პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ შევქმნათ სამუშაო ატმოსფერო საკლასო ოთახში

ზოგი მასწავლებელი დისციპლინასთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს აწყდება, მაშინ როდესაც მისი კოლეგები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ქმნიან სწავლისთვის ნაყოფიერ გარემოს. როგორ ახერხებენ ამას?

ქაოსსა და წესრიგს შორის გადებული ხიდი ოთხი ხიმინჯისგან შედგება. თუ კლასის მართვა გსურთ, ყოველ მათგანს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს:

  • კარგად გათვლილ პროგრამაზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილები;
  • კარგი ორგანიზატორული უნარები;
  • მოსწავლისა და მასწავლებლის კარგი ურთიერთობა;
  • ეფექტური დისციპლინა (რომლის მიღწევაც შეუძლებელია, თუ წინა სამი პირობა არ შესრულდა).

პირველი ფაქტორი ძნელი შესაფასებელია – იმ დისციპლინური პრობლემების დიდი ნაწილი, რომლებსაც მასწავლებელი ეჯახება, ჯერ კიდევ გაკვეთილის დაწყებამდე, მისი დაგეგმვისას იჩენს თავს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამოტივაციო ნაწილს. მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სამუშაო საინტერესო და მრავალფეროვანი დავალებებით გაჯერებული უნდა იყოს. სასწავლო აქტივობის დაგეგმვისას უნდა ვითვალისწინებდეთ  ყოველი მოსწავლის ინტერესებს და შესაძლებლობებს. დავალებები არც მეტისმეტად რთული უნდა იყოს და არც მეტისმეტად მარტივი. მოსაფიქრებელია წახალისების ფორმაც. ეს არ არის ადვილი, მაგრამ განა, საზოგადოდ, მასწავლებლობა ადვილია?!

განვიხილოთ „რთულ“ კლასთან ნაყოფიერი მუშაობის თემა. გამოცდილი პედაგოგები პრობლემებს კი არ აგვარებენ, არამედ იმთავითვე არ უშვებენ მათ წარმოშობას. პრაქტიკანტები გულმოდგინედ ცდილობენ იმ „ხრიკების“ ამოცნობას, რომელთა წყალობითაც  პედაგოგები „რთულ“ კლასებთანაც კი ახერხებენ ნაყოფიერ მუშაობას. კარგად ორგანიზებული გაკვეთილი შედეგიანია, დადებითი გამოცდილება კი დადებით ურთიერთობას განამტკიცებს.

ყველა პედაგოგს აქვს მოთხოვნებისა და წესების საკუთარი ნაკრები, თუნდაც ის გაცხადებული არ იყოს. გულდასმით გაიაზრეთ, მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ ეს წესები და თანმიმდევრულად მოითხოვეთ მათი შესრულება. გინდათ, დავალებები ორშაბათობით ან სამშაბათობით ჩაგაბარონ? მოსწავლემ ხელი აიწიოს კითხვის დასასმელად? პრაქტიკული მეცადინეობისას ნებადართულია თუ არა საუბარი?

წესების ფორმირება დროს მოითხოვს. ისინი საგანმანათლებლო შედეგების მიზანმიმართულობაზე, უსაფრთხოების ტექნიკასა და სხვა ასეთ ამოსავალ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა თქვენს ჩვევებზე. დღემდე მახსოვს წყენა, მასწავლებელმა რომ მომაყენა, როცა მთელი თხზულება თავიდან გადამაწერინა, რადგან მწვანე კალმით მქონდა ნაწერი. თუმცა ამის გამო მოგვიანებით „შური ვიძიე“.

გაკვეთილზე რა შეიძლება და რა – არა, ამაზე მოსწავლეები თქვენი სიტყვების კი არა, ქცევის საფუძველზე იმსჯელებენ. თუ გაკვეთილზე საუბარს კრძალავთ, მაგრამ არ აღკვეთთ მას, წესი არაქმედითი ხდება. თუ უცებ მივარდებით მოსწავლეს და უსაყვედურებთ უდროო და უადგილო საუბრისთვის, მიიღებთ აღშფოთებულ პასუხს: „რატომ მარტო მე? სხვებიც ხომ ლაპარაკობდნენ?!“

თუ მხოლოდ იმ მოსწავლეებს მისცემთ აზრის გამოთქმის საშუალებას, რომლებიც ხელს იწევენ და უგულებელყოფთ მათ, ვინც ადგილიდან წამოიყვირებს, ხელის აწევა წესად იქცევა.

რა მკაფიოდაც უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი წესები, იცოდეთ, რომ ისინი სიმტკიცეზე გამოცდას მაინც გაივლიან, ამიტომ დაჟინებით მოითხოვეთ მათი შესრულება. ეს საკმაო დროს მოითხოვს, მაგრამ ამგვარი სამუშაო მნიშვნელოვანი ინვესტიციაა სამომავლო წესრიგისათვის.

ადამიანთა ქცევის წესები პრეცენდენტებზეა დამყარებული, ამიტომ მათთან მიმართებით შეუბრალებლად თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ ისინი არცთუ ხშირია. დარწმუნდით საკუთარი ქმედების სამართლიანობაში და იყავით პრინციპული. ერთმა დიდი გამოცდილების მქონე პედაგოგმა ხუმრობით ასეთი რჩევა მომცა: „თავის მართლებას მოუსმინე თანაგრძნობით და ინტერესით, მერე კი ყურადღება არ მიაქციო“.

ზოგჯერ კარგია წესებისა და მოთხოვნების მოსწავლეებთან ერთად განხილვა: „როდის ისურვებდით დავალებების ჩაბარებას – ორშაბათობით თუ სამშაბათობით?“ ზოგ პედაგოგს პრობლემა კლასის სამსჯავროზე გამოაქვს: „ვხედავ, რომ ბევრი დროულად არ აბარებს სამუშაოს, რაშია საქმე? იქნებ დავალებები  მეტისმეტად რთულია?“ დაჟინებით მოითხოვეთ იმ წესების დაცვაც, რომლებიც თავად შემოგთავაზეს. როცა წესები დამკვიდრდება, შეგიძლიათ, ოდნავ გადაუხვიოთ მათ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სამართლიანი იყავით.

ყველა პედაგოგს, რომლებიც კონკრეტულ მოსწავლეთა ჯგუფებთან მუშაობენ, შეძლებისდაგვარად მსგავსი მოთხოვნები და წესები უნდა ჰქონდეს. სთხოვეთ კოლეგებს მათ გაკვეთილზე დასწრების ნებართვა. თუ თქვენი მოთხოვნები შეესაბამება მათსას, მუშაობაც გაადვილდება.

კლასში მოსწავლეების მოსვლამდე შედით, შეამოწმეთ, მზად გაქვთ თუ არა და მუშაობს თუ არა ყველაფერი. თუ საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლით, წინასწარ გაიარეთ ის ექსპერიმენტი, რომელსაც შემდეგ მოსწავლეებს წარუდგენთ. მოამზადეთ ყველა საჭირო ხელსაწყო, რომ მერე საძებარი არ გაგიხდეთ. როცა მოსწავლეები საკლასო ოთახში შემოსვლას დაიწყებენ, შეგიძლიათ, კართან დახვდეთ, მიესალმოთ და თვალი ადევნოთ, როგორ დასხდებიან მერხებთან. შეეცადეთ, საქმიანი, მშვიდი და თავდაჯერებული გამომეტყველება გქონდეთ. გაკვეთილი დროულად დაიწყეთ, დაგვიანებულების ლოდინი უსამართლობა იქნება დროულად მოსულების მიმართ, თანაც ამით დანარჩენებსაც უბიძგებთ დაგვიანებისკენ.

ძალიან მნიშვნელოვანია კლასში დისციპლინის დამყარება და შენარჩუნება. ახალ ჯგუფთან მუშაობის დაწყებისას პედანტურად მოქმედებაა საჭირო. ამისთვის დროის დახარჯვა ღირს. თუ ამას პირველსავე გაკვეთილზე ვერ მიაღწიეთ, საეჭვოა, შემდგომში მოახერხოთ. თუ მოსწავლეებს არ ესმით თქვენი ნალაპარაკები, არ მოგისმენენ.

სთხოვეთ, გაჩუმდნენ და დაელოდეთ, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს ამას. თუ თხოვნის გამეორება მოგიხდათ, გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული რჩევები.

არ დაიწყოთ საუბარი, სანამ ყველა არ გაჩუმდება და მზერას არ მოგაპყრობთ, თორემ მოსწავლეებს შეექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ნებას რთავთ, როცა მოესურვებათ, მაშინ ისაუბრონ.

არ შეიმჩნიოთ შიში და ბრაზი, არ გადახვიდეთ შეურაცხყოფაზე. ეს არ არის შედეგის მომტანი და ისეთ წარმოდგენას ქმნის, რომ სიტუაციის კონტროლი არ შეგიძლიათ. ნაცვლად ამისა, დაანახეთ ბავშვებს, რომ ხმაურის გამო რაღაც მნიშვნელოვანს უშვებენ ხელიდან.

როცა ყველა გაჩუმდება, კლასს რამდენიმე წამი ადროვეთ, რომ სიჩუმე იგრძნონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ლაპარაკი. თუ რომელიმე მათგანი თქვენს პარალელურად ალაპარაკდა, სიტყვა გაწყვიტეთ და მზერა მოლაპარაკეს მიაპყარით, სანამ არ გაჩუმდება. თუ საჭირო გახდა, სახელით მიმართეთ, სთხოვეთ, გაჩუმდეს და გისმინოთ, ხოლო როცა კვლავ იდეალური სიჩუმე დამყარდება, განაგრძეთ იქიდან, სადაც შეჩერდით. მალე მოსწავლეები მიხვდებიან, რომ ისე ვერ შეძლებენ საუბარს, ყურადღება არ მიიქციონ და ასე აღარ მოიქცევიან.

თუ რომელიმე მოსწავლე გამუდებით არღვევს სიჩუმეს, შეახსენეთ, რომ ერთდროულად მოსმენაც და საუბარიც შეუძლებელია. გვერდით დაუდექით ან სხვაგან გადასმით დაეუქრეთ. სხვა ვარიანტებიც არსებობს, რომლებსაც შემდეგ განვიხილავთ. რომელიც არ უნდა აირჩიოთ, მთავარია, არ დანებდეთ, მაგრამ ნურც ზედმეტის მოლოდინი გექნებათ. ზოგიერთ ჯგუფს მასწავლებლის საუბარზე კონცენტრირება მხოლოდ რამდენიმე წუთით შეუძლია. თუ ასეთ ჯგუფთან მოგიწიათ მუშაობა, ფრონტალურ სიტყვიერ მეთოდზე ნუ აიღებთ ორიენტაციას. მოსწავლეთა მცირე ჯგუფებს ესაუბრეთ, გამოიყენეთ დაფა ან პროექტორი, დაეყრდენით ჩამოსარიგებელ მასალაზე მუშაობის მეთოდს.

დააწყისი გაკვეთილის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. პირველი ხუთი წუთი განსაზღვრავს მთელი გაკვეთილის მსვლელობას. თუ გსურთ, „მიძინებული კლასი“ გამოაცოცხლოთ, დაიწყეთ ენერგიულად, თუ ახმაურებული კლასის დაწყნარება გინდათ – წყნარად. თუ კლასი განსაკუთრებით ხმაურიანია, შეეცადეთ, დაიწყოთ დავალებით, რომელიც ინდივიდუალური მუშაობისთვისაა განკუთვნილი და თქვენი მხრის ახსნას არ მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს დაფიდან სქემის გადახაზვა, სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებაზე მუშაობა ან წინა გაკვეთილზე დაწყებული სამუშაოს გაგრძელება. ეს საშუალებას მოგცემთ, მთლიანად მოახდინოთ ფოკუსირება სიწყნარის დამყარებაზე, სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე, დაგვიანებულ მოსწავლესთან მუშაობაზე, რომელმაც სახელმძღვანელო დაკარგა. თუ სიჩუმე ხუთ წუთს გაგრძელდა, ესე იგი სამუშაო ატმოსფერო მთელი გაკვეთილის განმავლობაში უზრუნველყოფილია.

ზოგი პედაგოგი, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ხმაურიან გარემოში (მაგალითად, ჩართული კომპიუტერების თანხლებით) უწევთ მუშაობა, ყურადღების მისაქცევად განსაკუთრებულ პრაქტიკას იყენებენ, მაგალითად, სამჯერ შემოკრავენ ტაშს. ილაპარაკეთ ლაკონიურად, მაგრამ გასაგებად და პოზიტიურად. ინტონაცია უნდა იყოს სასიამოვნო, მაგრამ მტკიცე და დამაჯერებელი.

თუ მოსწავლეებს ხშირად უწევთ თქვენს მაგიდასთან მოსვლა სადემონსტრაციო ცდის უკეთ დასანახავად, აჯობებს, მათი განლაგების გეგმაც შეიმუშაოთ, რათა თითოეულმა მათგანმა იცოდეს, სად დადგეს.

ნუ გამოიყენებთ განზოგადებულ მიმართვებს, მაგალითად: „ბოლოს და ბოლოს, როდის შეუდგებით მუშაობას?“ საერთო ინსტრუქცია მხოლოდ ერთხელ მიაწოდეთ, მერე კი მიმართეთ კონკრეტულ მოსწავლეებს, რომლებიც არ ან ვერ ასრულებენ ამ ინსტრუქციას. გამოიყენეთ სახელებით მიმართვის ფორმა ან თვალებით კონტაქტი: „ლეო, დროა, მუშაობა დაიწყო!“

თუ ინსტრუქციებს იძლევით, თავადვე უნდა მისცეთ მათი შესრულების მაგალითი. თუ მოსწავლეებისგან მოითხოვთ რვეულის ფაქიზად და მეთოდურად წარმოებას, თავადაც ასე წერეთ დაფაზე. თუ მოითხოვთ უსაფრთხოების ტექნიკის დაცვას, თქვენც დაიცავით. უფლება არ მისცეთ მოსწავლეებს, გაკვეთილის დასრულებამდე გავიდნენ საკლასო ოთახიდან – ეს სახიფათო პრეცენდენტს შექმნის. მათ, ვინც სხვებზე ადრე დაასრულებს მუშაობას, მიეცით დავალება მიმოხილვაზე.

 

 

კლასის გრძნობა – „თვალები კეფაზე“

როდესაც სამოცი წლის სასწავლო ნაწილი რჩევებს მაძლევდა, ნახევრად ხუმრობით შემომთავაზა, კლასისთვის ლაბორატორიული კარადის შუშაში მედევნებინა თვალყური და მოუსვენრებისთვის თავის მოუბრუნებლად მიმეცა შენიშვნა. „ეს პატარა ეშმაკუნები მაშინ გცემენ პატივს, როცა ჰგონიათ, რომ მათ აზრებს კითხულობ და მაშინაც კი იცი, რას აკეთებენ, როცა ვერ ხედავ“.

შეუფერებელი საქციელი გადამდებია. მოსწავლეები ფიქრობენ: „რატომ მოვიქცე კარგად, როცა სხვები ცუდად იქცევიან?“

რასაც არ უნდა აკეთებდეთ თქვენ ან თქვენი მოსწავლეები, თქვენი იქ ყოფნა კლასის ყოველ კუთხეში უნდა იგრძნობოდეს. უკანა მერხზე მსხდომი მოსწავლეები თქვენს გავლენას ისე მძაფრად ვერ შეიგრძნობენ, ამიტომ დროდადრო მიუახლოვდით მათ. საუბრისას შეეცადეთ, ყველას თვალებში უყუროთ. იყავით ყურადღებიანი და გამუდმებით მაგიდასთან ნუ იდგებით. საით იყურებიან ბავშვები? გისმენენ თუ არა? ყველას აქვს მომარჯვებული კალამი? თუ რომელიმე არ მუშაობს, შეაჩერეთ მასზე მზერა, თუ საჭიროა, ახლოს მიდით, გვერდით დაუდექით და ისე განაგრძეთ ახსნა. ჩვეულებრივ, ეს საკმარისია უდისციპლინო საქციელის ასალაგმავად.

დაფაზე წერისას დროდადრო შემოტრიალდით და მზერა მოავლეთ კლასს. როცა ერთ მოსწავლეს ესაუბრებით, ყურადღება არ მოადუნოთ, ისე დადექით, რომ მთელ კლასს ან მის დიდ ნაწილს ხედავდეთ. როცა მერხებს შორის დადიხართ, მაშინაც მზერით მოახდინეთ „სკანირება“. მახვილები ყურადღება დაგეხმარებათ, დასაწყისშივე ალაგმოთ არასასურველი ქმედება, ოპერატიულობის შემთხვევაში კი მოსწავლეები მიხვდებიან, რომ დაწყებას აზრი არ აქვს.

ზოგჯერ უკეთესია, თავი ისე დავიჭიროთ, თითქოს მოსწავლეების უწყინარ ცელქობას ვერ ვამჩნევთ. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ისწავლით, რისი იგნორირება შეიძლება, თუმცა ასეთი შემთხვევა ცოტაა.

ძნელია, ყურადღება სწავლების პროცესში არ მოადუნდო. ამას პრაქტიკა სჭირდება. პირველ ხანებში ეს შეუძლებელი გვეჩვენება, მაგრამ მალე ამას ისევე მექანიკურად გააკეთებთ, როგორც გამოცდილი მძღოლი რთავს მანქანის სიჩქარეს. ასევე უნდა ისწავლოთ კარგი საქციელის დანახვა და აღნიშვნა, რათა მოწესრიგებული მოსწავლეები წაახალისოთ.

არასათანადო ქმედება რაც შეიძლება სწრაფად უნდა ალაგმოთ სამი მიზეზის გამო:

* რომ სხვა მოსწავლეებსაც არ გადაედოთ;

* ადამიანის შეჩერება მაშინ უფრო ადვილია, როცა რაღაცას იწყებს, ვიდრე შემდეგ;

* რომ არ მივცეთ მოსწავლეს საშუალება, მიიღოს შედეგი, რომელსაც ცუდი საქციელისგან ელის.

მოსწავლეებს უყვართ გაკვეთილზე ლაპარაკი. თუ მათ მოახერხეს რამდენიმე ფრაზის გაცვლა, სანამ ყურადღებას მიაქცევთ, მიიჩნევენ, რომ ეს თქვენს უკმაყოფილებად ღირს. თუ პირველივე სიტყვებზე შეაჩერეთ, მიხვდებიან, რომ გაგრძელება არ ღირს.

„ხანძრის“ ეფექტურად ჩასაქრობად ყველა მოსწავლის სახელის ცოდნა აუცილებელია.

„იმ დროს გენუა იყო აყვავებული სავაჭრო პორტი… ხომ ასეა, სემუელ? ეს იყო არცთუ ისე დიდი ქალაქი…“

თუ სახელი უკმაყოფილო კილოთი წარმოითქვა, სემუელი ხვდება, რატომ მიმართეს სწორედ მას და არა სხვას. ეს ილეთი პრაქტიკულად ყოველთვის საკმარისია არასათანადო ქცევის შესაჩერებლად.

თუ ამჩნევთ, რომ გაუგონარი მოსწავლეები თქვენი ძალისხმევის წყალობით უბრუნდებიან სამუშაო პროცესს, ნუ დაიშურებთ დადებით გამოხმაურებას: „აი, ახლა გაცილებით უკეთესია, სწორ გზას ადგახარ“. გამოკვლევები მოწმობს, რომ კარგი საქციელის დაფასება გაცილებით ქმედითია, ვიდრე ცუდის კრიტიკა.

 

ქების ძალა

ერთ-ერთი გამოკვლევის ფარგლებში ნოემბრიდან ივნისამდე კვირაში სამჯერ, დღეში 20 წუთის განმავლობაში, აკვირდებოდნენ „პრობლემური ქცევის მაღალი მაჩვენებლის“ მქონე მოსწავლეებს და 10 წამში ერთხელ აღნუსხავდნენ მათ „სწორ“ და „არასწორ“ საქციელს. კვლევის დასაწყისში ზოგი მათგანი დროის 70%-ის განმავლობაში არასწორად იქცეოდა, თუმცა გამოცდილი და კომპეტენტური მასწავლებელი იყენებდა სხვადასხვა სტრატეგიას, რომლებიც მოსწავლეებს უკეთ მოქცევაში ეხმარებოდა. ქცევის წესების შეხსენება ნაკლებად ჭრიდა, ხოლო ცუდი საქციელის იგნორირება უფრო მეტად აფუჭებდა საქმეს. როცა მოსწავლეებს შეახსენებდნენ ქცევის წესებს, ცუდ საქციელს უგულებელყოფდნენ, მაგრამ უქებდნენ კარგს, ეს ბავშვები დროის 90%–ის განმავლობაში კარგად იქცეოდნენ. დასკვნა თავად გამოიტანეთ.

 

წყარო:

Geoff Petty. Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher. Oxford University Press, 2009. p. 125-133

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი