შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ფანტაზია ჯულიეტასთვის (IV ნაწილი)

 „მთვარის“ სონატა ერთ-ერთი იმ სასიყვარულო პოემათაგანია, რომელთა გადმოცემაც ადამიანური ენით შეუძლებელია“.

ჰ. ბერლიოზი

 

მასწავლებლების მთავარი ამოცანაა მოსწავლეებთან მუშაობისას სმენის, ემოციისა და ინფორმაციის აღქმის გააქტიურება. ჩემი აზრით, დადებით შედეგს გამოიღებს უდიდესი გერმანელი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის №14 („მთვარის“) სონატის სიუჟეტური და მუსიკალური გარჩევა. ამიტომ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი კომპოზიტორის რთულ ცხოვრებას ხასიათის, ბედისა და შემოქმედების გზაჯვარედინზე.

მოსწავლეებს გავუღვიძოთ პოზიტიური დამოკიდებულება კლასიკური მუსიკის მიმართ. გავაცნობიერებინოთ მუსიკის უდიდესი როლი ჩვენს ცხოვრებაში, რამდენად მნიშვნელოვანია უნარი, სიტყვებით გამოუთქმელი ემოცია, მუსიკით გამოხატო. შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ გაკვეთილის ეტაპები: მოსმენა, გაანალიზება, რეფლექსია და საშინაო დავალება.

მე-14 სონატის მოსმენისას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კომპოზიტორის შინაგანი დიალოგი, შევიგრძნოთ და განვიცადოთ ამ ადამიანის მდგომარეობა. საკუთარ თავს კითხვები დავუსვათ: როგორი იყო იგი? მოხუცი თუ ახალგაზრდა? დავინტერესდეთ, რა შეემთხვა…

შთაბეჭდილება: მოსმენილი მუსიკა ჯერ მშვიდი იყო, შემდეგ ცოცხალი და ბოლოს სწრაფი, მღელვარე. კომპოზიტორების ნაწარმოებებში, უმეტესწილად, მათი ცხოვრებისეული განცდები ირეკლება ხოლმე. იმისათვის, რომ „მთვარის“ სონატის მხატვრული შინაარსი უკეთ გავიგოთ, ბეთჰოვენის ცხოვრება-მოღვაწეობას ჩავუღრმავდეთ.

 

როგორც ვიცით, სონატა ჯულიეტა გვიჩარდისადმია მიძღვნილი. და აი, ლუდვიგი 32 წლისაა, ცნობილი პიანისტი და კომპოზიტორი. მას უკვე მთელი ვენა იცნობს და არისტოკრატულ წრეებშიც მიღებულია. ჯულიეტა კი 16 წლის მშვენიერი გოგონაა, თვით მაესტროს მოსწავლე. და როგორც ხშირად ხდება, მასწავლებელს ის თავდავიწყებით უყვარდება. თავდაპირველად გრძნობა ორმხრივია, მაგრამ კომპოზიტორის წინადადებას მოსწავლე მოულოდნელად უარყოფს და ცოლად გრაფს გაჰყვება.

 

იმ დროისთვის, როდესაც ბეთჰოვენი საფორტეპიანო სონატებს ქმნიდა, ამ ჟანრს, უფრო სწორად, მუსიკალურ ფორმას განვითარების საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა გავლილი. უნდა აღინიშნოს, რომ „მთვარის სონატის“ პირველი ნაწილი დამკვიდრებული, ტრადიციული ფორმის სტრუქტურას არ ემორჩილება, ის თავისუფალ, იმპროვიზაციულ ნიშნებს შეიცავს. ალბათ ამიტომაც უწოდა კომპოზიტორმა სონატას „ფანტაზიის მსგავსი“. ბეთჰოვენმა სიახლე განსხვავებული ვარიანტით მესამე ნაწილსაც დაუკავშირა. პირველი ნაწილის თავშეკავებული მწუხარება, როგორც განვლილი სიხარულის სახე, საბოლოოდ ფინალში შეუჩერებელი ნაკადივით გამოხეთქავს და მწუხარების მშფოთვარე აფეთქებაში გადაიზრდება. „მთვარის სონატა“ ყველა სხვა საფორტეპიანო სონატისგან იმით განსხვავდება, რომ დრამატიზმის ცენტრი მის ბოლო ნაწილში ხვდება.

 

Adagio sostenuto

ახლა ერთხელაც მოვუსმინოთ I ნაწილს. ეს ნაწილი ოცნებასა და თვინიერ სიყვარულს გამოხატავს, რომელსაც დროდადრო ეჭვით აღვსილი წინათგრძნობა აუფერულებს. მელოდია, რომელსაც ჰ. ბერლიოზმა „ტირილი“ უწოდა, ილუზიას ჰგავს, რომელსაც შეიძლება მოეჭიდო როგორც უკანასკნელ იმედს. სონატის პირველ ეპიზოდში ჟღერს მინორული სამხმოვანებები ტრიოლების სახით. ერთიმეორეში უწყვეტად გარდამავალ სამხმოვანებათა თანმიმდევრობას არც ბოლო აქვს და არც დასაწყისი. ტრიოლების „ხვეულას“ მოძრაობები არც ერთი წამით არ წყდება, უსასრულობაში მიმავალ სპირალს ემსგავსება, თითქოს გასასვლელს ვერ პოულობს და „ბრუნავს“ და „ბრუნავს“. ბეთჰოვენი საკვირველი სიზუსტით გადმოსცემს სევდის იმ განცდას, რომელიც მოსაწყენი გამების დაუსრულებელ გამეორებებს გვაგონებს და რითაც თითქოს მუსიკას გვართმევს. ამ დროს, მარცხენა ხელი მელოდიას ოქტავური აკორდებით მიჰყვება.

ინტონაცია ჩუმი და სევდიანია. „მუსიკალური ფერები“ თანდათან მუქდება: ნაღვლიანი ხმოვანება დარდში გადაიზრდება. ოცნების პიკს მიღწეული თითქოს დაბლა ეცემა. წყენის ნაცვლად გაუსაძლისი ტკივილი მოისმის. სონატის პირველი ნაწილი დაბალ რეგისტრში ყრუ გადასვლით სრულდება. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანი საკუთარ თავში ღრმად ჩაიკეტა. პირველი ნაწილი დარდზე მოგვითხრობს, რომელსაც საკუთარი თავის გარდა არავის უზიარებს. შინაგანი კომფლიქტი გადაუწყვეტელი დარჩა.

 

Allegretto

სონატა №14 Allegretto-ს შესახებ ფერენც ლისტმა საკუთარი მოსაზრება ამგვარი მეტაფორით გამოხატა: „მეორე ნაწილი სასოწარკვეთილი ყვავილის მსგავსია, რომელიც ორ უფსკრულს შორის სინათლისკენ მიილტვის“.

„II ნაწილის მშვიდი ხასიათი არასაკმარისად მგრძნობიარე მოსწავლეებში ადვილად გადადის გასართობ სკერცანდოში (Scherzando) და ამით საფუძველშივე არღვევს ნაწარმოების აზრობრივ არსს. მელოდიის პირველი ტაქტები უნებურად გასაშლელ ყვავილსა და ღეროზე ჩამოკიდებულ ფოთლებს მოგვაგონებს. გთხოვთ დაიმახსოვროთ, მე არასდროს ვახდენ მუსიკის „ილუსტრირებას“ ანუ მოცემულ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ ეს მუსიკა ყვავილია. ვამბობ, რომ მას შეუძლია ყვავილის მხედველობითი ასოციაციის გამოწვევა, ასე ვთქვათ, მისი სიმბოლიზაცია“, – წერს ჰენრიხ ნეიჰაუზი.

 

Allegretto შუალედური რგოლია დაძაბულობასა და აფეთქებას შორის. ბობოქარი ფინალის დაწყებამდე II ნაწილის სიცოცხლისადმი სიხარული და თითქმის ბედნიერი განწყობა პირველი ნაწილის სრულიად საწინააღმდეგოა. თუმცა, უფრო ყურადღებით თუ მოვუსმენთ, მეორე ნაწილში გულდაწყვეტის ინტონაციებს აღმოვაჩენთ… ბედნიერება თუ იყო კიდეც – ძალზე ხანმოკლე.

მეორე ნაწილის ერთ პატარა ეპიზოდში, სადაც ნაციონალური, გლეხური საცეკვაო ინტონაცია და რიტმი ჟღერს, სავარაუდოდ, კომპოზიტორი საკუთარ, არაარისტოკრატის პორტრეტს ქმნის. ბეთჰოვენი თავის თავს საყვარელ ადამიანს უპირისპირებს. აქ ნაჩვენებია იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი უმთავრესი – სოციალური კონფლიქტი. „თავადი! ამ ტიტულის წარმომავლობა სრულ შემთხვევითობას წარმოადგენს და ისინი ათასობით არსებობენ. ხოლო იმას, რასაც მე, ბეთჰოვენი წარმოვადგენ, ერთადერთია“, – წერს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. კომპოზიტორი საკუთარი ტრაგედიის მიზეზს ცივი გონებით იკვლევს და კითხვას სვამს: შესაძლებელია კი ორი ისეთი განსხვავებული ადამიანის კავშირი, როგორიც თვითონ და ჯულიეტა არიან?

ანალიტიკური აზროვნების კომპოზიტორი ლოგიკას მომდევნო აზრამდე მიჰყავს: „როგორ მივეცი თავს მოტყუების საშუალება? მე ხომ კარგად ვიცნობ ამ საზოგადოებას? როგორ დავიჯერე?!“ საკუთარ თავზე დაუნდობლად გაბრაზება და ირონია მხოლოდ ბეთჰოვენს შეეძლო.

 

 

Presto agitato

მესამე ნაწილში ემოციების ქარიშხალი მძვინვარებს. სიმწარე, წყენა და თავს დამტყდარი რისხვა ერთმანეთშია გადაჯაჭვული. კომპოზიტორი თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციების დაძლევას ცდილობს. დათრგუნული გრძნობების მიუხედავად, საყვარელ ადამიანზე ფიქრს, როგორც ჩანს, დრო ვერ აქარწყლებს.

სფორცანდოს ინტენსიური გამოყენება რამდენიმე სტრატეგიულად განლაგებულ ფორტისიმოს პასაჟთან შეხამებით ქმნის მეტად ძლიერ ჟღერადობას, მიუხედავად პიანოს ფორმალური გაბატონებისა. ამ ბობოქარ სონატურ ალეგროში ორი ძირითადი თემაა, სადაც ვარირების სხვადასხვა ტექნიკაა გამოყენებული.

რთული ქრომატიზმებითა და ძალზე სწრაფი აქცენტირებული არპეჯიოებით დატვირთული ნაწარმოების ეს ნაწილი საუკეთესო ტექნიკურ ჩვევებს, ვირტუოზულ შესრულებას მოითხოვს.

არაპროფესიონალი მუსიკოსები, რომლებიც სონატის I ნაწილს სიამაყით ასრულებენ, ძალიან იშვიათად უკრავენ II ნაწილს, ხოლო III–ს, რომელიც ვირტუოზულ შესრულებას მოითხოვს – არასოდეს.

ფინალი თვითგვემით ტანჯვიდან გათავისუფლებას, ერთგვარ აღსარებასა და მონანიებას მოგვაგონებს. მუსიკალური ფრაგმენტი თითქოს ერთ ადგილს ტკეპნის, რკინისებრი ნებისყოფის გამომუშავებას ცდილობს. ამით კომპოზიტორი გვაჩვენებს, ნებისყოფის რა სიძლიერე დევს ადამიანის ბუნებაში, აიძულო თავი, იმოძრაო წინ, თვითსრულყოფისაკენ.

ფინალი ცხოვრებისკენ შემობრუნებით სრულდება. კონფლიქტი ამოწურულია. გულზე მხოლოდ ნაწიბური დარჩა და სევდიანი ხსოვნა.

„მთვარის სონატის“ ნამდვილი ისტორია ეს არის.

 

XVIII საუკუნის ბოლოს თავისუფლებისმოყვარე იდეებზე აღზრდილი ბეთჰოვენისთვის ცხოვრება ბრძოლა იყო, მუდმივად წარმოქმნილი დაბრკოლებების გადალახვის გმირული აქტი. ამ უდიდეს ადამიანში მაღალი მოქალაქეობრივი გრძნობა ცხოვრების, სამშობლოს, ბუნების სიყვარულს ეხამებოდა. მისი ურთულესი ცხოვრების პერიპეტიებს თან ახლდა იუმორი, არანაკლებ, ვიდრე ფილოსოფიური ჭვრეტა.

„მთვარის სონატაში“ გადმოცემულია სიკეთისა და ცხოვრების რწმენის განუზომელი ფილოსოფიური სიღრმე ყველასთვის გასაგები ფორმით. არსებობის ას ორმოცდაათი წლის განმავლობაში „მთვარის სონატა“ მუსიკოსებისა და მუსიკის მოყვარულთა აღფრთოვანებას იწვევს. მას მაღალ შეფასებას აძლევდნენ შოპენი და ლისტი (სონატის III ნაწილი შოპენის ფანტაზია-ექსპრომტისთვის შთაგონების წყარო ყოფილა, ხოლო ლისტისთვის განსაკუთრებული დიდება მოუტანია მის გენიალურ შესრულებას). ბერლიოზს, რომელიც საფორტეპიანო მუსიკის მიმართ საკმაოდ გულგრილი გახლდათ, „მთვარის“ სონატა პოეზიად მიაჩნდა, ადამიანის ენით გამოუთქმელ პოეზიად. თავად ავტორს კი ამ ნაწარმოების გადამეტებული პოპულარობა აღიზიანებდა კიდეც. ერთხელ თავის მოსწავლესთან კარლ ჩერნისთან უთქვამს: „რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი ნაწარმოებები შემიქმნია“.

ბეთჰოვენის სონატების შესახებ თომას მანი ამბობს: „სონატა როგორც ჟანრი დასრულდა, თავი ამოწურა: საკუთარი დანიშნულება შეასრულა, მიზანს მიაღწია, რის შემდეგაც გზა დამთავრდა და ის გაქრა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი