ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ამბავი აკვიატებული ლექსისა და ბევრი „სახსოვრისა“

ამას წინათ ჭურჭლის კარადას ვალაგებდი. თაროზე, კუთხეში, ჩალისფერი ყუთი მომხვდა თვალში, რომლის არსებობა აღარც მახსოვდა. ყუთს თავი ავხადე. სიძველისა და შმორის სუნი ამოვარდა. ხავერდის ბუდეში ჩაწყობილი მელქიორის ჩაის კოვზები ყვავილებამოტვიფრულ, დახვეწილ ზურგებს მიშვერდნენ. კოვზების ეს კომპლექტი დიდი ხნის წინ შორეულმა ნათესავმა, იზო ბებომ მაჩუქა. იზო ბებო გათხოვილი იყო ახალგაზრდობაში, მაგრამ მე მაინც სულ შინაბერა მეგონა. ალბათ მარტო ცხოვრებისა და ბევრი ისეთი თვისების გამო, ჩვენში შინაბერებს რომ მიაწერენ ხოლმე. ის ერთი მათგანი იყო, საბჭოთა დროში „პარტიული მუშაკები“ რომ ერქვათ, მუდამ „სამთავრობო“ სასტუმროებში რომ ისვენებდნენ – მთაში თუ ზღვაზე, სამოგზაუროდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დადიოდნენ და იქიდან ჭურჭელი, ტანსაცმელი, ავეჯი – იმ დროისთვის მოდური და დღეს ხუმრობის საგნად ქცეული მუხის ან კაკლის „სტენკები“, სამეულები და უამრავი სხვა ნივთი ჩამოჰქონდათ.

სიბერის მოახლოებასთან ერთად იზო ბებომ თავისი ნაგროვები ქონების – თეთრეულის, სუფრების, საკაბეების, ქვაბების, ტაფების, დანა-ჩანგლისა და კოვზების კომპლექტების, როკოკოს ჭურჭლისა და სამკაულების გაყიდვა-გაჩუქება დაიწყო დაოჯახებული თუ დასაოჯახებელი ნათესავი გოგო-ბიჭებისთვის. დაგვიბარებდა თავის ქალიშვილობის დროინდელ ათარბეგოვის პატარა ბინაში ან ჩვენით შევუვლიდით ხანდახან მოსაკითხად და წამოსვლისას, თითო ქილა გემრიელ მურაბასთან ან ჯემთან ერთად, რომლებსაც, სანამ შეეძლო, ყოველ ზაფხულს ხარშავდა, ყველას რაიმე ნივთს გვჩუქნიდა „თავის სახელზე“.

ეს კოვზებიც ასეთი სახსოვარი იყო. თავი რომ ავხადე, ყუთში კოვზებთან ერთად ცალხაზიანი რვეულის გაყვითლებული ფურცელი დავინახე, უფრო სწორად, ოთხად გაკეცილი ბარათი ასეთი ტექსტით: „ჩემო ინიკო! გისურვებ ჯანმრთელობას და მხიარულ სიცოცხლეს. მრავალჯერ მომელოცოს. შენი იზო ბებო. 2004 წ. 21.09“.

 

არც ამ ბარათის არსებობა მახსოვდა. დავიწყებული მქონდა ისიც, რომ საჩუქარი დაბადების დღისთვის უჩუქებია. შემრცხვა. კოვზებს სათითაოდ ვიღებდი ყუთიდან, პრიალა ზურგებსა და გრეხილ ტარებზე თითებით ვეხებოდი – ფინჯანში შაქრის ჩაყრის და მორევის იმიტაციაც კი გავაკეთე რამდენჯერმე – და იზო ბებოზე ვფიქრობდი. არა, ეს მხიარული სიცოცხლემაინც რაღა იყო, რას მერჩოდა!.. მერე ყუთი აივანზე გავიტანე გასამზევებლად, თან გალაკტიონის ცნობილი ლექსის „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ სტრიქონებს ვბუტბუტებდი. თურმე ზოგჯერ რა მარტივად იქცევიან ნივთები ძვირფას „სახსოვრად“!

მეორე დილით ნამდვილ ჩაიში ჩაყრილ შაქარს ვურევდი იზო ბებოს მელქიორის კოვზით, და მას შემდეგ ასე ვიწყებდი უკვე თითქმის ყოველ დილას. მაგრამ ამასობაში ერთი უცნაური ამბავი დამემართა: კოვზების პოვნის დღიდან ისე ამეკვიატა გალაკტიონის ზემოხსენებული ლექსი, – ზოგჯერ – მხოლოდ სათაური, გნებავთ, ყოველი სტროფის ბოლო ტაეპი, – რომ ვეღარაფრით ამოვიგდე თავიდან. ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც კი ჩამოვარაკრაკებდი ხოლმე გულში, და ხმამაღლაც, მარტო თუ ვიყავი (საერთოდ, მჩვეოდა ასეთი აკვიატებები, მაგრამ ამდენ ხანს არასოდეს გაგრძელებულა). გამოსავლის ძებნაში ერთი-ორჯერ კოვზების ისევ ყუთში ჩაწყობა და შენახვაც გადავწყვიტე, მაგრამ ცრურწმენას, როგორც იქნა, მოვერიე. დიდი ფიქრის შემდეგ კი ასეთი რამ ვცადე: ყველა იმ „სახსოვარის“ წარმოთქმისას, რომლებსაც გალაკტიონი ჩამოთვლის ლექსში, ჩემეულ „მსგავს“ „სახსოვრებს“ (თუ, რაღა თქმა უნდა, მქონდა ასეთი) ვიხსენებდი და ვიწერდი. მცდელობამ შედეგი გამოიღო. ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ მადლობელიც კი დავრჩი ამ აკვიტებისა, რადგან მისმა არსებობამ არაერთი მივიწყებული ძვირფასი „სახსოვარი“ გამახსენა:

 

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი

სტროფი I

ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,

ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი,

სურათი რამე კარგზე მგლოვარი,

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

ზოგს ჩაის ვარდი“. ჩემი ბავშვობის ყოველ გაზაფხულზე ერთ ამბავს ველოდი: როგორ ააცოცდებოდა მოხუცი მეზობელი ცოლ-ქმრის გზისპირა ღობეს ნაზსურნელოვანი ყვითელი ჩაის ვარდი, ყველა ორგანოთი – ყლორტებით, ფოთლებით, კოკრებით, ყვავილით, მოკლე ღეროებით – ჩაიღვლარჭნებოდა მავთულის ბადეში, ჟანგიან მავთულსაც საკუთარ სხეულად აქცევდა, გაააცოცხლებდა, გააფერადებდა და ქუჩაში გადმოკიდებულ ყვითელ-მწვანე ზღაპრულ ფარდაგს დაამსგავსებდა. ბედნიერება იყო ამ ღობესთან გავლა, ან მოხუცების სახლის წინ მდგარ ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდომა და მათთან საუბრის გაბმა. ფუტკრებს, ჩიტებს, ბავშვებს, მოზრდილებს, ქუჩაზე ავლილ-ჩავლილ ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს, თანაბრად გვიყვარდა ჩაის ვარდის ეს ღობე, როგორც ნიშანი გაზაფხულისა, სიკეთისა, სილამაზისა. რა ვიცოდი მაშინ, პატარა გოგომ, თუ ის იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე სურნელოვანი სახსოვარიც ჩემი ბავშვობის დღეებისა.

ზოგს კინოვარი“. ქიმიის მწირი ცოდნიდან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ კინოვარზე არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ბუნებრივი მინერალია, საქართველოში აფხაზეთსა და რაჭაში მოიპოვება და, მგონი, ორგვარი არსებობს (თავს ვერ დავდებ!) – წითელი და ვერცხლისფერი. სამაგიეროდ, ვიცი რაღაც-რაღაცები ერთ სულ სხვა მინერალზე, მთის ბროლზე. უფრო სწორად, ერთი პატარა ისტორია მაკავშირებს მასთან: ერთხელ, ახალგაზრდობაში, ერთმა ჩემზე შეყვარებულმა არცთუ ცუდმა ბიჭმა ამ მინერალისთვლიანი ცრემლის ფორმის საყურე მაჩუქა. ბიჭი თითქოს მეც მომწონდა თავიდან, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ვაღიარებ, სრულიად უმიზეზოდ, ისე უგულოდ უარვყავი და ავუკრძალე ჩემთან ურთიერთობა, რომ გაოგნებული დავტოვე. ვეჭვობ, თუ ჯერ კიდევ ვახსოვარ (თუმცა ასეთი ამბები ვის ავიწყდება!), დღემდე თავსატეხად დარჩებოდა ჩემი უცნაური საქციელი. მისი ნაჩუქარი მთის ბროლის საყურე კი, იმის გამო, რომ დღემდე ყურები არ გამიხვრეტია, გავაჩუქე. მინდა, ამ ბიჭს დაგვიანებული ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ არც მე ვიცი, რატომ მოვიქეცი მაშინ ასე. ალბათ, გამორჩეული მინდოდა ვყოფილიყავი.

ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი. ოქრომკედით მონაქსოვარზე, იმავე ოქრონემსულზე, იმავე ზარბაბზე, იმ ბედნიერი წუთების გახსენება შემიძლია, როდესაც ეკლესიაში ხელებგადაჯვარედინებული ველოდი, როდის გადახდიდა მღვდელი ბარძიმს ოქრომკედით ნაქსოვ ჯვრის ფორმის დაფარნას, რომ მეც მრგებოდა ქრისტეს სისხლისა და ხორცის მცირე ულუფა, ნიშნად მონანიე გულისა. და ისევ გალაკტიონს რომ დავესესხო, მაშინ მეც თითქმის ისევე აბრჭყვიალებული მეჩვენებოდა სანთლების შუქზე ულამაზესი დაფარნა, როგორც პოეტს – სიონში „აელვარებული“ თეთრი ოლარები.

სურათი რამე კარგზე მგლოვარი“. სურათები არც ისე ბევრი მაქვს. თუმცა მაინც შეიძლება მათგან რამდენიმე ყველაზე ძვირფასის ამორჩევა. იმ რამდენიმედან კი ახლა მხოლოდ ერთს გავიხსენებ: ზამთარია. სოჭში ვართ მამა, დედა და 7 და 8 წლის მე და ჩემი და. ჩუმი აღფრთოვანება, გაოცება, სიხარული და შინ დაბრუნებისას მეგობრებისთვის მოსაყოლი უამრავი ახალი ამბავი გვიდგას თვალებში მე და ჩემს დას (არ ვიყავით მაინცდამაინც თამამი ბავშვები და თავშეკავებულად გამოვხატავდით ჩვენს ემოციებს). არადა, რამდენი რამ მოხდა ერთბაშად: პირველად ვიყავით დედაქალაქში, პირველად ვიმგზავრეთ მატარებლით, პირველად ვნახეთ შავი – სინამდვილეში კი თურმე ხან ლურჯი და ხანაც მწვანე – ზღვა, პირველად დავინახეთ ზღვის ტალღებზე მოქანავე თოლიები, რომლებსაც მამა კოკონა იხვებს ეძახდა, პირველად დავისველეთ ზღვის წყლით, მართალია, ჩექმებიანი ფეხები, მაგრამ მაინც ხომ დავისველეთ, მშობლების უჩუმრად ზღვის წყალსაც პირველად გავუსინჯეთ გემო ენის წვერით, რადგან ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ მლაშე იქნებოდა, მერე კი უცებ ის ზმუილისმაგვარი ხმაც გაისმა. მე დედას მივეწებე და ყურებზე ხელები ავიფარე, მამას ფეხს ჩაფრენილ ჩემს დას გაფართოებული თვალები ლამის ზღვაში ჩასცვენოდა – პირდაპირ ჩვენკენ უზარმაზარი თეთრი გემი მოირწეოდა. და… ჩხაკ! – შეჩერდა წამი.

ეს ფოტო არ არსებობს. ის მხოლოდ ჩემს თვალებში ჩარჩენილი კადრია, ბედნიერი ოჯახის ერთად ყოფნის სამარადისო კადრი.

 

სტროფი II

ბარათი, სისხლის ცრემლნატბოვარი,

ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,

საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი 

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

ბარათი, სისხლის ცრემლნატბოვარი“. ნესტან-დარეჯანი არ ვიყავი, მაგრამ მეც ვყოფილვარ იმ ასაკსა და მდგომარეობაში, როცა ღამეები მითევია „საყვარლისათვის“ მიწერილი „წიგნის“ წერაში; შესაძლოა, მონატრების, წყენის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, იმაზეც მიფიქრია, „ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა“-მეთქი, რაც სიძნელის ჟამს „იოლი გამოსავლის“ ძებნას ნიშნავს, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ხარ, თან შეყვარებული, აბა, საიდან უნდა იცოდე, რომ ამ „სიმწარესაც“ თავისი „სიტკბო“ აქვს. მე რომ „სისხლის ცრემლ-ნატბოვარი“ ერთი ბარათი მაინც მქონოდა, ასე მგონია, ქვეყნიერებას თუ არა, უახლოეს მეგობრებს მაინც სიხარულით გავუმხელდი მის არსებობას, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემზე „გამიჯნურებულ“ არც ერთ ბიჭს არასოდეს მოსვლია აზრად მისი მოწერა (არადა, რა რომანტიკულია!). ამიტომაცაა, რომ ჩემი ხსოვნის „საფოსტო ყუთში“ მხოლოდ მეგობარი გოგოების მოწერილი წერილებია, რომლებშიც ისინი უმეტესად თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მიყვებიან და უიღბლო სიყვარულებზე მოთქვამენ.

ბეჭედი. მეღიმება ამ სამკაულზე, რადგან ის არავითარ ემოციას თუ შეგრძნებას არ იწვევს ჩემში. არც ბეჭედს ჰქონია ჩემს სხეულთან, უფრო კონკრეტულად კი თითებთან, ოდესმე რაიმე კავშირი. თუმცა მაქვს ერთი ისტორია, რომელიც ორ ბეჭედს, მაგრამ ერთსა და იმავე ამბავს უკავშირდება და რომლის გახსენებისასაც ყოველთვის სინდისი მქენჯნის:

90-იან წლებში, ჩემი ახალგაზრდობის ყველაზე ცუდ პერიოდში (ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამოც), სამკურნალოდ მოსკოვში მივდიოდი. მძიმე დრო იდგა. ყველა ახლობელი შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა სამკურნალო ფულის მოგროვებაში. მაშინ იყო, დედაჩემმა მართლა „ალთა მთოვარი“, თავისი ერთადერთი ლალისთვლიანი ნიშნობის ბეჭედი რომ წაიძრო თითიდან, დეიდამ კი – თავისი ბეჭდებიდან ერთ-ერთი, ქარვისთვლიანი, „ოქროს ბირჟაზე“ რომ ჩამებარებანა და აღებული ფული გზის ფულისთვის მიმემატებინა.

იღბლიანი და სიცოცხლის „მთოვარე“ ბეჭდები აღმოჩნდა ორივე. თუმცა ამ ისტორიის გახსენებაზე დღესაც… ან რაღა მნიშვნელობა აქვს, დღეს რას განვიცდი.

საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი“. საყურეზე ზემოთ უკვე დავწერე. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ სიცოცხლეში ერთადერთმა საყურემ მომხიბლა და ისიც ლექსია, ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი ლექსი „საყურე“, რომელიც თავის სატრფოს, ეკატერინე ჭავჭავაძეს მიუძღვნა პოეტმა; და ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ მე, როგორც სამკაულების არმოძულეს, მაგრამ არც მათზე ზედმეტად გულშევარდნილს, უფრო ლამაზი „საყურე“ ჯერჯერობით არ მინახავს.

 

სტროფი III

თმა, როგორც განძი ძნელ საშოვარი,

წიგნი რამ ომით მონაპოვარი,

საფერფლე მამის დანატოვარი

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

თმა, როგორც განძი ძნელ საშოვარი“. არც ნათლობის დროს მღვდლის მიერ ყიფლიბანდზე აჭრილი თმა შეუნახავთ „განძად“ ჩემს მშობლებს და არც „პირველი კულული“. ბავშვობაში უმეტესად ბიჭურად შეჭრილი ან მხოლოდ იმსიგრძე თმა მქონდა, სკოლაში პატარა კიკინები რომ გამეკეთებინა. „თმები შოლტები“ მირზა გელოვანის ლექსის წაკითხვის შემდეგ გაჩნდა ჩემს ცნობიერებაში. თუმცა ყოველთვის მსიამოვნებდა, როცა ვხედავდი, როგორ უწეწავდა ქარი გოგოებს გრძელ თმას და მასში გაბლანდულებს კიდევ უფრო ლამაზებს აჩენდა; ანუ, ისევ გალაკტიონს რომ დავესეხო, მიყვარდა „თმების ქარით გამოქროლება“. სტუდენტობის წლების შემდეგ კიდევ დიდხანს დავდიოდი ბიჭურად შეჭრილი თმით. ჯერ ერთი, მომწონდა, მეორეც, არც ისეთი რომანტიკული ვინმე „მეტრფე“ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ვინც ჩემს თმას „ძნელ საშოვარ“ განძს შეადარებდა, ან მის სურნელში ჩაძირვის სურვილი გაუჩნდებოდა (და საბოლოოდ დავიჯერე, რომ ასეთი რამეები მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში ხდება!).

წლებია უკვე, მხოლოდ გრძელ თმას ვატარებ, მაგრამ მაინც ყოველთვის მოკლე თმით წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს თავს. ასეთი დამხატა ერთმა კარგმა მხატვარმა გოგომ წიგნის ყდაზე, ასეთი ვახსოვარ ჩემი ბავშვობისა და ახალგაზრდობის დროინდელ მეგობრებს.

წიგნი რამ ომით მონაპოვარი“. მოგეხსენებათ, დღეს აღარ არის წიგნი ისეთი „ომით“ მოსაპოვებელი, როგორც, თუნდაც, ჯერ კიდევ წინა საუკუნის ბოლოს, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე იშვიათ გამოცემას არ ვეძებთ. წიგნის მოსაპოვებლად ჩემი პირადი „ომი“ სტუდენტობას უკავშირდება, როდესაც სხვა ყველაფერს ვიკლებდი და თითოეულ კაპიკს ვაკოწიწებდი სასურველი წიგნის შესაძენად. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ მოულოდნელად წავაწყდებოდი სადმე გასაგიჟებელ კაბას ან ფეხსაცმელს, ან აქსესუარს (მზის სათვალე მიყვარდა) და დილემის წინაში ვდგებოდი, დიდხანს ვფიქრობდი, გამემეტებინა თუ არა წიგნებისთვის ნაგროვები ფული მათთვის. ნუ მეტყვიან წიგნის მოყვარული და მკითხველი გოგოები, რომ მსგავსი რამ არ განუცდიათ (ბიჭებთან არ ვიცი, როგორ წყდებოდა ეს საკითხი, მგონია, რომ უფრო მარტივად); მე ვერ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ არჩევანს ყოველთვის წიგნის სასარგებლოდ ვერ ვაკეთებდი. ნამდვილად იყო ასეთი დრო არც ისე შორეულ წარსულში – წიგნის საკუთარ თავთან ბჭობით და „ომით“ მოპოვების დრო. წიგნთან დაკავშირებით კი ყველაზე დიდი „ომი“ მაინც სიმწრით ნაყიდი და გათხოვებული წიგნის უკან დასაბრუნებლად გადამხდენია. ახლა იმ ასაკში ვარ, იოლად დავთმობ კაბას, ფეხსაცმელს, ჩანთას, სუნამოს და ნებისმიერ სხვა ნივთს, მაგრამ საყვარელ წიგნებს – არავითარ შემთხვევაში.

საფერფლე მამის დანატოვარი“. უცნაური დამთხვევაა, მაგრამ მართლა გვქონდა სახლში ასეთი თეთრი, ოთხკუთხა, „მამის დანატოვარი“ საფერფლე. კიდეებზე ლურჯი ზოლებით და ოთხივე კუთხეში ნეკა თითის ზომის ჩაღრმავებებით. ძირზეც ჰქონდა დრო-ჟამისგან, რეცხვისა და მაგიდის ზედაპირზე ხახუნისგან გადაშლილი ლურჯი ფერის წარწერა – სავარაუდოდ, მწარმოებელი ქვეყნის და ქარხნის სახელი. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული საფერფლე იყო. უცხო თვალისთვის ძალიან უბრალოც, ჩვენი ოჯახისთვის კი ღირებული. და არა მხოლოდ მამის – პაპის და დიდი პაპის დანატოვარი. მის შესახებ კი ის ვიცოდი, რომ საფერფლე მეფის რუსეთის დროს საქართველოში გადმოსახლებულ ჩემს დიდ პოლონელ პაპას ეკუთვნოდა იმ სხვა რამდენიმე ნივთთან ერთად, რომლებიც დროთა განმავლობაში გაქრა ჩვენი სახლიდან. ამ ორიოდე წლის წინ საფერფლემაც მათი ბედი გაიზიარა.

ვერაფერს გააწყობ. ზოგჯერ ასეთი ბედი დაჰყვებათ ხოლმე „სახსოვარ“ ნივთებს – უბრალოდ, ქრებიან.

 

სტროფი IV

სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,

ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,

ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი – 

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი

ლექსის ამ ბოლო სტროფზე, სადაც გალაკტიონი თავის „ჩანგს“ და „გულს“ უძღვნის სამშობლოს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სამშობლო ზოგჯერ შესაძლოა უცნაური სახით დაინახო: კარგი პოეტით, კარგი ლექსით და ყველა იმ „სახსოვრით“, რომელსაც ისინი გაგახსენებენ. და მერე სწორედ ეს „ხედვა“ გახდეს შენი ერთ-ერთი უძვირფასესი „სახსოვარი“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი