შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ნევროზი ბავშვებში

თითქმის ყველა ოცნებობს, შვილი განათლებულ, წარმატებულ და ღირსეულ პიროვნებად აღზარდოს. მიზნის მისაღწევად მშობლები ძალასა და ენერგიას არ იშურებენ – არჩევენ საუკეთესო სკოლას, საუკეთესო მასწავლებელს, ხშირად რეპეტიტორებსაც არ აკლებენ ბავშვს, დაჰყავთ მუსიკალურ სკოლაში, ქორეოგრაფიულ სტუდიაში, სპორტულ სექციაში, თუმცა ხდება ისეც, რომ მათი ძალისხმევა უშედეგოდ ჩაივლის. ეს აღიზიანებს მშობლებს. ისინი გაოცებას ვერ მალავენ იმ ბავშვების სასწავლო შედეგებით, რომლებიც მშობლების დაუხმარებლად აღწევენ წარმატებას.

ვინაიდან ბავშვის ქცევა მისი ემოციებით იმართება და წარმატებას ხშირად ინტელექტუალური შესაძლებლობები და დაგროვილი ცოდნა კი არა, ემოციური სტაბილურობა განსაზღვრავს, ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესო იქნება ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რა იწვევს ნევროზს, ემოციური არამდგრადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმას, და როგორ ავიცილოთ ის თავიდან.

ნევროზი არის ფსიქიკური მდგომარეობის დარღვევა მატრავმირებელი ზემოქმედების შედეგად. ის არ წარმოადგენს სახიფათო ან მძიმე დაავადებას, აქვს დროებითი ხასიათი და ექვემდებარება მკურნალობას. თუმცა უფროსები, პედაგოგები და მშობლები, ყოველთვის ვერ ახერხებენ მისი ადრეული სიმპტომების ამოცნობას და სათანადოდ ვერ აფასებენ ბავშვის ნევროზული მდგომარეობის სერიოზულობას.

იმისთვის, რომ ნევროზის დასაძლევად საჭირო მუშაობა სწორი მიმართულებით წარიმართოს, აუცილებლად უნდა გავერკვეთ მის მიზეზებში.

გამოყოფენ ბავშვებში ნევროზების გამომწვევი მიზეზების ორ ჯგუფს:

  • ფიზიოლოგიური – მემკვიდრეობითი მიდრეკილება, მძიმე ორსულობა, გართულებული მშობიარობა, ადრეულ ასაკში გადატანილი მძიმე დაავადება, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, გადაღლა, ტრავმები;
  • ფსიქოლოგიურიარაკეთილსასურველი გარემო, დაძაბული ურთიერთობები, არახელსაყრელი ფსიქოლოგიური კლიმატი ოჯახში, მკაცრი აღზრდა, ჰიპერმზრუნველობა, ძლიერი ემოციური განცდები, სტრესი, გადამეტებული ინტელექტუალური დატვირთვა, თავისუფალი დროის დეფიციტი, მოუმზადებელი დავალების ან საკონტროლო სამუშაოში მიღებული არასასურველი შეფასების გამო დასჯის შიში, მშობლის მოლოდინებისა და ბავშვის რეალური შესაძლებლობების შეუსაბამობა, ინდივიდუალური პიროვნული თავისებურებები, ურთიერთობის სირთულეები, კონფლიქტები თანატოლებთან, მასწავლებელთან, შიში, არ გახდეს გარშემო მყოფთა დაცინვის ობიექტი, საკუთარ თავში ჩაკეტილობა, სასწავლო მასალის ათვისების სირთულეები, ემოციური მოუმწიფებლობა (უკანასკნელ ხანს მშობლები ცდილობენ, ბავშვი რაც შეიძლება ადრე შეიყვანონ სკოლაში და ორიენტაციას მის გონებრივ შესაძლებლობებზე იღებენ, მაგრამ ემოციური მოუმწიფებლობის გამო, ბავშვი სასკოლო დატვირთვისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდება ხოლმე, რაც, თავის მხრივ, ნევროზის აღმოცენების მიზეზად იქცევა).

პრობლემის მოსაგვარებლად სასურველია ვიცნობდეთ ნევროზის არა მხოლოდ მიზეზებს, არამედ სიმპტომებსაიც. იმისდა მიხედვით, რითია გამოწვეული, ნევროზის სიმპტომებსაც შეიძლება ჰქონდეს ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური ხასიათი:

  • ფიზიოლოგიური სიმპტომები – უძილობა, უმადობა, გულისრევა, პირღებინება, ბულემია, ანორექსია, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, კუნთების სპაზმური ტკივილები, კრუნჩხვები, მოძრაობითი ფუნქციის დარღვევა, სისუსტე, მოთენთილობა, სწრაფი დაღლა, სიფითრე, კანკალი, ტკივილები გულისა და მუცლის არეში;
  • ფსიქოლოგიური სიმპტომები – ემოციური არამდგრადობა, გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება, გაღიზიანებადობა და აგრესიულობა, დათრგუნულობა, უგუნებობა, ჭირვეულობა, ისტერიკის შეტევები, აპათია, დეპრესია, ნერვული ტიკი.

საინტერესოა, რომ ნევროზს იშვიათად აქვს მონოსიმპტომური ხასიათი. ის, წესისამებრ, ვლინდება ერთდროულად ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სიმპტომებით. მაგალითად, თავის ტკივილმა ან კუნთების სპაზმებმა შესაძლოა, თავის მხრივ, გაღიზიანება და ისტერიკა გამოიწვიოს, უფროსების უზომო სიმკაცრემ კი – შიშები.

 

რეკომენდაციები ბავშვთა ნევროზების თავიდან ასაცილებლად

  • ნევროზის პროფილაქტიკა ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე უნდა დაიწყოს დედისათვის მშვიდი, უსაფრთხო გარემოს შექმნის, სტრესებისთვის თავის არიდების, შიშებისა და შფოთვის გადალახვის, გაურთულებელი მშობიარობისთვის სათანადო განწყობის შექმნის გზით;
  • მოგვიანებით საჭირო იქნება ძალისხმევა ბავშვის ნერვული სისტემის განსამტკიცებლად და იმ გამღიზიანებლების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც მის დაძაბვას იწვევს;
  • ოჯახში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის და ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის კეთილსასურველი გარემოს შექმნა;
  • მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების თავიდან ასაცილებლად ნდობით აღჭურვილი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
  • სწორი დღის რეჟიმის შემუშავება და დაცვა;
  • ზომიერი, ბავშვის შესაძლებლობების შესაბამისი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა;
  • მკაცრად ვაკონტროლოთ ჩვენი მოლოდინები – ნუ მოვითხოვთ ბავშვისგან დიდ ცოდნას, რეკორდულ მიღწევებს, ზებუნებრივი უნარების გამომჟღავნებას და მუდმივად მაღალ ქულებს. ასეთი შეფასებების მისაღებად ბრძოლაში ზიანდება ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ის გამუდმებით ნერვიულობს, უქვეითდება თვითშეფასება, კარგავს საკუთარი თავის რწმენას, იღლება, კარგავენ ინტერესს სკოლისა და სწავლის მიმართ, ურთულდება მეგობრებსა და მშობლებთან ურთიერთობა, ეკარგება მათი ნდობა. ამიგად, აკადემიური მიღწევებისთვის ბრძოლას ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ფასად არავითარი გამართლება არა აქვს.
  • ბავშვის მოძრაობითი აქტივობის უზრუნველსაყოფად საჭირო პირობების შექმნა. სკოლებში ამისთვის ნამდვილად არ არის სასურველი გარემო – ბავშვები იძულებულები არიან, რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად ისხდნენ, შესვენების დროს მათგან სირბილისა და ზედმეტი მოძრაობისგან თავშეკავებას მოითხოვენ. ფიზკულტურის კვირაში ორი გაკვეთილი კი მეტისმეტად ცოტაა იმისთვის, რომ ბავშვმა მოძრაობითი აქტივობის დეფიციტი შეივსოს. დაგროვილი ენერგიისაგან გასათავისუფლებლად სასურველია, ბავშვი დროდადრო ბუნებაში გავიყვანოთ, აქტიური თამაშის საშუალება მივცეთ, ვავარჯიშოთ, უკიდურეს შემთხვევაში ყოველდღიურად ვატაროთ ფეხით სუფთა ჰაერზე.
  • საქმიანობის მონაცვლეობა – თუ ბავშვი ბევრ დროს ატარებს მეცადინეობაში, აუცილებელია, გონებრივ შრომას სეირნობა, მოძრაობითი თამაშები, ვარჯიში, სპორტი, ლაშქრობა შევუნაცვლოთ.
  • ვიზრუნოთ, რომ ბავშვს ძილი და დასვენება არ დააკლდეს, რადგან ეს აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური ძალების აღსადგენად. სრულფასოვანი ძილი ნევროზის თავიდან აცილების კარგი საშუალებაა.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებთან ნევროზის თავიდან აცილება გაცილებით ადვილია, ვიდრე მკურნალობა, მაგრამ თუ ბავშვის მდგომარეობა მაინც გაუარესდა, ნევროზის სიმპტომები კი გაძლიერდა, ნუ გადავდებთ ექიმთან ვიზიტს. საჭირო იქნება კომპლექსური მკურნალობა ისეთი სპეციალისტების მონაწილეობით, როგორიცაა ფსიქოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ფსიქოთერაპევტი, მასაჟისტი და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი