პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლეთა სწავლის შეფასების სასკოლო პოლიტიკის გზამკვლევი ( ნაწილი 1)

მოსწავლეთა სწავლის შეფასების სასკოლო პოლიტიკა სკოლის განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის კონტექსტში განიხილება. იგი სკოლის განვითარების დაგეგმვის იმ მოდელის მიხედვით იქმნება, რომლის მახასიათებელია ციკლურობა. ამ საყოველთაოდ ცნობილი მოდელის ელემენტები კი შემდეგი აქტივობებია:

  • სკოლის ძლიერი მხარეებისა და გასაუმჯობესებელი მიმართულებების გარკვევა;
  • იმ არეების გარკვევა, რომლებიც დაუყოვნებელ ინტერვენციას საჭიროებს;
  • გზამკვლევის შექმნა იმის ასახვისთვის, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს სკოლის განვითარების გეგმისა და სკოლის ფუნქციონირების ხარვეზიანი მიმართულებები;
  • დადგენილი არეების გაუმჯობესებისთვის საჭირო ცვლილებების შეტანა გეგმის შესაბამისად;
  • პროგრესის მონიტორინგი გეგმის შესაბამისად;
  • სწავლებასა და სწავლაზე ცვლილებების ზეგავლენის შეფასება

ამ აქტივობების შესრულების ციკლურობა საშუალებას აძლევს სკოლებს, რომ თავისი უნიკალური მდგომარეობის შესაბამისად ჩაერთონ დაგეგმვაში მათთვის შესაფერის ეტაპზე.

ზოგიერთ სკოლას უკვე აქვს მოსწავლეთა შეფასების სასკოლო პოლიტიკა და მისი კრიტიკული გადახედვის ეტაპზე იმყოფება. სხვა სკოლები, შესაძლოა, ამ პოლიტიკის შემუშავების პროცესში არიან. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მასწავლებელი მონაწილეობდეს შეფასების პოლიტიკის შექმნაში, დანერგვასა და გადასინჯვაში. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკა უწყვეტად ვითარდებოდეს სკოლისა და მისი მოსწავლეების საჭიროებების ცვლილების კვალდაკვალ.

მშობლებიც უნდა მონაწილეობდნენ შეფასების სასკოლო პოლიტიკის შექმნა-გადასინჯვაში. მათი ჩაბმულობა პოლიტიკის ეფექტურად დანერგვას უწყობს ხელს.

შეფასების პოლიტიკა ასახავს სკოლის ძირეულ ფასეულობებსა და ეთოსს.

მოსწავლეთა მიღწევებისა და პროგრესის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ –  სკოლის განვითარების გეგმით დაგეგმილი ღონისძიებები იმ შემთხვევაში წარმოადგენს მოსწავლეთა შეფასების სასკოლო პოლიტიკას, თუკი შესაბამის დოკუმენტში გაწერილია ამ ღონისძიებათა შესრულების გზები,  განრიგი და შემსრულებლები. შეფასების პოლიტიკა მოიცავს  მიზნების ფორმულირებას და წარმოაჩენს, თუ როგორ იყენებს სკოლა შეფასებას მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების და სხვა დაინტერესებული მხარეების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.

საზოგადოდ, შეფასების პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს,  ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ:

  • როგორ ჩამოყალიბდა პოლიტიკა;
  • პოლიტიკის კავშირს სკოლის მისიასთან და ეთოსთან;
  • პოლიტიკის დანიშნულებას;
  • სასკოლო პერსონალის ფუნქცია-მოვალეობებს პოლიტიკასთან მიმართებაში;
  • პოლიტიკის შინაარსს – როგორია შეფასების პროცესი სკოლაში, შეფასების მიზანი, შეფასების მეთოდები (ინფორმაციის შეგროვების ხერხები), შეფასების ინფორმაციის ინტერპრეტაცია, აღრიცხვა, გამოყენება და ანგარიშგება.
  • დასკვნები პერსონალის პროფესიული განვითარებისა და საჭირო რესურსების შესახებ;
  • პოლიტიკის განხილვისა და შეფასების პროცედურები.

 

პოლიტიკის ამსახველ დოკუმენტში პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ შეკითხვებს მოსწავლეთა სწავლის სასკოლო პრაქტიკის შესახებ:

  • რატომ უნდა შეფასდეს მოსწავლეთა სწავლა?
  • რა უნდა შეფასდეს?
  • როდის უნდა მოხდეს მოსწავლეთა სწავლის შეფასება?
  • როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეთა სწავლის შეფასება?
  • სად უნდა ჩაიწეროს შეფასების შედეგად მიკვლეული ინფორმაცია?
  • რა ფორმით უნდა ჩაიწეროს ეს ინფორმაცია?
  • ვისთვის შეიძლება ამ ინფორმაციის გაზიარება?
  • როგორ უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის გაზიარება სხვებისთვის?
  • რა ხნის განმავლობაში უნდა იქნეს შენახული ეს ინფორმაცია?

რატომ უნდა შეფასდეს მოსწავლეთა სწავლა?

შეფასება  სწავლებისა და სწავლის ნაწილია. იგი მასწავლებელს ამარაგებს საჭირო ინფორმაციით, რომ მან დასკვნები გააკეთოს, რას და როგორ სწავლობს ბავშვი. ეს ინფორმაცია მასწავლებელს საშუალებას აძლევს, რომ სწორად მიაგნოს  მომდევნო ნაბიჯებს სწავლებაში და მოარგოს სწავლების სტრატეგიები და სასწავლო აქტივობები მოსწავლეთა საჭიროებებს.

სწავლებისა და სწავლის ადაპტაცია-მოდიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაციის გამოყენება სწავლას უფრო სახალისოს და გამოწვევებით აღსავსეს გახდის ბავშვისთვის. ამასთანავე, ეს გაამდიდრებს და ნაყოფიერ პროფესიულ გამოცდილებას შესძენს მასწავლებელს.

 

რა უნდა შეფასდეს?

სწავლის შეფასების სასკოლო პოლიტიკა უნდა შეეხოს ყველა სასწავლო საგანს და მოიცვას მოსწავლეთა მიერ ათვისებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, წარმოჩენილი განწყობა-დამოკიდებულებანი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი შესაფერისი მეთოდების საშუალებით შეფასდეს, რადგან ზოგიერთი მეთოდი უფრო მორგებულია კონკრეტულ საგნებსა და შეფასების კონკრეტულ მიზნებზე.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა ფასდება, ეფუძნება სასწავლო გეგმის მიზნებს ყოველ საგანში და იმას, თუ რის სწავლებას აპირებს მასწავლებელი. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს შესაფერისი მეთოდები იმის განსაზღვრისთვის, თუ რამდენად შედეგიანად მიაღწიეს ბავშვებმა დასახულ მიზნებს.

 

როდის უნდა შეფასდეს  მოსწავლეთა სწავლა?

შეფასება მიმდინარე პროცესია მოსწავლის მთელი სასკოლო გამოცდილების განმავლობაში. ეს პროცესი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, სწავლისა და განვითარების ეტაპზე. შეფასების სასკოლო პოლიტიკაში უნდა აისახოს ცვლილებები  ბავშვების მიდგომებში სწავლისადმი, ხოლო შეფასების მეთოდები უნდა იცვლებოდეს ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე. პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს, რომ  მოსწავლის სწავლისა და განვითარების შესახებ განსჯა-განხილვა კეთდებოდეს არა იშვიათად, არამედ პერიოდულად, დროის გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ. ინფორმაცია შეფასების შესახებ  მოსწავლის სწავლის საფეხურის შესაფერისი მხარდაჭერისა და ინტერვენციის განხორციელებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.

სკოლამ უნდა უზრუნველყოს,  გაირკვეს ყველა ბავშვის სასწავლო საჭიროებანი, მათ შორის, სწავლის სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვისაც, და მათზე რეაგირების ღონისძიებები. ამიტომ შეფასების სასკოლო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს სადიაგნოსტიკო შეფასების როლსაც და აზუსტებდეს მის ინსტრუმენტებსა თუ ადმინისტრირების განრიგს.   ანალოგიურად, უნდა დაზუსტდეს განსაკუთრებით მაღალი, გამორჩეული უნარიანობის მქონე მოსწავლეების საჭიროებები და მათზე რეაგირება. ყოველ სსსმ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალიზებული სასწავლო გეგმა. შეფასების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს პროცედურებს, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ გეგმების შემუშავება და გამოყენება სწავლის მხარდაჭერისთვის.  ბავშვის მშობლებთან და ინდივიდუალიზებული სწავლების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირებთან უნდა მოხდეს კონსულტაცია სწავლების გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით.

 

შეფასება სასკოლო განათლების ადრეულ ეტაპებზე

სწავლის ადრეულ ეტაპებზე შეფასება არაფორმალურია და ბავშვებთან მასწავლებლის ურთიერთობის ნაწილია. შეფასება უმეტესწილად ხდება მოსწავლის დაკვირვების, მასთან დისკუსიის და აქტიური მოსმენის გზით მრავალფეროვან სიტუაციებში. უაღრესად მნიშვნელოვანია დროულად ამოვიცნოთ ბავშვის სწავლის სირთულეები. ამის ფასილიტაციისთვის სკოლამ უნდა დანერგოს სკრინინგის პოლიტიკა სწავლის მეორე წლიდან მაინც. ასეთი სკრინინგი მოიცავს მოსწავლეებზე დაკვირვებასა და ინდივიდუალური თუ ჯგუფური სადიაგნოსტიკო ტესტირების ადმინისტრირებას ადრეული ენობრივი წიგნიერების, ციფრული წიგნიერებისა და სასიცოცხლო უნარჩვევების მიმართულებით. ტესტირებების შედეგად მიღებული ინფორმაცია, დაკვირვების მონაცემებთან ერთად, საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად შეფასდეს ბავშვის სწავლის ძლიერი მხარეები და საჭიროებები. სკრინინგი ხელს უწყობს სწავლის სირთულეების დროულ გამოვლენას და მშობლებთან ნაყოფიერ კომუნიკაციას, აგრეთვე, მოსწავლის სწორად მხარდაჭერას. შეფასების პოლიტიკის ეს მოდელი მოიცავს ბავშვის მშობლებთან თანამშრომლობას, ფსიქოლოგთან კონსულტაციას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის სპეციფიკურ დახმარებასა და მკურნალობას.

 

შეფასება საბაზო და საშუალო საფეხურებზე

შეფასების სასკოლო პოლიტიკაში ამ საფეხურებზეც უნდა აისახოს შეფასების მეთოდები. დამატებით, აქვე უნდა აღინიშნოს სტანდარტიზებული ტესტირებანი (მაგალითად, ეროვნული შეფასება, საერთაშორისო შეფასება ან სხვა გარე შეფასების სახეობები სტანდარტიზებული ინსტრუმენტების საშუალებით). შეფასების პოლიტიკაში უნდა დაზუსტდეს, რომელი ტესტები იქნება გამოყენებული, როდის მოხდება ტესტირებათა ადმინისტრირება და როგორ მოხდება ტესტირების შედეგების გამოყენება.

ტესტირების დრო განისაზღვრება ტესტების დანიშნულებით. როგორც წესი, წინასწარი ტესტირება ტარდება სადიაგნოსტიკო ფუნქციით, რადგან შედეგების საფუძველზე შესაძლებელია დაიგეგმოს ადეკვატური ინტერვენცია მოსწავლეების სასარგებლოდ. სწავლის დასასრულს ჩატარებული ტესტირება საშუალებას იძლევა სკოლამ მიიღოს კეთილგონივრული გადაწყვეტილება მოსწავლეთა განაწილება-განთავსების და პროგრესის შესახებ.  მასწავლებლის მიერ სასწავლო პროგრამის  განსხვავებული თანმიმდევრობით სწავლება  ქმნის გამოწვევებს სასწავლო წლის განმავლობაში ტესტირების ადმინისტრირების დროსთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, შეფასების მიზანი არის მთავარი, რაც განაპირობებს მიღებულ გადაწყვეტილებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი