ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

          მდინარე

გავდივარ ჩემი კორპუსიდან (პოლიტკოვსკაიას 44. ყოფილი ჯიქიას 18 ა). წინა კორპუსთან ზევით ვუხვევ. მარცხნივ ბავშვთა სახლია – ძველი, ერთსართულიანი შენობა. ბავშვები ეზოში დარბიან, ჩერდებიან და მიყურებენ. ხელს ვუქნევ, ისინიც მიქნევენ. მე გზას ვაგრძელებ, ისინი – თამაშს. ბავშვთა სახლის წინ სამხედრო პოლიგონია, სადაც ბოლო ორი წელია აღარ ისვრიან, თორემ ადრე სულ ისროდნენ. ავტომატის ხმა ყოველდღე ისმოდა.  კვირაში რამდენჯერმე კი, რა იყო არ ვიცი, მაგრამ ისეთ იარაღს ისრვოდნენ ხოლმე, მის ხმაზე ავტომანქანების სიგნალიზაციები ირთვებოდა და სახლებში ბზარს ბზარი ემატებოდა. საოცარი რამეა: ბავშვთა სახლი და მის წინ სამხედრო პოლიგონი.

ზევით კერძო სასაფლაოა. საფლავები ფერდობზე მთის სოფელივითაა შეფენილი. სასაფლაოს გავცდი და უფრო ზევით მივუყვები მოასფალტებულ გზას. აღმართის თავში მაღალი ძაბვის უშველებელი ბოძის ქვეშ ვდგები და ვერეს ხეობას გადავყურებ. პატარა ეზოდან ძაღლი მიყეფს. მარჯვნივ და ზევით, შორს, სააგარაკე სახლები მოჩანს. პირდაპირ და ზევით კი – წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. წყნეთისკენ ამავალ გზაზე ავტომანქანები მოძრაობენ, გზიდან ვერემდე ღვარცოფებით ჩამორეცხილი უშველებელი კლდეა. ვერე ამ კლდეს მიუყვება, მეორე ნაპირზე კი ნაძვნარია. აქედან არ ჩანს, მაგრამ ნაძვის ტოტებზე პოლიეთილენის პარკები და მდინარის ადიდების დროს ჩამოტანილი ხმელი ბალახი და ლამია შერჩენილი.

უკვე ორი წელი გავიდა ცამეტი ივნისის ტრაგედიიდან და ამ ხეობაში მას მერე არ ვყოფილვარ. რაღაცნაირად გული ამიცრუვდა ამ მდინარეზე. არადა, ადრე სულ დავდიოდი ხოლმე. სტიქიის მსხვერპლთა შორის ჩემი ნაცნობი და ახლობელი არავინ ყოფილა, მაგრამ ის ღამე მაინც უდიდეს კოშმარად გამყვება მთელი ცხოვრება. თბილისის ქუჩებში მოსეირნე ზოოპარკის ცხოველები. ვეფხვის მიერ დაგლეჯილი მუშა. მაშინ ბროსეს ქუჩაზე ვცხოვრობდი. კალაპოტიდან გადმოსულმა მტკვარმა ლამის ჩვენს სახლამდეც მოაღწია. მხოლოდ ტელევიზორით ვადევნებდი თვალს იმ ახალგაზრდებს, სტიქიის მერე რომ იდგნენ გმირთა მოედანზე და მზიურში და ქალაქს ასუფთავებდნენ. მეც მინდოდა მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ ჩემი ცოლი მუშაობდა, ბავშვი მაშინ ბაღში არ დადიოდა და დამტოვებელი არავინ იყო.

ჩავყურებ ვერეს ხეობას. ისევ სამშენებლო ნაგვის გორები დგას. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მხოლოდ ჩემი სახლის გარშემო ხუთი მაღალსართულიანი სახლი შენდება, მთელ ქუჩაზე რამდენი – ღმერთმა უწყის. ჰოდა, სამშენებლო ნაგავი აქ მოაქვთ და ყრიან, შორს წასაღებად თავს არ იწუხებენ.

ოდესღაც, თხუთმეტი წლის წინ, როცა ჩემს კორპუსში ფართი შევიძინეთ, მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა პირველ სართულზე. მე და მამაჩემმა ამ სამშენებლო ნაგავსაყრელზე აგურები მოვაგროვეთ. ძირითადად გადატეხილი აგურები იყო, მაგრამ მთელებიც ერია. დაქირავებული სატვირთო მანქანით კორპუსამდე მივიტანეთ და ზურგით ავზიდეთ მეექვსე სართულზე. მოგროვილი აგურებით გამოვყავით ჩვენი ფართი სხვისი ფართისგან და ამოვიყვანეთ უკლებლივ ყველა კედელი.  ამისთვის, ალბათ, მადლობელი უნდა ვიყო, მაგრამ ჩემი მადლიერება რა სახსენებელია, საკითხავი ის არის, როდის ადიდდება ისევ ვერე და როდის ამოქოლავს ამ და ხეობის სხვა ადგილებში დახვავებული სამშენებლო ნაგვით რომელიმე გვირაბს.

დიახ, საკითხავი აი ეს არის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი