პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პოეზია, როგორც ბედისწერა – ტიციან ტაბიძის `ლექსი მეწყერის~ სწავლებისათვის

პოეზიის სწავლებისას მრავალი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის იმისაც, თუ რა შთააგონებს პოეტს წარმოსახვით შექმნას ახალი პოეტური განზომილება, რომელიც საოცარი მუხტითა და ენერგიით იზიდავს მკითხველს. ამ თემაზე ხშირად პოეტებიც ფიქრობენ და „ამხელენ“ კიდეც თავიანთი შთაგონების წყაროებს.

ლექსი იბადება იდუმალი, ღვთაებრივი წამებიდან, როდესაც ადამიანი განიცდის შემოქმედებით აღმაფრენას (რასაც მუზათა სტუმრობასაც უწოდებენ) და ქმნის რაღაც ახალს, ამოზრდილს განცდებიდან, შთაბეჭდილებებისა თუ გამოცდილებიდან. თუმცა აღმაფრენას თუ არ ახლავს გამოთქმის ხელოვნება, მაშინ სტრიქონებს მოაკლდება ის ვნება, რომელიც მკითხველსაც გადაეცემა.  სიმბოლისტურმა გამოცდილებამ ცისფერყანწელებს და, უპირველეს ყოვლისა, ტიციან ტაბიძეს შესაძლებლობა მისცა სიტყვიერი განზომილების სრულიად სხვაგვარი, უცხო ნიუანსები  აღმოეჩინა და წარმოეჩინა. ფერისა და მუსიკის მრავალფეროვნება იმისთვის მოეხმო, რომ სიტყვისთვის მეტი ძალა მიენიჭებინა.  ამ ლექსით თანაბრად აღივსება მკითხველი ინტელექტუალურ-ემოციური სიამოვნებით.

ტიციან ტაბიძისთვის ლექსი თავისთავადი, დამოუკიდებელი ღირებულებაა, პოეტზე აღმატებული. პოეტური სტრიქონები თითქოს უცნობი წიაღიდან მოედინებიან და მოაქვთ თავიანთი სამყარო. როგორც აკაკი წერს: `სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი ამ ჩემს გონება-გრძნობასა~ (`პოეტი~). როგორც ცნობილია, ჰაგიოგრაფები და ჰიმნოგრაფები სულიწმინდის შეწევნითა და შთაგონებით ქმნიდნენ.

`მე არ ვწერ ლექსებს~, _ ამბობს პოეტი და მკითხველს აოცებს ამგვარი ამოტრიალება ნაცნობი სქემისა, რომლის მიხედვითაც, პოეტია შემქმნელი, შემოქმედი პოეზიისა. ეს მთლიანად ცვლის წარმოდგენას პოეტზე, რომლის ნებაზეა დამოკიდებული ყოველი სტრიქონის დაბადება. `ლექსი თვითონ მწერს~, _ ამბობს პოეტი და ამ სიტყვებით წარმოაჩენს პოეზიის ძალმოსილებას. ამგვარად, ერთი მხრივ, ხაზგასმულია, რომ პოეტზე არ არის დამოკიდებული, თუ რას და როგორ წერს, მეორე მხრივ კი, უფრო მნიშვნელოვანიც, რომ ლექსი ქმნის პოეტს. ყოველი ლექსი თავისებურად ცვლის მის შინაგან სამყაროს, წვრთნის, ზრდის და ხვეწს მის სულს. ეს ერთგვარ თავისუფლებაზე მიანიშნებს. პოეტი მკითხველს ეუბნება: მე ვერავინ მიბრძანებს ლექსის შექმნას, რადგან ლექსი აღმემატება, აქ ლექსი შეიძლება გავიაზროთ, როგორც სიტყვის, ენის სიმბოლო. ენა კარნახობს თუ შთააგონებს პოეტს სტრიქონებს. აუხსნელია ეს ფენომენი. ასე რომ, ლექსი ღვთაებრივ სიმაღლეზეა აყვანილი, გასულიერებულია: `ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს~.

პოეტისთვის სიცოცხლის ღირებულება ლექსით იზომება. ლექსი ამართლებს თითქოს პოეტის არსებობას. რა არის ის დიდი ძალა, რომელიც მთლიანად იმორჩილებს პოეტს და თავის ნებაზე ატარებს?

`ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს~.

ლექსი თავისი დიდი შინაგანი ენერგიითა და მუხტით ჰგავს მეწყერს, რომელსაც შეუძლია ყოველივეს დაშლა და განადგურება, ოღონდ ამ დაშლა-განადგურებაში შენებაც იგულისხმება. ერთიანად შეძრული, ემოციებისა და გრძნობებისგან დამსხვრეული პოეტის სულში ახალი რეალობა იქმნება პოეტური სამყაროს სახით. ამგვარი `საბედისწერო~ დამოკიდებულება მოჩანს ლადო ასათიანის ლექსშიც, რომელიც `ლექს მეწყერზე~ გვიან დაიწერა. ლადო ასათიანიც ჩვეული ექსპრესიით წარმოაჩენს პოეზიის ყოვლისშემძლეობას, მისთვის შეწირულობას:

`რადგანაც მერგო ვიყო პოეტი

ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ,

რადგან ამქვეყნად მისთვის მოვედი,

რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო.

რადგან სხვა რამე, ლექსების გარდა,

ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას,

მჯერა, ამ დიად სიკვდილის კართან

მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად~.

პოეტი სხვათაგან გამორჩეულია, რადგან მას ღვთისგან ბოძებული აქვს ნიჭი ჩვეულებრივ ყოფაში, ნაცნობ საგნებსა და მოვლენებში დაინახოს უხილავი, შენიშნოს სხვათათვის უჩვეულო კავშირები და ზედაპირზე უმშვენიერეს სახეებად ამოზიდოს (როგორც გალაკტიონი წერს ერთ ლექსში `მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს~ (`მე მძინარე ვარ~).

ტიციან ტაბიძე წერს: `მე დავიბადე აპრილს თვეში,

გაშლილ ვაშლების ყვავილებიდან~.

პოეტი, მართლაც, აპრილის თვეში დაიბადა, მაგრამ აქ უფრო მეტად მინიშნებაა სხვაგვარ შობაზე. ის დაიბადა, როგორც პოეტი, ამიტომ მოევლინა სამყაროს რაღაც უცნაურად. გაშლილი ვაშლის ყვავილებიდან დაბადება მეტაფორულად მიანიშნებს პოეტის ბუნებასთან ერთიანობაზე. როგორც აღვნიშნეთ, ამ სტრიქონებში უპირველესად, სულიერი, პოეტური შობა იგულისხმება. მისი შობა ისეთივე მშვენიერია, როგორც გაზაფხულზე ვაშლის ყვავილების გაშლა, როგორც პოეზია. სწორედაც სამყაროსეული მშვენიერებაა მისი მშობელი.

აპრილის თვე ბუნების გაღვიძების, განახლების დროა. სიცოცხლე თავიდან იბადება, სამყარო თითქოს ახლდება. აპრილის თვე და ვაშლის გაშლილი ყვავილები პოეტისთვის ის წიაღია, საიდანაც მუდმივად იღებს, სიცოცხლისთვის, განახლებისთვის აუცილებელ ენერგიას. ლექსში ვკითხულობთ:

`მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში

მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან~.

ნიავის დაბერვაზე ჩამოცვენილი ყვავილები წვიმასავით ეფრქვევა პოეტს თავზე და აღტყინება-სიხარული თვალებიდან ცრემლებად დაედინება. ეს არის, უპირველესად, სიცოცხლის სიხარული. პოეტი მადლიერია ღვთისა, რადგან ეღირსა ამ ცისქვეშეთის ნახვა და დატკბობა მიწიერი მშვენიერებით.

პოეტს სჯერა პოეზიის უკვდავებისა, როგორც ცნობილი ლათინური გამოთქმა ამხელს ამ აზრს: „Ars longa, vita brevis~ – ხელოვნება მარადიულია, სიცოცხლე წარმავალი. პოეტი თავისი შემოქმედებით ქმნის იმას, რაც  წარმავლობას, ხრწნას არ ემორჩილება:

`აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,

ამ ლექსს რომ ვამბობ _ ესეც დარჩება,

ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება

და ეს ეყოფა გამოსარჩლებად~.

პოეტს სჯერა, რომ არ შეიძლება მისი პოეზია უკვალოდ ჩაიკარგოს დროთა უფსკრულში. ერთი მკითხველი მაინც გამოჩნდება, რომელსაც შესძრავს მისი ნაფიქრ-ნაღვაწი, მისი ტანჯვა თუ სიხარული, პოეტურ სახეებად გარდაქმნილი. სწორედ ეს გაამართლებს მის ამქვეყნად არსებობას. ასე დააკავშირებს პოეტური სიტყვა შემოქმედს მარადისობასთან.  პოეტისთვის ყველაზე ძვირფასი მისი მშობლიური `ორპირის ფშანებია~. სწორედ აქ, ამ ადგილას აახილა თვალი და შეიცნო სამყარო. აქაურმა პეიზაჟებმა მის ლექსებში შემოინახეს ფერი და სურნელი.

ლექსები იყო პოეტის უპირველესი სულიერი საზრდო და ამიტომაც პოეზიის გარეშე ვერც წარმოედგინა სიცოცხლე.  `ლექსები – საგზალი~ – პოეტი მეტაფორულად წარმოაჩენს, რომ ლექსი აცოცხლებს, სიტყვა ასაზრდოებს; სახარებისეული სწავლება: `არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღვთისა~ – პოეტისთვის ლოგოსის შემეცნების გზაცაა. ნამდვილი პოეზია ღვთის სიყვარულს აჩენს და აღვივებს.

ტიციან ტაბიძე თავის პიროვნულობას სწორედ პოეზიის გზით წარმოაჩენდა და ამტკიცებდა. აქ, პოეზიის წარმტაც საუფლოში, აუნჯებდა თავის ბედნიერებას, ამიტომაც თვალი, გული და გონება სულ მისკენ ჰქონდა მიპყრობილი, თვითონაც განიცდიდა პოეზიისგან მოგვრილ ღვთაებრივ აღმაფრენას და მკითხველსაც აზიარებდა მხატვრულ სახეებში, სიმბოლოებში გამჟღავნებულ საიდუმლოს.

`ბედნიერებას მას უმალავდნენ~ – ამ სტრიქონებში ულმობელი დრო ირეკლება. საბჭოური იდეოლოგია გულისხმობდა ხელისუფლებისთვის მაამებელი ლექსების თხზვას, რაც უზღუდავდა პოეტს ნებას. ის ხედავდა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში დამცრობილ, ღირსებააყრილ, დამორჩილებულ, დამოუკიდებლობადაკარგულ ქართველ ერს და იტანჯებოდა. ამიტომაც, ულმობელ რეალობას თავდაღწეული მხოლოდ პოეზიაში, ხელოვნებაში აფარებდა თავს, ეს იყო მისი საკუთარი, ხელშეუხებელი სამყარო. აქ  იყო ბედნიერი, თავისუფალი. ამ სამყაროს უსაზღვრო და თავისუფალ მშვენიერ სივრცეში ის მკითხველებსაც მასპინძლობდა და სიხარულს განაცდევინებდა.

`ქართული მზისა და ქართული მიწის~ ერთგულება კი მის ლექსებს განუმეორებელ მშობლიურ ხიბლს ანიჭებდა, ამიტომაც კითხულობდნენ მაშინაც და ახლაც პოეზიის მოყვარულნი მის ლექსებს ასე ხარბად. ასეთივე გატაცებით წაიკითხავენ მომავალშიც, რადგან მის პოეზიას საერთოდ, და ამ ლექსს განსაკუთრებით, აქვს ის შინაგანი ძალმოსილება, რომელიც თვალნათლივ არწმუნებს მკითხველს  `მეწყერივით~ ლექსის დიდებულებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი