შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ფული თუ ჯანმრთელობა?

დიახ, სწორედ ასეთი სასაუბრო თემა იყო თურქული ენის შესასწავლ წიგნში. მოგეხსენებათ, უცხო ენის შესწავლისთვის რამხელა მნიშვნელობა ენიჭება საუბარს. ჰოდა, იმ დღეს ჩვენც ვსაუბრობდით – ფული თუ ჯანმრთელობა? (para mı? sağılık mı?). მასწავლებელს საუბარი იქით მიჰყავდა, რომ ფული რა მოსატანია, მთავარი ჯანმრთელობააო. მოსწავლეებიც, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, ეთანხმებოდნენ – ჭეშმარიტად, ბატონო მასწავლებელოო. მე კი მაშინვე გავიფიქრე, რა მშვენიერი თემაა ჩემი სტატიისთვის-მეთქი.

მაშ ასე – ფული თუ ჯანმრთელობა?

წარმოიდგინეთ, მავანს ფული აქვს, მაგრამ ავადაა. არაფერი სურს, სრულიად არაფერი. არადა, ჯანმრთელი, რომ ხარ, ხომ ყველაფერი გინდა. ამ ყველაფერს კი მხოლოდ ფულით იყიდი.

მოკლედ, ჩემებური ვერსია ასეთია. ორივე აუცილებელია, ფულიც და ჯანმრთელობაც. ფულის გარეშე  სწორი და ხარისხიანი კვება შეუძლებელია (გინდაც ის საკვები საკუთარ ბაღჩაში მოგყავდეს, ფული მაინც დაგჭირდება), კარგი კვების გარეშე კი ჯანმრთელობაა შეუძლებელი.  თუმცა, ისეთი შემთხვევებიც ბლომად არის, სწორედ ფულის ქონის გამო რომ იკვებებიან ხარისხიანად, ოღონდ არასწორად.  სწორედ ფულით შეიძლება სასიამოვნო დასვენება და მოგზაურობა. ეს კი ენდორფინების გამომუშავებას და კარგ განწყობას უწყობს ხელს. განწყობა ოჰ, როგორი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.  ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, თუ მავანი მაინც ავად გახდება, რაც არ უნდა „ლამაზთვალება“ იყოს, არც ექიმი შეხედავს ზედ, არც ანალიზებს გაუკეთებენ უფასოდ და არც აფთიაქში მისცემენ საჩუქრად წამალს. ამიტომ ავად გახდომის შემთხვევაშიც ფულია საჭირო. ავადმყოფს კვებაც სხვანაირი სჭირდება და შესაბამისად, ფულიც სამმაგად მეტი.

აი, ეს ჩემი მოსაზრება გაკვეთილზე შევეცადე თურქულად ჩამომეყალიბებინა. ოღონდ იქვე დავძინე, ფული ყოველთვის „თეთრი“ უნდა იყოს-მეთქი. „თეთრი“ ფული რას ნიშნავსო – არ დააყოვნა შეკითხვამ.

ჩემთვის „თეთრი“ ფული  შრომით და სწორი გზით მოპოვებულს ნიშნავს. ასეთი ფულის აღების შემდეგ ის მშვიდად უნდა დავხარჯო და იმ ღამეს (მომდევნო ღამეებსაც) ძალიან ტკბილად უნდა მეძინოს. არ უნდა ვშფოთავდე, რომ ფული, რომელიც დღეს ავიღე, ხვალ ან ზეგ ყელში ამომდინდება. ეს არის „თეთრი“ ფული.

„თეთრ“ ფულს კიდევ ერთი თვისება უნდა ჰქონდეს. შრომით, რომ იქნება აღებული, იმ შრომის შედეგით სხვა არ უნდა ზიანდებოდეს. მოკლედ, ბოროტი საქმეებით აღებული ფული „თეთრი“ ვერ იქნება.

თუმცა, ქართული ანდაზა მახსენდება, საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე დაიხურეო, ფული იმყოფინეო, ქამარი შემოიჭირეო და რა ვიცი, კიდევ – რა აღარ. ოღონდ ეს ანდაზები, ძირითადად, მხოლოდ მშრომელ და წესიერ ადამიანებს ეხებათ. „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ ანდაზებს არ სცნობენ და სულ საპირისპიროდ იქცევიან.

ანდაზებს იმასაც დავამატებდი, რომ 21-ე საუკუნის ქიმიით სავსე ცხოვრებაში, ოდნავი მოქცევის წესები ისწავლეო, იმისთვის, რომ ავად არ გახდე და შემდეგ ექიმ-აფთიაქებში სამმაგი ფული არ დაგჭირდესო.

ქიმიის საუკუნეა-მეთქი დავწერე და ქიმიის სხვადასხვა პირმშოსთან ერთად, ჩვენი ცხოვრება პლასტმასებით არის სავსე.

თავად პლასტმასი ხელოვნური პოლიმერი გახლავთ,  მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა და დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. სიმტკიცისთვის სხვადასხვა ნივთიერებებს უმატებენ და სწორედ ეს ნივთიერებები აფუჭებენ ყველაფერს. არა, კიდევ მწარმოებლის უსინდისობა და ჩვენი უვიცობაც აფუჭებს საქმეს.

ამ საკითხზე ერთი წერილი უკვე დავბეჭდე. https://mastsavlebeli.ge/?p=13531  იქ საქმე ფტალატებს შეეხებოდა, მათ ქიმიზმზე და მავნებლობაზე ვწერდი. პლასტმასებს სიმტკიცისთვის სწორედ ფტალატებს უმატებენ, რომლებიც შემდეგ ძალიან იოლად მიგრირებენ იმ საკვებსა თუ სითხეებში, რასაც ამ პლასტმასებიდან მივირთმევთ.

დღეს პლასტმასის ჭურჭელს ძირითადად PS პოლისტიროლი აწერია. ამორფული პოლიმერია, მექანიკურად  არცთუ მტკიცე (სწორედ ამიტომ, ფტალატების დამატება სჭირდება), ქიმიურადაც არამდგრადია. კარგად იხსნება აცეტონში, ტოლუოლში, დიქლორეთანში, ბენზინში.

პოლისტიროლი 1839 წელს გერმანელმა აფთიაქარმა ედუარდ სიმონმა მიიღო. ამერიკული ხის Liquidambar styraciflua  წვენისგან მიღებული  სუბსტანცია გამოხადა, რომლის მონომერსაც სტიროლი უწოდა. რამდენიმე დღეში, აღმოაჩინა, რომ სტიროლი ჟელესავით გამაგრდა. 1845 წელს სხვა ქიმიკოსმა, აუგუსტ ვილჰელმ ვონ ჰოფმანმა, აჩვენა, რომ სტიროლის იგივე ტრანსფორმაცია ხდებოდა უჟანგბადო არეშიც.  მიღებულ პროდუქტს „მეტასტიროლი“ უწოდა. 1866 წელს სტიროლიდან მეტასტიროლის ფორმირება პოლიმერიზაციის პროცესს მიაკუთვნეს. მისგან ნაკეთობების წარმოება 1931 წელს დაიწყეს, თავდაპირველად სიმტკიცისთვის თუთიის მტვერს უმატებდნენ, მოგვიანებით კი ის ფტალატებით შეცვალეს.

პოლისტიროლი წარმოებაში ძირითადად დღესაც სტიროლის პოლიმერიზაციით მიიღება. მისგან დამზადებული ნაკეთობა ლღობას 80-100 გრადუსიდან იწყებს, მასში შემავალი  სტიროლი და ფტალატები კი მიგრირებას იწყებენ. სად? მაგ. ცხელ ჩაისა და ყავაში, რომელსაც PS ჭიქით მივირთმევთ, ან ცხელ კერძში, რომელსაც მიკროტალღოვან ღუმელში PS ერთჯერადი თეფშით ან PS კონტეინერით გავაცხელებთ. ჩვენს ორგანიზმში მოხვედრისას, სიამოვნებით დაგროვდებიან ღვიძლსა და თირკმელებში (სხვათა შორის, რეპროდუქციულ ფუნქციასაც თრგუნავენ), რათა შემდეგ ათასი სისაძაგლე გამოიწვიონ და ექიმებთან და აფთიაქებში ფულის სამმაგი რაოდენობა დაგვჭირდეს.

მაშინ სამართლიან კითხვას დასვამთ: რისი მიღება შეიძლება ასეთი ერთჯერადი ჭურჭლით? წყლის, ცივი საკვების, ბუტერბროდების, ნამცხვრის და ხილის. ოღონდ, ხომ ჰქვია სახელი – ერთჯერადი ჭურჭელი -ჰოდა, ერთჯერადად უნდა გამოვიყენოთ!

რაც შეეხება წყალს, დალევა მართლაც შეიძლება, ოღონდ პლასტმასის ბოთლებში ჩამოხსმული წყალი ფუჭდება, ამიტომ ვადა უნდა ინახოს და კიდევ სწორედ უნდა იყოს შენახული. მზე და  სითბო ასეთი პლასტმასისთვის საშიშია.

PS ჭიქებით სპირტიანი სასმელების დალევა შეიძლება? არ შეიძლება, სპირტი აგრესიულ გარემოს ქმნის და სანამ თქვენ ლამაზ სადღეგრძელოს იტყვით, ცოტა-ცოტა ფტალატი და სტიროლი უკვე თქვენს სასმელს შეერევა.

PS ჭიქებით გაზიანი  სასმელების დალევა შეიძლება? არ შეიძლება, ნახშირორჟანგიც აგრესიულ გარემოს ქმნის (განსაკუთრებით სიცხეში), სპირტზე გაცილებით ნაკლებად აგრესიულს, მაგრამ მაინც. მე რომ მკითხოთ, გაზიანი სასმელები მინის ჭურჭლიდანაც არ უნდა დალიოს კაცმა. აქ ვგულისხმობ, რომ საერთოდ არ უნდა დალიოს, თუმცა, თავის ამბავს ყველა თავად წყვეტს.

შემდეგი წარწერა, რაც ერთჯერად პლასტმასის ჭურჭელსა და ბოთლებზე შეიძლება შეგვხვდეს PP პოლიპროპილენია.  პროპილენის პოლიმერიზაცია პირველად 1951 წელს ფილიპ პეტროლეუმის ქიმიკოსებმა  პოლ ჰოგანმა და რობერტ ბანქსმა განახორციელეს. 1954 წელს პროპილენი კრისტალური ფორმით გიულიო ნოტამ და კარლ რეჰანმაც მიიღეს. 1957 წელს იტალიურმა ფირმამ მონტეჯატინიმ  დაიწყო პოლიპროპილენის დიდმაშსტაბიანი კომერციული წარმოება.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 2019 წლისთვის პოლიპროპილენის წარმოებისგან მიღებული მოგება 145 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს და მისი გამოყენება 2021 წლამდე 5,8%-ით გაიზრდება https://www.ceresana.com/en/market-studies/plastics/polypropylene/

საქმეც ეს არის… ვიცით თუ არა ჩვენ, ეს ნაწარმი როგორ გამოვიყენოთ?

PP ნაწარმი  შედარებით მეტად უძლებს მაღალ ტემპერატურას, ამიტომ ცხელი სასმელების და საკვების მისაღებად უფრო გამოდგება. ოღონდ ჯადოსნური სიტყვა „ერთჯერადი“ გახსოვთ, არა? ერთჯერადი ნიშნავს, რომ ერთჯერადად უნდა იქნეს გამოყენებული!

ახლა, სპირტის PP ჭიქებთან ურთიერთობა როგორია? სპირტიანი სასმელები   მისთვისაც აგრესიულ გარემოს წარმოადგენს, მასთან ოდნავ ხანგრძლივად შეხებისას  ფენოლი, ფორმალდეჰიდი და ფტალატები  გამოიყოფა. ამით კი, პირველ რიგში, მხედველობა და თირკმელები დაზარალდება.

სხვათა შორის, შეამჩნევდით, რომ პლასტმასის ჭურჭელში ლუდიც არის ჩამოსხმული. გარდა ამისა, PP და PS ჭიქებს მის დასალევადაც გვთავაზობენ. ლუდი ალკოჰოლს ნაკლები პროცენტით შეიცავს, ამიტომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მისი ჩამოსხმა PP ჭურჭელში შეიძლება. თუმცა… აქ ერთი ყურადსაღები სიტყვაა – „თუმცა“… დიახ, შენახვის პირობებს გააჩნია. ზედმეტი სითბო, მზის სხივები და… უკვე საშიში გარემო იქმნება საშიში ნივთიერებების მიგრაციისთვის.

პირადად მე, ლუდის ყიდვა, რომ მინდოდეს ალუმინის ქილით ან მინაში ჩამოსხმულს შევიძენდი. ერთჯერად თეფშებად და ჭიქებად კი ქაღალდისგან დამზადებულს გამოვიყენებდი.

რადგან…

…რატომღაც მგონია, რომ ჯანმრთელობის დაკარგვის შემთხვევაში გაცილებით მეტი ფულია საჭირო. ამიტომ ელემენტარული ცოდნით და მოქცევის წესებით ფულიც უკეთეს საქმეში დაიხარჯება და ჩვენი კუთვნილი ჯანმრთელობაც ჩვენთან დარჩება.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი