პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რეპორტაჟი დილიდან

კარგი ხალხია მეეზოვეები, უხარიათ, როცა ესალმები!
სხვა ამბავია ნაცნობის მისალმება; რაღაც – სოციალური სტატუსი (შენი ან მისი), ვალდებულებები, წარსული კავშირები – აიძულებს გაგიღიმოს. შენც ხშირად ხარ იმ იძულებულის ადგილას. შენც იღიმები ნაძალადევად. რაღა თქმა უნდა, ხშირად გულითაც იღიმები, ვიღაცებს შენი ნახვაც უხარიათ, მაგრამ მეეზოვეები მაინც სულ სხვაა. მათ არაფერი ავალდებულებთ, გაგიღიმონ, მაგრამ ხშირად იმდენად შეუმჩნეველი რჩება მომსახურე კლასი, რომ მეეზოვეებს გულწრფელად უხარიათ მისალმება.
და მეც გავდივარ შინიდან დილის ექვსი საათისთვის, გავდივარ, რომ ვიარო. ეს სიარული რაღაცნაირი მიზეზია, თითქოს ბურჟუაზიულ კლასს მიგაკუთვნებს, რაღა თქმა უნდა, დილით, ექვს საათზე, როცა მეეზოვეები შრომას იწყებენ, როცა გამვლელი თუ შეგხვდა, ისიც მძინარე სახით მირბის რომელიღაც, სავარაუდოდ, მცირეანაზღაურებად სამსახურში. თორემ დღისით რამდენიც გინდა, იარე, უამრავი იქნება შენნაირი.
გამოვდივარ და ხარბად ვიღებ დილის ენერგიას. ნახევარი წელიწადია, სიგარეტს თავი დავანებე და ძალიან გავსუქდი. ახლა ვცდილობ, უკვე მერამდენედ როგორმე მოვერიო კილოგრამებს.
პირველი სიხარული ჩემი მეეზოვეა, ლამაზი შუახნის ქალი, ამას წინათ გაბრწყინებული სახით მომიყვანა და გამაცნო თავისი ქალიშვილი, 25-27 წლის, ისიც ლამაზი. ფორმა არ ეცვა და სულ სხვანაირი, ლაღი და გაშლილი გაუყვა ჩვენს ქუჩას ქალიშვილთან ერთად, თითქოს ყველას გვაჩვენებდა, აი, მეც რა განძის პატრონი ვარო. ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. მეც გავილექსე, დედათქვენი ეზოში ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს, ეჭვიც არ მეპარებოდა, ასეთ ლამაზ ქალს შვილიც რომ ლამაზი ეყოლებოდა-მეთქი. იცინოდნენ და ერთმანეთს მხრით ეყრდნობოდნენ.
უნდა ვაღიარო, სახელი არ ვიცი, რაღაცნაირად ისე გახდა ახლობელი, ვერ ვკითხე, ახლა მერიდება. მაგრამ ვიცი, რომ ყოველთვის გვახარებს ერთმანეთის დანახვა, მარტო კი არ გვახარებს, მე მალაღებს კიდეც. ახალგაზრდაა, ლამაზი, ჯან-ღონით სავსე და თავისი ფართო ღიმილით, ასე მგონია, მეც მჩუქნის ენერგიის რაღაც ნაწილს.
ყველა მეეზოვე, რა თქმა უნდა, ასეთი არ არის. ზოგი უშნოა, ზოგიც – ლამაზი, ზოგი უჟმურია და ზოგიც – სევდიანი, მაგრამ სალამი ყველას უხარია. შეიძლება, დილის ბრალიცაა. სიჩუმეა, ჩიტები ჭიკჭიკებენ, გარემო თითქოს რაღაცნაირად უფრო ჰგავს საკუთარ თავს და ადამიანს მეორე ადამიანის შემჩნევის საშუალებას უფრო აძლევს.
აი, წინა მეეზოვე სულ სხვანაირი იყო, დაღლილი და სევდიანი, და მისი ამბავიც ძალიან სევდიანად დასრულდა.
სამოცს იქნებოდა გადაცილებული, საშუალოზე მსუქანი იყო და რაღაცნაირად სათუთად თეთრი. უცნაურია, როგორ შეიძლება, მეეზოვის სახის კანს არასოდეს მოეკიდოს მზე, მაგრამ ყოველთვის თეთრი იყო, თეთრი, ფითქინა, და საოცარი ცისფერი თვალები ჰქონდა. მისალმებაზე ისიც ღიმილით გპასუხობდა, ამოსწევდა ამ დიდრონ ცისფერ თვალებს და ისე შემოგაფეთებდა, სახის კანზე იგრძნობდი მათ შეხებას. სევდა მაინც სულ ედგა. აი, რომ არიან, რაც არ უნდა აცინო და ამხიარულო, მარადიული სევდა რომ არ გადასდით მზერიდან, ეგეთი იყო. საქმითაც რაღაცნაირად დაღლილი მუშაობდა. ზურგიდანაც რომ გეყურებინა, ის სევდა მარტო მოძრაობაშიც ეტყობოდა. ავად ყოფილა, წნევები ჰქონია, მაგრამ მაინც არა მგონია, მხოლოდ ფიზიკური მონაცემების, ჯანმრთელობის და ასაკის ბრალი ყოფილიყო.
ერთ დღეს ეზოში შემომავალი ცუდ ამბავს შევესწარი. მუშაობისას ინსულტმა დაარტყა. არ იყო ძალიან მძიმედ, მეტყველება გაუჭირდა, მაგრამ ბოლომდე არ გათიშულა, ხელ-ფეხიც თითქოს უმოძრავებდა. რამდენიმე მეზობელმა გამოვუძახეთ სასწრაფო, დავურეკეთ შვილთან, დაველოდეთ, სანამ წაიყვანდნენ. ერთი იყო ძალიან ცუდი – მეცხრე სართულიდან ჩამოვიტანეთ სკამები, რომ ექიმების მოსვლამდე დაგვესვა და ფეხები აგვეწევინებინა. სხვებმა, უფრო ახლო სართულებზე მცხოვრებლებმა, ალბათ სკამები დასამტვერიანებლად ვერ გაიმეტეს.
მერე ეს მოვიდა, ეს ახალგაზრდა და ლამაზი. ამან იმ ცისფერთვალებასი არაფერი იცოდა, გვერდით ქუჩის მეეზოვეს ვკითხე და ბიულეტენს აღარ უნაზღაურებენ და ძალიან უჭირს, შვილიც ავად ჰყავსო. მერე ინსულტს გაუმეორებია და გარდაცვლილა.
ჰო, ასეა, ყოველთვის მხიარული და ჯანიანი ამბებით არ იწყება დღე თუ გზა, ხანდახან ძალიან სევდიანია.
დიდუბეში ვცხოვრობ, მირცხულავას ქუჩაზე. შინიდან ორნაირად შემიძლია გავიდე: უკანა ეზოდან, რომელიც მაუდკომბინატის ( ქარხანა იყო ასეთი) კედელს და საბავშვო ბაღს ესაზღვრება და წინიდან – სკოლისა და წერეთლის გამზირისკენ მიმავალი თაღის გავლით.
ეს მაუდის ქარხანა ახლა ნაქარხნალია, მაგრამ მაშინ, ჩემს საბჭოთა ბავშვობაში, ქუხდა და გუგუნებდა, მგონი, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში. იმ საბავშვო ბაღში მუშებს ბავშვები ღამითაც შეეძლოთ დაეტოვებინათ. სკოლაში 1979-ში შევედი, ბაღი სულ ერთი წელი მომიწია, ბოლოში მომისწრო.
უნდა ვთქვა, ძალიან მიყვარდა: ბაღიც, იქაური სუპებიც, იქაური მეგობრებიც (ერთი დღემდე გამომყვა) და იქაური შეყვარებულიც. ისიც მახსოვს, როგორ ვაწყობდი გეგმებს, ერთი კვირა სულ მემხიარულა იმ ბიჭის თვალწინ, ერთი კვირა მოწყენილს მევლო. თუ შევძელი, აღარ მახსოვს, მაგრამ სიყვარული უპასუხოდ არ დარჩენილა და მერე სკოლაშიც გაგრძელდა, სანამ მესამე კლასში ტრაგიკულად არ გადავიდა სხვა სკოლაში. მე კი ერთი 5 წელი მაინც ვინახავდი მის ნაჩუქარ პენალსა და სახაზავს, რომელზეც უბრალო ფანქრითა და ბავშვური ასოებით ეწერა: „კობასაგან“. ჩემი სახელი არ ეწერა, ისედაც ცხადი იყო, მაშინ კიდევ იმას არ ვიფიქრებდი, თავის სახელს აწერს, ჩემსას – არა, ესე იგი საკუთარ არსებობას პრიორიტეტს ანიჭებს-მეთქი. მაშინ უბრალოდ მიხაროდა.
ახლაც მიხარია ამ ბაღთან გავლა. მართალია, წერეთლის გამზირის მხარეს ნახევარი დაცვის სამსახურმა იქირავა და აგურის ლამაზი ფასადი ლურჯად გადაღება, მაგრამ ჩვენკენ, ეზოსკენ, ისევ აგური და საბავშვო ბაღია. ამ ბაღის ეზოს კუთხეში ალუჩა იდგა და რაც თავი მახსოვს, მისი აყვავებით ვიგებდი გაზაფხულს. წელს ადგნენ და მოჭრეს. მართალია, ნაძვები დარგეს და გაიხარა, ის კიდევ ძალიან ბებერი იყო, მაგრამ მაინც, ასე მეგონა, ბავშვობა მომიჭრეს. იმ ნაძვებზე ისე ვიეჭვიანე, გადავწყვიტე, ეს უთავმოყვარეოდ მთელი წელი მწვანე ხეები საერთოდაც არ მიყვარს-მეთქი, მაგრამ მერე გამიარა. გამოფენის ბაღში, სადაც ასევე დავდივარ ხოლმე, ერთი-ორი ისეთი მაგარი ნაძვი დგას, რომ არ გიყვარდეს, არ გამოდის.
მოკლედ, აქეთ, უკანა ეზოსკენ, ბევრი რამე შეიცვალა. მაგრამ მარცხნიდან რომ ქარხნის ღობე მიუყვება, რაც თავი მახსოვს, ეგეთია.
გავიდოდი ამ ეზოდან და გულისფანცქალით ვხვდებოდი ხოლმე რომელიმე შეყვარებულს. ტელეფონის აპარატი იქვე ეკიდა და შეეძლოთ, დაერეკათ. უფრო სწორედ, შეყვარებული ერთი იყო, დანარჩენები იმ ერთისგან გაქცევის მცდელობებს წარმოადგენდნენ.
ეზოდან რომ გავდივარ, ხანდახან მგონია, უამრავი თეონა, უამრავი ჩემი თავი მომყვება, მოდის ჩემთან ერთად: ზოგს კრემისფერი, ნავივით საყელოიანი მანტო აცვია, ძონძებში რომ ვიყიდე და გემრიელად ვატარე ბევრი წელიწადი, ზოგს – ჭრელი სარაფანი, დეიდაშვილმა რომ შემიკერა, ზოგი სკოლაში მიდის, ზოგი – სოფელში და ყველანი სევდიანად, თვალის გამოპარებით ცდილობენ, მე კი არ დამინახონ – თავიანთი თავი დამანახონ, მე კიდევ უკვე სხვა ვარ, სხვა რაღაც მაცვია და არსადაც არ მივდივარ, უბრალოდ დავდივარ, ეგეთები ადრე არ მიქნია.
მოკლედ, ამ უკანა მხარემ ცუდად იცის მოურჩენელი წარსულივით თავის წამოწევა და ისევ წინიდან გავალ. აი, სკოლა და თაღიანი გასასვლელ რომაა, იმ მხრიდან. თანაც აქეთ ერთი კარგი გასართობი მეგულება.
ეს წერეთლის გამზირზე გამავალი თაღი სამნაწილიანია. შუაში მანქანები გადიან, აქეთ-იქით პატარა ნაწილებში ფეხით მოსიარულეების ადგილია. ამ ფეხით მოსიარულეების ადგილსა და სამანქანო გზას შორის კიდევ რაღაცნაირად ოთხი მანქანის შემოყენებაა შესაძლებელი. მესმის, ადგილების ნაკლებობაა ქუჩაში, მაგრამ ის მძღოლები ცოტათი მაინც თუ მოინდომებენ, ადვილად დადგებიან ისე, რომ, ფეხით მოსიარულე იქნება თუ ეტლით მოსარგებლე, ადვილად გაიაროს. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველ მძღოლებს სასტიკად აგვიანდებათ, ნახევარ წუთსაც ვერ დახარჯავენ ფეხით მოსიარულეთათვის და ამიტომ ხშირად ტოვებენ მანქანებს ისე გაჩხერილს, რომ მოსიარულე უნებურად შუა სამანქანო გზაზე გადადის. იქვე სკოლაა, ამ ფეხით მოსიარულეთა შორის ბევრია ბავშვიც. მოკლედ, ეს ამბავი ძალიან მაწუხებს და როცა მცალია, პატრულს ვიძახებ პატრული სხვადასხვანაირი მხვდება და სხვადასხვა დროს ანდომებს მოსვლას. ერთი ვისწავლე – არასწორი პარკირებისთვის მძღოლს ეკუთვნის ათლარიანი ჯარიმა და პატრული კიდევ უპრობლემოდ იგებს მათ ტელეფონს და ისე კარგად ჩამოაბუნძულებს ხოლმე, ამ ძალიან რომ აგვიანდებოდათ იმ მძღოლებს, მათ ნახვას არაფერი სჯობს. განსაკუთრებით – დილის ექვს საათზე.
თან უკვე სტრატეგიაც მაქვს შემუშავებული, გამოიძახებ და მიდიხარ, მოვლენ, გირეკავენ და მოდიხარ, მაინც ახლოს ხარ და მაინც სწრაფი ნაბიჯით დადიხარ.
დილით ერთხელ რომ გამოაძვრენ საწოლიდან, ის მძღოლი მეორედ ეგრე აღარ დადგება, მაგრამ ეგრე უთენია ამბავი არ ვრცელდება, მე კიდევ დღისით ნაკლებად მცალია ხოლმე, თორემ დღისით როცა ვიძახებ, მერე ერთხანს აღარ ეჩხირებიან.
მოკლედ, დავდივარ, ტელეფონში მუსიკას ვუსმენ. ცოტა მიხარია, ცოტას ვმაიმუნობ, ცოტა სამოქალაქო ვალსაც ვიხდი, მერე ავალ, წყალს გადავივლებ და სამსახურისკენ გავექანები.
იქაც, სამსახურში, ისეთ დროს მივალ, დამლაგებლები გამოფენილნი იქნებიან, იმათაც ყველას ვეტყვი დილა მშვიდობისას, ისინიც გულით შემომღიმებენ, მერე ფიქრები წამიღებს და გასაღებით ხელში აღმოვაჩენ, რომ დაცვას ეს გასაღები ისე გამოვართვი, გამარჯობა არ მითქვამს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი