შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

   მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო გეოგრაფიის გაკვეთილზე

გეოგრაფიის სწავლება საბაზო საფეხურზე იწყება. პირველი წლის განმავლობაში მასწავლებელი განსაზღვრავს მოსწავლეთა ინტერსებსა და მოტივაციას, ზოგად უნარ-ჩვევებს. ძალზე მნიშვნელოვანია პირველი წლის დაგეგმვა, რადგან სწორედ მაშინ ყალიბდება მოსწავლის დამოკიდებულება საგნის მიმართ. როგორ შეიძლება ყველაზე რაციონალურად დაიგეგმოს დიფერენცირებული დამოუკიდებელი სამუშაოები ახალი თემების შესწავლისას:

  1. სამსაფეხურიანი სირთულის დავალებები – მარტივი, საშუალო სირთულის და რთული;
  2. საერთო ჯგუფური დამატებითი დავალებები;
  3. ინდივიდუალური დიფერენცირებული დავალებები;
  4. დიფერენცირებული ჯგუფური დავალება;
  5. ზოგადი პრაქტიკული დავალებები მინიმალური რაოდენობის ამოცანებით;
  6. სხვადასხვა სახის სირთულის ინდივიდუალური ჯგუფური დავალებები.

„განათლება თავად ცხოვრებაა“ – ეს სიტყვები ჯ. დიუის ეკუთვნის. დიუის მიხედვით, განათლების მთავარი დანიშნულება მოზარდის დემოკრატ მოქალაქედ ჩამოყალიბებაა. მან პირველმა დაამკვიდრა ტერმინი ბავშვზე ორიენტირებული განათლება (child-centered education).

დიუი მასწავლებელებს მოუწოდებდა, არ მიეწოდებინათ „მზა ცოდნა“ მოსწავლეებისათვის, არამედ მორალური ღირებულებების საშუალებით, ურთიერთთანამშრომლობითა და დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით, მოზარდები თავად მისულიყვნენ „სწორ დასკვნებამდე“. დიუის განათლების ხედვას გამოცდილებითი სწავლების თეორიასაც უწოდებენ. მისი მთავარი პრინციპია, თანამშრომლობითა და გამოცდილების გაზიარებით მოსწავლეების სწორ დასკვნებამდე მიყვანა. (London,2000).

დიუის თეორია დღემდე აქტუალურია და მასში მნიშვნელოვანია სწავლების ოთხი ძირითადი ფორმის გამოყოფა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს დემოკრატი მოქალაქის ჩამოყალიბებაში.

  1. გამოცდილებითი – საზოგადოებრივი სწავლება (community-service-based learning). სწავლების ეს ფორმა ითვალისწინებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული სასწავლო პროექტებით მოსწავლეებში აამაღლოს კონკრეტული საგნის სწავლების დონე და დაამკვიდროს დემოკრატიული ფასეულობები. მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაცია ამ სახის სწავლების მთავარი მიზანია;
  2. დისციპლინაზე დამყარებული სწავლება (discipline-based learning). ამ სახის სწავლება მიზნად ისახავს, გზა გაუხსნას პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას და მოახდინოს ნებისმიერი დისციპლინის (ტექნიკური საგნები, ფიზიკა, მათემატიკა; ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი საგნები, ისტორია, ლიტერატურა) ღრმა ანალიზი აზროვნების მეთოდების გამოყენებით;
  3. თანამშრომლობითი სწავლება (collaborative learning). სწავლების ამ ფორმის მეშვეობით მნიშვნელოვანია წარმოჩნდეს თანამშრომლობის უპირატესობა ტრადიციულ, ინდივიდუალურ სწავლებასთან შედარებით, რათა დემოკრატიული ფასეულობების განვითარება მოზარდებში დაფუძნებულ იყოს ურთიერთდამოკიდებულების პრინციპებზე;
  4. ახალი ტექნოლოგიური სწავლება (new technology learning). სწავლების ეს ფორმა ყოველწლიურად სულ უფრო აქტუალური ხდება. ტრადიციული სასწავლო მეთოდები ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და მათი ეფექტიანობის გასაზრდელად სასწავლო გეგმებში შეტანილია არატრადიციული, არაფორმალური სასწავლო სტრატეგიები (კლასში მერხების წყობის მენეჯმენტი, ჯგუფური სწავლება, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება).

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ფორმებიდან – სასწავლო პროექტებია. ამისთვის გეოგრაფიის გაკვეთილებზე საკმაო დიდი შესაძლებლობები  არსებობს.

ძალიან ხშირად გამოიყენება მინიპროექტები. მაგალითად, მერვე კლასში მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის შესწავლისას მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა დარგის განვითარების ისტორიულ წინაპირობებს, დაადგენენ გავრცელების კანონზომიერებებს. თავად შეარჩევენ პროექტის წარმოდგენის ფორმებს.

მეცხრე კლასში საქართველოს გეოგრაფიის მეუნეობის სტრუქტურის შესწავლისას მოსწავლეები გაიხსენებენ წინა კლასში შესრულებულ პროექტებს და უკვე შესაძლებელია ექსკურსიაზე რომელიმე საწარმოში წავიყვანოთ. ისინი შეისწავლიან საწარმოს დაარსებისა და განვითარების ფაქტორებს,  ისტორიასა და განვითარების პერსპექტივებს.

პროექტები შეიძლება გრძელვადიანიც იყოს. მაგალითად, მე -7 კლასში მთელი წლის განმავლობაში ბავშვები შექმნიან გამოგონებული ახალი კონტინენტის მოდელს. ეს სამუშაო მთელი წლის განმავლობაში სრულდება. გეოგრაფიული კოორდინატების შესწავლისას ისინი რუკაზე შეარჩევენ გამოგონილი კონტინენტის კოორდინატებს, ფორმასა და ზომას. განსაზღვრავენ მატერიკის რომელ მერიდიანებსა და პარალელებს შორის მდებარეობს, უკიდურეს წერტილებს, რომელი ოკეანეები და კონტინენტები ესაზღვრება. ამრიგად, მსოფლიო რუკაზე „დაარეგისტრირებენ“ ახალ კონტინენტს.

შემდგომი თემების შესწავლისას ახალ კონტინენტზე ახალი გეოგრაფიული ობიექტები გამოჩნდება. მოსწავლეები ლითოსფეროს შესწავლისას რელიეფის ფორმებს დაიტანენ; ატმოსფეროს შესწავლისას მოსწავლეები ქმნიან კლიმატურ რუკას, განსაზღვრავენ კლიმატურ სარტყლებსა და ქარების მიმართულებას. დაადგენენ ყველაზე ცივ და ყველაზე თბილ ადგილებს, ყველაზე მშრალსა და ყველაზე ნალექიან ტერიტორიებს.

ჰიდროსფეროს შესწავლისას ბავშვები წარმოადგენენ მდინარის სისტემებს, მოიფიქრებენ კვების როგორი რეჟიმი იქნება მათთვის დამახასიათებელი და რა სამეურნეო დანიშნულება ექნებათ; დაადგენენ ტბების არსებობასა და მათი წარმოშობის მიზეზებსაც.

ბუნებრივი ზონების შესწავლისას სხვა კონტინენტების ანალოგიურად განსაზღვრავენ, რა ცხოველები და მცენარეები შეიძლება არსებობდეს მოცემული ბუნებრივი პირობების გავითვალისწინებით,  შეადგენენ ბუნებრივი ზონების თემატურ რუკებს.

დედამიწის მოსახლეობის თემის შესწავლისას ბავშვები მოიფიქრებენ, როგორი ქვეყნები და ქალაქები შეიძლება არსებობდეს „მათ” კონტინენტზე. მოსწავლეები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან ნაციონალურ კოსტიუმებს და მოიფიქრებენ მათთვის დამახასიათებელ ტრადიციებს.

ბავშვები პროექტზე მუშაობენ  როგორც ინდივიდუალურად, ასევე – ჯგუფურად.

ამ პროექტით დიუის ოთხივე ფორმას ვეხმიანებით და მაღალ სააზროვნო დონეზე გავდივართ. მოსწავლეები არა მარტო გაიგებენ და დაიმახსოვრებენ გეოგრაფიული გარსის შემადგენელ კომპონენტებს, არამედ ანალიზისა და შეფასების შედეგად თავად შექმნიან ახალს (სინთეზი), ამ შემთხვევაში კონტინენტს. სინთზისა და შეფასების დონეების ადგილების გადანაცვლება ჩემთვის უფრო მისაღებია.

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მოსახლეობის თემას ეხება.

გაკვეთილი-სემინარი – საკმაოდ ნაცნობი ფორმაა. მუშაობა სრულდება ჯგუფებში. დავალება ყველა ჯგუფს განსხვავებული აქვს. როგორც წესი, დავალება არის პრობლემაზე ორიენტირებული და გამოიყენება ახალი თემის შესწავლისას.

პირველ გაკვეთილზე მოსწავლეები დავყოთ ჯგუფებად და მივცეთ დავალებები: პირველ ჯგუფს – მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე, სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები; მეორე ჯგუფს – ეროვნული და რელიგიური შემადგენლობა, განსახლებისა და კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები; მესამე ჯგუფს – შრომითი რესურსები, რეგიონებში არსებული უმუშევრობის პრობლემები, გამომწვევი მიზეზები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები; მეოთხე ჯგუფს – მიგრაციული პროცესები; ძირითადი მიგრაციული ნაკადები, მათი გამომწვევი მიზეზები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მოსწავლეები გამოყოფენ პრობლემას და სახავენ განვითარების გზებს.

მოსწავლეები ამ გაკვეთილზე ადგენენ მუშაობის გეგმას:

  1. შეიმუშავებენ საჭირო ინფორმაციის სიას;
  2. ადგენენ საჭირო შეკითხვების სიას, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს მუშაობის პროცესში.

მასწავლებელი ამ გაკვეთილზე მხოლოდ კონსულტანტია. მოსწავლეები სახლში აგროვებენ საჭირო რესურსებს და მეორე გაკვეთილზე პრაქტიკულ დავალებებს ასრულებენ: აგებენ გრაფიკებს, დიაგრამებს, ადგენენ თემატურ რუკებს.

მესამე გაკვეთილზე თითოეული ჯგუფი წარადგენს ანგარიშს. პრეზენტაციის დროს მოსწავლეები ინიშნავენ მათთვის სასურველ ინფორმაციას და გაურკვეველ საკითხებზე სვამენ კითხვებს.

ასე რომ, ყველა მოსწავლე თემის გარშემო აგროვებს ინფორმაციას, ფიქრობს, ადგენს გეგმებს, აანალიზებს და აფასებს.

როგორც ვხედავთ, მთავარი პრიორიტეტი მოდელის  არჩევისას დამოუკიდებელი მუშაობაა, რომელიც მიზნად მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობის განვითარებასა და მისი პიროვნების ჩამოყალიბებას ისახავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი