პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

5 მითი ახალგაზრდებსა და სოციალურ მედიაზე

ამერიკელი მკვლევრის დანა ბოიდის წიგნი ეჭვქვეშ აყენებს ახალ ტექნოლოგიებზე საყოველთაოდ გავრცელებულ წარმოდგენებს

 

მოზარდებს მუდამ იზიდავდა საჯარო სივრცე, სადაც შეეძლოთ მეგობრებთან ერთად ყოფნა, ახალი მეგობრების შეძენა და თანატოლებთან უსასრულოდ საუბარი საინტერესო თემებზე. თანაც ეს ის ადგილებია, სადაც ისინი მშობლებს ან სხვა ოფიციალურ „მოზრდილებს” არ ელიან.

ასეთი შეკრებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის. ეს ის საშუალებაა, რომლის დახმარებითაც მოზარდები იფართოებენ სოციალურ თვალსაწიერს, ერთმანეთს უზიარებენ თვალსაზრისს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ექსპერიმენტირებენ თავიანთი პიროვნების სხვადასხვა ვერსიაზე და ივითარებენ მშობლებისგან და, საზოგადოდ, ზრდასრული ადამიანებისგან დამოუკიდებლობის გრძნობას, რაც თავისთავად აუცილებელია ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბებისთვის.

ბოლო დრომდე ადგილები, სადაც მოზარდები იკრიბებოდნენ ან ხვდებოდნენ ერთმანეთს, ფიზიკურ, გეოგრაფიულ სივრცეში იყო, დღეს კი ასეთი სივრცე ხშირად კიბერნეტიკულ-ვირტუალურ ინტერნეტსამყაროში მდებარეობს.

ბევრი ზრდასრული ადამიანი ამის გამო საგონებელშია ჩავარდნილი, ბევრიც შეძრწუნებულია. მიზეზი გახლავთ დრო, რომელსაც ბავშვები ონლაინ რეჟიმში ატარებენ და ის, რითაც ამ დროს არიან დაკავებულნი. დანა ბოიდის (რომელიც თავის სახელს მთავრული ასოების გარეშე წერს) შესანიშნავ წიგნს ეწოდება „It’s Complicated: The Social Lives of Networked Teens

[1]

(„ეს ჩახლართული ამბავია: ქსელში მყოფი მოზარდების სოციალური ცხოვრება”). წიგნი, რომელიც 2014 წელს გამოიცა, დაიბეჭდა იელის უნივერსიტეტში და საფუძვლად დანა ბოიდის სადოქტორო კვლევა დაედო. 2005-2012 წლებში დანამ თითქმის მთელი აშშ მოიარა. მოგზაურობისას იგი ხვდებოდა მოზარდებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, ბიბლიოთეკარებს, ახლაგაზრდულ რელიგიურ ორგანიზაციებს და სხვებს, ვისაც მოზარდებთან უწევდა მუშაობა. ამასთან, როგორც თავად წერს, მან ურიცხვი საათი შეალია მოზარდების ონლაინ „კვალის” შესწავლას ანუ იმ აქტივობის კვლევას, რომელსაც ახალგაზრდები თავიანთ ბლოგებში, სოციალურ ქსელებში და სხვა სოციალურ მედიაპლატფორმებზე ახორციელებდნენ. გარდა ამისა, დანამ თანამკვლევართან, ელის მარვიქთან ერთად მოზარდებს ჩამოართვა 166 ფორმალური, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ მათი სოციალური მედიაქცევის შესახებ.

როგორც წიგნის სათაური გვაუწყებს, შეუძლებელია, ბოიდის გამოკვლევის შედეგები რამდენიმე წინადადებაში მოაქციო. წიგნი ააშკარავებს რამდენიმე პრიმიტიულ მითს მოზარდებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც ასე ხშირად გვხვდება პოპულარულ მედიაში ან გვესმის მოზრდილთა საუბრებიდან. ქვემოთ გთავაზობთ 5 ძირითად მითს და რამდენიმე სხვასაც, რომლებიც, ქალბატონი ბოიდის თქმით, ასევე შეესაბამება გავრცელებულ წარმოდგენებს.

მითი #1: ტექნოლოგია იწვევს სოციალურ იზოლაციას

მოზარდი („თინეიჯერი”, როგორც უკვე ხშირად მოიხსენიებენ ინგლისურად) კომპიუტერთან ან სმარტფონით ხელში შესაძლოა მართლაც სოციალურად იზოლირებული ჩანდეს, მაგრამ უფრო ხშირად (ვიდრე იშვიათად) მოზარდი ამ მოწყობილობებს სოციალური იზოლაციისგან თავდასაღწევად იყენებს – იზოლაციისგან, რომელიც ჩვენ, ზრდასრულმა ადამიანებმა მოვახვიეთ თავს. როგორც დანა ბოიდი ამბობს, მას ხშირად გაუგონია მშობლების წუწუნი იმის თაობაზე, რომ „მათ შვილებს კომპიუტერი ურჩევნიათ „რეალურ ადამიანებს”, თუმცა მოზარდებს სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვთ.

მოზარდები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან მთელ ქვეყანაში ეუბნებოდნენ დანას, რომ სიამოვნებით შეხვდებოდნენ მეგობრებს პირადად, მაგრამ ამის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ, ამიტომ მათთან კავშირს სოციალური მედიის მეშვეობით ამყარებენ, რადგან ხშირად ეს ერთადერთი გზაა, დაუკავშირდე და „მისწვდე” მეგობრებს.

წინა თაობების მოზარდები და უფრო მცირე ასაკის ბავშვები ერთმანეთთან სოციალურ კავშირებს ყოველდღიურად, სკოლაში წასვლისას და სკოლიდან შინ ფეხით დაბრუნებისას ამყარებდნენ. სკოლაში მათ კავშირი გრძელდებოდა სადილის დროს და შესვენებებზე. სკოლის შემდგომ პერიოდში და უქმე დღეების განმავლობაში კი ერთად დადიოდნენ, ველოსიპედით სეირნობდნენ, ერთად მგზავრობდნენ საჯარო ტრანსპორტით ან ავტომობილით პარკებში, ქუჩებში, ბუნების წიაღში, თავიანთ „საიდუმლო” კლუბებში, დაწესებულებებში, სასადილოებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა, მათთვის მისაღებ ადგილებში.

დღევანდელ ბავშვებს ამდენი თავისუფლება აღარ აქვთ. მრავალ მათგანს არ აძლევენ სკოლაში ფეხით წასვლის უფლებას, „ლანჩის საათი” ერთ საათს აღარ გრძელდება, ხოლო სხვა შესვენებები ბევრ სკოლაში უბრალოდ აღარ არსებობს.

ბევრი მშობელი შვილებს უკრძალავს გარეთ სიარულს ან თანატოლებთან შეხვედრას მოზრდილების დაუსწრებლად. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მშობლები არ ზღუდავენ შვილების თავისუფლებას, მოზარდების წინააღმდეგ სხვა ძალები მოქმედებს. როგორც ქ-ნი ბოიდი წერს, კანონმდებლებმა უამრავი ახალი წესი შემოიღეს, რომლებიც ზღუდავს მოზარდების შეკრებას ან განსაზღვრულ ადგილებში მათ ყოფნას – ეს, სამწუხაროდ, ის შეცდომებია, რომლებსაც პოლიტიკოსები ახალგაზრდული დანაშაულის წინააღმდეგ ვითომ ბრძოლის სახელით უშვებენ (წიგნში მოყვანილია მაგალითები, რომლებიც საპირისიპიროს ამტკიცებს). შედეგად ბევრი კომერციული დაწესებულება, რომლებიც წინათ მოზარდებისთვის თანატოლებთან შეხვედრის ჩვეული ადგილი იყო, დღეს აღარ მასპინძლობს მათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ჯგუფებად მიდიან. მაშინაც კი, როდესაც ბავშვს აქვს დრო და თავისუფლება, გავიდეს გარეთ და ისეირნოს, შესაძლოა, მის მეგობრებს ამის უფლება არ მისცენ.

მშობლებთან ბოიდის საუბრისას გაირკვა: მათ მიაჩნიათ, რომ სკოლის შემდეგ წრეებში თუ ინტერესთა ჯგუფებში ტარებით შვილებს სოციალიზაციის კარგ შესაძლებლობას აძლევენ, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც მშობლები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ – ყველა ეს ჯგუფი თუ წრე უფროსების მიერაა ორგანიზებული, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მოზარდები მშობლების ასეთ დამოკიდებულებას არ ეთანხმებიან.

ახალგაზრდებმა ბოიდს პირდაპირ უთხრეს, რომ ასეთი აქტივობები მათ ერთმანეთთან სოციალიზაციისა თუ კავშირების ჩამოყალიბების მცირე შესაძლებლობას აძლევს და ეს ის არ არის, რაც მათ სურთ. ასეთი კავშირები მათთვის იმიტომაა მიუღებელი, რომ ყველა ეს აქტივობა უფროსების მიერ არის სტრუქტურირებული და, რა თქმა უნდა, მათზე უფროსების უწყვეტ დაკვირვება-თვალთვალს გულისხმობს.

როგორც დოქტორი ბოიდი წერს, თანამდებობის პირები მოზარდებს დანახვისთანავე მიიჩნევენ საზოგადოებრივი წესრიგის შესაძლო დამრღვევებად, რომლებიც აუცილებლად უნდა მართო, ან უსუსურ ბავშვებად, რომლებიც უნდა დაიცვა. მოზარდები ორივენი არიან – შემწუხებლებიც და უმწეო სამიზნეებიც. საზოგადოებას მათი ეშინია და მათზე ღელავს. ამის გამო ჩვენ უმეტესად ხელს ვუშლით მოზარდების ყოფნას ფიზიკურ საჯარო სივრცეებში. შედეგად მოზარდებმა, რომლებიც ადამიანები არიან და სოციალური კავშირები სჭირდებათ, მოიფიქრეს, სად და როგორ „შეკრებილიყვნენ”.

მითი #2: მოზარდები დამოკიდებულნი არიან ტექნოლოგიასა და სოციალურ მედიაზე

ბოლო ხანს შესამჩნევი გახდა ტენდენცია, ადამიანების ნებისმიერ აქტივობას, რომელიც მათ მოსწონთ და რომელშიც ხშირად არიან ჩართულნი, „დამოკიდებულება” ან „ადიქცია” უწოდონ.

თუ უფრო კონსერვატიულად და პრაგმატულად ვიმსჯელებთ, ეს ტერმინი (რაიმეზე დამოკიდებულება, ადიქცია) აღწერს ქმედებას, რომელიც: ა) დაუძლეველია, ანუ ადამიანს არ შეუძლია შეწყვიტოს მისი კეთება, თუნდაც ძალისხმევის შედეგად და ბ) უფრო ზიანის მომატანია, ვიდრე სიკეთისა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ ტიპის საქმიანობაშია ჩართული.

ბოიდის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი მოზარდი მართლაც უფრო მეტ დროს უთმობს სოციალურ მედიას, ვიდრე სურს.

ამ მოზარდებს გაცნობიერებული აქვთ, რომ მედიაზე მათი მიჯაჭვულობა და მიღებული სიამოვნება იმდენად დიდია, რომ ისინი კარგავენ დროის შეგრძნებას და აღარ რჩებათ დრო სხვა აქტივობებისთვის, ვთქვათ, საშინაო დავალებისთვის, რომელსაც ასე ხშირად შეახსენებენ ხოლმე მშობლები.

მაგრამ გაუგებარია, სოციალურ ქსელთან ასეთ ურთიერთობას ზიანი მეტი მოაქვს თუ სარგებელი. ბოიდის აზრით, ზიანის შემთხვევაშიც კი დამოკიდებულებაზე საუბარი გადაჭარბებულია. ეს პრობლემის სენსაციონალიზაციას ახდენს, რითაც უფრო პათოლოგიაზე დაისმის აქცენტი, ვიდრე დროის მენეჯმეტის პრობლემაზე, რომელიც მეტ–ნაკლებად ყველა ჩვენგანს აწუხებს.

ბოიდი წერს: „ტერმინს „ადიქცია/დამოკიდებულება” ვიყენებთ იმ აქტივობათა აღსანიშნავად, რომლებსაც ადამიანი დროის დიდ ნაწილს უთმობს და რომლის კეთებაც მოსწონს. თუ ასეა, გამოდის, რომ ინფორმაციაზე „დამოკიდებულება” ადამიანის მდგომარეობის ამსახველია: ის სათავეს იღებს ადამიანის ჯანსაღი სურვილისგან, იცოდეს, რა ხდება გარშემო და დაკავშირებული იყოს საზოგადოებასთან”. ტექნოლოგია კი არ იზიდავს ახლგაზრდებს, არამედ ის შესაძლებლობა, რომელიც მათ თანატოლებთან კომუნიკაციის საშუალებას და მათი სამყაროს გაგების შანსს აძლევს. კომპიუტერი უბრალოდ ხელსაწყოა, ისეთივე, როგორიც ერთ დროს ტელეფონი იყო.

როცა უფროსები ეზოში მოთამაშეთა მაგივრად კომპიუტერთან მსხდომ ან სმარტფონში ჩამძვრალ მოზარდებს ხედავენ, მათთვის უფრო ადვილია, ეს „დამოკიდებულება” კომპიუტერს და მის „ადიქტურ” თვისებებს დააბრალონ, ვიდრე საკუთარ თავს და იმ სოციალურ პირობებს, რომლებიც ახალგაზრდების თავისუფლებას ზღუდავს და შეუძლებელს ხდის მათ შეკრებას ფიზიკურ გარემოში მოზრდილთა ჩარევის გარეშე.

მითი #3: დღევანდელი მოზარდები არად დაგიდევენ პირადის ხელშეუხებლობას

მოზრდილები ხშირად ბრაზობენ, როდესაც ახალგაზრდები, მოზრდილთა აზრით, „პირად” ინფორმაციას ინტერნეტში ათავსებენ.

ამავე დროს, მოზარდების უმეტესობა ბოიდს ეუბნება, რომ სოციალური მედია მათ პრივატულობის მისაღწევად სჭირდებათ. როგორც ჩანს, განსხვავებულია იმის აღქმა, ვისგან პრივატულობას გულისხმობენ ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლები. მშობლებს ადარდებთ უცხოთა ცნობისმოყვარეობა, მაშინ როდესაც მოზარდებს – იმ უფროსების ცნობისმოყვარე მზერა და მიყურადება, რომლებიც მათ კარგად იცნობენ.

ბოიდის თქმით, როდესაც მოზარდები (და ამ შემთხვევაში – მოზრდილებიც) პრივატულობას ეძიებენ, ისინი მათთან მიმართებით აკეთებენ ამას, ვისაც მათზე რაიმე ძალაუფლება გააჩნია. პოლიტიკურად გათვითცნობიერებული მოზრდილებისგან განსხვავებით, მოზარდებს ნაკლებად ადარდებთ მთავრობა და კორპორაციები. მათ მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა ზემდგომი პირების ყურადღებისა და თვალთვალისგან უნდათ თავის დაღწევა. მათ სურთ თავისუფლება იმ ხალხისგან, რომლებიც მათი ცხოვრების ნაწილნი არიან… მოზარდებს სურთ, თავი დააღწიონ პატერნალისტურ მოზრდილებს, რომლებიც უსაფრთხოებისა და დაცვის ცნებებს მათი ყოველდღიური სოციალიზაციის მონიტორინგის გასამართლებლად იყენებენ.

მოზარდები, რომლებიც გეოგრაფიულად ახლოს არიან ერთმანეთთან, ხშირად ერთმანეთს ტექსტური შეტყობინებების ან სოციალური მედიის მეშვეობით ესაუბრებიან, ისე, რომ მშობლებმა ან სხვებმა, ვინც ფიზიკურად მათ გვერდითაა, ვერ გაიგონ ამ საუბრის შინაარსი. მოზარდებს აღიზიანებთ, როდესაც მშობლები მათი თანატოლებისთვის განკუთვნილ შეტყობინებებს კითხულობენ. ეს მათთვის იგივეა, რაც მათი პირადი წერილის წაკითხვა, ოთახის გაჩხრეკა თუ დღიურის ჩანაწერების წაკითხვა იქნებოდა.

ბოიდი ერთგან აღნიშნავს: „როდესაც 2012 წელს მოზარდებს ვკითხე, რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას Twitter-ს, Tumblr-სდაInstagram-ს Facebook-თან შედარებით, ყველამ თითქმის ერთხმად მიპასუხა: „იმიტომ რომ მშობლებმა არაფერი იციან მათ შესახებ”.

მითი #4: სოციალური მედია მოზარდს სექსუალური მოძალადეების სამიზნედ აქცევს

საერთოეროვნული გამოკვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ბოიდმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს, მშობლების 93%–ს აშფოთებს საფრთხე, რომელიც მათ შვილებს შესაძლოა ინტერნეტში ემუქრებოდეთ უცხო პირებისგან, თუმცა გამოკითხულთა მხოლოდ 1% ადასტურებს, რომ მათ შვილებს ოდესმე შემთხვევიათ ასეთი რამ. მშობლების ყველაზე დიდ შიშს იწვევენ „სექსუალური მოძალადეები”, „ბავშვებზე თავდამსხმელები” და „სექსუალური სამართალდამრღვევები”, რომლებსაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ მათ შვილებს ონლაინ ურთიერთობისას.

ეს შიში იმ შიშების ანარეკლია, რომლებიც მკაფიოდ იკვეთება სხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო კვლევებში და რომლებიც საფუძვლად უდევს ბავშვების მიერ მოზრდილთა მეთვალყურეობის გარეშე გატარებული თავისუფალი დროის შეზღუდვას. მოულოდნელად ბოიდის რესპონდენტებმა ეს შიში თანაბრად გამოხატეს როგორც ვაჟების, ისე გოგონების გამო.

ლენორ სკენაზის წიგნში „Free Range Kidsაღნიშნულია, რომ „შიში უცხოთა მიმართ” უმეტესად გაზვიადებულია. ფაქტობრივი მონაცემებით, ალბათობა ზიანისა, რომელიც შეიძლება მიაყენოს ბავშვს უცხო ადამიანმა, ძალიან მცირეა. ასევე მწირია მონაცემები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ტექნოლოგიებმა ან სოციალურმა მედიამ ამის ალბათობა გაზარდა. ქალბატონი ბოიდიც წერს, რომ ინტერნეტში ინიცირებული სექსუალური თავდასხმები ძალზე მცირერიცხოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების მიმართ სექსუალურმა დანაშაულმა 1992 წლიდან დღემდე შესამჩნევად იკლო, რაც მოწმობს, რომ ინტერნეტს ახალი განსაცდელი ამ თვალსაზრისით არ წარმოუშვია.

რა თქმა უნდა, ყველა – მოზარდებიც და ბავშვებიც –ფრთხილად უნდა იყოს და ჩვენც მათთან ერთად განვიხილავდეთ ასეთი საშიშროების თავიდან აცილების გზებს, მაგრამ ამ ტიპის საფრთხე იმდენად მცირეა, რომ ბავშვებისთვის ინტერნეტის ან სოციალური მედიის აკრძალვა არარაციონალურია.

სამწუხაროდ, ფაქტები მოწმობს, რომ იმ პირებისგან, რომლებიც ბავშვს კარგად იცნობენ – ნათესავებისგან, ოჯახის მეგობრებისგან, მღვდლებისა და მასწავლებლებისგან – ბავშვებზე სექსუალური თავდასხმის რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე უცხოებისგან.

დანა ბოიდი ამის თაობაზე ამბობს: „კანონმდებლები ხალისით გვთავაზობენ ახალგაზრდებისთვის ონლაინ სივრცის წვდომის შეზღუდვას, მაგრამ მათ არ შემოუთავაზებიათ, შეგვეზღუდა ბავშვებისთვის რელიგიურ ინსტიტუტებთან, სკოლებსა თუ სხვა ოჯახებთან ურთიერთობის წვდომა, მიუხედავად იმისა, რომ, სტატისტიკურად, აქ ბავშვთა ჩაგვრისა და მათთვის ზიანის მიყენების ალბათობა უფრო დიდია”.

მითი #5: ბულინგი

[2]

სოციალური მედიის მეშვეობით ეროვნული პრობლემაა

ბულინგი, რეალური დაშინება-ჩაგვრა, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, სადაც არ უნდა ხდებოდეს იგი. აქვე დავძენთ, რომ ცნობილია ინტერნეტბულინგის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც ტრაგიკულად დამთავრდა. სხვა საქმეა, რამდენად ხშირია ასეთი რამ, რამდენად გავრცელებულია ზეწოლის ასეთი ფორმა და რამდენად სერიოზულია მათი რიცხვი საიმისოდ, რომ ახალგაზრდებს სოციალური მედიით სარგებლობა შევუზღუდოთ. მსგავსად „დამოკიდებულება-ადიქციისა”, დაშინება-ბულინგის პრობლემაც ნაწილობრივ იმაში მდგომარეობს, როგორ აღიქვამს ხალხი ამ ცნებასა თუ მოვლენას.

ქ-ნი ბოიდი ამბობს, რომ შეხვედრია მშობლებს, რომლებიც ბავშვის გაღიზიანებისა თუ გაბრაზების ყველა შემთხვევას ბულინგად აღიქვამენ, მაშინ როცა შვილებს, მათაც კი, ვისაც დასცინეს ან გააბრაზეს, ასე არ მიაჩნიათ. და ასეთი მშობლები ხშირად სრულიად შეუვალნი არიან.

გაზვიადებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ტერმინი „ბულინგი” გამოიყენება ორმხრივი კამათის აღსანიშნავად, მეტადრე მაშინ, როდესაც მოკამათე მხარეებს თანაბარი ძალა თუ სტატუსი აქვთ. ბოიდის დასკვნით, მოზარდები ბულინგის აქტის აღწერისას უფრო კონსერვატიულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ: ზეწოლაზე, დაშინებაზე, ბულინგზე მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც მხარეები (ჯგუფები თუ ინდივიდები) არათანაბარი ძალისანი არიან და მეტი ძალისა თუ შესაძლებლობების მქონე მხარე რეგულარულად უტევს მეორეს, უფრო სუსტს, ისე, რომ აზიანებს ან ჩაგრავს მას. ამ განსაზღვრების გათვალისწინებით, მოზარდების გამოკითხვა მოწმობს, რომ ინტერნეტბულინგი გაცილებით იშვიათია, ვიდრე მშობლებს ჰგონიათ.

რა თქმა უნდა, ონლაინ სივრცეში უამრავი უხეში, დამცინავი თუ გამაღიზიანებელი კომენტარია, ხშირია აქტიც, რომელსაც ბავშვები დრამას ან pranking-ს (ინგლ. ცელქობა, გამაღიზიანებელი ქცევა) უწოდებენ, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც სასტიკი და მიუღებელი ბულინგის ცნება გულისხმობს. ბოიდის თანახმად, მოზარდები უფრო სასკოლო, ფიზიკური ურთიერთობისას არსებულ ბულინგს უჩივიან, ვიდრე ვირტუალურ სივრცეში არსებულს.

ბოიდი იმ ახალ მოვლენასაც აღწერს, რომელსაც „დრამას” უწოდებენ. ეს გახლავთ უმთავრესად გოგნებში გავრცელებული ონლაინ ურთიერთქმედება, რომელსაც ბოიდი განმარტავს როგორც პერფორმაციულ, პიროვნებათაშორის კონფლიქტს, რომელიც ვითარდება აქტიური, ჩართული აუდიტორიის წინაშე, ხშირად – სოციალურ მედიაში.

დრამა, ბოიდის მიხედვით, ორმხრივი აქტივობაა, რომელში ჩართულ მხარეებსაც თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები აქვთ. ამასთან, დრამა არ არის აუცილებლად დრამატული ან ვისიმე დამაზიანებელი. ბევრ მოზარდს, რომელსაც ბოიდმა ინტერვიუ ჩამოართვა, მოსწონდა კიდეც დრამაში მონაწილეობა – მათთვის ეს ყურადღების მიპყრობისა და მეგობრებისგან მხარდაჭერის მიღების გზა გახლდათ.

ბოიდის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულ ბავშვთა 9% ამბობს, რომ თვითონვე შექმნიდნენ ყალბ დრამას საკუთარი თავის შესახებ, ანონიმურად, უხეში კომენტარებით და სხვების კომენტარებზე პასუხების გასაცემად, თითქოს სხვა პირები ყოფილიყვნენ.

თავის მხრივ, ბიჭებსაც აქვთ მსგავსი აქტივობები, რომლებიც უფრო pranking-ს ანუ გამაღიზიანებელ საქციელს გულისხმობს და რომლის მთავარი მახასიათებელი სხვების დაცინვა და გაღიზიანებაა. მრავალი მოზარდისთვის ასეთ გამღიზიანებელზე პასუხის გაცემა ღირსების საკითხია – მათ თავი მოვალედ მიაჩნიათ, უპასუხონ შემტევ მხარეს გარკვევით და გონივრულად, ღირსების დაუკარგავად, ბრაზის გარეშე, მტკიცე ხასიათის დემონსტრირებით. ეს ალბათ ის აქტივობაა, რომლის მეშვეობითაც მოზარდები მოთმინებას სწავლობენ. ასეთი ურთიერთობა მეტ–ნაკლებად ყოველთვის სჩვეოდათ მოზარდებს და მოზარდ ასაკს და მისი გამოჩენა არც ონლაინ სივრცეშია გასაკვირი თუ მოულოდნელი.

შემაჯამებელი ფიქრები მოცემულ თემაზე

პირდაპირ გეტყვით, ძალიან მომწონს ქ-ნი ბოიდის წიგნის სათაური: „ეს ჩახლართული ამბავია”. ნათლად წარმოვიდგენ, რამდენჯერ გამოიყენეს მოზარდებმა ეს ფრაზა დანა ბოიდის კითხვებზე პასუხის გაცემის დროს.

ამ წიგნის მთავარი გზავნილი ალბათ ის არის, რომ წარმოდგენები, რომლებიც მოზარდებსა და ტექნოლოგიებზე ისმის მედიაში, პოლიტიკოსებისგან, მშობლებისგან, განათლების სპეციალისტებისა და თვით ბავშვთა ფსიქიატრებისგანაც (ან სხვა ე.წ „ექსპერტებისგან”), უმეტესად პრიმიტიულია, ხოლო ზოგჯერ – აბსოლუტურად მცდარი.

როგორც კი დავინახავთ მოზარდებისთვის დამახასიათებელ ქცევას, რომელიც უცნაურად გვესახება ან გავიგებთ რაიმე საშინელი შემთხვევის შესახებ, რომელიც მართლა მოხდა, მაშინვე შეფასებას ვიწყებთ. მერე კი ერთად, ჯგუფურად მივისწრაფვით კიდევ ერთი შეზღუდვის შემოტანისკენ ახალგაზრდა თაობის ისედაც უკვე საკმაოდ შეზღუდულ ცხოვრებაში.

სიღარიბესა და უთანასწორობასთან ერთად დღევანდელი ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა მოზარდებისა და ახალგაზრდებისადმი ნდობის ნაკლებობაცაა.

ყოველთვის, როდესაც მოზარდების საქმეში ვერევით, ვუკრძალავთ რამეს „მათივე კეთილდღეობისთვის”, ვიღებთ ახალ კანონებსა თუ რეგულაციებს, რომლებიც ზღუდავს მათ წვდომას საჯარო სივრცეზე, ვეუბნებით მათ: „არ გენდობით”.

ნდობა ხელს უწყობს ურთიერთობათა განვითარებას, ხოლო ნდობის არარსებობა ანგრევს მათ. მოზარდები არც ანგელოზები არიან და არც დემონები; არც ყოფილან და არც იქნებიან ჩემზე და თქვენზე უკეთესები ან უარესები. უბრალოდ, ჯერ არ არიან სრულწლოვანები; მათ შეცდომები მოსდით.

ისინი შესაძლოა ჩვენზე უმწიფრები იყვნენ და უფრო ხშირადაც ცდებოდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მათ აქვთ შეცდომის უფლება. ეს იმის ნაწილია, რასაც ზრდის პროცესი ჰქვია.

მოზარდები ვერისწავლიან საკუთარი ცხოვრების კონტროლს, თუ ამ კონტროლის უფლება წავართვით; ვერ ისწავლიან საკუთარი თავის ნდობას, თუ ამ ნდობის პრაქტიკაში განხორციელებამის საშუალება არ მივეცით.

ქ-ნი ბოიდის გამოკვლევა ნამდვილად დიდი მიღწევაა, რადგან მისი ავტორი მოზარდებს სერიოზულად აღიქვამს და უსმენს მათ.

თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

ავტორი: პიტერ გრეი

წყარო: https://www.schoolleadership20.com/profiles/blogs/five-myths-about-young-people-and-social-media-by-peter-gray




[1]

danah boyd, დანა ბოიდი (დაბ. 1977 წ.) – ამერიკელი ავტორი, სოციალური მედიის და ახალგაზრდობის პრობლემების მკვლევარი, ადვოკატიMicrosoft Research-ში,ნიუ-იორკის უნივერსიტეტისMedia Culture & Communicationცენტრშიდაჰარვარდის უნივერსიტეტისBerkman Center for Internet & Society.



[2]

ბულინგი (bullying,ინგლ.)– ინგლისურენოვან ქვეყნებში დამკვირდებული და შემდეგ სხვაგან გავრცელებული ტერმინი, რომელიც დაშინებას და ძალადობას გულისხმობს, განსაკუთრებით – უმცროსთა მიმართ (ლ. ა.)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი