავრის მტვერსასრუტს იყენებენ და რა სიხშირით. არის თუ არა სახლში ხალიჩა(ები) და რა სიხშირით ან რა საშუალებით იწმინდება.

იცით, როცა მე სადმე სტუმრად მივდივარ, ხალიჩაზე სიარულს მაქსიმალურად ვერიდები. პატივს ვცემ იმ ოჯახის ჰაერს და დიასახლისის შრომას. საერთოდაც, კარგი იქნებოდა აღმოსავლური ქვეყნების მსგავსად, აქაც ფეხზე გახდის ტრადიცია გვქონდეს. აი, უმრავლესობა კი მოდის, ღმერთმა უწყის სად არ დააბიჯეს ფეხი და მაინცდამაინც ხალიჩაზე სურთ გავლა-გამოვლა. ის კი არა, ერთი სტუმარი პირდაპირ ჩემს სავარჯიშო ხალიჩაზე დახტა, სადაც მე დაწოლილ ვარჯიშებს ვაკეთებ და შემთხვევით, გაშლილი დამრჩა. ის ხალიჩა გადავაგდე. აქ კი ვიტყვი, რომ მსგავსი საქციელი არ შეიძლება. დიდი ხალიჩა აღარ გყოფნის დალოცვილო, რაღა სავარჯიშოზე დგები?…

ეს გადახვევა იქეთ იყოს… კვლავ სახლის ჰაერს და ბინადართა აქტივობას დავუბრუნდეთ. მაგ. ფრჩხილის ძველი ლაქი აცეტონით გავიცილეთ და ახალი წავისვით. ხომ თითქოს არაფერია, მაგრამ ჰაერს აქროლადი ორგანული ნაერთები (Volatile Organic Compound VOCs) შეემატა. ასეთი ნაერთი ბევრია და მათ წარმოშობის სხვადასხვა გზა აქვთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მათი წყარო, პირველ რიგში, აშენების და რემონტისას გამოყენებული მასალაა და ახალ სახლში პირველი რამდენიმე თვე  VOC-ის დონე გაცილებით მეტია. აქ იგულისხმება ბევრი არომატული და ალიფატური რიგის ნაერთები. აქვეა ქლოროფორმი, აცეტონი, თუმცა, ფორმალდეჰიდის კონცენტრაცია ყოველთვის ოდნავ მაღალია. მაგ. ლატექსის საღებავი ტოლუენს, ეთილბენზენს, 2-პროპანოლს და ბუტანონს შეიცავს. VOC-ს ასევე შეიცავს სახლის ყველა გამწმენდი საშუალება, დეტერგენტები, ძალიან მცირე კონცენტრაციით, მაგრამ მაინც.

ბოლო პერიოდში სახლებში PBDE (Polybrominated diphenyl ether)  პოლიბრომ დიფენილ ეთერი გამოჩნდა.

ამ ნივთიერებას ცეცხლის შესანელებელი, შესაჩერებელი ნარევების შემადგენლობაში იყენებენ (წვის ინჰიბიტორია) და მათი მეშვეობით ამუშავებენ  სხვადასხვა ავეჯს, ხალიჩებს, ფარდებს და ა.შ. მიზანი ერთია – სახლში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, მისი გავრცელება  მაქსიმალურად შეფერხდეს.  ფორმალდეჰიდის მსგავსად, PBDE ნელა ორთქლდება, არის ტოქსიკური და მისი სამიზნე ტვინის და ღვიძლის მეტაბოლიზმში ჩართვაა. სხვათა შორის, გამოკვლევებმა აჩვენა მისი მაღალი კონცენტრაცია მეძუძური დედების რძეში (იგულისხმება, რომ დედების სახლებში PBDE-თი დამუშავებული ნივთები იყო).

ახლა თქვენი წარმოსახვა გვჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ… სახლში მწეველია… და ეს მწეველი მოსაწევად აივანზე კი არ გადის, იქვე ოთახში ეწევა დილიდან საღამომდე. ჰო, ასეთი ადამიანებიც, ხომ არსებობენ, დღეში რამდენიმე კოლოფი სიგარეტი არ ჰყოფნით.

თამბაქოს კვამლი სხვადასხვა  VOCs-ის წყაროა და შეიცავს ალდეჰიდებს, კეტონებს, ნიკოტინს, ორგანულ მჟავებს და ნახშირწყალბადებს (4000-მდე ნივთიერებას). ერთი  სიგარეტის მოწევით გარემოში 2,4 mg ალდეჰიდის ემისია ხდება. გარდა ამისა, თამბაქოს კვამლი ხელს უწყობს მტვრის ნაწილაკების უფრო სტაბილურ შეჩერებას დახურულ სივრცეში, ანუ სახლში.

გარდა ამისა, სიგარეტის კვამლში, ე.წ. PAHs (polyaromatic hydrocarbons) პოლიარომატული ნახშირწყალბადები გვხდება, მათ შორის ალფა-ბენზო პირენი, რომლის მთავარი სამიზნეც თირკმელები გახლავთ. კვლევებით დადგენილია, რომ ერთი უფილტრო სიგარეტი გარემოში (ანუ, თქვენს სახლში) ავრცელებს 25 mg ალფა-ბენზო პირენს. ფილტრიანი ალბათ ოდნავ ნაკლებს გაავრცელებს, მაგრამ განა ეს შეღავათია?

სახლში ჰაერი ჯანსაღი უნდა იყოს, ამიტომ ფანჯრები სულ ღია მაქვს. მით უმეტეს, რომ ეზოში უამრავი მწვანეა.  დილაა, ცხვირს რაღაც სასიამოვნო სუნი მიღიზიანებს. პირდაპირ ჩამებღაუჭა და მოსვენებას აღარ მაძლევს. ჰაერი ახლად გამომცხვარი შოთის სურნელით არის სავსე. მეზობელი აცხობს და ყიდის. თითქოს  შეჩვეული უნდა ვიყო, მაგრამ დილაობით სხვანაირად აღაგზნებს ყნოსვის ცენტრს და მეც ნახევრად მძინარე ვდგები, სახელდახელოდ მოვიცვამ რაღაცას და სურნელის ეპიცენტრისკენ მივემართები. ეზოში კიბით ჩავდივარ, ოღონდ მძიმე-მძიმედ, ფრთხილად. თვალები კვლავ დახუჭული მაქვს და ფეხებს მეზობლის ღობესთან თავისით მივყავარ.

  • ფიქრიიი, ორი პური მინდა…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი