პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ფანტაზია ჯულიეტასთვის (II ნაწილი)

ხელოვნების მიზანი თავისუფლება და პროგრესია.

ლ. ვ. ბეთჰოვენი

 

1800 წელს ბეთჰოვენმა ვენაში იტალიელი არისტოკრატები – გვიჩარდები გაიცნო. ამ პატივცემული ოჯახის ქალიშვილს, ჯულიეტას, მუსიკა გაგიჟებით უყვარდა, კარგი მუსიკალური მონაცემებიც ჰქონდა და ფორტეპიანოს გაკვეთილების მიღება ვენის საზოგადოების კერპის, კომპოზიტორ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისგან მოინდომა. სიმპათიით აღვსილმა ბეთჰოვენმა ჯულიეტას უფასო გაკვეთილები შესთავაზა, რის სანაცვლოდაც მოსწავლე მასწავლებელს დროდადრო საკუთარი ხელით მოქარგული პერანგებით ასაჩუქრებდა.

1801 წლის ზაფხული კომპოზიტორმა ჯულიეტას დედის ნათესავის, გრაფ ბრუნსვიკის მამულში გაატარა. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული ზაფხული კომპოზიტორის ცხოვრებაში უბედნიერესი იყო. ბედნიერებით აღსავსემ, სონატაზე მუშაობა დაიწყო. გადმოცემის თანახმად, ტალავერი, სადაც ის მომაჯადოებელ მუსიკას ქმნიდა, დღემდეა შემორჩენილი. ავსტრიაში მე–14 სონატა „ტალავერის სონატის“ სახელწოდებითაა ცნობილი.

დიდი კომპოზიტორი ადამიანებში მხოლოდ კარგს ხედავდა. ჯულიეტა მას სრულყოფილ და უმანკო ანგელოზად წარმოედგინა, რომელიც მწუხარებისა და მღელვარების გასაქარწყლებლად მოევლინა. ლუდვიგს ქალში სიცოცხლის სიყვარული და სილაღე ხიბლავდა. მათ შორის გაჩენილმა ნაპერწკალმა კომპოზიტორი ცხოვრებისკენ შემოაბრუნა. ბეთჰოვენი უკვე ჯულიეტაზე ქორწინებაზეც ოცნებობდა. მეგობარ ფრანც ვეგელერისადმი მიწერილ მის წერილში ვკითხულობთ: „ახლა მე უფრო ხშირად გავდივარ საზოგადოებაში. ჩემი ცხოვრება უფრო მხიარული გახდა. ცვლილება გამოიწვია სანდომიანმა გოგონამ, რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც მიყვარს. ამ ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ჯადოსნური მომენტი იყო. ნათელი წუთები ჩემს ცხოვრებაში ისევ დაბრუნდა და პირველად ვიგრძენი, რამდენად შესძლებია ქორწინებას ადამიანის გაბედნიერება“.

ლუდვიგს პატარა ბიჭუნასავით შეუყვარდა ნორჩი მოსწავლე. ფუქსავატ ჯულიეტას ხიბლავდა გენიალური კომპოზიტორის ყურადღება და იმავეთი პასუხობდა. გოგონა მაღალ საზოგადოებაში გამოჩენაზე ოცნებობდა, საკუთარ სახლზე, სადაც წვეულებებს გამართავდა, მაგრამ თანდათან მიხვდა, რომ უბრალო ოჯახიდან გამოსული კომპოზიტორი ყოველივე ამას ვერ მისცემდა. ამასთან ერთად, ბეთჰოვენის სიყრუემ თანდათან დაუკარგა მისდამი ინტერესი. ერთ მშვენიერ დღეს ჯულიეტამ ახალგაზრდა გრაფთან გააბა  რომანი და მოულოდნელად ცოლადაც გაჰყვა.

ჯულიეტამ გულგრილად მიატოვა უდიდესი კომპოზიტორი და გამოსათხოვარი წერილიც დაუტოვა, რომელშიც ერთი გენიოსის მეორეზე გაცვლის გადაწყვეტილებას ამცნობდა: „მე მივდივარ გენიოსისგან, რომელიც გამარჯვებულია, მივდივარ გენიოსთან, რომელიც იბრძვის აღიარებისთვის. მინდა, მისი მფარველი ანგელოზი ვიყო“. საყვარელმა ქალმა ლუდვიგს ორმაგი დარტყმა მიაყენა: როგორც მამაკაცს და როგორც მუსიკოსს – ზურგი აქცია მას და ცოლად გაჰყვა გრაფ გალენბერგს, მუსიკის უნიჭო შემქმნელს.

ბეთჰოვენის ფიზიკურ ტანჯვას სულიერიც დაერთო. ის განადგურებული იყო. „საბრალო ბეთჰოვენო, – მიმართავდა საკუთარ თავს, – არ არის შენთვის ბედნიერება ამ ქვეყანაზე“. მარტოსულმა და უბედურმა, საყვარელი ადამიანისგან მიტოვებულმა, გენიალური „მთვარის სონატა“ დაასრულა. მის ამ უკვდავ ქმნილებაში გრძნობების მთელი ქარიშხალი: ვნება, იმედი, ეჭვი, სასოწარკვეთილება, მრისხანება, მწუხარება, ტკივილი და, რა თქმა უნდა, სიყვარულია თავმოყრილი.

ბედნიერი წლები ბეთჰოვენს ძვირად დაუჯდა. ამ სიყვარულმა უფრო მტკივნეულად აგრძნობინა, რა უბედურება იყო სიყრუე და რაოდენ მერყევი იყო მისი მდგომარეობა.

30 წლის კომპოზიტორი მიხვდა, რომ სიყრუის გამო მარტოობისთვის იყო განწირული. შიშმა და იმედგაცრუებამ ბეთჰოვენი თვითმკვლელობაზე ფიქრამდე მიიყვანა, მაგრამ ის მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სისუსტეს დამორჩილებოდა. „ადამიანო, დაეხმარე საკუთარ თავს!“ – ამ შთამაგონებელი სიტყვებით უმკლავდებოდა ლუდვიგი ყოველდღიურ სირთულეებს.

მხოლოდ მუსიკა თუ შეძლებდა ბეთჰოვენისთვის რწმენის დაბრუნებას. უცნაურია, რომ ყოველივე ამის შემდეგ მან კიდევ ოცდახუთი წელი იცოცხლა.

 

სულიერ განცდებთან ერთად ტანჯავდა. კომპოზიტორს ყურებში ხმაურიც ტანჯავდა. თავდაპირველად ბგერები ოდნავ დახშული ეჩვენებოდა. საუბრისას გამუდმებით ითხოვდა ნათქვამის გამეორებას. ბოლოს მიხვდა, სმენას კარგავდა. ბეთჰოვენი თავის სნეულებას საგულდაგულოდ მალავდა და ჩუმად იტანჯებოდა.

„მთვარის სონატის“ შექმნის პროცესში კომპოზიტორმა სიჩუმეს ვღარ გაუძლო და, სასოწარკვეთილმა, ტრაგიკული საიდუმლო სკოლის მეგობარ ფრანც ვეგელერს გაანდო: „ჩემი ცხოვრება უბადრუკია. მე ყრუ ვარ, ჩემი ხელობის კაცისთვის კი ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს… რამდენიმე წელია, ყოველგვარ საზოგადოებას გავურბი, რადგან არ შემიძლია, ხალხს ვუთხრა: ილაპარაკეთ ხმამაღლა, იყვირეთ, ვინაიდან მე ყრუ ვარ! ამ ავადმყოფობის დაძლევა რომ შემაძლებინა, მსოფლიოს ჩავიხუტებდი“.

სიყრუის მიზეზი უცნობი დარჩა. შესაძლოა, ეს სმენის ზედმეტი გადაძაბვა ან ყურის ნერვის ანთება ყოფილიყო… ასეა თუ ისე, ლუდვიგს დღედაღამ ტანჯავდა ყურებში ხმაური, შველა კი, სამწუხაროდ, პროფესიონალებსაც არ შეეძლოთ.

აფორიაქებული კომპოზიტორი 1802 წლის 6 ოქტომბერს ცნობილ „ჰაილიგენშტადტის ანდერძში“ ის წერს: „ო,ადამიანებო, რა უსამართლონი ხართ ჩემ მიმართ, ბოროტი, გიჟი, კაცთმოძულე გგონივართ. თქვენთვის უცნობია საიდუმლო, რის გამოც ასეთი გეჩვენებით. ბავშვობიდან მთელი გულითა და გონებით სიკეთისა და ნაზი გრძნობების გამოხატვისკენ მივისწრაფოდი და ყოველთვის დიდი საქმეების აღსასრულებლად ვიყავი მზად. მაგრამ დაფიქრდით, უკვე ექვსი წელია, ავბედით მდგომარეობაში ვარ… მე სრულიად ყრუ ვარ!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი