სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბავშვთა უფლებები სკოლამდელ დაწესებულებებში: ზეიმები ბავშვების წინააღმდეგ

ბავშვის უფლებების შესახებ მსჯელობა დღეს უკვე აღარ წარმოადგენს იშვიათობას. მედიაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა თუ ინტერნეტსივრცეში ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ხშირად (ერთ-ერთი პერსპექტივიდან მაინც) სწორედ მათი უფლებების კონტექსტში ხდება. თუმცა ამ უფლებათა შესახებ წარმოდგენები ხშირად ზედაპირულია და არ ეფუძნება უფლებების მატარებელ სუბიექტად ბავშვის წარმოდგენას. ამის ნათელი მაგალითია შემთხვევა, როდესაც მასწავლებელს მიაჩნია, რომ ბავშვის უფლებები „ზედმეტ თავისუფლებას“ ანიჭებს ბავშვებს, ხელს უშლის მასწავლებელს „ეფექტური“ აღზრდისა და დისციპლინირების პროცესში (მაგ., სხვადასხვა ფორმით ძალადობა ბავშვზე სასურველი ქცევის მიღწევის მიზნით). ასეთ დროს საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, ბავშვის დაკნინებასა და ობიექტივაციასთან („ბავშვის განცდები აწმყოში უმნიშვნელოა, რადგან ის ჯერ არ არის „ჩამოყალიბებული“ ადამიანი“), მეორე მხრივ კი პროფესიული ცოდნის ნაკლებობასთან, ვინაიდან ზემოაღნიშნული დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებულ ცოდნას, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა გრძელვადიან და ხშირად შეუქცევად უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის განვითარებაზე, სწავლის უნარზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

 

ბავშვის უფლებების კონვენცია და ძირითადი პრინციპები

 

ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ მთავარ საერთაშორისო სამართლებრივ აქტს წარმოადგენს 1989 წელს მიღებული ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის რატიფიცირება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ მოახდინა (აშშ-ის გარდა). საქართველო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა[1]. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციით განსაზღვრული უფლებები განუყოფელია, გამოყოფენ ოთხ პრინციპულ უფლებას, რომელთა გარეშე შეუძლებელია სხვა დანარჩენი უფლებების განხორციელება[2]. ეს უფლებებია:

  1. დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება (მუხლი 2);
  2. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება (მუხლი 3);
  3. სიცოცხლის, გადარჩენისა და განვითარების უფლება (მუხლი 6);
  4. ბავშვის მონაწილეობის უფლება, ბავშვის შეხედულებების პატივისცემა (მუხლი 12).

 

სწორედ ბავშვის მონაწილეობითი უფლებების აღიარება გვთავაზობს ბავშვის განსხვავებულ ხედვას: ის აღარ წარმოადგენს მხოლოდ ზრუნვის ობიექტს, დაუცველ, სუსტ, არარაციონალურ, არასანდო, გამოუცდელ, არაკომპეტენტურ და განუვითარებელ არსებას[3]. ბავშვი პიროვნებაა, რომლის მოსაზრებების აღიარება, პატივისცემა და გათვალისწინება მისი სხვა უფლებების რეალიზების პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება. ბავშვის წარმოდგენები და შეხედულებები აღარ აღიქმება როგორც უმწიფარი და ჩამოუყალიბებელი ზრდასრულის წარმოდგენებსა და შეხედულებებთან შედარებით. ისინი აღიქმება როგორც მათგან განსხვავებული. ამ შემთხვევაში ამოსავალ წერტილს წარმოადგენს არა ზრდასრულის „სწორი“ პერსპექტივა, არამედ ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვთა შეხედულებები ეხმარება ზრდასრულებს უკეთ გაიგონ მათი გამოცდილება.[4]

 

საგანმანათლებლო დაწესებულება როგორც უფლებების რეალიზების ადგილი

 

საბავშვო ბაღები და სკოლები, ინსტიტუციური მოწყობითა და ფუნქციური დატვირთვით, ბავშვების სხვადასხვა უფლების რეალიზების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვები ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ, ხშირად – უფრო მეტს, ვიდრე შინ ან რომელიმე სხვა გარემოში. საქართველოში სკოლამდელი ასაკის ბავშვები საბავშვო ბაღში ყოველდღიურად საშუალოდ 8-9 საათს ატარებენ (კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ აწესებს საჯარო სკოლამდელი დაწესებულების მუშაობის 9-საათიან სავალდებულო დროს). ბუნებრივია, ბაღისა თუ სკოლის პირდაპირი ფუნქცია განათლების უფლებას უკავშირდება, რომელიც, კონვენციის 29-ე მუხლის მიხედვით, უნდა ემსახურებოდეს:

  • თითოეული ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების მაქსიმალურ განვითარებას;
  • ბავშვის მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას;
  • საკუთარი და განსხვავებული კულტურის, ენის, ფასეულობების პატივისცემას;
  • ბავშვის მომზადებას თავისუფალ საზოგადოებაში შეგნებული ცხოვრებისთვის ურთიერთგაგების, თანასწორობის, მშვიდობისა და შემწყნარებლობის სულისკვეთებით;
  • გარემოსადმი პატივისცემის გაღვივებას.

საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამასთანავე, ის სივრცეა, სადაც ბუნებრივად ხდება თამაშისა და გართობის უფლების რეალიზება (მუხლი 31)1. იმავდროულად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის შეხედულებების გათვალისწინება საგანმანათლებლო დაწესებულების ცხოვრების წარმართვაში (მუხლი 12). ის, თუ რა კუთხით მიიღებენ ამაში აქტიურ მონაწილეობას ბავშვები, დამოკიდებულია მათ „ასაკსა და სიმწიფეზე“. როდესაც ადრეულ ასაკში ბავშვებისთვის აქტუალური მათი უშუალო გარემო და თამაშებია, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე შესაძლოა ისინი სკოლის მართვის აქტიური და ეფექტური თანამონაწილენი იყვნენ. დღეს უკვე არაერთი კვლევა ადასტურებს საბავშვო ბაღებში ბავშვების შეხედულებათა მოსმენის მნიშვნელობას სასწავლო გარემოსა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის, ვინაიდან ის გვთავაზობს უშუალოდ „განმცდელის“ პერსპექტივას (სიტუაციებზე, გარემოზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე). რა თქმა უნდა, თუ ბავშვს სურს, გააცოცხლოს დინოზავრები, მასწავლებელი და ბაღის ადმინისტრაცია ბევრს ვერაფერს გახდებიან, მაგრამ ცვლილებების განხორციელება ნამდვილად შესაძლებელია, თუ საუბრისას აღმოვაჩენთ, რომ გოგონებს კუბებით თამაშისკენ გული იმიტომ არ მიუწევთ, რომ იქ ბიჭები უხეშად ექცევიან და დასცინიან, ან ზოგიერთი ბავშვი იმიტომ არ ხატავს საღებავებით, რომ ეშინია, დასვრილი ტანსაცმლის გამო მშობლისგან საყვედური არ მიიღოს, ან ვერ იტანს ეზოში გასვლას, რადგან იქ ერთი ქალია, რომელიც სულ ეჩხუბება ბავშვებს.

საბავშვო ბაღში, ყოველდღიური აქტივობებისა და თამაშების გარდა, ბავშვების მონაწილეობის უფლების რეალიზების შესანიშნავი საშუალებაა განსაკუთრებული ღონისძიებები. ისინი შესაძლოა უკავშირდებოდეს რომელიმე დღესასწაულს ან მოვლენას (მაგ., ახალ წელს, საბავშვო ბაღის დასრულების დღეს) ან სპონტანურად დაიგეგმოს ბავშვების რომელიმე ინტერესის გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ღონისძიებები ბავშვების მონაწილეობის, თამაშის და გართობის უფლებების რეალიზებას უნდა ემსახურებოდეს, საქართველოში დამკვიდრებულ პრაქტიკას ხშირად არაფერი აქვს საერთო ზემოაღნიშნულ უფლებებთან.

 

ზეიმი

საქართველოს სკოლამდელ დაწესებულებში ღონისძიებები „ზეიმების“ სახელით დამკვიდრდა და ერთგვარი ტრადიციული ფორმა მიიღო. ზეიმი უმეტესად ტარდება საახალწლო და საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე. ის, წესისამებრ, მოიაზრებს ხანგრძლივი რეპეტიციების შედეგად ბავშვების მიერ პოეტური, მუსიკალური და საცეკვაო (იშვიათად – დრამატული) ნომრების წარმოდგენას ბაღის თანამშრომლებისა და მშობლების წინაშე. ზეიმის არსი ბავშვების მიერ აღმზრდელის, მუსიკისა თუ ცეკვის მასწავლებლის ან ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიერ წინასწარ განსაზღვრული რეპერტუარის დაზეპირებაში მდგომარეობს, რაც იმთავითვე გამორიცხავს ბავშვთა აზრის გათვალისწინებას ზეიმის დაგეგმვისა და მომზადების პროცესში. ვინაიდან დასაზეპირებელი ლექსები, სიმღერები და ცეკვები ხშირად ბავშვებისთვის გაუგებარი, ნაკლებად საინტერესო და ასაკობრივადაც შეუსაბამოა, რეპეტიციები თვეობით მიმდინარეობს და ყოველდღიური თამაშებისა და ღირებული საგანმანათლებლო აქტივობების ადგილს იკავებს. შეიძლება ითქვას, რომ ზეიმს ყველა განსაკუთრებულად ელოდება, გარდა ბავშვებისა. საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია თავს იწონებს „წარმატებული“ და მასშტაბური ზეიმებით მმართველი რგოლების წინაშე. აღმზრდელებისთვის, მუსიკისა და ცეკვის მასწავლებლებისთვის ზეიმი წარმოადგენს მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგის დემონსტრირების საშუალებას. მშობლებს კი მიაჩნიათ, რომ ზეიმზე მათი შვილები აქტიურობას, ნიჭსა და ღირებულ ცოდნას წარმოაჩენენ. თუმცა, სავარაუდოდ, ყველა მშობელი ასე არ ფიქრობს. ბევრისთვის ზეიმი ტვირთია: იმისთვის, რომ მათი შვილები ზეიმის მიღმა არ დარჩნენ, სხვადასხვა ხარჯის გაწევა უწევთ, მაგ., სპეციალური კოსტიუმის შეკერვა (ზეიმების მნიშვნელოვან მახასიათებლად იქცა კოსტიუმირებული შოუ), ზეიმის ფოტო– და ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა, ანიმატორების (სანტა კლაუსი, ფიფქია და ა.შ.) მოწვევა… პოპულარულია ამგვარი ზეიმების ვიდეოჩანაწერების მომზადება და ინტერნეტსივრცეში განთავსება (მათ ადვილად მოიძიებთ ისეთ საიტებზე, როგორიცაა იუთუბი და ფეისბუქი). მიუხედავად ერთმნიშვნელოვანი ნაკლოვანებებისა, ამ ტიპის ზეიმები საზოგადოებაში ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა და მათი პრობლემურად წარმოჩენა თითქმის არ ხდება. მეორე მხრივ, ეს ალბათ არ არის გასაკვირი ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 60% დასაშვებად მიიჩნევს ბავშვზე ძალადობას და სჯერა, რომ მას დადებითი აღმზრდელობითი ეფექტი აქვს[5].

პოზიტიური დამოკიდებულება ზემოაღნიშნული ტიპის ზეიმების მიმართ მიუთითებს, რომ სკოლამდელი განათლების მიზნები, ბავშვის უფლებები და საბავშვო ბაღში მათი რეალიზების შესაძლებლობები მონაწილე მხარეებს (გარდა ბავშვებისა) სრულიად არ აქვთ გააზრებული.

 

რა ნაკლოვანებები აქვს დამკვიდრებულ ზეიმებს?

  • ზეიმები მთლიანდ უფროსების მიერაა მართული. მათი შინაარსობრივი ნაწილი ბავშვებისთვის ხშირად უინტერესო და გაუგებარია (მაგრამ, პრაქტიკულად, სავალდებულო), აცდენილია ბავშვების რეალურ ინტერესებს და იმ მრავალფეროვან თემებს, რომლებიც ნამდვილად უყვართ და აინტერესებთ (მაგალითად, იშვიათი არ არის ლექსები „მიწიერ სამოთხეზე“, „ძეწნის ალერსზე“ სამშობლოსთვის თავგანწირვაზე და სხვა). სწორედ ამაზე მიუთითებს “წარმატებული” ზეიმების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ფართოდ ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში. უმრავლეს შემთხვევაში ბავშვები მოვალეობის მოხდის მიზნით უხალისოდ იმეორებენ გაზეპირებულ სიტყვებსა და მოძრაობებს, ხშირად ავიწყდებათ და მასწავლებლების მითითებების მოლოდინში დაბნეულები იყურებიან ირგვლივ.
  • ზეიმის ფორმატი – ბავშვების „ცოდნისა“ და „ნიჭიერების“ დემონსტრირება – ეფუძნება სწავლის მცდარ გაგებას, კერძოდ, სწავლა გათანაბრებულია დაზეპირებასთან. ბავშვების რეალური შესაძლებლობები, მათი აზროვნება, შემოქმედებითობა უგულებელყოფილია; ასევე უგულებელყოფილია ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რომელთა დაუფლებაც სწორედ ადრეულ ასაკში იწყება და რომლებიც უმნიშვნელოვანესია კრიტიკულად, შემოქმედებითად და მოქალაქეობრივად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
  • წარმოდგენების გამართვა უამრავი ნაცნობი და უცნობი უფროსის წინაშე ბევრი ბავშვისთვის სტრესულია, განსაკუთრებით – მათ მიმართ ხაზგასმული მოლოდინების ფონზე (მასწავლებლებისა და მშობლების მხრივ). ზეიმებზე და მათთვის მოსამზადებელ პერიოდში იშვიათი არ არის ბავშვებში გადაღლა და სტრესი.
  • ზეიმი ხშირად გულისხმობს საკმაოდ დიდ ხარჯებს, რაც დამატებითი ტვირთია ბევრი ოჯახისთვის (კოსტიუმების შეკერვა, ანიმატორების დაქირავება და ა.შ.), მაგრამ ამ ტვირთის თავიდან აცილება წარმოუდგენელია მშობლისთვის, რათა ბავშვი არ დარჩეს ბაღისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების მიღმა.
  • ზოგიერთი ბავშვისთვის ზეიმი იმედგაცრუებისა და მტკივნეული გამოცდილების წყაროა. ხშირად ზეიმის ორგანიზატორები გამოარჩევენ „ნიჭიერ“ და „ლამაზ“ ბავშვებს, რომლებსაც წამყვან როლებს მიაკუთვნებენ, ხოლო „ჩუმი“ და „არაფრით გამორჩეული“ ბავშვებისთვის ადგილი მოცეკვავეთა გუნდის მხოლოდ უკანა რიგებში მოიძებნება. ამდენად, ზეიმები ხშირად უსამართლო პრინციპებს ეფუძნება: მასწავლებლების მიერ (ან ობიექტურად) პრივილეგირებული ბავშვების წახალისებას, ხოლო დანარჩენების მიმართ უყურადღებობას.
  • ზეიმები არ არის მორგებული ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებსა და ინტერესებს: ერთი მხრივ, დაზეპირებული ნომრების უინტერესოდ შესრულებისას ხელოვნურად ესმება ხაზი ინფანტილიზმსა და ბავშვურ სისუსტეს, მაშინ როდესაც ბავშვებს გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე შინაარსისგან დაცლილი ტექსტებისა და მოძრაობების დაზეპირებაა; მეორე მხრივ, ზეიმებზე ხშირად ხდება ზრდასრულთა უხერხული იმიტაცია (მაგ., გოგონების მაკიაჟი, ხაზგასმით „დიდური“ კოსტუმები და სხვა).
  • ყოველივე ზემოთქმულს მივყავართ დასკვნამდე, რომ ასეთი ზეიმების დროს ბავშვი არ განიხილება როგორც მონაწილე მხარე, როგორც სუბიექტი, რომლის შეხედულებები, გრძნობები და დამოკიდებულებები თანაბარმნიშვნელოვანია ზრდასრულთა შეხედულებებისა. ამ ფორმით დადგმული ზეიმების ერთადერთი მიზანია ბავშვი-ობიექტის წარმოჩენა ზრდასრულთა წარმოდგენების შესაბამისად (როგორი უნდა იყოს ამ ასაკის ბავშვი, რა უნდა შეეძლოს, რა უნდა იცოდეს და ა. შ.). ასეთი დამოკიდებულება უგულებელყოფს ბავშვს როგორც პიროვნებას.

 

არსებობს სკოლამდელ დაწესებულებებში ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩატარების მრავალი საშუალება და ფორმა, რომლებიც არათუ არ არღვევს ბავშვის უფლებებს, არამედ, პირიქით, მათი რეალიზების წყაროა. საჭიროა რამდენიმე ძირითადი პრინციპის დაცვა:

  • ბავშვის ინტერესების გათვალისწინება შინაარსისა თუ ფორმის თვალსაზრისით: სამშობლოსთვის თავგანწირვაზე ლექსები ადრეულ ასაკში გაუგებარი და უინტერესოა; ბავშვებმა შესაძლოა თავად შექმნან ლექსები, რომლებიც გაგაკვირვებთ იუმორით, რითმითა და სიხალასით[6][7][8]. ბავშვებისთვის მასწავლებლის მიერ ნაკარნახევი ზღაპრის დიალოგების დაზეპირებაზე გაცილებით საინტერესო იქნება, თავად გააცოცხლონ საყვარელი ზღაპარი ისეთი ფორმით, როგორითაც სურთ; თავად მოიფიქრონ და შექმნან პერსონაჟის კოსტიუმის დეტალები და ერთად შეთანხმდნენ აუდიტორიაზე უფროსების ჩარევის გარეშე.
  • განსაკუთრებული დღე: ღონისძიება განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი უნდა იყოს თითოეული ბავშვისთვის. ამისთვის შესაძლოა ერთი შეხედვით მცირე დეტალის მოფიქრებაც კი საკმარისი აღმოჩნდეს. მაგალითად, 21 დეკემბერს წელიწადში ყველაზე გრძელი ღამის აღსანიშნავად ყველა უცნაურად გამოწყობილი მიდის საბავშვო ბაღში – ღამის პერანგებით! ეთამაშებიან მასწავლებელთან ერთად კვირის განმავლობაში დამზადებულ „დედამიწის“ კონსტრუქციას, რომელსაც კაშკაშა „მზის“ გარშემო ატრიალებენ და ხან თეთრ დათვს აძინებენ ზედ, ხან – ჟირაფს. ბავშვები იხსენებენ თავიანთ საყვარელ სიზმრებს და ემზადებიან მთვარისა და ვარსკვლავების ფორმის ორცხობილების გამოსაცხობად. მალე მშიერი მშობლები მოვლენ, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ორცხობილებით ჩაიტკბარუნონ პირი.
  • ბავშვების უნიკალური სააზროვნო და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა: ღონისძიებები საშუალებას უნდა აძლევდეს ბავშვებს, გამოხატონ თავიანთი უნიკალური შესაძლებლობები და შეხედულებები მათთვის საინტერესო და სახალისო ფორმით. მაგალითად, ზეიმის დღეს ჯგუფის ოთახი სულ მთლად თეთრია, რადგან იატაკსა და კედლებზე – ყველგან თეთრი ფორმატის ქაღალდი გაუკრავთ. მასწავლებელი აკვირდება ბავშვების რეაქციებს, აღფრთოვანებას, ინტერესს, უსმენს მათ და ეკითხება: რა შეიძლება გააკეთონ ამ უღიმღამო ოთახში? მერე იდეებს შეაჯერებს და მხიარული ზეიმიც იწყება: ბავშვები ერთმანეთს ენაცვლებიან – ზოგი ხელების „აფრიკულად“ მოხატვით გართულა, ზოგს ტამტამი მოუმარჯვებია და ადრე ნასწავლ რიტმს ოსტატურად უწყობს მეგობარს, სხვები კი საღებავებს არჩევენ და იატაკის ფეხებით მოსახატად ემზადებიან.

ჰენრი დარჯერი [9]

[1] კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ. (1989), https://matsne.gov.ge/ka/document/view/1399901

[2] ნ. ვუჩკოვიჩ ჩაჰოვიჩ, ი.ე. დოეკი, ჟ. ცერმატენი. (2012). ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული გამოცემა, 2015)

[3] Penn, H. (2005). Understanding early childhood. Issues and controversies. Open University Press: Berkshire.

[4] MacNaughton, G. & K. Smith. (2009). Children’s rights in early childhood – Chapter 10. In An Introduction to childhood studies, Ed. M.J. Kehily. Open University Press

[5] გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID. (2013). ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში. ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ. https://unicef.ge/uploads/Unicef_VAC_GEO_Final3_02_09.pdf

[6] Pramling Samuelsson, I., M. Asplund Carlsson, B. Olsson, N. Pramling & C. Wallerstedt. (2009). The art of teaching children the arts: music, dance and poetry with children aged 2 – 8 years old. International Journal of Early Years Education 17 (2), 119-135.  

[7] D. Varga. (2000). Hyperbole and humor in children’s language play. Journal of Research in Childhood Education, 14 (2), 142-151.

[8] E. Loizou. (2004). Humorous bodies and humorous minds: Humor within the social context of an infant child care setting. European Early Childhood Education Research Journal, 12 (1), 15-28.

[9] სურათი – Henry Darger, illustration from The Story of the Vivian Girls, in What is Known as the Realms of the Unreal, of the Glandeco-Angelinian War Storm, Caused by the Child Slave Rebellion. https://greenlanternpress.wordpress.com/tag/henry-darger/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი