შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ამბავი მამალზე, რომელსაც ყიყლიყოს თქმა სურდა, მაგრამ ხმა არ ყოფნიდა…

სასტუმროს გვერდით კერძო სახლებია, პატარა ბაღები აქვთ, ბევრი ყვავილით. ხეებიც ბლომად უდგათ. საერთოდ, ესქიშეჰირი მწვანე ქალაქია. სახელი, ძველ ქალაქს ნიშნავს. ჰოდა, ეტყობა ძველი დროიდან მოყოლებული ჟანგბადის ფასი იციან. ერთ ეზოში პატარა მამალი ცხოვრობს, დილაობით მთელი გულით სურს „ყიყლიყოს“ თქმა, მაგრამ… ხმა არ ყოფნის. იფხრიწება, ისე ინდომებს, მაგრამ საქმეში ხარ… სასაცილო ბგერების გარდა არაფერი ამოსდის.  თუმცა, არ ეპუება და მცდელობას ყოველ დილით იმეორებს.

აივნიდან ესქიშეჰირის „შატოს“ ლურჯი კოშკურები მოჩანს. ეს ქალაქის სავიზიტო ბარათია და საზოვა პარკში მდებარეობს. აი, შედიხარ და გრძნობ, რომ ზღაპარში მოხვდი.   უამრავი სტუმარია- დიდები, პატარები, ადგილობრივები და უცხოელები, ყველანი აქ არიან. „შატომდე“ მისასვლელი გზა „ფათერაკებითაა“ სავსე, ჯერ მოლა ნასრედინს უნდა ჩაუარო, წინ დიდი ქვაბი უდგას და შიგ ტყუილ-მართალს ხარშავს. შემდეგი გაჩერება ოჩოფეხებზე შემდგარი სახლია. მეორე სართულზე რაღაც დაკლაკნილი კიბით უნდა ახვიდე და მიუხედავად იმისა, რომ ასასვლელად ბავშვების რიგი დგას, მეც სიამოვნებით ვუერთდები მათ. უკაცრავად, მაგრამ ასეთ ზღაპრულ ადგილას სერიოზულობა გარეთ, შემოსასვლელ ჭიშკართან  დავტოვე და ახლა მეც ამ ბავშვებივით გულიანად ვხალისობ.

მოპირდაპირე მხარეს, მეკობრეების იალქნიანი გემია. ხისგანაა დამზადებული და ჭრაჭუნობს. საჭე სწორედ „შენ“, დამთვალიერებელს, გელოდება და რომ არ დაატრიალო, მეკობრეებს გაანაწყენებ.

„შატოს“ გარშემო რაღაცნაირი ლურჯი ფერის წყლიანი თხრილია და შიგნით ნიანგი დაცურავს. ცოცხალი არ არის, მექანიკურია, მაგრამ ცოცხალივით დაპარტყუნობს წყალში. წყლიან თხრილთან წარწერაა-არ იბანაოთო. არა, რატომ უნდა მოგინდეს შიგ ჩახტომა და ბანაობა, მაგრამ, რადგან საგანგებოდ გვაფრთხილებენ, ეტყობა ოდესღაც ვიღაც მაინც გადახტა და გაცურვა სცადა.

„შატო“ უზარმაზარია, ზედა სართულებზე რა ხდება, ვერ გეტყვით, არავის უშვებენ. პირველი სართულის დარბაზებში კი უბრალოდ ზღაპრის გმირების ქანდაკებებია. ზოგი ვიცანი, ზოგიც ვერ, თურქული ზღაპრების გმირები იქნებიან უეჭველი.

გახსოვთ, ზემოთ მამალზე დავწერე. ყოველ დილით „ყიყლიყოს“ თქმას ცდილობს. საგანგებოდ ემზადება, ფრთებს აფართხუნებს, კისერს იგრძელებს და…უჰ, კვლავ არაფერი გამოსდის.

პირდაპირ მისაბაძი საქციელია, არ გამოგდის რაღაც, მაგრამ ცდილობ და ცდილობ… ჰოდა, ერთ დღესაც, დარწმუნებული ვარ, იმ უბანს მშვენიერ „ყიყლიყოს“ დასძახებს.

მამალს ისლამური ალქიმიური ხელნაწერების ფურცლებზეც შეხვდებით. რას მიანიშნებს, ამაზე განსხვავებული ვერსიებია. თუმცა, ყველაზე გავრცელებული აზრით, მამალი რაღაც ახლის დასაწყისს ნიშნავს.

თუ მამლაყინწა წყალს მიირთმევს, მაშინ ასეთ ხელნაწერში საუბარი, სწორედ წყალზეა, რადგან წყალი სიცოცხლის საწყისი გახლავთ.

„წყალი სიცოცხლის საწყისი“-სწორედ ასეთი სახელწოდებით სტამბულში ერთ-ერთი სამეცნიერო ფონდის მიერ საზაფხულო სკოლაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა , სადაც მეცნიერები რვა სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ მიწვეულნი. მონაწილეობის და პრეზენტაციის პატივი მეც მხვდა წილად. სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა, წყალი იყო. წყალი ყველა მიმართულებით, დაწყებული ალ-ჯაზარის ოთხმოცი შადრევნით და დამთავრებული უძველესი აქვადუქებით.

აქვადუქზე გამახსენდა. სტამბულიდან ორი საათის სავალზე უძველესი და უზარმაზარი აქვადუქია. მის სანახავად ავტობუსით წავედით. ჩვენი გეგმით, რაღაც სპეციალური გზით, ზედ აქვადუქის თავზე უნდა მოვქცეულიყავით. თუმცა, გზა დაკეტილი აღმოჩნდა და ორი კილომეტრი ფეხით ტყე-ტყე მოგვიწია სიარულმა. ტყეში ვიღაცები  პიკნიკისთვის იყვნენ გასული და აქვადუქისკენ მწყობრი ნაბიჯებით მიმავალი უცხოელების ჯგუფს როგორც კი  მოკრეს თვალი, ხუმრობით  თუ შესაშინებლად ჰაერში სროლა ატეხეს. თავად თქვეს შემდეგ, ვიხუმრეთო, თორემ ჩვენ სახუმაროდ სულაც არ გვქონია საქმე.  ასე იყო თუ ისე, „ხუმარა“ მოპიკნიკეებს და ტყეს მშვიდობიანად დავაღწიეთ თავი და აქვადუქსაც დავხედეთ. მისი მონახულების შემდეგ კი, კვლავ სალექციო ოთახს მივაშურეთ, წყალზე საუბრის გასაგრძელებლად.

El Kanun Fit-Tibb (Canon Medicinae) ისლამური მეცნიერების ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ხუთ ტომეულია და ექვსი თავისგან შემდგარი  მეორე ტომი მედიცინაზეა. იბნ სინას დაწერილია, რომელიც 980-1037 ჩვ.წ. ცხოვრობდა. ეს წიგნი ევროპაში სამედიცინო საქმის სწავლებაში, მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულამდე,  ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გამოიყენებოდა.

ავიცენა, იგივე იბნ სინა, წყალს ორ კატეგორიად ყოფს. პირველი მათგანი „კარგი წყალია“ და ის აუცილებლად სუფთა უნდა იყოს, სასმელად ვარგოდეს და ადვილად შეითვისებოდეს ორგანიზმის მიერ. სხვათა შორის, იქვე წერს, გაზიანი არ უნდა იყოსო, ანუ ჯანმრთელობისთვის გაზიან წყალს სასარგებლოდ არ მიიჩნევს და მინდა გითხრათ, სწორადაც იქცევა.

წყლის სმა, რომ აუცილებელია, ავიცენამ იცის და გვეუბნება: თუ გსურთ თავი აარიდოთ ავადმყოფობას, თქვენი კუჭი სამ ნაწილად დაყავით. ერთი ნაწილი საკვებისთვის შეინახეთ, მეორე სუნთქვისთვის დაიტოვეთ (ანუ, იმდენი ჭამეთ, რომ მერე სუნთქვა შეგეძლოთო), ბოლო მესამე ნაწილი კი წყლისთვის არის, რადგან დღის განმავლობაში, წყალი იმდენი გჭირდებათ, რამდენსაც ორგანიზმი მოგთხოვთო.

თანამედროვე მედიცინამ უკვე დაადგინა, რომ წყლის დღიური აუცილებელი ნორმა ორი ლიტრია, ზოგჯერ სამიც, მაგრამ ორზე ნაკლები არ უნდა მიირთვათ.

„ცუდი წყალი“ შეიცავს მინარევებს, არ არის სუფთა, ძალიან ხისტია და სასმელად არ გამოდგება.

ავიცენას მიხედვით, გამოხდილი წყალი კარგია ჭრილობების მოსაბანად. თანამედროვეობაში ჭრილობების მოსაბანად წყალბადის პეროქსიდს ვიყენებთ, რომელიც ჭრილობაზევე იშლება წყლის და ჟანგბადის გამოყოფით.

ცხელი წყალი თავის ტკივილს იწვევს, მაგრამ კარგია ყელის ტკივილის დროს.

ალუმინის შემცველი წყალი ამოსახველებლად ყოფილა კარგი. ეს წყალი მინერალური წყლის მსგავსია, თიხა მიწებიდან მოიპოვება და ალუმინის სილიკატს შეიცავს. ზოგიერთ სინჯში მისი შემცველობა 75%-საც აღწევს.

ცივი წყლის გადავლება    სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კარგია დაჟეჟილზე ან ჭრილობაზე დასაფენად.  აძლიერებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას. ამ უკანასკნელში ავიცენა რას გულისხმობს, ვერ გეტყვით. ცივი წყალი ორგანიზმის მიერ ცუდად შეითვისება და დამატებით ენერგიას ვხარჯავთ მის გასათბობად. იქვე წერს, რომ წყალი შიმშილის გრძნობას ანელებს და ეს სრული სიმართლეა. თუ გვშია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო საკვების მიღება არ შეგვიძლია, ორი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი სრულიად საკმარისია შიმშილის გრძნობის მოსაკლავად. საქმე იმაშია, რომ ადამიანის თავის ტვინში წყურვილის და შიმშილის ცენტრები ერთმანეთის გვერდითაა და წყლის დალევა შიმშილის ცენტრსაც „ატყუებს“.  ოღონდ, მხოლოდ ორი საათით, შემდეგ შიმშილი კვლავ თავს შეგვახსენებს. წყალს იმაშიც იყენებენ, რომ საკვები უფრო ნაკლები მივირთვათ. თუ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ერთ ჭიქა წყალს დავლევთ, მაშინ გამოყოფილი კუჭის წვენი განზავდება და დანაყრების გრძნობას უფრო მალე ვიგრძნობთ.

ზღვის წყალს ავიცენა  შუა ყურის ანთების  და  ადისონის დაავადებისას იყენებდა. ამ უკანასკნელის დროს თირკმელზედა ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ჰორმონ კორტიზოლს. ასეთი პათოლოგიური მდგომარეობა პირველად 1855 წელს აღწერა ბრიტანელმა თერაპევტმა თომას ადისონმა. ავიცენამ, რა თქმა უნდა, ადისონის შესახებ არც არაფერი იცოდა, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ჩანს, დაავადების სიმპტომებს იცნობდა. ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი ღრძილების გაშავება და იასამნისფერში გადასვლაა. შემდეგ და შემდეგ სურათი მძიმდება და აქ მათი აღწერით თქვენც არ დაგამძიმებთ. ფონს ცხელება და მაღალი სიცხეები ახლავს თან და სავარაუდოდ ავიცენა, სწორედ ზღვის ცივი წყლის კომპრესებს იყენებდა მის დასაგდებად.

წყლის გაწმენდაზეც თავისებური წარმოდგენა ჰქონდა. მაგალითად, ნავთობით ან ცხიმით დაბინძურებული წყლის გასაწმენდად კარგი იყო რძე, ღვინო, სახამებელი და კიტრი. ხისტი წყლის დასარბილებლად ნიორს და ძმარს გვთავაზობდა.

სუფთა წყალზე მარტო ავიცენა როდი ფიქრობდა. მეფე ვახტანგ მეექვსე წიგნში „ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“ წერდა, რომ წყლის გაწმენდა სავარაუდოდ ჭაობის მცენარეებით იქნებოდა შესაძლებელი. ესპანეთის მეფე ფილიპე მეორე კი გამოხდილ წყალში ვარდის ფურცლებს ათავსებდა და ისე სვამდა. მოგვიანებით, თავის სამეფო კარზე მიწვეული ალქიმიკოსების მეშვეობით, ერთი საუკუნით ადრე მცხოვრები, თავისი თანამემამულის რაიმონდ ლულის მიერ დაწერილი წყლის გამოხდის მეთოდიკა გაშიფრა და სწორედ მისებურად დაიწყო დისტილირებული წყლის დამზადება.

„შატოდან“ გამოსვლის დროა. გზა ზუსტად იგივეა, გადმოვდივარ თხრილზე, სადაც მექანიკური ნიანგი დაცურავს. ჩავუვლი მეკობრეების გემს, შემდეგ ოჩოფეხებიან სახლს და გამოსასვლელი ხეივნისკენ გავუხვევ. იქ დიდ ჭიშკართან ჩემი სერიოზულობა მაქვს დატოვებული (გახსოვთ ხომ, „შატოში“ არ მჭირდებოდა), ავიღებ და გზას განვაგრძობ, საქმეები მაქვს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი