პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როცა ზეპირსიტყვიერება დუმს…

დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ ყველაზე უხვი მასალა თამარ მეფეზე და პატარა კახზე შემოგვინახა, და თითქმის არაფერი დავით აღმაშენებელზე? (საინტერესო იქნება ამ კუთხით საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიაში გამართული დისკუსიის ტრანსკრიპტის წაკითხვა https://www.scribd.com/doc/53064153/სტალინი-და-ქართული-ნაციონალიზმი ) საინტერესოა ისიც, რომ ფოლკლორმა არ შემოგვინახა არცერთი ლექსი ან თქმულება გიორგი სააკაძეზე, რაც წარმოუდგენლად მიაჩნდათ ლიტერატორებს. მასალის მოძიების მიზნით, 1943 წელს გიორგი შატბერაშვილმა მოაწყო ექსპედიცია ქართლში და გამოავლინა რამდენიმე ძირითადად ბიოგრაფიული ხასიათის გადმოცემა (გიორგი სააკაძე ხალხის ხსოვნაში https://www.bu.org.ge/x2248?lang=geo). წარმოუდგენელია იმის დადგენა, ეს პროზაული და პოეტური გადმოცემები როდიდან ჩნდება ხალხში, ფილმის გადაღების დროს თუ მათ უფრო ძველი ფესვები აქვთ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ არც გიორგი შატბერაშვილია ერთადერთი, ვინც გიორგი სააკაძით დაინტერესდა. გიორგი სააკაძე ჯერ მეფე არჩილმა „გააცოცხლა“, შემდეგ კი – სტალინმა: არჩილ მეფემ იოსებ თბილელს დაუკვეთა ნაწარმოები, ხოლო 1943 წელს იგივე გააკეთა სტალინმა. ჯერ ორი ისტორიკოსი დაიბარა კრემლში და თხოვა (აბა ვინმეს არ შეესრულებინა სტალინის თხოვნა), ცოტა უფრო მეტად წამოეწიათ წინ ეს ფიგურა ნარკვევებში (ნიკო ბერძენიშვილი, სტუმრად სტალინთან https://burusi.wordpress.com/2010/02/02/niko-berdzenishvili-3/ ). ამით მან ახალი სიცოცხლე შთაბერა დიდ მოურავს, ოღონდ საბჭოთა ლიდერს სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა. ორივე მათგანმა (არჩილმაც და სტალინმაც) ეს საკუთარი ინტერესებისთვის გააკეთა. რატომ დასჭირდა სრულიად განსხვავებული ეპოქის ორ მოღვაწეს ამის გაკეთება? იოსებ ჯუღაშვილი ცდილობდა, ხალხს ბმა გაეკეთებინა გიორგი სააკაძეს – დიდ მხედართმთავარსა და და სტალინს – საბჭოთა არმიის მთავარსარდალს შორის (ეს ბმა კი ადვილი გასაკეთებელია თუნდაც იმიტომ, რომ ორივეს ცხოვრებაში შვილის გაწირვის ეპიზოდია ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ). კავშირი ორ ქართველს შორის კი პირველ რიგში იმით დამყარდებოდა, თუკი დიდი მოურავის ფიგურის წინ წამოწევისას აქცენტი ახლებურად დაისმებოდა. სააკაძე ხომ შეიძლება აღვიქვათ, როგორც სიმბოლო, პიროვნება, რომელიც მასზე მაღალი წრის წარმომადგენლებს, თავადებს ებრძოდა. და არა მარტო.  ამ მიზნით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი ეკონომიკურადაც უმძიმეს მდგომარეობაშია, ბიუჯეტიდან ფინანსდება ანა ანტონოვსკაიას წიგნის „დიდი მოურავის“ ეკრანიზაცია. ეს ასაბუთებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო დიდი მოურავის „გაცოცხლება“, გიორგი სააკაძის პერსონისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხშირად მმართველებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე სჭირდებათ ხოლმე რომელიმე ისტორიული პირის ხალხისთვის გახსენება. ასეთ ისტორიულ პირად კი ორი ქართველი მმართველისთვის გიორგი სააკაძე იქცა (https://sovlab.ge/ka/news/georgian-film-in-soviet-union-transcript ).

ამასა გარდა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი სააკაძეზე აქტიურად გამოთქვამენ წინააღმდეგობრიც შეხედულებებს. ჩემი მოსწავლე ნიკა ხარშილაძე დაინტერესდა ამ თემით, უცვლელად გთავაზობთ ამონარიდებს ნიკას ნაშრომიდან:

გიორგი სააკაძის სიკვდილიდან ნახევარი საუკუნეზე მეტია გასული, როდესაც მეფე არჩილი იოსებ თბილელს დიდი მოურავის ცხოვრებაზე ნაწარმოების დაწერას უბრძანებს. საინტერესოა, რაში დასჭირდა ხელმწიფეს აზნაურის ღვაწლის წინ წამოწევა? რატომ გადაწყვიტა მეფეს სააკაძის სახელის უკვდავყოფა? სანამ უშუალოდ კითხვას ვუპასუხებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ქართველი ისტორიკოსები, რომლებიც განიხილავენ და აანალიზებენ დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის მოღვაწეობას და დამსახურებებს სამშობლოს წინაშე, არ არინ სააკაძის თანამედროვენი. გიორგი სააკაძეს, მისივე მოღვაწეობის ხანაში, მხოლოდ უცხოელი ისტორიოგრაფები აღწერენ. სწორედ მათ შემოგვინახეს ცნობები დიდ მოურავზე და სწორედ მათი ნაშრომებია ის ძირითად წყარო, რომელსაც მკვლევრები ეყრდნობიან.

მე-18 საუკუნეში ე.წ. „ეროვნულ-პატრიოტული სკოლა“ (გ. ჯამბურიას ტერმინი) ძლიერდება. ამ „მოძრაობას“ წარმოადგენდნენ მეფე არჩილი და იოსებ თბილელი. ჩემი აზრით, ამ კავშირის არსებობას მეფესა და ეპისკოპოსს შორის სწორედ ნაწარმოების შექმნა ამტკიცებს. ეს პატრიოტული კავშირი გარკვეულ მიზნებს ემსახურებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი არჩილის მიერ თეიმურაზ პირველის მოღვაწეობის შეფასება იყო. საინტერესოა, რომ საკუთარ პოემაშიც კი („გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველის“) არჩილი თეიმურაზის ზოგიერთ გადაწყვეტილებას მკაცრად განიკითხავს. მაგრამ ხელმწიფე თავს უფლებას არ აძლევს ღიად და აშკარად დაუპირისპირდეს თავის წინაპარს. შესაძლოა, მისი მიზანი ეს სულაც არ ყოფილა და მას ობიექტურად, ყველა პერსპექტივის გათვალისწინებით, უნდოდა მოვლენების შეფასება. ამიტომაც, მეფე-პოეტი სწორ გამოსავალს ხედავს დიდი მოურავის სახით: თუკი მოხდება გიორგი სააკაძისა და თეიმურაზ პირველის დაპირისპირების მიზეზების სწორი ანალიზი, მხარეები, დამსახურების მიხედვით, ან გამართლდებიან ან გამტყუნდებიან. მაგრამ პირველ რიგში საჭიროა მოვლენების აღდგენა. ამ საქმეში კი დახმარების გაწევა თავად გიორგი სააკაძის უახლოეს ნათესავს, მის მოგვარეს იოსებ სააკაძეს, იგივე იოსებ თბილელს შეუძლია. მე-18 საუკუნის საქართველოს თვალს თუ შევავლებთ, მივხვდებით, რაში სჭირდება მეფეს სააკაძის პერსონის „გაცოცხლება“. ჯერ ერთი, ეს არის პიროვნება, რომელიც ურჩ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ თავადებს ებრძვის. ესენი არიან შადიმან ბარათაშვილი, ფარსადან ციციშვილი, ქაიხოსრო ჯავახიშვილი (და მისი სანათესაო). მეორეც, გიორგი სააკაძე არის ის პიროვნება, რომელიც იმავდროულად თავისი ბატონის (სიმონ პირველ დიდი, გიორგი მეათე, ლუარსაბ მეორე, თეიმურაზ პირველი) ერთგულია. გარდა ამისა, მოურავმა თითქმის ყველაფერს საკუთარი ნიჭის წყალობით მიაღწია (მოურავობა მამამისისგან გადაეცა, თუმცა წყაროებში არ წერია, რომელი ქალაქის მოურავი იყო სიაუში), განსხვავებით დიდგვაროვნებისგან, რომელთაც გვარი დაბადებიდანვე გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებდა. მესამე მიზეზად კი შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დიდი მოურავი იბრძვის ქვეყნის ერთიანობისთვის, მაშასადამე გიორგი სააკაძე ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ერთგული მამულიშვილია, რომელიც ხალხს მხოლოდ პატრიოტიზმისკენ თუ მოუწოდებს. შესაძლოა, ხალხს გადმოცემებიდან ამ პიროვნების უარყოფითი თვისებების შესახებაც სცოდნოდა რამე. მაგრამ, არჩილის მხრიდან ობიექტურობის დასაცავად, რომ არ მოხდეს ასეთ თვისებებზე ყურადღების გამახვილება და შესაბამისად, თეიმურაზისთვის უპირატესობის მინიჭება, საჭიროა ადამიანი, რომელიც სწორედ გიორგი სააკაძის დადებით თვისებებზე გაამახვილებს ყურადღებას და ისეთ ნაწარმოებს შექმნის, რომელშიც თეიმურაზ პირველი მთელი სისრულით წარმოჩნდება. აი, აქედან გამომდინარეა ამ სამუშაოსთვის ყველაზე შესაფერისი იოსებ თბილელი. იგი არა მხოლოდ ეპისკოპოსია, რაც მას ხალხზე დიდ გავლენას აძლევს, არამედ გვარად სააკაძეა და გიორგის ნათესავია. შესაბამისად, თუ ვინმემ დიდი მოურავი ღირსეულად უნდა წარმოაჩინოს, ამას იოსებ ეპისკოპოსზე კარგად ვერავინ გააკეთებს, გიორგი სააკაძის ღირსეულად წარმოჩენით კი თეიმურაზ პირველის პიროვნება უკეთ გამოიკვეთება.

გასაგებია, რომ „დიდმოურავიანის“ სიუჟეტის დამუშავებისა და ნაწარმოების წერის პროცესში იოსებ თბილელი სუბიექტოურობისგან დაცლილი ვერ იქნებოდა, მაგრამ მისი თხზულება მაინც ფასდაუდებელია ისტორიული რეალობის რესტავრაციის საქმეში. სწორედ ეს ტექსტი გვაძლევს საშუალებას, უკეთესად შევაფასოთ თეიმურაზის მეფობის ხანა ისევე, როგორც არჩილის მმართველობის პერიოდი. შესაბამისად, ამ ყველაფერმა გამოკვეთა ჩემი კვლევის ინტერესი და საკვლევი შეკითხვაც ასე ჩამოვაყალიბე: რა არის იოსებ თბილელის ნაწარმოებში ისეთი, რაც საფუძვლად დაედო გიორგი სააკაძეზე წარმოშობილ წინააღმდეგობრივ შეხედულებებს? იოსებ თბილელის „დიდმოურავიანის“ ანალიზმა კი დამარწმუნა, რომ:

1.მე-17 და მე-18 საუკუნეებში საქართველოშო მძლავრობენ დიდი ფეოდალები, რომლებიც ასუსტებენ ცენტრალურ ხელისუფლებას. მათი ინტერესები შორსაა სამშობლოსადმი თავდადებისგან. ერთგულებას მხოლოდ პირადი ინტერესების გამო თუ იჩენენ.

  1. არჩილ მეორე ცდილობს გააღვივოს ერთგულების გრძნობა თავადებში და ამისთვის იოსებ თბილელს უკვეთავს ნაწარმოების შექმნას. „დიდმოურავიანი“ არ არის ერთგულების თემაზე დაწერილი წიგნი, ამისთვის კახეთის 1659 წლის აჯანყების მეთაურებზე წიგნის დაწერაც საკმარისი იქნებოდა. სააკაძის წინ წამოწევა აუცილებელია, ვინაიდან ის დიდი ტემპერამენტის მქონე ადამიანია, თუმც ქვეყნის დასაცავად მზადაა, შვილიც გასწიროს და მეფესაც აუჯანყდეს, ვინაიდან ის ემსახურება უფრო დიდ ხელმწიფეს ვიდრე თეიმურაზ მეორეა. ის პირველ რიგში საქართველოს ერთიანობის ქვეშევრდომია.
  2. პოემა განიხილავს ძირითადად იმ ნაწილებს სააკაძის ცხოვრებიდან, რომლებმაც ხალხი მის ერთგულებაში დააეჭვა. „დიდმოურავიანიდან“ გამომდინარე აშკარაა, რომ არც საქართველოდან წასვლა იყო დიდი მოურავის ბრალი და არც შაჰ აბასის ქართლში გამოლაშქრება. ერთადერთი ბაზალეთის ბრძოლა შეიძლება მივიჩნიოთ წინააღმდეგობრივად, ვინაიდან მოურავი დაუპირისპირდა თავის მეფეს, მაგრამ ავტორი ამას თვითონ არ ამართლებს, ამბობს კიდეც, ყმა პატრონს არ უნდა დაუპირისპირდესო. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან წიგნი იმისთვისაა დაწერილი, რომ ხალხმა შეცდომებზე ისწავლოს და მეფე არჩილის ერთგული გახდეს. ერთგულების ასეთ მაგალითად კი გიორგი სააკაძე შეირჩა. რატომ მაინცდამაინც ის ადამიანი, ვინც მეფეს შეებრძოლა? ერთი შეხედვით, არჩევანი პარადოქსულია, მაგრამ სინამდვილეში გიორგი სააკაძეს უკვდავყოფენ არა მარტყოფისა ან სხვა დიდი გამარჯვების გამო. მისი უდიდესი დამსახურებაა დიდი ფეოდალების ალაგმვა. ბაზალეთის ბრძოლა სხვა არაფერია, თუ არა დაპირისპირება საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი სააკაძისა და ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე თავადებს შორის. მეფე თეიმურაზი მართალია მთავარსარდალია, მაგრამ ომი „სუფრაჯებმა“ წამოიწყეს, ისარგებლეს რა ხელმწიფის თავმოყვარეობით. შესაბამისად, დიდი მოურავი ებრძვის არა თავის ხელმწიფეს, არამედ დიდ ფეოდალებს საქართველოს ერთიანობისთვის.

ამ დასკვნების გაკეთების საფუძველს „დიდმოურავიანის“ გულმოდგინე ანალიზი მაძლევს. ვფიქრობ, პოემა დიდი მოურავის შესახებ არსებულ ყველა ეჭვს აბათილებს. ის კი არა, შეიძლება ითქვას, რომ გიორგი სააკაძეზე წარმოშობილ წინააღმდეგობრივ შეხედულებებს საფუძვლად ვერ დაედებოდა იოსებ თბილელის ნაწარმოები. სააკაძის პერსონის ოპონენტები ან ცუდად იცნობენ ან უგულვებელყოფენ ამ პოემასან მათ სხვა მიზნები გააჩნიათ. დიდ მოურავზე წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობა თავადების გამოწვეულია. ამის მიზეზი კი ზედმიწევნით კარგად აქვს ასახული ილიას შემდეგ სიტყვებში: „დიდი მოურავი თუმცა ყოვლად ნიჭიერი კაცი იყო, ყოვლად მხნე სახელმწიფო კაცი და წარჩინებული მეომარი და სარდალი, მაგრამ ყოველივე ეს ვერ იპატიებდა მას მდაბალ ბუნებიანთა კაცთა შურისგან. ეს ნაძილარი გრძნობა ადამიანის ავზნეობისა ბევრს მეტოქესა და მოშურნეს მოუგროვებდა მაშინდელ დიდებულებთა შორის, რომელთაც მოდგმა უფრო დიდ ღირსებად მიაჩნდათ, ვიდრე ნიჭიერი დიდბუნებიანობა. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ამ სახელოვანს დიდ მოურავსა მრავალი მტერი აუჩნდა“. ამ ყველაფრით, როგორც ჩანს, კარგად ისარგებლეს მეოცე საუკუნეში და სტალინის ეპოქამაც ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. ასეა თუ ისე, კვლევამ დამარწმუნა, რომ გიორგი სააკაძეზე შექმნილი პირველი მხატვრული ნაწარმოები ობიექტური არის (მიუხედავად იმისა, რომ მონოლოგის ფორმითაა დაწრილი) და მასში არანაირად არაა დაკნინებული დიდი მოურავის ღვაწლი სამშობლოს წინაშე. აქედან გამომდინარე, იგი ვერ გახდებოდა წინააღმდეგობრივი შეხედულებების გამომწვევი მიზეზი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი