შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სხვა იდენტობის ამბავი

იმთავითვე ვიცოდი

მზე დედამიწაზე პატარაა.
ცოდნა და განცდა ვერ რიგდებიან ხოლმე. ამიტომაც, როცა დილით ფანჯრიდან აღმოსავლეთის მთებს ვუთვალთვალებ, ფიქრი როდი მკარნახობს, რომ ამოდის მზის სისტემის ერთადერთი ვარსკვლავი, თითქმის იდეალურად სფერული, ცხელი პლაზმისგან შემდგარი, მაგნიტური ველებით, დედამიწის მასაზე 330 000-ჯერ დიდი. არასდროს ვუყურებ ასე. დარწმუნებული ვარ – არც თქვენ. რადგან ადამიანი ვერასდროს გასცდება საკუთარ სამყაროს – რასაც ხედავს, იმას შეიგრძნობს. როცა მიწაზე იდგება და ცას ახედავს, მისი თვალები გაიმეორებენ ძველი შუამდინარელის და ან აფრიკელის, რომაელის თუ ბიზანტიელის თვალებს. იმ თვალებისთვის მზე პატარა იყო. პატარაა ჩვენთვისაც. და ასეც სჯობს დარჩეს. ასე უფრო დიდები ვართ. უფრო ადამიანები ვართ. უფრო ჯიუტები. მზე დედამიწაზე პატარაა. მე შემიძლია ის თითებშუა მოვიქციო. რადგან ადამიანი ვარ და აქ ვცხოვრობ – ყველაზე დიდ დედამიწაზე.

ჰოდა, მაშინ ახალი ზელანდიის ნაკრებიც პატარა მოჩანდა. ან უფრო გულწრფელად თუ ვიტყვით – საერთოდ არ მოჩანდა. უტელევიზორობა და უგაზეთობა იოლად აქრობდა მასაც და სხვა ვარსკვლავებსაც რაგბის გალაქტიკაში. იყო მხოლოდ შუხუთი და ლელობურთი. ეგეც ჯაფას მოითხოვდა ოზურგეთელი კაცისთვის. ავტობუსში შეჭყლეტის  ხელოვნების და იშვიათი სუნთქვის ბუდისტებზე მაღალი ტექნიკის ცოდნას. ან თუ ვინმე გამვლელი იქნა და საბარგულში ჩაგსვა, სადაც მანამდე, მგონი, ქათმები ჰყავდა – ბაზარში დაუტოვა თავის ცოლს გასაყიდად. მოკლედ, წასვლაც – მთელი ამბავი.

იქ, კიდევ ომი – წმინდა და უზარმაზარი. ვიღაცას უთქვამს არაერთხელ – არამოდერნული საქმეო თუ რაღაც ამგვარი. მაგრამ არსებობს კი სადმე თანამედროვე ტრადიცია? იმ ბრძოლაში ეს ხალხი, ზემოური და ქვემოური შუხუთელები, დროსაც ერკინებიან – საკუთარ თავს, იდენტობას თამაშ-თამაშ ინარჩუნებენ. ცოტა ბრუტალურ, სისხლნარევ, ერთწესიან შერკინებაში დიდი გაჯიუტება მოჩანს. სოფელს უხდება ეს. მეტიც – სოფელი ამით თუ გადარჩება.

ბურთი საგანგებოდ შეკერელია. წონით – ფუთიანი. 16 კილოგრამი. დღეს მღვდელი აკურთხებს. გუშინ, კომუნისტების დროს ვინმე უხუცესი მიჰკრავდა ხელს. დათქმა მარტივია სათქმელად, შესასრულებლად – რთული. სოფლის შუა უნდა გადაკვეთოს ბურთიანმა ტალღამ. თუ ზემოურთა ლაშქარი შეძლებს ამას, იქაური გარდაცვლილის საფლავზე დაიდებს ბურთი ბინას, თუ ქვემოურთა – შესაბამისად. მხოლოდ ერთხელ, 1989 წლის ცხრა აპრილს, ბურთი იმ ღამით დაღუპულთა სახელზე წაიღეს თბილისში. არავის უთამაშია მაშინ. არცერთს არ მოუგია. ისევე როგორც – ქვეყანას.

ხოლო მოთამაშეთა რიცხვი განუსაზღვრელია. იბრძვის ყველა მამაკაცი, ვისაც ამის სურვილი აქვს. შესაძლებლობა განგებ არ მითქვამს – გვინახავს ჭარბად ნასვამი ხალხიც,  გზა-ველზე ნაადრევად წაქცეული და იქვე ჩასაფრებულ სასწრაფო მანქანაში მოთავსებული. მაგრამ იქ არავინ არაფერს ზომავს. წინასწარი ფიქრი არ უხდება ლელო-ბურთს. ფიქრით სხვა თამაშად იქცეოდა. წესებს მოიმრავლებდა. საფრთხეს გაზომავდა, სივრცეს მოხაზავდა. აღდგომისას დასავლეთიდან მომავალმა ავტომობილებმა ლანჩხუთს უნდა ჩაუარონ. სავალი გადაკეტილია. ჟინი და ტრადიცია კეტავს. ასე, მოყოლით ძნელად გაიგებ – იქ უნდა იდგე, ხალხისგან წალეკვის შიშმა უნდა გაგაქციოს, ოფლი უნდა გაიზიარო ათობით კაცის და ტალახი.

ამბობენ, რომ  საქმე დიდი ხნის წინ გაჩაღდა. სელიმ-ფაშასთან შერკინების თარიღს ასახელებენ, მოღალატე ჰასან-ბეგ თავდგირიძეს და სხვებსაც. 1854 წელს. ზუსტად არავინ იცის. არც ის – ვის მხარესაა ჯამური უპირატესობა. ამ აღრიცხვათა არქონა და ბუნდოვანება უხდება ლელობურთს. თვითონაც ასეთია და ხიბლიც ესაა.

სხვა დროის ამბებიც ვთქვათ – ამ ხელობის ნამდვილი შემოსვლის და პირველი აღწერების. ერთობ სახალისოსი და ნიშანდობლივის. სამ ცნობას მოვიტან. სამივეს სრულად. საჭირო მგონია.

 

დროება. 1879 წელი. ნომერი 94

 

„ფოთი, 2 მაისს. მოვიდა აპრილის 30-ს პოეზდი, მაგრამ რა მოვიდა: ათი ვაგონის მაგიერათ ოცი ვაგონი სამასის პასაჟირით; ვაგონში რომ ალაგი აღარ იყო ვაგონის საფერხულებზე იდგნენ პასაჟირები. მაისის 1-ს მოვიდა დილის პოეზდი უფრო სავსე პასაჟირებით. ნავებით და ცხენებით რაც მოვიდნენ, ის სხვა იყო, გაივსო სასტუმროები და სამიკიტნოები იმერლებით და ბურთის მოთამაშე მეგრელებით. იყვნენ თავად-აზნაურების პარტია თანმოყვანილი კაცებით, იყო დიდი აყალ-მაყალი ბურთის გატანაზედ:

გათენდა დილა პირველი მაისისა და დაიწყო წვიმა. წაუხდა გული მოსულს ხალხს, გადაუწყდათ დარის იმედი. გამართულები იყო ოგლინსკის პარკში სადილები სხვა-და-სხვა პირებისა ცალ-ცალკე.

საათის პირველამდე იჟინჟლა, შემდეგ უცებ გაქრნენ ღრუბლები, გამოსცა მზემ თავისი სხივები, გაახარა ყოველი ხალხი, შეიქნა მოძრაობა და фაეტონების რახი-რუხი, გაივსო უცებ ხალხით პარკი, გაიშალა სტოლები, გაჩნდა სადღეგრძელოები და ურა, მოისმა ქუთაისიდან მოწვეული სამას მანეთიანი მუზიკის ხმა, გაჩნდა ხმაურობა, დაიწყეს ბურთის ატარ-ჩატარება გზებზე დიდის „ვარადათი“ და „ურათი“.

საუბედუროთ, მეგრელებს მოპირდაპირეები არ ჰყვანდათ, რომ ბურთის რიგიანი თამაში ყოფილიყო. გურულები სულ ცოტანი იყვნენ; ხონელებიც იყვნენ სულ ათ კაცამდის. მაგრამ მაინც გავარდა ბურთი, გაჩნდა დიდი ძაგა-ძუგი; გურულებმა და ხონელებმა იცოდნენ, რომ სიცოტავით ბურთს ვერ წაიღებდნენ და ამ ძაგა-ძუგში ხონელებმა გასჭრეს ბურთი და აღარც ერთს არ ერგოთ; მაგრამ მეგრელებმა მაინც მოილხინეს, მოგლიჯეს ძირიანად ხე და ზედ თავიანთი სარდალი დასვეს და ისე ატარეს. ბოლოს ხე ბურთის მაგიერათ გადააგდეს დიდის სიხარულით და ურათი. ვგონებ ყარსის აღებაზედაც არ იყო ამოდენა ურა, რაც ამ რთხმელის ხეზედ ურას იყვირეს.

ესე ამ ნაირათ გაიარა პირველმა მაისმა.

ამ შექცევის დროს პარკში დიდი ჯიბგირობა იყო; ერთს ამოაცალეს 800 მანეთი, მეორეს ქამარი, რამდენიმე კაცს კიდევ ფული, ასე რომ სამი ათას მანეთამდინ იმსხვერპლეს ჯიბგირებმა“.

ფოთელი

 

ივერია. 1894 წელი. ნომერი 89

 

,,ბათუმი: დასავლეთ საქართველოში ძალიან უყვართ ბურთაობა. ამაზედ უკეთესი გართობა და დროს გატარება სხვა არ უნდა ჩვენებურს. ბათუმში პირველად ბურთაობა გაიმართა 24 აპრილს. დიდძალმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა. მობურთავენი ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილნი: ცალ მხარეს მეგრელნი და მეორეს გურულნი. მეგრელნი ერთი-ორად მეტი იყვნენ გურულებზედ, მაგრამ მაინც გული არ გაიტეხეს და დიდი ხალისით დაიწყეს თამაშობა. ბინდამდე გასტანა ამ ამბავმა და ბოლოს ვიღაც შავ-პირმა კაცმა გასჭრა ბურთი გურულების საზღვარზედ. ბათუმის ნავთ-სადგურში მუდამ რამდენიმე ცეცხლის გემი სდგას უცხოელებისა. რამდენიმე ინგლისელი გამოვიდა ნაპირად და, ბურთაობა რომ დაინახეს, ისე შეექნათ იმათაც გული, რომ თვითონაც ჩაერივნენ: ისე თამაშობდნენ ისინი ბურთაობას, რომ ჩვენებურები გეგონებოდათ. აღტაცებაში იყვნენ ასეთის დროს გატარებით“.

 

ივერია. 1897 წელი. 87 ნომერი

 

„ფოთი. პირველი მაისისთვის ფოთელებს არ დაუდგათ კარგი დარი. ჟუჟუნა წვიმამ თავისი ხელი დაატყო, მაგრამ ნაშუადღევს ბუნებამაც პატივი დაგვდო, ამინდმა გადიყარა. წელს საბურთაოდ დიდი მზადება იყო. თ-დ ჯ. გურიელისაგან შესანიშნავი ბურთი მივიღეთ, რომელიც სიმძიმით 30 გირვანქას იწონდა, ამასთანავე უთვლიდა პატივცემული თავადი აქაურ მომუშავე გურულებს, რომ აბა ჰა, ბურთი მეგრელებს ლელოზედ არ გაატანინოთო. მართლაც ასე მოხდა. მოხერხებული გურულები აქაც ხერხიანად მოიქცნენ: მობურთავენი ორ გუნდად განაწილდნენ, ჯერ პირველი მცირე რაზმი შეუშვეს საბურთაოდ, როცა ამას მეგრელები შეეღალნენ, მაშინ ამას მკვირცხლად შეუტია ახალმა ძალამ გურულებისამ და იერიშით ლელოზედ ბურთი მიიტანეს. მეგრელებმა შეატყეს თუ არა თავს სიძაბუნე, დაიწყეს ჯოხებისა და ნახერხის სროლა. ამას ცუდი შედეგი მოჰყვებოდა, რომ დროზედ პოლიცია არ ჩარეულიყო საქმეში. უკანასკნელად შეათამაშეს გურულებმა ლელოზედ ბურთი და შემდეგ დასჭრეს ნაწილ-ნაწილად, ნაჭრები ჯოხებზედ ჩამოაცვეს, დაამტვრიეს ხის ტოტები და ასე სიმღერით დადიოდნენ. დღეს გამოცდილი მობურთავენი გაიძახიან: „ერთი მუჭა გურულების ასეთი გამარჯვება  ათი წელიწადია არ გვახსოვსო“.

 

ეგ არის. ასეთი ამბები უნდა შენარჩუნდეს.  დიდია და იმიტომ.  მზესავით.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი