პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებელი -მოსწავლე – მასწავლებელი- უწყვეტი ჯაჭვი

მასწავლებლის ხსენებაზე ყველას ჩვენ-ჩვენი, გამორჩეული პედაგოგი გვახსენდება. რაც არ უნდა ცუდ სკოლაში გვესწავლა, ალბათ ყველას შეგვხვედრია ერთი მასწავლებელი მაინც, სკოლაში თუ მის გარეთ, რომელმაც ჩვენს ცხოვრებას, აღზრდას, სწავლას განსაკუთრებული კვალი დააჩნია.

ზოგადად კი ქართველ კაცს მასწავლებლის ხსენებაზე ალბათ უპირველესად იაკობ გოგებაშვილი უნდა გაახსენდეს. იაკობი დგას ქართული პედაგოგიკის სათავეში და ქართული განათლებაც მისი „აი იათი” იწყება. იაკობია ის სახალხო მასწავლებელი, რომელმაც ქართულ პედაგოგიკას განსაკუთრებული კვალი დაატყო.

თავად იაკობს ალბათ თვალის გადავლებაც კი არ დასჭირდებოდა, ისე დაასახელებდა თავისი ცხოვრების მთავარ მასწავლებელს, გერასიმე ქიქოძეს, მოგვიანებით იმერეთის ეპისკოპოსს, გაბრიელს. 

იაკობის დროინდელ სემინარიაში მეფის რუსეთისათვის დამახასიათებელი ატმოსფერო სუფევდა, ზეპირობა და ძალადობა ნორმა იყო. ასეთ სივრცეში რამხელა სიხარული იქნებოდა გაბრიელისნაირი მოძღვარი, რომელმაც თავიდანვე ამოიცნო იაკობში უზარმაზარი პოტენციალი და 5 წლის განმავლობაში ძალისხმევა არ დაუკლია მისი განვითარებისთვის. კიევში სასწავლებლად მიმავალ იაკობსაც მან დაულოცა გზა. მართალია, ექიმები ტუბერკულიოზის გამო იაკობს უკრძალავდნენ მკაცრ კლიმატურ პირობებში გამგზავრებას, მაგრამ მთავარი მოძღვრის კურთხევა იყო.

გაბრიელ ეპისკოპოსს ქართული საზოგადოება სასულიერო წოდების გამო ძირითადად ქართული ეკლესიისთვის გაწეული ღვაწლით იცნობს. მისი შრომა ქართული ეკლესიის ისტორიის, ეკლესიის ავტოკეფალიის, დანგრეული საყდრების აღდგენის საქმეში მართლაც ფასდაუდებელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გაბრიელის სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობა. მისი ნაშრომი: „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები” სემინარიებში დიდ ხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. 1959 წელს ჟურნალ „სოვრიმენნიკში” ნიკოლოზ დობროლიუბოვმა ამ ნაშრომს სპეციალური რეცენზიაც კი მიუძღვნა. რუსეთში ყოფნისას იაკობი, როგორც მისი მოწაფე,  უნივერსიტეტში გაბრიელის პიროვნებაზე სასაუბროდ და ზემოხსენებული ნაშრომის განსახილველად მიუწვევიათ.

ამას გარდა, გაბრიელ ქიქოძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების ერთ-ერთი დამაარსებელი და საპატიო წევრი. მისი სახსრებით გაიხსნა არაერთი სამრევლო სკოლა. იყო მოთავე ქუთასში ქალთა ეპარქიული სასწავლებლისა და სასულიერო სემინარიის გახსნის. მის დაქვემდებარებაში მყოფ სასწავლო დაწესებულებებში აკრძალული იყო ცემა-ტყეპა. თავად ზრუნავდა მოსწავლეთა საერთო საცხოვრებლებში პირობების გაუმჯობესებაზე.

არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ მას თავს ავაზაკი დაესხა. გაბრიელმა უთხრა, ვინც იყო. ყაჩაღს გაეგონა მისი სახელი და შეცბა, ვეღარ გაუბედა გაძარცვა, მაგრამ გაბრიელი ამას არ დასჯერდა, დაარწმუნა ავაზაკი გაჰყოლოდა მას, გამოზარდა, სწორ გზაზე დააყენა და საბოლოოდ მასწავლებლად გაუშვა ერთ-ერთ სკოლაში.

რაღა თქმა უნდა, მეფის რუსეთისა და მის სამსახურში ჩამდგარი ქართველების მიზნებს გაბრიელი დიდად უშლიდა ხელს და ამიტომ ხშირად ხდებოდა ლანძღვის, მუქარის, ცილისწამების ობიექტი. 

ლანძღვა და ცილისწამება არც მის მოსწავლეს, იაკობს მოჰკლებია.1874 წელს იაკობი სემინარიიდან მოხსნეს, რამდენიმე ბავშვის საშუალებით  მოახერხეს მოსწავლეთა გაფიცვა და გოგებაშვილს თანხების გაფლანგვა დასდეს ბრალად. იაკობმა ეს ცილისწამება იმდენად მძიმედ აღიქვა, მტკვარში გადახტა. ერთი თვე მკურნალობდა მიხეილის საავადმყოფოს ნერვულ განყოფილებაში. არსებობს ნიკო ლომოურის მოგონება, როგორ ინახულა დასუსტებული ძვირფასი მასწავლებელი და როგორ გაიარა სულით ავადმყოფებით სავსე დერეფანი, სანამ იაკობამდე მიაღწევდა.
მიხაილის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ იაკობი სახელწიფო სამსახურში აღარ შესულა, დაწვა ყველა საბუთი, რათა უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონოდა. თუმცა მთელი შემდგომი ცხოვრება მაინც პედაგოგიკას მიუძღვნა და სტატუსის გარეშეც ახერხებდა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი მასწავლებელი.

მართალია, იაკობი თავისი მოძღვრისგან განსხვავებით, საერო პირი იყო, მაგრამ მისი ცხოვრების წესი ძალიან ჰგავდა ბერისას. მეცხრამეტე საუკუნეში ფილტვების ამ დაავადებით 72 წლამდე სიცოცხლე ადამიანისგან საოცარ დისციპლინას, ყოველდღიურ რეჟიმს მოითხოვდა, რაც ქართველი კაცის დარდიმანდული ბუნებიდან გამომდინარე ძნელი დასაცველია. იაკობ გოგებაშვილმა გადაწყვიტა ეცოცხლა და  ეს სიცოცხლე ქართული პედაგოგიკის, ქართული აზრის განვითარებისათვის მიეძღვნა. ის იმდენად ფრთხილი იყო თავის ჯანმრთელობასთან მიმართებაში, სტამბაში არ ჩადიოდა, ტყვიის მტვერი რომ არ ესუნთქა. ასოთამწყობებს კორექტურა ზევით ამოჰქონდათ. ქალაქელი მუქთახორები ხუმრობდნენ, იაკობი მოდის და დავემალოთ, რძეზე არ დაგვპატიჟოსო. მხოლოდ ორჯერ დააყენა საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ. ერთხელ, როდესაც სასწავლებლად კიევში გაემგზავრა და მეორედ, „დედაენის” წერისას, როცა ფოლკლორული მასალის შესაკრებად ექვსი თვით ვარიანში წავიდა. ვარიანი მისი ავადობის სათავე იყო, სამხრეთით შხამიანი ჭაობი ერტყა, რომელიც მოსახლეობას ფილტვებს უწამლავდა.

მანამდე მისი მოსწავლეობის სიხარული ეკატერინე გაბაშვილს ერგო. ეკატერინე თავად უკვე 17 წლის მასწავლებლობდა. გორში საკუთარ სახლში გახსნა ქალთა სკოლა, სადაც ხელსაქმესთან ერთად 5 წლის განმავლობაში, გოგონები ზოგად განათლებასაც იღებდნენ. ის იყო მოთავე სოფლებში სკოლების გახსნისა. იბრძოდა ქალთა განათლებისთვის. „განა ვერ ხედავთ, რომ ყველაფერში გჯობნით განათლებული ხალხი, როგორც გონიერებაში, ასევე ცხოვრებაში, თუ ჭამით, თუ სმითა და ჩაცმით? აქედან ჩანს, რომ სწავლას უფრო ადვილად მოაქვს კეთილი ცხოვრება. გარდა ამისა, დღიური ლუკმა განა მხოლოდ ხვნითა და თესვით მოიპოვება? არა, თქვენისთანა მხვნელ-მთესველს კარგი ცხოვრება ვერ უპოვია და ვერც თქვენ იპოვით, იმიტომ რომ ხვნასა და თესვასაც სწავლა უნდა”, – წერდა სწავლის მნიშვნელობაზე „დროებაში” ეკატერინე გაბაშვილი.
მისი შემოქმედებაც მკვეთრად დიდაქტიკურია. ის სასოწარკვეთილ ადამიანებს ასწავლის, როგორ შეიძლება გამარჯვება. მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ქალთა მოძრაობა და აქტიურობა მხოლოდ ფეხს იდგამდა, როდესაც სირცხვილად ითვლებოდა ქალს, ოჯახის დედას, ეწერა ან სცენაზე ეთამაშა, ეკატერინემ, თერთმეტი შვილის დედამ, შეძლო გამხდარიყო ფუძემდებელი ქართულ ლიტერატურაში ისეთი ჟანრებისა, როგორებიცაა: ნოველა, მცირე მოთხრობა, სურათი. მისი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი „მაგდანას ლურჯა” პირველი საბჭოთა სურათი იყო, რომელმაც კანის საერთაშორისო პრემია მოიპოვა. თუმცა რუსულმა ცენზურამ ფილმის ფინალი გადააკეთებინა და ტრაგიკული გახადა, მაშინ, როცა ნაწარმოებში მარტოხელა დედა ახერხებს გაიმარჯვოს უსამართლობაზე და საკუთარი და შვილების ცხოვრება უკეთესი გახადოს.

ეკატერინეს გარდა, იაკობ გოგებაშვილს საკუთარ მასწავლებლად ნიკო ლომოურიც მიიჩნევდა. ნიკო ლომოურის შემოქმედება გოგებაშვილის ხაზის გაგრძელებაა. საგანმანათლებლო ფუნქცია მის მოთხრობებს სწორედ დროის შესაფერისი აქვს. ნიკო ლომოური ბედავდა დაპირისპირებოდა ყოველგვარ სიბნელეს და წინ აღდგომოდა იმ დროისთვის აქტუალურ რელიგიურ ცრურწმენებს, მაშინაც, როცა ისინი ეკლესიის წიაღიდან იყო წამოსული. როგორც რეალიზმის წარმომადგენელს ეკადრება, ნიკო არ ყოფილა სწორხაზოვანი, ზოგჯერ ეს ცრურწმენები კომიკურ ხასიათს ატარებდა და თავის გაფუჭებულს თავადვე შველოდა („ქაჯანა” ), ზოგჯერ ტრაგედია გარდაუვალი იყო („ალი”), ზოგჯერ კი საყოველთაოდ გამეფებულ სიბნელეს პატარა გოგონა ამარცხებდა, რომელსაც ჰქონდა დიდი სიყვარული მეგობრისადმი და ცოდნა, რომ ქალაქში იყო ექიმი, რომელიც სიბრმავეს კურნავდა („პაწია მეგობრები”).

 სამწუხაროდ, ბევრი რამ ნიკო ლომოურის შემოქმედებიდან დღესაც აქტუალურია.  მასაც, გარდა საკუთარი შემოქმედებისა, საფუძვლიანი გავლენა ჰქონია სხვათა ცხოვრებაზე. თედო რაზიკაშვილი თავის ავტობიოგრაფიაში წერს: „თუმცა არ ვფიქრობდი მწერლობას, მაგრამ ისე მწამდა მწერლობის ღვაწლი სამშობლოს წინაშე, რომ ოჯახის გავლენას დაემატა მეტად სიმპატიური გავლენა ჩვენი ქართული ენის მასწავლებლის ნ. ლომოურისა. ამაზე მეტი სასიკეთო გავლენა არა მგონია კაცმან კაცზედ იქონიოს. ჩემი ველური ბუნება ამისმა ღვთიურმა მოქცევამ დაალბო და გააპატიოსნა. სურვილი სამშობლო ლიტერატურის სამსახურისა იმან გამიორკეცა. დღეს უკვე ვაჟკაცი და ჭაღარაშერეული იმავე მოწიწებას ვგრძნობ ამ ჩემთვის წმინდა კაცის მიმართ”.

ისტორია რომ კარგად იკვლიო, ეს ჯაჭვი ალბათ არც გაწყდება, რადგან რაც არ უნდა დიდი იყოს თვითგანათლების ადგილი ადამიანის სწავლა-აღზრდაში, თითქმის ყველა დიდ ადამიანს ჰყავს თავისი მასწავლებელი და ამისი ნათელი მაგალითები ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან იწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი