შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

პედაგოგის პროფესიის ხიბლი

ვფიქრობ, ამ სტატიის სახელწოდების წაკითხვისას ბევრს მწარედ გაეღიმება, ზოგი ალბათ გაბრაზდება, ბევრმა შეიძლება საერთოდ გვერდზე გადადოს. თითოეული ამ ადამიანის ქმედება ჩემთვის გასაგებია და ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული. მართლაცდა რომელ ხიბლზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როდესაც პედაგოგის პროფესიის პრესტიჟულობა წლითიწლობით დაბლა ეცემა და ჩვენი სკოლების კურსდამთავრებულთა შორის ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ახლგაზრდა, რომელიც თავის მომავალ საქმიანობას მასწავლებლობას დაუკავშირებდა. ერთხელ, როდესაც უფროსკლასელებს, მათი ინტერესების, ღირებულებების და დამოკიდებულებების შესასწავლად, დაუსრულებელი წინადადებების ჩამონათვალი შევთავაზე და ვთხოვე დაესრულებინათ, საინტერესო და ყურადსაღებ ფაქტს წავაწყდი. ერთ-ერთ დაუმთავრებელ წინადადებას, კერძოდ „მე რომ მასწავლებელი ვიყო…..”, ისინი ასე აგრძელებდნენ: „ღმერთმა დამიფაროს”! „არავითარ შემთხვევაში”! „აზრადაც არ გავივლებ”! „არასოდეს მიფიქრია ამაზე”; „მასწავლებლად არასოდეს ვიმუშავებ”; „ეს პროფესია არ მომწონს” და ა.შ.

პედაგოგობა არცერთ ეპოქაში, არასდროს ყოფილა ადვილი და ის ყოველთვის საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიათა რიგში მოიაზრებოდა. განსხვავებით სხვა პროფესიის ადამიანებისაგან, პედაგოგი თავის სამუშაოს სკოლიდან გასვლის შემდეგაც აგრძელებს – მეორე დღეს ჩასატარებელი გაკვეთილებისთვის მომზადება, მოსწავლეთა ნამუშევრების გასწორება-გაანალიზება, დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიება-მომზადება და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღევანდელი მიზერული ანაზღაურების პირობებში მომუშავე პედაგოგი საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად, მუდმივად დამატებითი შემოსავლების ძიებაშია და იძულებული ხდება, სამსახურის შემდეგ სხვა საქმითაც დაკავდეს, ადვილი წარმოსადგენი იქნება, თუ რა მდგომარეობაში, რა განწყობით შეიძლება შედიოდეს ის გაკვეთილზე. ნერვებდაწყვეტილი, ათასგვარი სოციალურ-ეკონომიური პრობლემებით დამძიმებული პედაგოგი, ხშირად გაკვეთილის ჩატარების პროცესში იმაზე ფიქრობს, თუ როგორ მოასწროს, მთელი დღის განმავლობაში, ყველა საქმის გაკეთება ისე, რომ საყვედური არავისგან დაიმსახუროს. ასეთ პირობებში ძნელია მოვთხოვოთ მასწავლებელს, რომ ის ყოველდღიურად იღრმავებდეს თავის ცოდნას, საგანგებოდ მომზადებული და ხალისიანი შედიოდეს გაკვეთილზე. ეს მაშინ, როცა ყოველი მოსწავლისათვის იდეალი მცოდნე, განათლებული, მხიარული, მოღიმარი, ხალისიანი მასწავლებელია.

იმისათვის, რომ საკუთარი შემოსავალი როგორმე საარსებო მინიმუმს გაუთანაბროს, სკოლაში მომუშავე მასწავლებელი შესაძლებლობის შემთხვევაში მაქსიმალურად იტვირთება და არცთუ იშვიათად დღეში 6-7 გაკვეთილს ატარებს. ასეთი დატვირთვის პირობებში მომუშავე პედაგოგი, როგორც წესი, დროს ვერ პოულობს, რომ გაუზიაროს თავის კოლეგას საკუთარი შეხედულებები, მოისმინოს მისი აზრი, იკამათონ, იმსჯელონ რაიმე საკითხზე. მასწავლებელთა შორის ასეთი ხასიათის ურთიერთობის დეფიციტს იწვევს არა მხოლოდ სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობით გადატვირთვა, არამედ ზემდგომი ორგანოებისგან მიწოდებული ბევრი ისეთი დოკუმენტის წარმოება, რომელიც თითქოს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მისი შემაფერხებელი ხდება. რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი პედაგოგი თავის წუხილსა და გულისტკივილს ვერ მალავდა: „ჩვენი მასწავლებლები ისე არიან დაკავებული სხვადასხვა ცხრილების და სქემების შევსებით, რომ ბავშვებზე და გაკვეთილებზე საფიქრალად უკვე დრო აღარ რჩებათ”. გადატვირთვა უარყოფითად მოქმედებს, როგორც პედაგოგთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე (დაუკმაყოფილებლობა მუშაობის შედეგებით, შფოთიანობა), ასევე ჩვენი პედაგოგიური საზოგადოების ხარისხობრივ შემადგენლობაზე. დღევანდელ პირობებში, მცირე ანაზღაურების და დიდი დატვირთვის გამო, ძალიან ბევრ კარგ სპეციალისტს აღარ სურს სკოლაში მუშაობა და სხვა სამსახურის ძიებაშია. გადატვირთვასთან არის დაკავშირებული პედაგოგთა გავრცელებული „დაავადება” – ვიწროპროფესიულ ინტერესებში ჩაკეტვა, რამდენადაც სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად დრო არ ჰყოფნით. ხშირად ხდება, რომ სადაც არ უნდა შეიკრიბონ მასწავლებლები, ისინი მხოლოდ სკოლაზე და ბავშვებზე ლაპარაკობენ, იმიტომ ხომ არა, რომ სკოლა შთანთქავს მთელ მათ დროს და არაფერს უტოვებს გართობისა და პიროვნული განვითარებისათვის? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს მასწავლებლებს, სკოლისა და ბავშვების გარდა, სხვა სალაპარაკო თემა არც კი აქვთ. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი და ამასთან ყველაზე სერიოზული მიზეზი ბავშვების ის დიდი სიყვარულია, რომელიც მასწავლებელს სკოლის დატოვების საშუალებას არ აძლევს. რამდენიმე დღის წინ ავტობუსში ორი ქალბატონი ამოვიდა. სკამებზე დაჯდომისთანავე მათ დაიწყეს საუბარი და მთელი გზა არ გაჩერებულან. მათი საუბრის ერთადერთი თემა სკოლა და მოსწავლეები იყო. ისინი პედაგოგები აღმოჩნდნენ და საუბრობდნენ არა საკუთარი შვილების, არამედ სადამრიგებლო კლასების მოსწავლეების შესახებ. ამასთან, საუბრობდნენ ისე ემოციურად, ისეთი გულისტკივილით და ამასთან ისეთი კეთილგანწყობით და თანაგრძნობით ბავშვების მიმართ, რომ შეუძლებელი იყო მათ მიმართ გულგრილი დარჩენილიყავით. ვუყურებდი და ვუსმენდი საკუთარი მოსწავლეების გულშემატკივარ ამ ორ პედაგოგს და ვფიქრობდი – ნეტა ამ ბავშვების მშობლებიც თუ ასე აანალიზებენ საკუთარი შვილების ქცევას და ასე კარგად თუ იცნობენ მათ, როგორც ეს ადამიანები-მეთქი. ვფიქრობ, სწორედ ბავშვების დიდ სიყვარულს უკავშირდება პედაგოგის პროფესიის ის ხიბლი, რომელიც მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას, უამრავი სირთულის მიუხედავად, თავის პროფესიაზე უარს ვერ ათქმევინებს. ბავშვის სახით პედაგოგს ისეთ დიდ სიწმინდესთან და სისუფთავესთან აქვს ურთიერთობა, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი მოისურვებდა განეცადა ის, რასაც ბევრი მასწავლებელი განიცდის ამ სიწმინდესთან შეხებისას. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტია მასში ეს სიწმინდე და სისუფთავე. ერთხელ მეცხრეკლასელებთან დისკუსიისას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო მოსაზრებების მოსმენის საშუალება მომეცა. ჩვენი საუბარი ადამიანის ხასიათის თვისებებს შეეხებოდა. მას შემდეგ, რაც მათი მოსაზრებები დაფაზე დაფიქსირდა და თვალი გადავავლეთ ჩანაწერს, სადაც ყველაზე მოწონებად თვისებებს შორის მოხვდა: გულწრფელობა, პირდაპირობა, უშუალობა, ბუნებრიობა, ინდივიდუალურობა, მე მათ მივმართე შეკითხვით: „როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ეს თვისებები, რაც თქვენ ასე მოგწონთ, ბავშვებში უფრო მეტად გვხვდება, ვიდრე მოზრდილ ადამიანებში?” ნიკამ ჩემს შეკითხვას საინტერესო პასუხი გასცა – „ამაში გასაკვირი არაფერია. ბავშვი, რომელიც პირდაპირობით და გულწრფელობით ხასიათდება, დროთა განმავლობაში ხვდება, რომ ამ თვისებებს მისთვის მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია, ვინაიდან საკუთარ ქცევასთან დაკავშირებით უფროსებისათვის პირდაპირი და გულწრფელი ინფორმაციის მიწოდების გამო, მათ მიერ ის ისჯება. ამასთან ერთად, ის იმასაც ხვდება, რომ არც ინდივიდუალურობაა მისთვის დიდი სიკეთის მომტანი, რადგანაც ეს თვისებაც ურთულებს მას გარშემომყოფებთან ურთიერთობას. ადამიანებს უჭირთ განსხვავებულის მიღება და ატანა, ისინი მას მაშინვე არანორმალურად შერაცხავენ ხოლმე. ამიტომ, გართულებების თავიდან ასაცილებლად, ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვს ურჩევნია იყოს ისეთი, როგორიც ყველა სხვა ადამიანია; მოიქცეს ისე, როგორც ყველა იქცევა და ამგვარად ის ინდივიდუალურობასაც კარგავს”. ვფიქრობ, მეცხრეკლასელი ნიკას სიტყვები უფროსებისთვისაც საყურადღებო და დამაფიქრებელია. ღმერთს ბავშვები ანგელოზებად მოჰყავს დედამიწაზე. უფროსები, ჩვენი არასწორი დამოკიდებულებით მათ ამ ანგელოზისებურ ბუნებას ვუკარგავთ და ისეთ ადამიანებად ვაქცევთ, რომლებიც უკვე ჩვენ თვითონ აღარ მოგვწონს და ვეჩხუბებით, თუ რატომ არიან ისინი ასეთები. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის გულწრფელობის, პირდაპირობის, ბუნებრიობის, ინდივიდუალურობის ადეკვატურად მიღება მხოლოდ ამ თვისებების მატარებელ ადამიანს შეუძლია. ადამიანი, რომელსაც ეშინია და გაურბის საკუთარი პოზიციის პირდაპირ და ღიად დაფიქსირებას, რომელიც მოკლებულია ინდივიდუალურობას, გულწრფელობას, ვერასოდეს იქნება შემწყნარებელი იმის მიმართ, ვინც უშიშრად და თავისუფლად აფიქსირებს საკუთარ აზრს. უფრო მეტიც, ყალბი, ინდივიდუალურობას მოკლებული, მშიშარა და მხდალი ადამიანისთვის დამთრგუნველია გულწრფელი, პირდაპირი, ღია, გახსნილი, დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნება და ის ყველანაირად შეეცდება მასში ამ თვისებების ჩახშობას, მით უმეტეს, თუ თავისი სოციალური მდგომარეობა და სტატუსიც შეუწყობს ხელს ამაში.

ჩვენი სკოლის უმთავრესი მიზანი დამოუკიდებლად და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებაა, პიროვნების, რომელსაც ექნება საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვის, არგუმენტირებული მსჯელობის, ანალიზის და შეფასების უნარი. თუმცა იმისათვის, რომ ბავშვებში აღნიშნული უნარების ჩამოყალიბების ხელშემწყობი გავხდეთ, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ამ უნარების მატარებელი. დათრგუნული, დაშინებული, შეურაცხყოფილი ადამიანი დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებას ვერასოდეს აღზრდის. ამდენად პედაგოგებზე ზრუნვა, მათთვის კომფორტული, მშვიდი საყოფაცხოვრებო და სამუშაო გარემოს შექმნა, მათი ავტორიტეტის ამაღლებაზე ზრუნვა ჯანსაღი ფსიქიკის და ღირსეული მომავალი თაობის აღზრდის სერიოზული გარანტი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი